9 ივლისს ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალავენ. მანამდე კი ირანელები თავიანთი სულიერი ლიდერის ცხედარს რამდენიმე დიდ ქალაქში წაასვენებენ, რათა ადამიანებმა მისი დატირება მოახერხონ. მოგეხსენებათ, აიათოლა ალი ხამენეი ამერიკის იერიშებს შეეწირა და მის ცხედარს, როგორც ჩანს, აქამდე ინახავდნენ.
დაკრძალვის ცერემონია პომპეზური იქნება. ირანი შეეცდება, მსოფლიოს დაანახვოს, რომ სულიერ ლიდერს პატივს სცემს და ინფორმაცია, რომ ადგილობრივი მოსახლეობის უმრავლესობა აიათოლების მმართველობის წინააღმდეგია, უბრალოდ, სიცრუეა. დაკრძალვის ცერემონიაზე დასასწრები მოსაწვევი ირანელებმა თითქმის ყველა ქვეყნის ლიდერს გაუგზავნეს. ზოგი მიიღებს მიწვევას, ზოგი, ალბათ, თავს შეიკავებს, მაგრამ ფაქტია, რომ ირანში არა მხოლოდ მეტ-ნაკლებად გავლენიანი ქვეყნების ლიდერები, არამედ ევროკავშირის წევრი ქვეყნების, პირველი თუ არა, მეორე პირები ჩავიდნენ. ირანში იმყოფება საქართველოს პრეზიდენტი – მიხეილ ყაველაშვილი, რომელიც ირანელ კოლეგას შეხვდა, მიუსამძიმრა და დაკრძალვის ერთ-ერთ ღონისძიებას დაესწრო.
აბა, აქ ამბავი ატყდა… ოპოზიციის ყველა ლიდერი თუ რიგითი წევრი გაჰკივის, რომ ეს დასავლეთზე უარის თქმის ნათელი გამოვლინებაა, რომ ამერიკის მტერ ირანს ჩვენი პრეზიდენტი არ უნდა გაჰკარებოდა, რომ ეს ვიზიტი აღარაფერში არ ჯდება. არადა, ირანში იმყოფებიან სომხეთის პრემიერმინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ჰეიდარ ალიევი, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, რუსეთის პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი მედვედევი, ანუ რეგიონის ყველა ქვეყნის ლიდერი ირანში ჩავიდა და საქართველო უნდა გამოკლებოდა? თანაც ოპოზიცია არავის ახსენებს ყაველაშვილის გარდა, და ეს იმის მიუხედავად, რომ ამიერკავკასიის დემოკრატიის ახალ შუქურად შერაცხილი ფაშინიანიც იქ არის და დამწუხრებული სახით დგას. ამ თემაზე კომენტარი ამერიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა გააკეთა.
„ქართული ოცნების“ ყალბი პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი, ცერემონიაზე დასწრებას გეგმავს, რათა ირანსა და „ქართულ ოცნებას“ შორის უკიდურესად ანტიამერიკული პაქტი კიდევ უფრო გააღრმავოს“, – განაცხადა მან. ხომ საინტერესოა? ანუ, უილსონისთვის ირანი მტერია და იქ ყაველაშვილის ყოფნა მისთვის სასურველი არ არის, მაგრამ არა უშავს, თუ ჩვენი პრეზიდენტის გვერდით ის ფაშინიანი იდგება, რომელსაც მხარდაჭერა წინასაარჩევნოდ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალური ქსელთ გამოუცხადა, არის თუ არა ეს ორმაგი სტანდარტი? რა გამოდის – საქართველოა ამერიკის მტერი და ყველა ქვეყანა, რომელთა წარმომადგენლებიც ირანში ჩავიდნენ, მოყვარე? ამერიკასა და ირანს შორის ურთიერთობა რა ეტაპზეა, ეგებ ესეც გვითხრას ბატონმა უილსონმა? ისინი მოლაპარაკებების მაგიდას უსხედან და სხვების ჩარევის გარეშე პრაქტიკულად ყველაფერზე თანხმდებიან. ჰო, ამერიკამ დაივიწყა, რომ აიათოლების მიერ სახელმწიფოს მართვა თურმე დიქტატურაა, რომ ირანის მოსახლეობა ტერორშია, რომ ამერიკულმა ჯარებმა განმათავისუფლებლის როლი უნდა ითამაშონ, რომ საჰაერო და საზღვაო დარტყმების გარდა ირანში ამერიკელი ჯარისკაცებიც უნდა შესულიყვნენ (ბოლოს ვერ გაბედეს). სად გაქრა ტერორი და ამოისუნთქა მოსახლეობამ – იმ მოსახლეობამ, რომელიც სწორედ აშშ-ის მოწოდებების შემდეგ რამდენიმეჯერ შეასკდა მოქმედ ხელისუფლებას? ვინმემ მათი სიკვდილის გამო აგო პასუხი? ან ახლა, თუ ასეთი სასტიკი რეჟიმია ირანში, რატომ გაჩერდა ამერიკა და რატომ აღარ იღებს ხმას? იქნებ იმიტომ, რომ ორმუზის სრუტესა და ირანულ ნავთობზე იმაზე ოდნავ მეტი (სწორედ რომ ოდნავ) გავლენა ექნება, ვიდრე ომამდე ჰქონდა?! და ხალხი? აი, როგორც ამერიკას ჰკიდია ხალხი, სწორედ იქ ჰკიდია უილსონსაც. მისთვის სულერთია, ვინ წავა და მივა აიათოლას დაკრძალვაზე, მაგრამ ფული აქვს აღებული საქართველოს მოქმედი ხელისუფლების პირველი პირების (და არა მხოლოდ) გასაშავებლად და თანხების აღება როგორმე ხომ უნდა გაამართლოს?!
რაც შეეხება ორმაგ სტანდარტს, რამდენი წელია, ვწერთ, რომ, თუ საქართველოს რუსეთთან ურთიერთობის მოგვარება სურს, მასთან სასაუბროდ მარტო უნდა დაჯდეს, ყოველგვარი შუამავლებისა და „კეთილისმსურველების“ გარეშე; ზუსტად ისე, როგორც ახლა ამერიკა და ირანი სხედან და არც არავის ჩარევენ ურთიერთობაში. ყველაზე კარგად სწორედ ამერიკელებმა იციან, რომ საკმარისია, მესამე ან მეოთხე სახელმწიფო ჩაერიოს, რომ მათ საკუთარი ინტერესი გაუჩნდებათ და მოლაპარაკება ან ჩიხში შევა, ან ჩაიშლება. ზუსტად ასეა საქართველოს მიმართაც – როგორც კი ამა თუ იმ ქართველ ლიდერს წამოსცდა, რუსეთთან დიალოგის დაწყება აუცილებელია და ეს დიალოგი პირისპირ უნდა გაიმართოსო, დასავლეთმა ყველაფერი გააკეთა, ამ თემას გაგრძელება რომ არ მოჰყოლოდა. არადა, ამის მცდელობა ჰქონდა ირაკლი ღარიბაშვილს, მერე კი დავოსის ფორუმზე მყოფმა გიორგი გახარიამ თქვა, რუსეთთან საუბარი საჭიროაო. ამ განცხადებიდან ზუსტად 2 დღეში კი გამოვიდა და რუსეთი მიწასთან გაასწორა. გახარია, სანამ თავის პოზიციას 180 გრადუსით შეატრიალებდა, ევროპელ და ამერიკელ პოლიტიკოსებს შეხვდა. სწორედ მათ გავლენა იყო ის, რაც შემდეგ მოხდა. რა გამოდის? საქართველოს პირველ პირებს არ აქვთ უფლება, იარონ იმ ვიზიტებსა თუ ცერემონიებზე, რომლებზეც წასვლას საჭიროდ თვლიან, და ყველაფერი დასავლეთს უნდა შეუთანხმონ? აი, წინა ხელისუფლება რომ ყოფილიყო, გვერწმუნეთ, უილსონი საქართველოსთვის იგივე იქნებოდა, რაც თავის დროზე ჯონ მაკკეინი იყო, ჩვენს ქვეყანას როცა გადაუფრენდა, ხინკალი რომ მოუნდებოდა, აეროპორტში კი „სმირნაზე“ გაჭიმული პოლიტიკური კოჰორტა რომ ხვდებოდა. იცის უილსონმა მაკკეინის ქართული თავგადასავლები და გული წყდება, ბებერ ჭიას თვითონ რომ ვერ ახარებს.
მას შემდეგ, რაც ამერიკის ხელისუფლებაში დონალდ ტრამპი მოვიდა, არაერთხელ ითქვა, რომ აშშ-ისა და საქართველოს ურთიერთობა გადაიტვირთებოდა და ახალი ფურცლიდან დაიწყებოდა, მაგრამ გადატვირთვას ვინ ჩივის, აგერ, მერამდენე თვეა, ელჩიც არ გვაღირსეს, ანუ, რეალურად თუ შევხედავთ მოვლენებს, სუფთა ფურცელი და ურთიერთობების გადატვირთვა კი არა, სერიოზულად არც აღგვიქვამენ; არ სურთ, ჩვენ გამო დაიძაბონ. ეჭვი გვაქვს, როცა საქმე საქმეზე მიდგება, ნებისმიერ დიდ ქვეყანას ხურდად ისე შეგვასაღებენ, როგორც არაფერი. ეს არის მწარე რეალობა და, ამ რეალობის მიუხედავად, ხელისუფლება მაინც ცდილობს, აშშ-ს როგორმე თავი მოაწონოს. რატომ? რისთვის? მოდი დავძაბოთ გონება და გავიხსენოთ, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ რა გააკეთა აშშ-მა ჩვენთვის ისეთი, რომ თამამად შეგვეძლოს თქმა, ამერიკელები ყოფილან ნამდვილი მეგობრებიო. არც არაფერი, 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში გვატყუეს, ნატოში მიგიღებთო; მერე იმის მტკიცება დაიწყეს, ჩვენი ფრთის ქვეშ ხართ და ვერავინ შეგეხებათო, მაგრამ ყოველ ჯერზე, როცა მართლა დაგვჭირდა მხარში ამოდგომა, ან შეშფოთდნენ, ან აღშფოთდნენ და მერე პენსიაზე გასულ კონდოლიზა რაისს ათქმევინეს, იმჟამინდელი ხელისუფლების უმაღლესი პირი (ანუ მიხეილ სააკაშვილი) გადამწყვეტ მომენტებში არ გვიჯერებდაო. არა, მიშა, როცა გააკანკალებდა, კონდოლიზა რაისს კი არა, დედამისს აღარ უჯერებდა. ეს გასაკვირი არ არის, მაგრამ იმავე რაისს ყველას გასაგონად რომ ეთქვა, ესა და ეს საფრთხე გემუქრებათ, ქართველებო, მიშას ვერ ვაჩერებო, ეგებ სხვანაირად ემოქმედა ერსა და ბერს, მაგრამ არა, ამერიკას სწორედ ის აძლევდა ხელს, რაც საბოლოოდ მივიღეთ; ეგონა, რომ მუდმივად მათზე დამოკიდებულ-ჩამოკიდებული ვიქნებოდით. მართლაც, ამერიკის ადმინისტრაციაში ვინმე ძნელად თუ დაიჯერებდა, რომ საქართველოს ახალი ხელისუფლება ნამდვილი დამოუკიდებლობის მოპოვებას შეეცდებოდა და ამერიკის ელჩის ნებისმიერ სურვილსს უსიტყვოდ არ შეასრულებდა…
ისევ ყაველაშვილს დავუბრუნდეთ – არც ერთი ქვეყნის ოპოზიციას არ გამოუხატავს პროტესიტი იმის გამო, რომ მისი ლიდერი ირანში დაკრძალვაზე წავიდა. ფაშინიანის ოპოზიციასაც კი არ ამოუღია ხმა; არადა, ხომ შეიძლებოდა ეთქვა, რა აიათოლა, ევროპას არ გვპირდებოდიო? მაგრამ არ გამოიყენეს ტრიბუნა და არ დაიწყეს ვაჭრობა მიცვალებულით. ჩვენთან კი, სხვა ქვეყნის მიცვალებულით ვაჭრობა კი არა, საქართველოში ხელისუფლების მომხრე როცა გარდაიცვლება (ასაკს არ აქვს მნიშვნელობა), ოპოზიციის წარმომადგენლები ზეიმობენ და ერთმანეთს ულოცავენ. და ამის შემდეგ სხვებისგან მოითხოვენ, რომ თმენის ვალდებულება ჰქონდეთ; მერე რა, რომ თვითონ გვამებზე მოცეკვავეების როლს ხშირად ირგებენ.
სხვათა შორის, ამგვარი გამოხდომა არც ერთ დასავლელ ლიდერს არასდროს დაუგმია.
ბესო ბარბაქაძე







