იდეოლოგიური დომხალი

    რუსეთის ნგრევა სტალინის გარდაცვალების (თუ მკვლელობის) დღიდან დაიწყო. საბჭოთა კავშირის სათავეში ის ძალები აღმოჩნდნენ, რომლებიც დასავლეთის მიმართ ლოიალური იყვნენ (ეს უკეთეს შემთხვევაში), უარეს შემთხვევაში კი პირდაპირ აგენტურას წარმოადგენდნენ. საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ დასავლეთის გააფთრებულ ბრძოლას სამი მიზანი ჰქონდა:

    1. კონკურენტი ზესახელმწიფოს ჩამოშორება;

    2. სოციალისტური სისტემის ამოძირკვა;

    3. რუსეთის უკიდეგანო ტერიტორიისა და ბუნებრივი სიმდიდრეების ხელში ჩაგდება.

    აქედან ორი მიზანი უკვე მიღწეულია, ანუ საბჭოთა კავშირიც დანგრეულია და საბჭოთა სოციალიზმიც განადგურებულია. რაც შეეხება რუსეთის სიმდიდრეთა ხელში ჩაგდებას, ჯერჯერობით  ეს მიზანი მიუღწეველია. დღეს დასავლეთი ამ მიზნისგან გაცილებით  შორს არის, ვიდრე უკრაინაში ომის დაწყებამდე იყო. გასული საუკუნის 90-იან წლებში დასავლეთის სპეცსამსახურები და კომპანიები ისე  შევიდნენ რუსულ პოლიტიკაში, ეკონომიკაში, ბიზნესსა და სახელმწიფო სტრუქტურებში, რომ რუსეთის სიმდიდრეთა ხელში ჩაგდების მიზანი რეალურად მიღწეული ჰქონდათ, მაგრამ არ იკმარეს, რადგან ყველაფრის ოფიციალურად ხელში ჩაგდების ცდუნება ვერ დაძლიეს და ნატოს აღმოსავლეთით გაფართოების რუსეთისთვის უკიდურესად გამაღიზიანებელი პროექტი ფორსირებულად დაძრეს; აღმოსავლეთი ევროპა ანუ ვარშავის პაქტის სახელმწიფოები მთლიანად შთანთქეს, ბალტიისპირეთის ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები ზედ მიაყოლეს და სხვა პოსტსაბჭოთა სახელმწიფოებსაც (მათ შორის საქართველოსაც) შეუჩნდნენ.

    რუსეთისთვის ყველაზე მტკივნეული უკრაინის საკითხი იყო არამხოლოდ სტრატეგიული, არამედ ისტორიული თვალსაზრისითაც. ცნობილია ზბიგნევ ბჟეზინსკისეული განმარტება უკრაინის მნიშვნელობისა: „უკრაინის გარეშე რუსეთი ვერ იქნება ევრაზიული იმპერია!” ბჟეზინსკის მიაჩნდა, რომ რუსეთის გავლენის სფეროდან უკრაინის საბოლოოდ გამოყვანის შემთხვევაში იგი, იმპერიული ამბიციების აღდგენის ნაცვლად, ევროპის მიმართულებით ევოლუციონირების გზას დაადგებოდა. ასე დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ ამერიკელები უკრაინის საკითხს, ამიტომაც არ არის გასაკვირი ის პროვოკაციები, რომლებიც ამ ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალებების სახით მოაწყვეს, რაშიც, მათივე აღიარებით, ხუთი მილიარდი დოლარი დახარჯეს. მას შემდეგ, რაც დასავლურ პროვოკაციებს პუტინმა სპეციალური სამხედრო ოპერაციით უპასუხა, ამერიკულმა ხარჯებმა ასტრონომიულ თანხებს მიაღწია. აშშ-ის პრეზიდენტის ბუღალტერიით, მხოლოდ ამერიკულმა მხარემ ამ ომში 350 მილიარდი დოლარი დახარჯა (ეს იქამდე, სანამ ტრამპი ხელისუფლებაში მოვიდოდა). დღეს ეს ხარჯი, მეტი თუ არა, გაორმაგებული მაინც იქნება, ვინაიდან ტრამპიც საბოლოოდ ბაიდენისა და „დიფ სტეიტის“ გზას დაადგა.

    საოცარი დამთხვევის წყალობით, ამ სტატიაზე მუშაობისას  ქართულ ტელეარხზე, გადაცემაში „იმედი ლაივი” ამერიკელი პროფესორი ჯეფრი საქსი გამომეცხადა. ვმუშაობ, მაგრამ ცალი ყურით ამ შესანიშნავ მეცნიერს ვუსმენ:

    * „უკრაინას დასავლეთისგან  „შესანიშნავი ზღაპრებიმოუყვნენ ნატოში გაწევრებისა და გამდიდრების შესახებ, რეალურად კი ის პირდაპირ ომში ჩართეს”;

    * „საქართველომ უნდა გამოიჩინოს ძალიან დიდი სიფრთხილე. დასავლეთი საქართველოს მთავრობის მიმართ ატარებს იმავე პოლიტიკას, რომელმაც უკრაინაში კრიზისი გამოიწვია”;

    *„დასავლური არასამთავრობო ორგანიზაციები და ფონდები ამერიკული ღრმა სახელმწიფოს (დიფ სტეიტი – ვ.კ.) ნაწილს წარმოადგენენ და რეჟიმის ცვლილების ხელოვნებას ემსახურებიან”.

    ბევრი საინტერესო რამ თქვა ამერიკელმა მეცნიერმა და საოცრად თამამმა საზოგადო მოღვაწემ იმის შესახებ, რა მასშტაბის სიბინძურეს ატრიალებდა დასავლეთი საბჭოთა კავშირში და დღემდე ატრიალებს მის სამართალმემკვიდრე რუსეთში, ანუ ეწეოდა და ეწევა უწყვეტ ძირგამომთხრელ საქმიანობას სოციალისტური რევოლუციის გამარჯვების დღიდან (1917 წ.) დღემდე. საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში დასავლეთი არ დაიღალა რუსეთთან ბრძოლით, სანაცვლოდ რუსეთი დაიღალა წინააღმდეგობის გაწევით და სტალინის გარდაცვალების შემდეგ დანებდა მტერს. ხრუშჩოვიდან მოყოლებული გორბაჩოვამდე, რომელმაც ზურგში გამგმირავი მახვილი ჩასცა საბჭოთა კავშირს, ყველა ამ გზას მიჰყვებოდა. გორბაჩოვის შემდეგ უკვე რუსეთის სათავეში მოსულმა ბორის ელცინმა ყველას გადააჭარბა ანტირუსული განწყობილებებითა და საქმიანობით. ეს ყველაფერი საბოლოოდ აისახა საერთო სურათზე, რომელიც მეტისმეტად არასახარბიელოა. 2000 წელს რუსეთის სათავეში აღმოჩენილმა პუტინმა სცადა ვითარების  შემობრუნება, რომლის უპირველესი დასტური მის მიერ 2007 წელს მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციაზე გაკეთებული ის განცხადება იყო, რომელშიც ითქვა, რომ ერთპოლუსიანი მსოფლიო ვერ შედგა. ეს მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნასავით იყო. მას შემდეგ მთელი მსოფლიო მოელოდა, რომ რაღაც არსებითად შეიცვლებოდა, მაგრამ რა უნდა შეცვლილიყო, თუკი რუსეთი კვლავაც დასავლეთის იმ დირექტივის ერთგული დარჩებოდა, რომლის მიხედვით მას იდეოლოგია არ უნდა ჰქონოდა?! რა უნდა შეცვლილიყო, თუკი რუსეთი კვლავაც ერთგული დარჩებოდა მისთვის ნახევარი საუკუნის წინათ შემოჩეჩებული შაბლონებისა და სტერეოტიპებისა, რომელთა მიხედვით დიდი სოციალისტური რევოლუცია სახელმწიფო გადატრიალება ანუ უსამართლო მოვლენა იყო;  საბჭოთა კავშირი ჩამორჩენილობისა და არაეფექტურობის სიმბოლოდ ჩამოყალიბდა; სტალინი სისხლიან ჯალათობაში ჰიტლერს ტოლს არ უდებდა; ფაშიზმი და კომუნიზმი  – ორივე ბოროტებად გვევლინებოდა; ხოლო დასავლეთი თავისუფლებისა და დემოკრატიის სავანედ რჩებოდა?! სამწუხაროდ, მას შემდეგაც, რაც პრეზიდენტმა პუტინმა მრავალპოლუსიანი მსოფლიოს გარდაუვალობის შესახებ ხმამაღალი განცხადება გააკეთა, რუსეთში საგანთა და მოვლენათა მიმართ ზემოთ ჩამოთვლილი მიდგომები არ შეცვლილა. მას შემდეგ ვლადიმერ პუტინმა წითელ მოედანზე ცხრამეტჯერ ჩაიბარა დასავლურ ფაშიზმზე გამარჯვების აღლუმი, მაგრამ იმ გამარჯვების უმაღლესი მთავარსარდალი და სულისჩამდგმელი სტალინი ერთხელაც არ გახსენებია და უხსენებია. მას შემდეგ, რაც პუტინის მიერ ნათქვამმა სიტყვამ მიუნხენში დასავლეთის სახელმწიფოთა ლიდერებს კრიჭა შეუკრა და სუნთქვა გაუძნელა, გმირ ქალაქ სტალინგრადს კვლავაც ვოლგოგრადი ჰქვია, თუ მხედველობაში არ მივიღებთ საცხრამაისოდ, ერთი დღით, ნამდვილი სახელის (სტალინგრადის) დაბრუნების უხერხულ (უფრო მძიმე შეფასებისგან თავს ვიკავებ) გადაწყვეტილებას. სტალინგრადისთვის სახელის დაბრუნება არ გინდათ, სტალინის ძეგლების, ჯერ კიდევ ხრუშჩოვის პერიოდში რომ მოასუფთავეთ რუსეთის ტერიტორია, დაბრუნება აზრადაც არ მოგსვლიათ (წითელ მოედანზე მაინც, იქ, სადაც სტალინის ხელმძღვანელობით მოპოვებულ დიად გამარჯვებას ზეიმობთ, მისი ძეგლი არ უნდა იდგეს?!), მადლიერებასა და უმადურობაზე არ მოგახსენებთ, იმას ვამბობ, რომ სტალინის ისტორიული პიროვნების მიმართ რუსეთის სახელმწიფოს ეს დამოკიდებულება დასავლეთიდან არის თავსმოხვეული. დასავლეთი რუსეთის განადგურებას  ყოველი ხერხით  რომ ცდილობს, ამას მთელი მსოფლიო ხედავს და რუსეთში საუკუნე არ ეყოთ ამ ფაქტის გასაცნობიერებლად. ეს რა არის, ან რითი ავხნათ და როგორ გავამართლოთ, ან რატომ გავამართლოთ? უკრაინაში საბჭოთა და რუსული ძეგლები მიწასთან გაასწორეს. უკრაინის მთავრობის გადაწყვეტილებამ დასავლური ფაშიზმისგან გამათავისუფლებელი მარშლის, კონსტანტინე როკოსოვსკის, ძეგლის დანგრევის შესახებ რუსეთში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია: „რუსეთის ოფიციალური წრეები ამ პროცესს ისტორიული მეხსიერების წაშლას, ვანდალიზმსა და ნაციზმთან ბრძოლის ისტორიის  მცდელობას უწოდებს. ”უცნაურია ეს ყველაფერი – უცნაური და ალოგიკური. რუსეთი სტალინზე ამბობს უარს და უკრაინას რა ლოგიკით აიძულებს სტალინის ერთ-ერთი მარშლის მიმართ სიყვარულსა და პატივისცემას?! უკრაინის განმათავისუფლებელი მარშალი როკოსოვსკი იყო, მაგრამ მთავარი განმათავისუფლებელი ხომ სტალინი იყო, ვის მიერ გაცემულ სამხედო დავალებებსაც იგი განუხრელად ასრულებდა?! რაღაც ვერ ჯდება ერთმანეთში რუსეთის ეს მიდგომები. იდეოლოგიური დომხალი ჰქვია ამას.  ლენინგრადის გმირობის ისტორიას ხომ ვერავინ წაშლის კაცობრიობის ისტორიის მეხსიერებიდან. 872-დღიანი ჯოჯოხეთი, რომელიც გერმანელმა ფაშისტებმა ქალაქ ლენინგრადს მოუწყვეს, სულ რაღაც ნახევარი საუკუნის გასვლის შემდეგ რუსეთის ხელისუფლებაში მოსულმა ანტიკომუნისტებმა იმით აღნიშნეს, რომ მას სახელი  შეუცვალეს. ძველი სახელის დაბრუნება იქნებ მართლაც იყო ისტორიული სამართლიანობის გამოვლენა, მაგრამ ამ ქალაქმა ლენინგრადის სახელით რაც გადაიტანა, ნუთუ იმ ისტორიის წაშლად (გადაფარვად) ღირდა ისტორიული სახელის აღდგენა? ეს ხომ იდეოლოგიურ ომში დაჩოქებას ნიშნავდა იმ „ლიბერალური” უწმინდურების წინაშე, რომელიც გორბაჩოვის, იაკოვლევის, შევარდნაძის, ელცინის, სობჩაკის სახით მოდიოდა?! ვინმეს უფიქრია ამ შეუსაბამობასთან, როგორც უკვე ვუწოდე, ამ იდეოლოგიურ დომხალთან ბრძოლა და მისი სამარცხვინო შედეგების გასწორება?არავის, რა თქმა უნდა! იმას კი არ ვამბობ, რომ სტალინგრადისა და ლენინგრადის სახელების დაბრუნება დასავლურ  ნეოფაშიზმზე გამარჯვებას ავტომატურად მოიტანდა, მაგრამ მტკიცე იდეოლოგიური საყრდენის გარეშე გამარჯვება ვის, სად და რომელ ომში მოუპოვებია?! უკრაინაში სპეციალური სამხედრო ოპერაციის ფარგლებში შესულმა რუსმა სამხედროებმა სიმბოლოებად წითელი დროშა და ხუთქიმიანი ვარსკვლავები თვითნებურად გამოიყენეს, როგორც ყოველგვარ ფაშიზმთან ბრძოლის მთავარი ატრიბუტები. შემდეგ ვიღაცამ ბრძოლის ველიდან ეს სიმბოლოები გააქრო და ლათინური „V”და „Z” გამოიყენა, რაც იმავე რუსეთში დღემდე არავინ იცის, ვისი ან რისი სიმბოლოა. ეს ხომ საბჭოთა (კომუნისტურ) წარსულთან დაუნდობელი ბრძოლის ნიშანია?! კი, ბატონო, ებრძოლეთ საკუთარ (ყველაზე სახელოვან) ისტორიას, თქვენი  ნებაა, მაგრამ რა გამოდის ამ ბრძოლიდან – დონბასში ხუთწლიანი „ბუქსაობის” შემდეგ საომარ მოქმედებათა რუსეთის ტერიტორიაზე გადმოტანა?! თქმა იმისა, რომ მთელი ნატო გებრძვით, სწორია და გასაგებია, მაგრამ თქვენ ასე ძალიან რომ არ მოგწონთ, იმ ლიდერსა და უმაღლეს მთავარსარდალსაც მთელი ნატო (რომელიც იმ დროს არ არსებობდა, მაგრამ არაფორმალურად იგივე იყო) არ ებრძოდა?! თქვენ თქვენგან დაწუნებული ლიდერის მიერ დატოვებული ბირთვული არსენალი მაინც გაგაჩნიათ, რომლის არსებობა უდიდეს პრიორიტეტში გაყენებთ, მან ხომ ამ მძლავრი შემაკავებელი ფაქტორის გარეშე გაუძლო უზარმაზარ წნეხს?!

    დღემდე რომ ინარჩუნებთ ე.წ. დსთ-ს (СНГ – რუს. აბრევიატურა), რომელიც, არავინ იცის, რისი მაქნისია, რას ნიშნავს? ის მაინც ხომ იცით, რომ იგი იმ სამი მოღალატის (ელცინი, კრავჩუკი, შუშკევიჩი) მიერ არის შემოთავაზებული, რომლებმაც საბჭოთა კავშირთან ერთად რუსეთის დაქცევასაც მიაწერეს ხელი? გააუქმეთ იდეოლოგიური დომხალის ეს სამარცხვინო რუდიმენტი და ახალი, იურიდიულად სწორი და ეპოქის შესაბამისი გაერთიანების პროექტი შეიმუშავეთ, რომელიც ყველასთვის ხელსაყრელი და, აქედან გამომდინარე, მისაღებიც იქნება. დღეს ეს შეუძლებელია? Ах, вот оно что! აბა, მიმზიდველი პროექტის გარეშე როგორ გინდათ? ასეთი პროექტი არსებობს, მას სოციალური სამართლიანობის პროექტი ჰქვია! მას საბჭოთა თეორია და პრაქტიკა ჰქვია! მას სტალინური სოციალიზმი ჰქვია! მოძველებულიაო, –  მეტყვით. თუ ასეა, იმას მიაწექით, რაც თქვენი აზრით, ჯერაც არ მოძველებულა – სოციალური სამართლიანობის ნგრევისა და „პრიხვატიზაციის” „უკვდავ” პრაქტიკასა და მის შედეგებს, აბრამოვიჩის, ბერეზოვსკის, გუსინსკის, ჩუბაისის „პროგრესულ” გზას, მაგრამ სწორედ მაგ გზამ მიგიყვანათ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებამდე, რაც საქართველოსთან სამუდამო მტრობას ნიშნავს. დასავლეთმა, თქვენთვის საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის ყველა შანსი რომ წაერთმია, ხელში აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი მოგაჩეჩათ, თქვენ კი ეს პროექტი ისე აიტაცეთ, თითქოს იგი თქვენს ინტერესებს შეესაბამებოდეს. არადა, ეს დამანგრეველი პროექტია, რუსეთის მიერ მთლიანი კავკასიის დაკარგვისკენ მიმავალი უმოკლესი გზაა, რასაც, მგონი, დღემდე ვერ ხვდებით; მაგ გზამ მიგიყვანათ უკრაინის ომამდეც, რომელიც, როგორც უნდა დამთავრდეს, მაინც დასავლეთის გამარჯვებაა, რადგან განუყრელი ძმები გაომეს და ერთმანეთის სისხლი გაღვრევინეს. ამაში დიდი თანხები დახარჯეს და დიდი შეიარაღებაც გაუნადგურდათ, მაგრამ სისხლი ხომ თქვენ გაგაღებინეს – ერთიანი, განუყოფელი, რუსულ-უკრაინული სისხლი, „კიევის რუსეთისა” და „მოსკოვის რუსეთის” სისხლი?!

    ეს ყველაფერი იდეოლოგიის შემადგენელი ნაწილია. თქვენ, რა თქმა უნდა, გეცოდინებათ, მაგრამ ვერ ვხვდები, მსოფლიოს ყველაზე დიდმა ქვეყანამ, ერთ-ერთმა პოლუსმა და ზესახელმწიფომ იდეოლოგიის გარეშე რის საფუძველზე უნდა აშენოს ურთიერთობები ურთულეს გარე სამყაროსთან.

     * იდეოლოგიას იმიტომ გაურბიხართ, რომ ვინმემ საბჭოთა კავშირს არ მიგამსგავსოთ;

     * სტალინის სახელს იმიტომ გაურბიხართ, რომ ვინმემ მტკიცე ხელის პოლიტიკა ანუ სტალინური მეთოდით მართვა არ დაგაბრალოთ;

     * სოციალურ სამართლიანობას იმიტომ ემიჯნებით, რომ ვინმემ დასავლურ ცივილიზაციასთან დაპირისპირებულ სახელმწიფოდ არ მოგიაზროთ.

    ასეთ შემთხვევაში ფაშიზმისგან კაცობრიობის მხსნელის იმიჯზეც უარი უნდა თქვათ და 9 მაისის საკრალურ მნიშვნელობაზეც ხელი აიღოთ, ვინაიდან ისიც და ესეც ერთად არ გამოდის და არც გამოვა.

    შორს ვარ იმ აზრისგან, რომ გახრწნილ-გადაგვარებული დასავლეთი რუსეთს დააჩოქებს. ეს არ მოხდება, მაგრამ ვერც იდეოლოგიურ დომხალში გადაშვებული რუსეთი შეძლებს დასავლეთისთვის იმ მედგარი წინააღმდეგობის გაწევას, რომელიც სხვადასხვა საუკუნეში სხვადასხვა ჯურის მომხვდურისთვის გაუწევია.

     ამიტომ დიდი დაგვიანებით, მაგრამ მაინც, რუსეთი უნდა გამოვიდეს იდეოლოგიური დომხალისგან, რომელიც ისტორიული რუსეთის, რუსეთის იმპერიის, პროდასავლური რუსეთისა და საბჭოთა რუსეთის მემკვიდრეობის მექანიკური შეერთების ბაზაზე ჩამოყალიბდა. რელიგიაც კარგია, კონსერვატიზმიც, ისტორიული მემკვიდრეობის პრინციპიც, მაგრამ  იდეოლოგიად არც ერთი გამოდგება, არც – მეორე და არც – მესამე, ვინაიდან იდეოლოგია, როგორი საკვირველიც უნდა ჩანდეს, წარსულსაც აღემატება, აწმყოსაც და მომავალსაც, ვინაიდან იგი სახელმწიფოს არამხოლოდ დროში გააზრებული განვითარების პროგრამაა, არამედ, უპირველეს ყოვლისა, ერის ზნეობრივი კონსტიტუციაცაა.

    ვალერი კვარაცხელია

                                                                                                       

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here