რა მოხდა უნგრეთში?

    ვიქტორ ორბანი და პეტერ მადიარი

    მკითხველი, რა თქმა უნდა, მიხვდება, რომ საქმე 2026 წლის 12 აპრილს უნგრეთში ჩატარებულ არჩევნებს ეხება, მაგრამ საუბარს შორიდან – გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან დავიწყებ. იმ პერიოდში ერთი წიგნი დაიწერა, მას ერქვა  „რა მოხდა აბაშაში?”. ნაშრომის ავტორი კონსტანტინე ლორთქიფანიძე იყო, მაგრამ იმის ავტორად, რაც აბაშაში მოხდა, სკკპ პოლიტბიუროს წევრობის კანდიდატი, საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი ედუარდ შევარდნაძე გვევლინებოდა. შევარდნაძემ რესპუბლიკის ხელმძღვანელად მოსვლისთანავე დაიწყო ეკონომიკური და სოციალური ხასიათის ექსპერიმენტები, რომლებიც, პირდადაპირ თუ ვიტყვით, საბჭოთა კავშირისა და სოციალისტური სისტემისთვის ძირის გამოთხრას ისახავდა მიზნად. ახლა არ არის დრო და ადგილი იმ საკითხზე მსჯელობისა,  რამ აიძულა ამხ. ე. შევარდნაძე, კომუნისტური იდეალებისთვის ეღალატა, მაგრამ ისედაც ყველასთვის ნათელია, რომ აბაშის ექსპერიმენტის უკან დასავლური, მოუთოკავი რუსოფობია იმალებოდა…

    1985 წელს საბჭოთა კავშირის სათავეში მოსულმა (აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს მიერ მოყვანილმა) მიხეილ გორბაჩოვმა მისი ცნობილი „გარდაქმნით” საქართველოში შევარდნაძის მიერ დაწყებულ ექსპერიმენტს, რომლის მიზანსაც სოციალისტურ ეკონომიკასთან შედარებით კაპიტალისტური ეკონომიკის უპირატესობის დამტკიცება წარმოადგნდა, გაცილებით ფართო მასშტაბი მისცა და… მოიფინა უკიდეგანო საბჭოთა კავშირი კაპიტალიზმის პირველი ყლორტებით – კოოპერატივებით. სამასმილიონიან სახელმწიფოში ნგრევის ციებ-ცხელება დაიწყო. შენების ენთუზიაზმი უზარმაზარი ენერგიაა, მაგრამ ნგრევის ჟინი რაღაცით აღემატება მას. ხუთ წელიწადში აღარც საბჭოთა კავშირი იყო და აღარც სოციალისტური სისტემა…

    12 აპრილს უნგრეთში პრემიერმინისტრ ვიქტორ ორბანის კონსერვატიულმა პარტიამ, რომელიც 2010 წლიდან მართავდა ქვეყანას, საშინელი მარცხი განიცადა. უნგრეთში საკონსტიტუციო უმრავლესობით გაიმარჯვა „ტისამ”, ე.წ. პატივისცემისა და თავისუფლების პარტიამ, რომელიც დასავლეთში სარეველასავით მოდებული ლიბერალური ფაშიზმის პარტიაა. პარტიის ლიდერმა პეტერ მაიარმა განაცხდა: „ჩვენ წინაშეა არჩევანი – აღმოსავლეთი თუ დასავლეთი, შეკითხვის არსი იმაში მდგომარეობს, მივიღებთ თუ არა მანდატების ორ მესამედს თუ მოგვიწევს მარტივი უმრავლესობით მართვა. ვითარება გაცილებით ეფექტური და უმტკივნეულო იქნება, საკონსტიტუციო უმრავლესობას თუ მივიღებთ. მაშინ უფრო ადვილად დავშლით ამ სისტემას, გავხლეჩთ ობობის ქსელს, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია უნგრეთის პოზიციის განმტკიცება ევროკავშირსა და ნატოში”.

    ასე ჩაქრა გონიერების ერთ-ერთი სხივი, რომელიც ევროპაში ჯერ კიდევ ბჟუტავდა. როგორც ჩანს, ბებერ კონტინენტზე ნგრევის ჟინმა ისევე გადააჭარბა შენების ენთუზიაზმს, როგორც ორმოცი წლის წინათ საბჭოთა კავშირში. ახლა იქ გორბაჩოვისა და შევარდნაძის ეპოქა ანუ „გარდაქმნისა” და „აბაშის ექსპერიმენტის” ბოლომდე მიყვანის ჟამია. უნგრელმა ხალხმა არ მოისურვა პარტია, რომელსაც ქვეყნის მართვის თხუთმეტწლიანი გამოცდილება აქვს, მშვიდობისა და ენერგეტიკული უზრუნველყოფის რესურსი გააჩნია, რუსეთთან და აშშ-თან ბალანსირების ძალა შესწევს და, ევროკავშირისა და ნატოს წევრობის მიუხედავად, ამ ორგანიზაციათა აბსოლუტურ უპერსპექტივობასაც აცნობიერებს; სანაცვლოდ, მან ხმა მისცა პარტიას, რომლის სლოგანს წარმოადგენს: „რუსებო, სახლისკენ!”. მოსალოდნელია, რომ მადიარი  ქვეყანას არამხოლოდ ენერგომატარებლების გარეშე დატოვებს, არამედ რეალური უკრაინიზაციის საშიშროების წინაშე დააყენებს. აქ მთავარი ის კი არ არის, რომ ეს უგუნურებაა, არამედ ის, რომ ეს რეალობაა.

    რაც შეეხება უგუნურებას, ახლანდელ  დროში ეს არავის გაუკვირდება. როგორც ჩანს, არ არსებობს საყოველთაო უგუნურებისა და სიგიჟის რომელიმე ფორმა, რომელზეც დღეს ხალხის დიდი ნაწილი უარს იტყვის. გონების დაბნელება კატასტროფულ მასშტაბებს აღწევს. სამწუხაროდ, ჩვენც ვიყავით და ვართ ამ ვირუსით დასნებოვნებულნი, იმ დროს, როდესაც საბჭოთა კავშირის დანგრევა თავისუფლების მოპოვებად, სოციალისტურ სისტემაზე უარის თქმა კი საყოველთაო გამდიდრების წინაპირობად მიგვაჩნდა, ჩვენც გვყავდა ჩვენი მადიარები (შევარდნაძე და გამსახურდია), რომლებიც პოლიტბიუროს წევრისა და საბჭოთა დისიდენტის პოზიციებიდან ამერიკული სპეცსამსახურების მიერ შემუშავებული პროგრამის შესაბამისად არა მხოლოდ საბჭოთა კავშირთან, არამედ რუსეთთან საქართველოს დასაპირისპირებლად იბრძოდნენ. მათი ერთობლივი ბრძოლის შედეგი ასე გამოიყურება: ამერიკული კოლონიალიზმი, ტერიტორიული დაშლა, ეკონომიკური სიღატაკე და ზნეობრვი კოლაფსი. სამწუხაროდ, მათი მოღვაწეობის ამ სავალალო შედეგმა დასავლური ვირუსისგან კი არ განგვკურნა, უფრო დაგვასნებოვნა. უნგრეთში ორბანის დამარცხებასა და, მადიარის ლიდერობით, რუსოფობიით გაჟღენთილი პოლიტიკური ძალის მოსვლას ქართული ოპოზიციური (აგენტურული) დაჯგუფება ამ განცხადებით შეხვდა: „უნგრეთის მყარი და მკაფიო პოზიცია რუსეთთან და თავისუფალი სამყაროს სხვა მტრებთან მიმდინარე დაპირისპირებაში უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის და მთელი თავისუფალი სამყაროსთვის. ვუსურვებთ უნგრეთის ახალ მთავრობას წარმატებას და იმედს გამოვთქვამთ, რომ უნგრელი ხალხის არჩევანით შექმნილ ახალ რეალობაში არსებითად შესუსტდება ევროკავშირში და მთლიანად თავისუფალ სამყაროში პუტინის რუსეთისთვის სასარგებლო ძალების გავლენა და გაღრმავდება უსაფრთხოების სფეროში თავისუფალ ერთა თანამშრომლობა”.

    არ მინდა, ქართველ და უნგრელ ხალხებს შორის ტოლობის (მსგავსების) ნიშანი დავსვა, მაგრამ პოლიტიკური განწყობის თვალსაზრისით, დიახაც, გვაქვს მსგავსება. უნგრეთის მაგალითი „ქართული ოცნებისთვის” საგანგაშო სიგნალი უნდა იყოს. არც იმის გამორიცხვა შემიძლია, რომ ახლო მომავალში შეიძლება ჩვენცაღმოვჩნდეთ საარჩევნო სიურპრიზის წინაშე. არ ვიცი,ეს საკონსტიტუციო ვადაში მოხდება (არც ეს არის შორს) თუვადამდე, მაგრამ დიდ სახალხო უგუნურებას გული მიგრძნობს;არა იმის გამო, რომ „ქართული ოცნება” ამას იმსახურებს ან ე.წ. ოპოზიციაში გონივრული აზრის გაჭაჭანების რამე შანსი არსებობს, არა, მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომცირკულირებს სახალხო უგუნურების ზემოხსენებული ვირუსი,რომლითაც,ცალკეული ადამიანები კი არა, ერები და ხალხები ინფიცირდებიან. ამ ვირუსს ხან თავისუფლება, ხან დემოკრატია, ხან ლიბერალიზმი ჰქვია, მაგრამ, საბოლოო ჯამში, არც ერთია, არც მეორე და არც მესამე,  ეს   ქაოსი, გარყვნილება, ზნეობრივი კოლაფსი და ნგრევაა, ანტიქრისტე და სატანაა, რომელიც ჯერჯერობით ადამიანზეც იმარჯვებს და საზოგადოებაზეც, სახელმწიფოებზეც და კონტინენტებზეც.

    ვალერი კვარაცხელია

                                                                                                    

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here