სამების საკათედრო ტაძარში მილიონ-ნახევარი ადამიანი მივიდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ხსოვნისადმი პატივისცემის გამოსახატავად… ქართველი ერის სულიერი მამის გარდაცვალებიდან 9 დღე გავიდა, მაგრამ ხალხის ნაკადი არ წყდება ამჯერად უკვე მის საფლავთან სიონის ტაძარში. სწორედ ეს აშფოთებს საქართველოში მოქმედ დესტრუქციულ ძალებს. სანამ პატრიარქი სამების ტაძარში იყო დასვენებული, ფრთხილობდნენ, ახლა კი ხმა ამოიღეს და ათას სიბინძურეს აფრქვევენ…
ვინ შეურაცხყოფს პატრიარქის ხსოვნას და რა დაგვანახვა უწმინდესის გარდაცვალებამ? _ ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე ადამიანის უფლებათა დამცველი, პარტია ,,ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წარმომადგენელი ნანა კაკაბაძე გვესაუბრება:
– საქართველომ თუკი რამეს მეტ-ნაკლებად დააღწია თავი, პატრიარქის დამსახურება იყო. გავიხსენოთ უახლესი ისტორია _ 2008 წელს სააკაშვილმა ძალიან დიდი პროვოკაცია მოაწყო რუსეთისთვის შავი პიარის შესაქმნელად, ამისთვის მან საქართველო გაწირა, მაგრამ, საბედნიეროდ, პატრიარქის როლი დიდი აღმოჩნდა. რუსეთში საქართველოს პატრიარქს დიდ პატივს სცემდნენ და ახლაც, როდესაც ის გარდაიცვალა, რუსეთი თითქმის ჭირისუფალივით დაგვიდგა გვერდით…
2008 წლის აგვისტოს ომის დასრულება სამ დღეში პატრიარქის დამსახურებაა და არა სააკაშვილის. იმის მიუხედავად, რომ ზოგიერთმა სახელმწიფომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარა, იქ არსებული ქართული ეკლესიები პატრიარქის დაქვემდებარებაში დარჩა. ეს ტერიტორიები სააკაშვილის გამო აღიარეს დამოუკიდებელ ქვეყნებად, მაგრამ ქართული ტაძრები საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დაქვემდებარებაშია. ასეთი რამ გსმენიათ?.. პატრიარქის სიდიადე, მისი გარდაცვალების შემდეგ უფრო დავინახეთ…
_ ილია II-ს ,,კაგებე”-ს აგენტად მიიჩნევდა ზოგიერთი. ვინ თქვა ეს პირველად და რატომ იმეორებენ ვიღაც-ვიღაცები?
_ ლიბერალებმა თქვეს, უფრო ზუსტად _ ნეოფაშისტებმა, რომლებიც უკვე გაშიფრულები არიან გონიერი საზოგადეობისთვის. დღეს მთელი ერი გლოვობს ილია II-ს, ეს ფაშისტები კი ვერ წყნარდებიან. მსოფლიო პატრიარქს ეტრფიან, მხოლოდ ეს ფაქტია საკმარისი იმის გასაცნობიერებლად, რომ ფაშისტები ჩვენი ერისგან მოსაკვეთები არიან. მათ ძალიან კარგად იციან, როგორი დამოკიდებულება ჰქონდა ილია II-ს მსოფლიო პატრიარქის მიმართ, მაგრამ მაინც მსოფლიო პატრიარქს ეთაყვანებიან.
ილია II-ს, მისი ავტორიტეტის გამო, ლიბერალები სცხებდნენ ჩირქს, ყველამ იცოდა, რა დიდი საყრდენი იყო პატრიარქი საქართველოსთვის, მან სუდარაგადაფარებული ეკლესია ჩაიბარა, მაგრამ სული შთაბერა… სიონის ტაძარი, რომელიც იმხანად დედაეკლესია იყო, პატრიარქმა აღადგინა, გააცოცხლა… ტაძრები გახსნა, მხატვრები მოიწვია, ხატებსა და ფრესკებს ახატვინებდა…
მახსენდება პირველი საეკლესიო კალენდრის გამოცემა. ფული არ ჰქონდათ და, როგორ დაბეჭდეს, არ ვიცი. მერე გამოვიდა ჟურნალი ,,ჯვარი ვაზისა”. როგორ ახერხებდა ამას ჩვენი პატრიარქი, დღესაც ვერ ვხვდები. ეკლესია ღატაკი იყო, გამოცარიელებული, ბიუჯეტი არ ჰქონდა, მაგრამ ჩვენი ეკლესიის საჭეთმპყრობელი ყველაფერს აკეთებდა ახალგაზრდებისთვის რწმენის დასაბრუნებლად.
_ მილიონ-ნახევარზე მეტი ადამიანი მივიდა პატრიარქისთვის პატივის მისაგებად სამების ეკლესიაში…
_ ერის მიერ პატრიარქისადმი პატივის, სიყვარულისა და თაყვანისცემის ერთკვირიანმა გამოხატვამ განაცვიფრა მტერიცა და მოყვარეც.
ამ დღეებში სულ სხვა კუთხით წარმოჩნდა ქართველი ერის თვისებები, რადგან აქამდე თვითორგანიზებულობით, ურთიერთპატივისცემითა და ერთიანობით არასოდეს გამოვირჩეოდით.
_ ბევრმა ადამიანმა აღნიშნა, რომ ქარველი ერის მიერ პატრიარქის გლოვა ერთგვარ რეფერენდუმს წარმოადგენდა _ სად დგას ქართველი, რა სურს და რა არის მისთვის წმიდათაწმიდა…
_ დიახ, იმ ყველაფრის გარდა, რაც ვიხილეთ, ეს დღეები ერთგვარ რეფერენდუმადაც იქცა; საქართველომ აჩვენა, სად დგას ჩვენი მოქალაქეების დიდი უმრავლესობა.
პატრიარქმა თავისი გარდაცვალებით ლახვარი ჩასცა ადგილობრივი და საერთაშორისო ლიბერასტული ფრთის იმ წარმომადგენლებს, რომლებიც ლამაზი სიტყვებითა და ფარისევლური დოქტრინებით ფუთავენ თავიანთ ანტიქრისტიანულ მისწრაფებებს და თავს დიდ დემოკრატებად წარმოაჩენენ.
ამ მოულოდნელობით დაბნეული და დაზაფრული ეს კლასტერი, რომელიც საქართველოში უმცირესობას წარმოადგენს, თითიდან გამოწოვილ და აბსურდულ თემებს ებღაუჭება, რათა გააუფერულოს ერის გზავნილის მნიშვნელობა. მისი დარტყმის მთავარი ობიექტი, რა თქმა უნდა, ხელისუფლებაა. ეს ადამიანები ცდილობენ, როგორმე ხელისუფლების პოზიციას დაუპირისპირონ პატრიარქის სიტყვები საქართველოს ევროპული მისწრაფებების შესახებ.
სინამდვილეში ქრისტიანობა იყო და დღესაც უნდა იყოს ევროპული ღირებულებების საფუძველი, ხოლო, რადგან ამ ღირებულებების შერყვნა და ლამაზი სიტყვებით შეფუთვაა ქრისტიანულ მორალთან დაპირისპირება, ამიტომ ხდება ხელისუფლებისა და პატრიარქის პოზიციების თანხვედრა. სწორედ ამიტომ დააწესა პატრიარქმა 17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღედ „ევროპულად გაგებული ქრისტიანობის“ საპირისპიროდ, ამან კი შინაური და უცხოელი „ევროპელების“ გაცოფება გამოიწვია. ამ გაცოფების გამოძახილი იყო ის, რომ პატრიარქის გარდაცვალების გამო ევროპული ბიუროკრატიული სტრუქტურებიდან და ნატოდან საქართველოს არც ერთი სამძიმარი არ მიუღია.
არაადეკვატური და ღიმილის მომგვრელია ეკლესიის ვითომ გულშემატკივრების ნათქვამი ფრაზა: „ახლა ქართულ ეკლესიას მართებს ხალხის ნდობის აღდგენა, ხელისუფლების გავლენისგან გათავისუფლება და პრორუსული კურსიდან ეროვნულ კურსზე გადასვლა“.
მათი ლოგიკით, ერის ის დიდი უმრავლესობა, რომელმაც ამ დღეებში ყველას აჩვენა ეროვნული პოზიცია, თურმე ეკლესიას ნდობადაკარგულად, მთავრობაზე დამოკიდებულად და პრორუსულად მიიჩნევს. აღარაფერს ვამბობ იმ წვრილმან შარლატანობაზე, რომელსაც ეს „პატრიოტები“ კადრულობენ, როდესაც ხალხს უსისინებენ: ხედავთ, თქვენ საათობით რიგში დგომით გტანჯავდნენ, თვითონ კი ოჯახებთან ერთად თავისუფლად შედიოდნენ სამებაშიო.
უმცირესობის წარმომადგენლებს ყველაზე მეტად ხელისუფლების მხრიდან გამოვლენილი ორგანიზებულობა აცოფებს, რადგან ეს არ ჯდება მათ იმ კონცეფციაში, რომლითაც თავიანთ მცირერიცხოვან მომხრეებს კვებავენ.
უმცირესობის წარმომადგენლებმა უკვე დაიწყეს ახალი პატრიარქის არჩევის კამპანია, რომელიც, როგორც ჩანს, აპრილში უფრო გამძაფრდება.
მართალია, ჯერ ისიც არ იციან, ვინ არის მათთვის მისაღები კანდიდატი, მაგრამ ზუსტად იციან, ვის წინააღმდეგ უნდა აწარმოონ ეს კამპანია, რადგან მათთვის ცნობილია, ვინ იქნება „მოსკოვის კანდიდატი“. მათ ხომ ყოველთვის ყველაფერი ,,ზუსტად” იციან, ხოლო იარლიყების მიკერებაში ბადალი არა ჰყავთ.
ქართველი ერი, იმედია, ამჯერადაც მოახერხებს ვაიპატრიოტების გეგმების ჩაშლას და მისი მხარდაჭერით ისეთ მემკვიდრეს აირჩევს სინოდი ეკლესიის საჭეთმპყრობლად, რომელიც ღირსეულად განაგრძობს უწმინდესისა და უნეტარესის _ ილია II-ის გზას.
ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი







