ორმოცდაცხრა წელიწადი იღვაწა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა გაბზარული ქართული სულის მოსაშუშებლად, მისთვის მალამოს დასადებად და სამკურნალოდ, გასამთლიანებლად; ნამსხვრევებს მისხალ-მისხალ უყრიდა თავს, სულს უბერავდა, აკოწიწებდა, ხელახლა ქსოვდა და რუდუნებით ამთლიანებდა… ამთლიანებდა…
შედეგი აყოვნებდა.
კი, ხანდახან იყო გამონათება, აქა-იქ ჩნდებოდა ტენდენცია ერთიანობისკენ მისწრაფებისა, მაგრამ თითქოს რაღაც არ ჰყოფნიდა ამ დიდ ეროვნულ საქმეს, დამშლელი მუხტი ფეთქდებოდა გამთლიანების ყოველი მორიგი მცდელობისას. სატანა, რომელმაც ეროვნულ ცნობიერებაში დიდი ხნის წინათ შეაღწია, ავი ჩურჩულით, ბოროტი ხითხითითა და მომწამვლელი იდეოლოგიით წამოჰყოფდა თავს და თითქმის გამთლიანებულ ეროვნულ სულს ახალი ბზარი უჩნდებოდა.
დიდი მოვლენა, ძლიერი იმპულსი, ერის გამომაფხიზლებელი სტრესი იყო საჭირო იმისთვის, რომ უდიდესი ძალისხმევით აღდგენილი და თითქმის გამთლიანებული მყიფე ქსოვილი ეროვნული სულისა კვლავ არ დაბზარულ-დაშლილიყო.
კიდევ ერთი:
გამოცდაა საჭირო. რამდენად მტკიცეა ის, რაც აშენე, რაც ამთლიანე, რა ჯაჭვის პერანგიც ქსოვე. აზრს დრო გამოცდის; შენობას – მიწისძვრა; ეროვნულ სულს – ბურჯის გამოცლა და მძიმე განსაცდელი.
ეს პატრიარქის არჩევანი არ ყოფილა, ეს მისი ხვედრი იყო…
უნდა გამოსცლოდა ერს იგი, ვითარცა საყრდენი უმთავრესი, ვითარცა ბურჯი მისი სიმტკიცისა და სულის სიმრთელისა. ეს მკვეთრი მოძრაობა შესაძლებელია ისეთივე დამანგრეველი გამომდგარიყო, როგორც მიწისძვრა აღმოჩნდება ხუროთმოძღვრების ძეგლისთვის, მაგრამ, უძლიერეს რყევას თუ გადაურჩა ნაგებობა, საუკუნეებსა და ათასწლეულებს უძლებს…
„დიდოსტატის მარჯვენა” გავიხსენოთ:
„სვეტიცხოველის კედელზე შვიდს უჩვენებდა მზის საათი, როცა პირველად შეტოკდა მიწა. არსაკიძე ხარაჩოზე იდგა, კალატოზებს უძახდა: აქ ამოვიდესო ერთ–ერთი. მან ერთმა შეიცნო ეს. ძირს ჩამოვიდა, კალატოზებს მკერდზე მიადო გაშლილი მკლავები: ეზოში გავიდეთო, ეუბნება. გაოცდნენ დამსწრენი. დასავლეთის კედლის გასწვრივ კატა გასულიყო ხარაჩოზე, იქ დაბუდებულ მტრედებს ზვერავდა. ერთბაშად უცნაური კნავილი ასტეხა, საშინელის სისწრაფით დაეშვა ძირს. არსაკიძემ უყვირა მონებს: დაუყოვნებლივ დასცალეთო ხარაჩოები. ამ დროს მეორეჯერ შეტოკდა მიწა. ხოლო მესამეჯერ ისეთი ძალით შეჰქანდა ნიადაგი, არსაკიძემ ტაძარს შეჰხედა, ასე ეჩვენა: ეკლესია შეტორტმანდა და გადაწვაო განზე. შემზარავი გრუხუნი გაისმა, სამ ადგილას დაირღვა გალავანი. ყვირილით გამოცვივდნენ ლაზები და სამცხელები ეზოში, პირქვე დაემხვნენ, დაიწყეს ლოცვა. შუკაში დედაკაცი მიელალებოდა ცხვრებს, აბღავლდა პირუტყვი. გაიფანტა ფარა, ძაღლებმა შემზარავი ყმუილი მორთეს, აზმუვლდნენ ძროხები, დედაკაცები გაბმულად კიოდნენ. ქოსსა ჰკრეს არაგვის კარისა და მუხნარისას ციხეებში. მონა-სპანი გარეთ გამოსცვივდნენ, მოედნებზე დაფდაფების ცემა ასტეხეს ჯარებმა. ძელსა სცეს ეკლესიაში ზედიზედ. ბერებმა და მონაზვნებმა საოსტიგნოები დააგდეს. ისმოდა ტირილი, ღაღადისი და გალობა: შენ გესავ, უფალო!
სვეტიცხოველი გადარჩა”.
გაუძლებდა ერი უმძიმეს გამოცდას, გაუძლებდა უწმინდესისა და უნეტარესის მიერ ნასათუთები სული ბურჯის გამოცლას თუ ძლიერი რყევისგან დაიშლებოდა ისევე, ვით შეკოწიწებამდე და ხელახლა მოქსოვამდე იყო? ამაზე ეკიდა ერისა და ქვეყნის ბედი. ეს მძიმე გამოცდა გამოაჩენდა, კვლავაც ერი ვართ – შოთას, დავითის, ილიას ერი თუ „გათითოკაცებული ყოფილი ერი?!” (ჭაბუა).
ძნელია, თითქმის შეუძლებელია, ქართველი ერის გამთლიანება, როდესაც მას დაშლისკენ მიდრეკილება უჩნდება, მაგრამ, გაერთიანებას როცა ახერხებს, ყველა შემოტევასა და განსაცდელს უძლებს.
ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ მოსულმა ვერც ერთმა ლიდერმა ვერ მოახერხა საქართველოს შეკვრა. პირიქით, მისი წილი ბზარი ყველამ შეიტანა ეროვნულ სულსა და ცნობიერებაში, ყველამ ანგრია მისი წილი. მხოლოდ პატრიარქმა ილია მეორემ შეძლო ეშენებინა ის, რასაც სხვები ანგრევდნენ.
მწყემსთმთავრის გარდაცვალებამ უკანასკნელი წვეთის ეფექტი იქონია. საქართველო დაიძრა წმინდა სამების ტაძრისკენ. ერი მუხლს იყრის რა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ცხედრის წინაშე, ის ერთიანი, ზნეობრივი, მართლმადიდებელი საქართველოს იდეის წინაშე იყრის მუხლს. უსაყვარლესი პატრიარქისთვის პატივის მიგება და მასთან გამოთხოვება გადაზრდილია მტკიცე ნების დემონსტრირებასა და ერთგულების გამოხატვაში იმ სალოცავთა მიმართ, ილია მართლის მიერ ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნეში რომ იყო გაცხადებული – „მამული, ენა, სარწმუნოება”, პატრიარქის მიერ კი ოცდამეერთეში ხელახლა გააზრებული და მაინც ხელუხლებლად დატოვებული – „ღმერთი, სამშობლო, ადამიანი”.
ეს ერისა და ბერის არჩევანია! ეს საქართველოს ისტორიული გზაა!
საბოლოოდ დათრგუნვილი სატანა ქვესკნელში ჩაძვრა. მათი მოციქულები კი ისე უკმევენ და ადიდებენ გარდაცვლილ პატრიარქს, თითქოს არასოდეს ებრძოლოთ მასთან, თითქოს არასოდეს ელანძღოთ და შეურაცხეყოთ ან თითქოს დღესაც ისევე არ სძულდეთ იგი, როგორც მის სიცოცხლეში სძულდათ. მოუსმინეთ მართლმადიდებლობასთან მებრძოლი სპეცსამსახურების აგენტურას საქართველოში, მოუსმინეთ მათ მიერ დაფინანსებულ ტელეარხებს და შეგძრავთ ის უხამსი ფერისცვალება, რომლის დემონსტრირებასაც ისინი ცდილობენ. მათი სტრატეგია არ შეცვლილა, ტაქტიკა შეიცვალა. მათ ახალი დავალება მიიღეს. მათი უცხოელი პატრონები გრძნობენ, რომ ქართველი ხალხის მიერ გაღმერთებულ სულიერ მამასთან ბრძოლა წინასწარ არის მარცხისთვის განწირული. გარდაცვლილი პატრიარქის მიმართ ფარისევლური თაყვანისცემა მათ ახალი პატრიარქის არჩევამდე სჭირდებათ, რაც, დადგენილი წესის მიხედვით, ორი თვის ვადაში უნდა მოხდეს. ისინი მოხერხებული პოზიციების დაკავებას ცდილობენ წმინდა სინოდის გადაწყვეტილებაზე გავლენის მოსახდენად. მათთვის საძულველ, მაგრამ აწ უკვე გარდაცვლილ პატრიარქთან ფარისევლობა მომავალ (მისი გზისა და კურსის გამგრძელებელ) პატრიარქთან გასაჩაღებელი ბრძოლის უვერტიურაა. სატანა თადარიგს იჭერს და გააფთრებული ბრძოლისთვის ემზადება საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ხელში ჩასაგდებად ან, სულ მცირე, მის წიაღში განხეთქილების შესატანად. ნუ ენდობით სატანას – იგი ყველაზე ვერაგი იმ დროს არის, როდესაც სიმართლისა და სინათლის მხარეს დგება, როდესაც ლაქუცსა და პირფერობას იწყებს!
ილია მეორემ, როდესაც დარწმუნდა, რომ ამქვეყნიური მისიის განსახორციელებლად მხოლოდ სიცოცხლე არ კმაროდა, უფალს უხმო დახმარებისთვის („დავიღალე… დავიღალე… მოდი ჩემთან, უფალო!”). ამა სოფლის დათმობითა და ზეციურ სამფლობელოში გადასვლით მან არამხოლოდ დაასრულა ეროვნული სულის სიყვარულითა და სიყვარულში გამთლიანება, გამოსცადა კიდეც სიმტკიცე მისი. გამოეცალა მის მიერ მთელი სიცოცხლის განმავლობაში ნაქსოვ-ნაშენებს. ნაღვაწ-ნამუშაკევმა, ვითარცა სვეტიცხოველმა უძლიერეს მიწისძვრას, გაუძლო მძიმე გამოცდას. მსოფლიომ იხილა საქართველო ერთიანი, რწმენითა და სიყვარულით აღვსილი, ღმერთისა და მომავლისკენ მომზირალი. მადლი უფალს, რომ წმინდა სამება, ქრისტეს ჯვარი და პატრიარქის მოწამეობრივი სიცოცხლე და აღსასრული იქცა ერის სულიერი მთლიანობის საფუძვლად.
უფალი მოვიდა პატრიარქთან და პატრიარქი მივიდა უფალთან.
ეს პატრიარქის არჩევანი არ ყოფილა, ეს მისი ხვედრი იყო – საღმრთო, საეკლესიო, სასულიერო და საერო ხვედრი!
ვალერი კვარაცხელია







