ცხოვრება ყოველ ფეხის ნაბიჯზე გვიძვირდება

    მარტივი  შეკითხვით დავიწყოთ – რით ივსება ბიუჯეეტი, ანუ რა არის ბიუჯეტის შევსების მთავარი წყარო? მართალია – გადასახადები, ანუ ის თანხები, რომლებსაც ჩვენ ყოველი თვის ბოლოს ვიხდით, თუმცა მხოლოდ ეს არ არის. ბიუჯეტში სოლიდური თანხა შედის, მაგალითად, ჯარიმებიდან, სახელმწიფო სერვისებით მიღებული გადასახადებიდან და ა.შ.  ძალიან ჭირს ბიუჯეტის შევსება და ამას არავინ უარყოფს. მიზეზი კი  მარტივია – ადგილობრივი წარმოება, უბრალოდ, არ არსებობს, შესაბამისად, გადასახადებიც არ შედის ბიუჯეტში, არც საშემოსავლო, არც დღგ, არც ხელფასიდან ჩამოჭრილი 20% და ძირითადად საჯარო სექტორში დასაქმებულები  ავსებენ ბიუჯეტს. ისიც ერთი ჯიბიდან ამოღებას და მეორეში ჩადებას ჰგავს, საჯარო სექტორს ხელფასს ბიუჯეტი უხდის, შემდეგ 20%-ს უკან იბრუნებს და იქმნება შთაბეჭდილება, რომ ყველაფერი რიგზეა, მაგრამ ამით მხოლოდ ბანკები ხეირობენ.

     ყოველწლიურად რაღაცები ძვირდება და ეს   გაძვირება პირდაპირ აისახება რიგითი ადამიანების ჯიბეზე. თავად განსაჯეთ, ბოლო წლებში რამდენჯერ და რა რაოდენობით გაძვირდა ჯარიმები ავტომანქანით მოძრაობისას წესების დარღვევაზე.  არავინ დავობს, რომ ნასვამ ან ნარკოტიკული თრობის ქვეშ ავტომობილის მართვაზე ჯარიმა, წესით, არსებულზე გაცილებით  მეტი უნდა იყოს, მაგრამ ყველანაირი  ჯარიმის  მატება, ცოტა არ იყოს, არასამართლიანია. არც ის არის სამართლიანი, გარემოს დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლები ადამიანებს  პრაქტიკულად არაფრის გამო რომ აჯარიმებენ. მარტივ მაგალითს გეტყვით:  მიწა რომ აიღოთ და სახლში შეიტანოთ, გარემოს დაცვის თანამშრომელს შეუძლია დაგაჯარიმოთ, რადგან, თუ მიწა თქვენი ერთი ნაკვეთიდან  მეორეში  მიგაქვთ, ნებართვა გჭირდებათ; ხოლო, თუ სახელმწიფო მიწას შეეხეთ, ჯარიმასთან ერთად შეიძლება სამშობლოს ღალატშიც დაგდონ ბრალი. გარემოს დაცვის თანამშრომლები  ნადირობენ ჩვეულებრივ ჭებზეც.  თუ საკარმიდამო ნაკვეთში გაქვთ ჭა და მასზე არ გიყენიათ მრიცხველი,  დაჯარიმების უფლება აქვთ. გაძვირდა (გაორმაგდა, გასამმაგდა) იუსტიციის სახლის სერვისები. მაგალითად, მიწის სისტემური აზომვა თუ აქამდე უფასო იყო, ახლა ერთი ნაკვეთის აზომვა 300 ლარი ღირს, სასრაფო წესით – 600 ლარი დ,ა სოფელში ვინმეს 2-3 ნაკვეთის აზომვა რომ სურს და მამაპაპისეული მიწის დამტკიცება რა თანხებთან არის დაკავშირებული, ხვდებით? გადასახდელია აზომვითი ნახაზის გადასახადიც, რომელიც 200 ლარიდან იწყება და არ აქვს მნიშვნელობა, 1 კვადრატულ მეტრს ზომავთ, თუ ერთ ჰექტარს.

    ეს ყველაფერი იმიტომ მოგიყევით, რომ საბოლოოდ გაცხადდა, რატომ დაიწყო ხელისუფლებამ 6 წელზე მეტი ხნის ექსპლუატაცის მანქანების შემოყვანის აკრძალვაზე საუბარი, შემდეგ კი აკრძალვა განბაჟების არარეალური ფასით შეიცვალა.  6 წელზე მეტი ხნის მანქანების 1 კუბ. სმ -ის განბაჟება 4,50 ლარი ღირს (ნაცვლად 0,80 ლარისა) და… გაძვირება შეეხო 6 წელზე ნაკლები ხნის მანქანებსაც. თუ აქამდე მათი ( კუბ.სმ-ის) განბაჟების ფასი 0,80 ლარი იყო, ამიერიდან 1,50 ლარი იქნება, ანუ ფასი თითქმის გაორმაგდა და ესეც ბიუჯეტის შესავსებად გაკეთდა. ავტომობილების იმპორტიორები ამბობენ, რომ ეს ბიზნესი გაძვირების გამო მალე აღარ იარსებებს. თავად განსაჯეთ, განბაჟების გაძვირების შემდეგ თითოეულ ავტომობილს, საუკეთესო შემთხვევაში, 2500-3000 დოლარი მოემატა და, თუ იმედოვნებდით, რომ ავტომობილს 3 ათას დოლარად  შეიძენდით (შესაძლებელი იყო  ამ ფასად ჩამოყვანა), ახლა ერთი ამდენის დამატება მოგიწევთ. სამაგიეროდ ბიუჯეტი შეივსება…

    ხელისუფლების წარმომადგენლები იმასაც ამბობდნენ, პენსიებს უფრო მეტად იმიტომ ვერ ვზრდით, რომ ბიუჯეტში ფულს ვერსაიდან მოვიტანთო.  ახლა კი ირკვევა (კულუარულად გვეუბნებიან), რომ, თუ ბიუჯეტში  დამატებითი თანხები არ შევა, მესამე კვარტლიდან ხელფასებისა და პენსიების დარიგების პრობლემა შეიქმნება. ჰოდა, გამოსავალიც მარტივად იპოვეს – ბიუჯეტის შევსებას ისევ ხალხის ხარჯზე ცდილობენ და იმას კი ვერ აცნობიერებენ, რომ მოსახლეობის შესაძლებლობებსაც აქვს ზღვარი. ვეღარ შეძლებენ ადამიანები ასეთი წნეხის ატანას და, უბრალოდ, გაჩერდებიან და გაჩერდება ყველაფერი. საშუალო ხელფასი 2 ათას ლარზე მეტი არისო, რომ გვიმტკიცებენ, იმას რატომ არ ამბობენ, რომ 100 ათას ადამიანზე მეტი თვეში 1000 ლარსაც ვერ იღებს და როგორ უნდა მოახერხოს ავტომობილისთვის ფულის დაზოგვა  და თან ოჯახის რჩენა. როგორ არ გავიხსენოთ წლების წინათ  ნათქვამი: მოვა დრო, საქართველოში ხორცის ყიდვა ფუფუნება იქნება, ხოლო რესტორანში სიარული ერთეულების ხვედრიო. იმხანად ამაზე ყველას ეცინებოდა, მაგრამ უკვე სასაცილო აღარ არის, როცა ხორცის ფასი 30 ლარს გასცდა, ხოლო რესტორანში ერთი ადამიანის ნორმალურად გამოკვება 100 ლარზე ნაკლები არ ჯდება. ჰოდა, ახლა ამბობენ, რომ რამდენიმე  წლის შემდეგ რიგითი მოკვდავები ავტომობილის შეძენას ვეღარ შეძლებენ.   ავტომობილის შენახვა ისედაც არ ჯდება მცირე  თანხა,  საწვავზე რომ არაფერი ვთქვათ, ნაწილებიც არ ღირს იაფი და ხელოსნის მომსახურება ხომ, საერთოდ, არანორმალურად ძვირია.

    ისე, ხორცის ფასი ტყუილუბრალოდ არ გვიხსენებია. საქმე ის არის, რომ, ოფიციალური მონაცემებით, 2016 -დან  2024 წლამდე პერიოდში მოსახლეობის ერთ სულზე ხორცის მოხმარებამ წლიურად  37-დან  51 კილოგრამამდე მოიმატა. გამოდის, რომ თითოეული ადამიანი საქართველოში კვირაში საშუალოდ ერთ კილოგრამ ხორცს მიირთმევს. არადა,  გაიზარდა საქონლის დაკვლა და არა ხორცის მოხმარება. ახლავე აგიხსნით, რასაც ვგულისხმობთ:  სწორედ ამ პერიოდში (განსაკუთრებით პანდემიამდე) საქართველოში დაკლული ცხვრისა და მსხვილფეხა პირუტყვის ხორცი ტონობით გადიოდა (სანამ პრემიქსით დაუწყებდნენ გასუქებას) არაბულ ქვეყნებში და სტატისტიკაში შევიდა სწორედ დაკვლისა და არა მოხმარების მაჩვენებლები. მიმოიხედეთ გარშემო და თქვით, რამდენი გყავთ ისეთი მეგობარი, ნათესავი ან მეზობელი, რომელიც კვირაში ერთ კილოგრამ ხორცს მოიხმარს. ანუ, 4-სულიანი ოჯახი კვირაში 4 კილოგრამ ხორცს უნდა მიირთმევდეს, რაც აბსურდია. ჯერ ერთი, ამის სოციალური ფონი არ არის და მეორეც – შეძლების შემთხვევაშიც კი, კვირაში 4 კილოგრამი ხორცი ბევრია, შეჭმა იქნება რთული, მოგბეზრდება, ვერ მოახერხებ, ამიტომ ვამბობთ, რომ ეს სტატისტიკური მონაცემები დაკვლის არის და არა მოხმარების. აი, მოხმარებას თუ მივაქცევთ ყურადღებას, ეგებ სხვა ციფრები დაჯდეს.

    ყველაფრის გაძვირებას მალე სასმელი და გაზიანი წყლების გაძვირებაც დაემატება და აგერ, ბიზნესასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა ლაშა პაპაშვილმა თქვა, ძალიან მეშინია, ფასები ისე არ გაიქცეს, დაჭერა ვერ მოვახერხოთო. ვიღაცას შეიძლება მოსწონდეს პაპაშვილი, ვიღაცას –  არა, მაგრამ ბიზნესში  გამოცდილია და, როცა ის ამბობს, მეშინიაო, ცხადია, რომ გადაწყვეტილება სარისკოა. ბატონმა ლაშამ ისიც თქვა, საქართველო პირველი ქვეყანაა, რომელიც ამას აკეთებს, ზუსტად ვიცი, დიდი სახელმწიფო ვერ გარისკავდა და ამიტომ პროგნოზი ძნელიაო. მან   თქვა ის, რაც ჩვენ დავწერეთ, რომ ასე ხელის ერთი მოსმით პლასტმასის აკრძალვა არ შეიძლებოდა, მით უმეტეს,  ეს აკრძალვა არ ეხება კონსოლიდირებულ ტენდერებს, ანუ პლასტმასის ბოთლში ჩასხმული წყლით სახელმწიფო უწყებების მომარაგება პრობლემა არ იქნება.  პაპაშვილმა ისიც აღნიშნა, საფრანგეთში ისეთ პლასტმასში ასხამენ წყალს და გაზიან სასმელებს, რომლის დაშლასაც 400 წელი არ სჭირდება და ეგებ, ამაზე  გვეფიქრა, მით უმეტეს, მინაზე გაცილებით იაფი ღირსო, მაგრამ ჩვენთან ხომ ასეა – ვიღაც იღებს გადაწყვეტილებას და შემდეგ ჯიუტად არ ცვლის.

    მოკლედ, ცხოვრება ყოველ ფეხის ნაბიჯზე გვიძვირდება და ამან შეიძლება  სოციალური აფეთქება გამოიწვიოს. სახელმწიფო ვალდებულია, გაძვირებისა და ხელის ყელში წაჭერის პარალელურად,  სამუშაო ადგილები შექმნას,  ახალი სამუშაო ადგილები კი ბიუჯეტის შევსების პირდაპირი და, რაც მთავარია, საიმედო წყაროა. სხვაგვარად ჯარიმებისა და გადასახადების მატება ერთ, არცთუ მშვენიერ დღეს შედეგს ვეღარ მოიტანს.

    ლევან გაბაშვილი     

                                                                                                               

                                                                                                              

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here