გამოლენჩებული მზერა

    2026 წლის 11 თებერვალს თავზარდამცემი” ინფორმაცია გავრცელდა: ევროკავშირმა დაამტკიცა გადაწყვეტილება, რომელიც ითვალისწინებს ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას ადრე მიღებული ახალი მექანიზმის ფარგლებში. როგორც მოსალოდნელი იყო, წინადადებას მხარი არ დაუჭირეს უნგრეთმა და სლოვაკეთმა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებაზე ამას გავლენა არ მოუხდენია. გადაწყვეტილება მარტის დასაწყისიდან ამოქმედდება.

    2025 წლის დეკემბრის ბოლოს ამოქმედდა ევროკავშირის  უვიზო მიმოსვლის შეჩერების განახლებული  მექანიზმი. მაშინვე ითქვა, რომ ახალი მექანიზმი, სავარაუდოდ, საქართველოსაც შეეხებოდა, ბრიუსელისა და სხვა ევროპული დედაქალაქების მხრიდან მმართველი პარტიის პოლიტიკის მიმართ მზარდი კრიტიკის ფონზე. გადაწყვეტილება სავალდებულოა ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყნისთვის. ბრიუსელში მანამდე მიღებული გადაწყვეტილების მიუხედავად, დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებს, მათ შორის „ქართული ოცნების“ მთავრობის წევრებს, შეეძლოთ უვიზოდ ემოგზაურათ ევროკავშირის რიგ ქვეყნებში, ევროკავშირმა არაერთხელ განაცხადა, რომ, თუ დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმების შემდეგ საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა არ შეიცვლება, ზომები, შესაძლოა, მთელ მოსახლეობაზეც გავრცელდეს. ეს მოხდება იმ შემთხვევაში, თუკი ხელისუფლება „პრობლემებს არ მოაგვარებს“ ანუ არ შეასრულებს ბრიუსელისგან არაერთგზის მიღებულ რეკომენდაციებს. ჯერჯერობით ევროკომისია კონკრეტულ თარიღებს არ ასახელებს“.

    საქართველოს ხელისუფლების პასუხი ასეთია: თბილისი უარს ამბობს ევროკავშირის მიერ დასახელებული რეკომენდაციების შესრულებაზე, მათ შორის სადავო კანონების გაუქმებაზე. საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერება ქვეყნისთვის ეგზისტენციალური საკითხი არ არის და უპირატესობას მშვიდობასდა სტაბილურობას მიანიჭებს”.

    ანალოგიური განცხადება გააკეთა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამაც:  “ჩვენ ვუყურებთ,  რა ხდება მსოფლიოში, რადგან მსოფლიოს ნაწილი ვართ და მსოფლიო პოლიტიკა გავლენას ახდენს ჩვენს რეგიონზე, რადგან ევროპისა და აზიის გასაყარზე ვართ. როდესაც ევროპის კონტინენტზე ომი მიმდინარეობს და ცეცხლის ალშია გახვეული, ყველანი კარგად ვხედავთ იმ რადიკალურად შეცვლილ დამოკიდებულებას, სწორედ ბრიუსელის მხრიდანაც, რომელიც, თავისი ჭკუით, რაღაც სადამსჯელო ღონისძიებებს იყენებს ჩვენი პოლიტიკური გუნდის წინააღმდეგ. ძალიან კარგად იციან მათაც და იცოდნენ წლების წინათ, რომ ჩვენი გუნდის თითოეული წევრისთვის, რომელსაც კარგად გვაქვს გათვითცნობიერებული, სად ვდგავართ და რა ინტერესებს ვიცავთ, ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვიზის აღება მოგვიწევს თუ არა. ეს არის ბრიუსელის ბიუროკრატიის იმ ბინძური მანქანის ამოქმედება, რომელიც მოულოდნელი არ იყო. ეს არაფერს არ წყვეტს ჩვენთვის, რადგან ჩვენ ვამხელთ იმ არარჩეულ ბიუროკრატიას და მის იმ ბინძურ მანქანას, რომელიც  აშშ-დან დაფინანსებების შემცირების შემდეგ, ვხედავთ, როგორი გამძვინვარებით მოქმედებს. მათ მიერ გადადგმული თითოეული ნაბიჯი მეტყველებს მათ არასწორ პოლიტიკაზე”.

    ვერაფერს იტყვი, სწორი პასუხია. არსებობს მთავარი და მეორეხარისხოვანი ანუ არსებობს ღირებულებათა იერარქია. უვიზო მიმოსვლა (რა მიმართულებითაც უნდა იყოს) კარგია, მაგრამ რის ფასად? უვიზო მიმოსვლაში სუვერენიტეტის დათმობას თუ გვთხოვენ, ეს საკითხი არც უნდა განვიხილოთ, რადგან სუვერენიტეტი გაცილებით უფრო მაღალი ღირებულებაა, ვიდრე უვიზო მიმოსვლა რომელიმე სახელმწიფოსთან ან გაერთიანებასთან. არც ვინმესთან ომის დაწყების ფასად არ გვიღირს უვიზო მიმოსვლა. საერთოდაც, თავში იხალონ ეგ უვიზო მიმოსვლა, თუკი ამის გამო მედიდურად უნდა გვიყურონ და მთელი ცხოვრება გვაყვედრონ ეგ ამბავი.

    2025 წელს პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ ამავე საკითხზე  ასეთი კომენტარი  გააკეთა: „ეს შეზღუდვები მოქმედებს ევროკავშირის საერთო გადაწყვეტილებით, დიპლომატიურ პასპორტებთან დაკავშირებით, თუმცა ჩვენ ჩვეულებრივად ვიღებთ ვიზებს. ვიზით ვიყავი წასული ერთ-ერთ ქვეყანაში, არანაირი პრობლემა ამაში, რა თქმა უნდა, არ არის. ბუნებრივია, ეს არის აბსოლუტურად სამარცხვინო გადაწყვეტილება, თუმცა ეს არის მათი გადაწყვეტილება, მათი უფლება და ჩვენ მზად ვართ. ვიმოქმედოთ ამ გადაწყვეტილების შესაბამისად “.

    როგორც უკვე ვთქვი, სწორია პოზიცია, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ამ კონკრეტული საკითხის მიმართ იკავებს, მაგრამ ეს პოზიცია სრული არ არის და, მით უფრო, სრულყოფილი.

    საქართველოს ხელისუფლება  ღიად  ჯერ კიდევ არ ამბობს, რომ  ჩვენმა უკიდეგანო ლტოლვამ დასავლეთისკენ სრული ფიასკო განიცადა. ისინი ამ სავალალო მდგომარეობას ხან ბრიუსელის ბიუროკრატიას აბრალებენ, ხან აშშ-ის ძველ ადმინისტრაციას, ხან კონკრეტულ პოლიტიკურ დაჯგუფებას და ა.შ., სინამდვილეში კი საქმე სრულიად სხვა რეალობასთან გვაქვს: დასავლეთი საქართველოს არ განიხილავს სტრატეგიულ პარტნიორად. ისინი ჩვენ გვიყურებენ, როგორც კოლონიას, არასრულფასოვან სუბიექტს, რომელიც მუდამ მეორეხარისხოვანი იქნება და ვერასოდეს ჩამოყალიბდება მათთვის თანაბარუფლებიან კომპანიონად. ხელისუფლება ამას რომ არ ამბობს (ვერ ამბობს), არ ნიშნავს იმას, რომ ეს ასე არ არის. დასავლეთს ჩვენი დარდი კი არ აქვს, საკუთარი მუცლის გვრემა აწუხებს. მას ის ზესახელმწიფოები (პირველ რიგში – რუსეთი, შემდეგ – ჩინეთი) ჰყავს დასამარცხებელი, რომლებიც მსოფლიოზე გაბატონებაში ხელს უშლიან. ამ „დიადი” მიზნის მიღწევის გზაზე, ჭადრაკის ენით რომ ვთქვათ, ისინი მზად არიან, შეწირონ (გაწირონ) ხალხები და სახელმწიფოები. ამის კონკრეტული მაგალითი იყო 2008 წლის ავანტურა საქართველოში, როდესაც ფსონი ხანგრძლივ ომზე ჰქონდათ დადებული. დღეს ამის უფრო ნათელი და მოღაღადე მაგალითია ომი უკრაინაში, რომელსაც, მიუხედავად იმისა, რომ ოთხი წელიწადი მიმდინარეობს და მილიონზე მეტი ადამიანი შეეწირა, ცოცხალი თავით არ ამთავრებენ. ტრამპის ფაქტორმა არ უნდა დაგვაბნიოს. მე, პერსონებზე კი არა, იდეოლოგიურ, პოლიტიკურ და სამხედრო მანქანაზე ვსაუბრობ, რომელიც გაცილებით დიდი და ძლიერია, ვიდრე რომელიმე კონკრეტული პიროვნება. როდესაც რომელიმე პრეზიდენტი აშშ-ის იდეოლოგიურ, პოლიტიკურ და სამხედრო მანქანას ეწინააღმდეგება, ეს, წესისამებრ, პრეზიდენტის მარცხით (ძირითადად მკვლელობით) მთავრდება-ხოლმე (აბრაამ ლინკოლნი – 1865 წ; ჯეიმს გარფილდი – 1881 წ; უილიამ მაკ-კინლი – 1901 წ; ჯონ კენედი – 1963 წ.). ასეთია დასავლურ-კაპიტალისტური გულქვა რეალობა, ამიტომ  რომელიმე პოლიტიკური ლიდერის მიმართ სენტიმენტებმა არ უნდა დაგვავიწყოს, რომ სისტემა ნებისმიერ პერსონაზე ძლიერია. ტრამპი, რა თქმა უნდა, განსხვავებული ლიდერია, თუმცა ერთობ ჩამოუყალიბებელი და არათანმიმდევრული. ჯონ კენედის გაცილებით თანმიმდევრული მოსაზრებები ჰქონდა, როდესაც ამერიკულ სისტემას დაუპირისპირდა, მაგრამ მანქანამ მას დაუნდობლად გადაუარა. ისე ნუ ჩამომართმევთ, თითქოს ტრამპსაც ანალოგიურ ხვედრს ვუწინასწარმეტყველებ, არა, ისტორია, ყოველთვის როდი მეორდება სარკისებური ეფექტებით. მე მხოლოდ იმას ვამბობ, რომ ტრამპს სისტემასთან დაპირისპირებაში გამარჯვება გარანტირებული არ აქვს, თუმცა არსებობს გორბაჩოვის პრეცედენტიც. სახელმწიფო მანქანა, რომელმაც სტალინი და ბერია გაიტანა, ცალტვინა გორბაჩოვმა ნაფოტებად აქცია, მაგრამ ეს სისტემაზე გამარჯვება არ ყოფილა, სახელმწიფოს პირდაპირი ღალატი იყო. ეს, საერთოდ, სხვა თემაა…

    მაგისტრალურ მიმართულებას რომ არ ავცდე, იქ უნდა დავბრუნდე, საიდანაც ტრამპზე  იმპროვიზირებული საუბარი დავიწყე. ტრამპი იქნება თუ ნებისმიერი სხვა, ჩვენთვის არაფერი იცვლება. დასავლეთმა საქართველო არ მიიღო, დასავლური ილუზიის უსაფუძვლობა ბოლომდე გაშიფრულია. ახლა დასავლეთთან არაფრისმომცემი თამაშის დრო აღარ არის, არც ასეთი აუცილებლობა აღარ დგას. ახლა ისტორიული აუცილებლობა დგას რუსეთთან პირდაპირი, რეალური და შედეგზე ორიენტირებული დიალოგის გამართვისა. უკვე საჯაროდ  ითქვა რუსეთ-ბელარუსის სამოკავშირეო ხელშეკრულებაში საქართველოს წევრობის საკითხი (იხ. ბატონ ფრიდონ ინჯიას და ბატონ ზურაბ ჩხაიძის 2 თებერვლის პრესკონფერენცია – „იმედი”, „რუსთავი-2”). სირაქლემასავით ქვიშაში თავჩარგული და უკანალაშვერილი ქართველი „პოლიტიკოსები”  შიშით ხმას ვერ იღებენ (იდეას მხარი დაუჭირონ და, ვაითუ ასე არ მოხდეს, წინააღმდეგ გამოვიდნენ და, ვაითუ ასე მოხდეს). ჟურნალისტებიც კი სოროში შეძვრნენ, არანაირი გამოხმაურება, არანაირი განხილვა და საკითხის დამუშავებაში ფართო საზოგადოების ჩართვა, პირიქით – პირში წყლის ჩაგუბება. ყვარყვარეთა ამგვარი ჯოგისგან არც პოლიტიკა გამოვა და არც ჟურნალისტიკა. დრო კი მიდის. დასავლური სისტემები ირღვევა. ევროკავშირი წყალს მიაქვს. აშშ უდიდესი კატაკლიზმების მოლოდინშია, ნატო კი აშშ-ის გარეშე ქაღალდის (დოკუმენტების) გროვაა, რომელსაც ორგანიზაციის დაშლის შემდეგ სადმე დაწვავენ. დღეს ამ რეალობის, დანახვა კი არა, დაუნახავობაა ძნელი. საერთოდ არ უნდა გაგაჩნდეს პოლიტიკური ალღო და ანალიზის უნარი, რომ გამოლენჩებული მზერა ახლაც დასავლეთისკენ გქონდეს მიპყრობილი. ამგვარი მზერით სამყაროს აღქმამ საქართველო სამ ნაწილად დაშალა, მოსახლეობის თვალსაზრისით გაანახევრა და ერთ დროს აყვავებული საბჭოთა რესპუბლიკა მათხოვრად აქცია.

    კი, ერთმნიშვნელოვნად ასეა, დასავლეთის მიმართულებით ოცდათხუთმეტწლიანი გამოლენჩებული მზერის შედეგია ეს ყველაფერი. ახლა სხვა მხარესაც  გახედვის დრო დადგა, მაგრამ…

    ვალერი კვარაცხელია

                                                                                               

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here