ქვეყანაში პროდუქტებზე ფასების შემცირება განხილვის მთავარი თემაა. სპეციალური კომისია უკვე შეხვდა ქსელური მაღაზიების ხელმძღვანელებსა და დისტრიბუტორებს. შეხვედრის შემდეგ გაირკვა, რას ითხოვს ხელისუფლება და რა მდგომარეობაა ქსელებში.
საინტერესოა, რომ თითქმის ყველა ქსელური მაღაზიის წარმომადგენლის განცხადებით არსებობს ფასების შემცირების შესაძლებლობა და ეს არავის გაჰკვირვებია. არადა, სწორედ ეს არის ყველაზე საინტერესო – თუ ფასების შეცირების შესაძლებლობა არსებობს, რატომ არ ამცირებენ?! მაინცდამაინც სამთავრობო კომისიის სხდომა უნდა გაიმართოს, პრემიერი და ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლები უნდა დასხდნენ და მაგიდაზე მუშტები აბრახუნონ?! მაგრამ არა, აქ ორი მნიშვნელოვანი მიზეზია: პირველი ის, რომ დაუსჯელობის სინდრომია – აქამდე არავის მოუკითხავს, რატომ ღირდა ესა თუ ის პროდუქტი ძვირი. ცოდვა გამხელილი სჯობს და, მაღალჩინოსნები ფასის ცვლილებას ვერ ამჩნევენ (ვერც მომავალში შეამჩნევენ), რადგან მაღაზიებში არ დადიან და არ იხდიან საკვების ფულს, ამას ან მეუღლეები აკეთებენ (იშვიათად), ან დამხმარე ქალბატონები, ხმამაღლა კი არავინ ამბობს, რომ ესა თუ ის პროდუქტი გაძვირდა. მეორე მიზეზი კი არის ის, რომ გაძვირებული პროდუქტის გაყიდვა არასდროს იყო პრობლემა, მოსახლეობა არ აპროტესტებდა და ამიტომ, გამყიდველებმა, უბრალოდ, აიშვეს… თუმცა უფრო საინტერესო არის ის, რაც გარეშე თვალისთვის დამალულია და რაზეც ნაწილობრივ (რატომ ნაწილობრივ, ბოლოს აგიხსნით) ისაუბრა საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციის ხელმძღვანელმა ლაშა რიჟამაძემ. შეგახსენებთ, რომ თავდაპირველად ხელი ყველამ სადისტრიბუციო კომპანიებისკენ გაიშვირა.
„საკითხი შეეხება ისეთი ტიპის გადასახადებს, რომლებიც საბოლოოდ აკუმულირდება იმ 44 %-ში და მწარმოებელი და სადისტრიბუციო კომპანია იძულებულია, გადაიხადოს. ეს არის ე.წ. შესვლის გადასახადი, რეტრობონუსი, ქეშბექი, ახალი მაღაზიის გახსნის საფასური, ვინაიდან ახალი მაღაზია მიმწოდებლების ინვესტირებაა. ამას გარდა, დამატებით არის აქციები, რომლებიც ისევ მიმწოდებლისა და მწარმოებლის ხარჯზე გადადის, აქ იკლებს დისტრიბუცია იმ თანხას, რომელიც შეეძლო მიეღო. გარდა ამისა, არსებობს „კუნძულის“ გადასახადი, სალარო ზონის გადასახადი… მსგავსი ტიპის პრობლემებზე ვისაუბრეთ პრემიერთან შეხვედრაზე, რაც საბოლოოდ დიდ როლს თამაშობს იმ ფასების რეგულირებაში, რომლებიც მომხმარებელს ხვდება დახლზე. ფასნამატის,სულ ცოტა, ნახევარი აკუმულირდება ისევ ქსელის მხარეს“, – განაცხადა რიჟამაძემ.
ახლა შევეცდებით, ეს ყველაფერი გასაგები ენით ავხსნათ. ე.წ. შესვლის გადასახადი არის თანხა, რომელსაც ქსელის მეპატრონე მოითხოვს მწარმოებლისგან, – შენი პროდუქცია რომ დავდო ჩემს ქსელში, გარკვეული თანხა უნდა მომცე, ისე არ შეგიშვებო. პარალელურად ხელშეკრულებაში იწერება პირობა, რომ გარკვეული ოდენობის პროდუქციის გაყიდვის შემდეგ მწარმოებელი მიღებული თანხის 5-10 %-ს უბრუნებს მაღაზიას და ეს არის ქეშბექი. ამასთანავე, მაღაზიამ კლიენტის მოსაზიდად შეიძლება გამოაცხადოს აქცია ისე, რომ არაფერი ჰკითხოს მწარმოებელს და მისი პროდუქცია გაყიდოს თვითღირებულებაზე დაბალ ფასად, მწარმოებელმა კი ესეც უნდა აიტანოს. „კუნძული“ მაღაზიაში ჰქვია სივრცეს, რომელშიც ძირითადად ძეხვეული, რძის პროდუქტები და მზა საკვები დევს, ცალკეა მოწყობილი, ოთხივე მხრიდან შეგიძლია შემოუარო და იქ პროდუქციის ჩადება (ანუ, ოთხივე მხრიდან რომ გამოჩნდეს) ცალკე თანხა ღირს. ახალი მაღაზიის გახსნისას ქსელის მეპატრონე ასევე ითხოვს ახალ მაღაზიაში შესვლის საფასურს (არ აქვს მნიშვნელობა, იმავე ქსელის სხვა მაღაზიაში უკვე შესული ხარ თუ არა), ითხოვს ბონუსს და ეს გრძელდება დაუსრულებლად.
შესაძლოა, ვიღაცამ თქვას, რომ ეს მხოლოდ სიტყვებია და რეალურად ასე არ ხდებაო, მაგრამ კონკრეტულ მაღაზიებსა და კომპანიებზე გეტყვით, უფრო სწორად – ყველაზე დიდი მაღაზიების ქსელსა და ყველაზე ცნობილ კომპანიებზე. ალბათ, ყველა დაგვეთანხმება, რომ საქართველოში ყველაზე ბევრი მაღაზია „2 ნაბიჯს“ აქვს. საქართველოს მოსახლეობის 99%-ზე მეტი „2 ნაბიჯში“, ალბათ, ნამყოფია და რომელიმემ გაიხსენეთ, იქ „კოკა კოლა“, „ფანტა“, „მთის წყალი“ და , საერთოდ, თემურ ჭყონიას კომპანიის რომელიმე პროდუქტი თუ შეგიძენიათ? ან „ზედაზენის“ ლიმონათი და ლუდი თუ გიყიდიათ? არა, არ იყიდება და იცით, რატომ? იმიტომ, რომ კომპანია „ნატახტარი“ ყოველი წლის დასაწყისში ქეშად 2-3 მილიონ ლარს (ასე გვეუბნებიან, მაგრამ შესაძლოა, თანხა უფრო დიდი იყოს, ნაკლები ნამდვილად არ იქნება) იხდის იმიტომ, რომ მხოლოდ „ნატახტარის“ წარმოებული ლუდი და ლიმონათი გაიყიდოს. ხომ წარმოგიდგენიათ, ამხელა კომპანიები ვერაფერს ახერხებენ და, ვიღაცამ რომ დაიწყოს გაზიანი ტკბილი სასმელების ჩამოსხმა ან ლუდის წარმოება, რა დღეში ჩავარდება?! და სად არის ამ შემთხვევაში მომხმარებლის ინტერესი? არსად, არავინ ითვალისწინებს და არც არავინ მოითხოვს პასუხს.
უფრო მეტიც – მეგობარმა, რომელსაც მეცხოველეობის ფერმა აქვს, გადაწყვიტა ნახევარფაბრიკატების დამზადება და დაიფიცა, რომ პროდუქტი მხოლოდ საქონლის ხორცისგან იქნება დამზადებული, ადამიანებმა ადამიანური საკვები რომ მიიღონო და… ყველა დიდი ქსელური მარკეტების ქსელი პროდუქტის მიღებაზე უარს ეუბნება. ეს, იმის მიუხედავად, რომ აქვს შესაბამისი სერთიფიკატი, ყველა ნებართვა, ყველა დოკუმენტი. მიზეზი მარტივია – ჩვენ ადგილები გაყიდული გვაქვს, დიდი კომპანიები მუშაობენ და სხვას ვერ მივიღებთო. როგორია? ის კომპანიები მუშაობენ, რომელთაგან ყველას უწერია, რომ შემადგენლობაში არის მექანიკურად განცალკევებული ქათმის ხორცი, სახამებელი, ღორის სუთი და ა.შ. იცით, რა არის მექანიკურად განცალკევებული ქათმის ხორცი? ქათამს აცლიან ფილეს, ბარკლებს, ფრთებს, კისერს და, რაც რჩება, ანუ ძვალი და ცოტა ხორცი, სპეციალური მანქანით იფქვება, იღებენ ერთგვაროვან მასას, რომელიც არის პრაქტიკულად ყველა ნახევარფაბრიკატში, სოსისებში, ძეხვებში… ასე გადამუშავებული ქათმის ხორცი თუ ძვლები საუკეთესოა მიკროორგანიზმებისა და პარაზიტების გასამრავლებლად, ამიტომ მწარმოებლები მოწამვლის თავიდან ასაცილებლად იძულებული არიან, გამოიყენონ ნატრიუმის ნიტრატი, მიკრობები რომ გაანადგურონ, ამ ყველაფერს კი შემდეგ ჩვენ მივირთმევთ. ჰო, ამერიკასა და ევროკავშირის ქვეყნებში ეს პროდუქტი არ არის აკრძალული, მაგრამ მითითებულია, რომ კატეგორიულად გამორიცხულია 5 წლამდე ბავშვების კვება ისეთი პროდუქტით, რომელიც მექანიკურად განცალკევებულ ქათმის ხორცს შეიცავს. ჩემი მეგობრის ნახევარფაბრიკატებში მხოლოდ საქონლის ხორცია (რამდენიმეჯერ ინტერესის გამო არაგეგმურად შეამოწმა სურსათის უვნებლობამ და ტაში დაუკრა), მაგრამ დახლზე მისი დადების სურვილი არც ერთ ქსელურ მარკეტს არ აქვს, რადგან… იქ ადგილები ნაყიდია და, თუ საქმეში შესვლა გინდა, მათზე მეტი უნდა გადაიხადო.
აი, სწორედ ასეთ რაღაცებზე უნდა გაამახვილოს ყურადღება შესაბამისმა კომისიამ. ეს არ არის ჯანსაღი კონკურენცია, ეს არ არის ის, რასაც ბაზარი მოითხოვს. უფრო მეტს გეტყვით: მაღაზიათა ქსელი „გვირილა“ ცეზარ ჩოჩელის შვილის საკუთრებაა, ჩოჩელს კი ლუდსახარში „ზედაზენი“ ეკუთვნის და რა გგონიათ, ვის ექნება უპირატესობა ქსელური მაღაზიების დახლებზე?! სხვათა შორის, იმდენი მოვახერხეთ, რომ თავის დროზე თემურ ჭყონიასაც კი ვკითხეთ შინაურულად, რას ფიქრობს იმაზე, რომ „2 ნაბიჯში“ არ უშვებენ. მან ასე გვიპასუხა: „ვისაც „კოკა-კოლა“ და „ფანტა“ უნდა, მაინც იყიდის“. კი ბატონო, როცა საქმე ასეთი პოპულარული ბრენდის პროდუქტს ეხება, იყიდის, მაგრამ დამწყებმა რა ქნას, როგორ მოიქცეს, როცა უზარმაზარი თანხა უჯდება წარმოების აწყობა და კარგ პროდუქციას ვერ ყიდის, რადგან მაღაზიები არ იღებენ? იქნებ მომხმარებელთა ინტერესებისთვისაც დარჩეს ადგილი – დახლზე უნდა იდოს ნებისმიერი ფასის ყველანაირი პროდუქტი და მერე მყიდველმა გადაწყვიტოს, რა სურს და რა არა
როგორც გვეუბნებიან, პროდუქტებზე ფასები აუცილებლად შემცირდება (უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც), მაგრამ სხვა საკითხია, მოგვარდება თუ არა დანარჩენი პრობლემები, რომლებზეც ზემოთ მოგიყევით. როდესაც ვიღაცას, ვინც რაღაცას აწარმოებს, ყველა ინსტანცია გავლილი აქვს და მხოლოდ დახლი სჭირდება, შანსი უნდა ჰქონდეს და ეგებ მერე კონკურენციამ ხარისხიც გაზარდოს და ფასებიც დარეგულირდეს.
ბესო ბარბაქაძე







