ვასილ პაპავა: ტრამპის მუქარა, სავარაუდოდ, გულისხმობს არა ფართო მასშტაბიან ინტერვენციას, არამედ წნეხის გაძლიერების სხვა ინსტრუმენტების გამოყენებას

    „სამხედრო მოქმედებები სპარსეთის ყურეში გამოიწვევს ენერგომატარებლებზე ფასების მკვეთრ მატებას, რომელიც დაარტყამს გლობალურ ეკონომიკას. ამ ფონზე ბრიჩსის ფარგლებში, შესაძლოა, დაჩქარდეს „დედოლარიზაციის“ პროცესი, როგორც თავდაცვითი მექანიზმი ამერიკული ფინანსური ჰეგემონიის წინააღმდეგ”

    ირანში სოციალური პრობლემებით გამოწვეული საპროტესტო აქციები სისხლიან დაპირისპირებაში გადაიზარდა და ახლა მსოფლიოს ყურადღება ირანისკენ არის მიპყრობილი. აღსანიშნავია, რომ აშშის პრეზიდენტი სამხედრო ინტერვენციით იმუქრება, თუ ირანის ხელისუფლება მომიტინგეების მიმართ ძალას გამოიყენებს.

    როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები ირანში და შეიძლება თუ რა ამ ქვეყანაში დაწყებული დაპირისპირება მსოფლიო ომში გადაიზარდოს? _ ამ და სხვა მნიშვნელობან თემებზე ანალიტიკოსი, ირანისტი ვასილ პაპავა გვესაუბრება:

     _ ირანში მიმდინარე პროცესების ანალიზი აჩვენებს, რომ დაპირისპირების შედეგები დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე: ერთი მხრივ, აშკარაა ირანელი საზოგადოების გარკვეული ნაწილის ღრმა სტრუქტურული უკმაყოფილება, რომელიც პროტესტის პერიოდულ განახლებას განაპირობებს, მაგრამ, მეორე მხრივ, სახელმწიფო აპარატი კვლავ ინარჩუნებს მყარ კონტროლს ძალოვან სტრუქტურებზე და აქვს თავისი მომხრეების მობილიზაციის მაღალი რესურსი. ისტორიული პარალელები მიგვანიშნებს, რომ აჯანყების წარმატება ხშირად დამოკიდებულია არა მხოლოდ ქუჩის აქტივობაზე, არამედ მმართველი ელიტის ერთიანობაზე ან მის რღვევაზე, რომელიც მოცემულ ეტაპზე ნაკლებად შეიმჩნევა. ასევე გადამწყვეტია ორგანიზაციული ცენტრის არსებობა და მკაფიო ალტერნატიული პოლიტიკური დღის წესრიგი, რომელსაც შეეძლება სხვადასხვა სოციალური ფენის გაერთიანება.

    შესაბამისად, მოვლენები შეიძლება გაგრძელდეს ხანგრძლივად და არასტაბილური დაპირისპირების რეჟიმში, რომელშიც საბოლოო შედეგს განსაზღვრავს ეკონომიკური მდგრადობა, საგარეო წნეხი და ის, თუ როგორ ტრანსფორმირდება საპროტესტო მუხტი ქმედით პოლიტიკურ ინსტიტუტად.

    ირანში მიმდინარე არეულობები არის არა ეპიზოდური მოვლენა, არამედ სტრუქტურული კრიზისი, რომელიც წლების განმავლობაში გროვდებოდა და პიკს 2025 წლის ბოლოსა და 2026 წლის დასაწყისში მიაღწია. ეკონომიკური კოლაფსი ერწყმის პოლიტიკურ რეპრესიებს, სოციალურ წინააღმდეგობებსა და მმართველობის კრიზისს, რომლის შედეგად პროტესტი სისტემურ და უფრო რადიკალურ ხასიათს იძენს. ჰიპერინფლაცია, რომელმაც წლის ბოლოს 48,6%-ს მიაღწია,  ირანის ეროვნული ვალუტის, რიალის, მკვეთრი გაუფასურება, ახალგაზრდებში 30%-ზე მეტი უმუშევრობა, კორუფცია „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ სტრუქტურებში, რომელიც ეკონომიკის დაახლოებით 60%-ს აკონტროლებს, და რესურსების არათანაბარი განაწილება თეირანის სასარგებლოდ, პროვინციებში არსებული სიღარიბის ფონზე ქმნის ვითარებას, როდესაც მილიონობით ადამიანისთვის გადარჩენა რეჟიმისადმი ლოიალურობაზე პრიორიტეტული ხდება და ეკონომიკური უკმაყოფილება ანტისისტემურ აჯანყებად გარდაიქმნება.

    ასეთ პირობებში სისტემის მდგრადობა ემყარება რელიგიური ინსტიტუტების ღრმა ინტეგრაციას სახელმწიფო სტრუქტურებთან. საერო ავტოკრატიისგან განსხვავებით ისლამური რესპუბლიკა მხოლოდ ბიუროკრატიული აპარატი არ არის – ის ასევე წარმოადგენს მეჩეთების, საქველმოქმედო ფონდებისა და რელიგიური თემების ფართო ქსელს, რომელიც მოქალაქეების ყოველდღიურ ცხოვრებაშია ფესვგადგმული. ეს ისლამური რეჟიმის „გამძლეობის ფუნდამენტურ მარაგს“ ქმნის: მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილისთვის, განსაკუთრებით რეგიონებში, რეჟიმის დემონტაჟი მათი რელიგიური და სოციალური იდენტობის ჩამოშლას ნიშნავს. ეს ისლამური რესპუბლიკის რეჟიმის დამხობის იდეას ნაკლებად რეალურად აქცევს იმ შემთხვევაში, თუ სასულიერო და სამხედრო ელიტის შიგნით მასშტაბური განხეთქილება არ მოხდება.

    მეჩეთებისა და ადგილობრივი თემების იდეოლოგიური საფუძველი ძლიერ ბარიერს ქმნის „ფერადი რევოლუციების“ სცენარის წინააღმდეგ. დასავლეთში მეჩეთს მხოლოდ საკულტო ნაგებობად აღიქვამენ, ირანში კი ის ლოგისტიკური და სოციალური უზრუნველყოფის სისტემის მნიშვნელოვანი ნაწილია. მეჩეთებთან არსებული კომიტეტების მეშვეობით სახელმწიფო ანაწილებს პროდუქტებსა და დახმარებას, შედეგად მილიონობით ოჯახი მატერიალურად დამოკიდებულია არსებული რეჟიმის შენარჩუნებაზე. გარდა ამისა, მოხალისეთა რაზმების კონცეფცია სწორედ ამავე თემებშია შემუშავებული, რაც ხელისუფლებას ასიათასობით ერთგული მხარდამჭერის მობილიზების შესაძლებლობას აძლევს. შედეგად იქმნება თვითრეგულირების გარემო, რომელშიც ნებისმიერი საპროტესტო კერა თვით თემის მიერ კონტროლდება, სანამ პოლიცია არ ჩაერევა.

    მნიშვნელოვანი ფაქტორია კოლექტიური ისტორიული მეხსიერებაც. ირანის მრავალსაუკუნოვანმა სახელმწიფოებრივმა გამოცდილებამ მოსახლეობაში ჩამოაყალიბა ეროვნული ღირსების გამძაფრებული განცდა და ძლიერი უნდობლობა ნებისმიერი უცხოური ჩარევის მიმართ. დასავლეთის უხეშმა ჩარევამ ირანის საქმეებში, განსაკუთრებით 1953 წელს პრემიერმინისტრ მოჰამედ მოსადეყის მთავრობის დამხობამ,  ირანელებში ღრმა ფსიქოლოგიური ტრავმა დატოვა და დღემდე მასების პოლიტიკურ ცნობიერებას განსაზღვრავს. სწორედ ამ ისტორიული მემკვიდრეობის გამო ირანელთა დიდი ნაწილი უკიდურესად უარყოფითად არის განწყობილი გარედან ჩარევით ხელისუფლების შეცვლის მიმართ. ისინიც კი, ვინც ანტისამთავრობო მოსაზრებებს იზიარებენ, გარედან ზემოქმედებას ხშირად საშინაო კრიზისს ამჯობინებენ, რადგან ეშინიათ, რომ ქვეყანა უცხო გეოპოლიტიკური ინტერესების ობიექტად იქცევა.

    აქვე აღსანიშნავია, რომ ირანის უმაღლეს ხელისუფლებაში კრიზისის დაძლევის მიდგომებში არსებითი განსხვავებაა: თუ უზენაესი ლიდერი ალი ხამენეი მკაცრად გმობს ძალისმიერ დემონსტრაციებს, პრეზიდენტი მასუდ ფეზექშიანი უფრო ლიბერალურად მოქმედებს და ხელისუფლებას მოსახლეობასთან დიალოგისკენ მოუწოდებს. ამასთანავე, ავტორიტეტული სასულიერო პირები, როგორიცაა დიდი აიათოლა ჰოსეინ ნური ჰამადანი, შექმნილ  მდგომარეობაზე სრულ პასუხისმგებლობას მთავრობას აკისრებენ, რაც სამთავრობო ელიტაში გარკვეულ განხეთქილებას აჩენს. სასულიერო პირებში მსგავს უთანხმოებას დასავლეთში ხშირად რეჟიმის მოახლოებული დამხობის ნიშნად მიიჩნევენ, მაგრამ ისტორიული გამოცდილება აჩვენებს, რომ შიიტური პოლიტიკური ელიტა კრიზისების დაძლევის უნიკალური უნარით გამოირჩევა სწორედ ამ შიდა დისკუსიების მეშვეობით. პოლიტიკურ და „ტრადიციულ“ სასულიერო პირებს შორის „დაპირისპირება“, დიდი ალბათობით, სისტემის ჩამოშლას კი არა, მის ტრანსფორმაციას გამოიწვევს, მაგალითად, სამხედრო საბჭოს გავლენის გაძლიერებას რელიგიური ფასადის შენარჩუნების პარალელურად. არსებული რელიგიური სისტემის სრული განადგურება ნაკლებად სავარაუდოა, რადგან მეჩეთი ადგილებზე მართვის საწყის და ყველაზე ეფექტიან კავშირად რჩება.

    პარალელურად აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანის ხელისუფლებას აფრთხილებს, რომ დემონსტრაციების ძალისმიერი გზით ჩახშობის შემთხვევაში ვაშინგტონი  დაუფარავად ჩაერევა ირანის საშინაო საქმეებში. ამასთანავე  ისრაელი აშშ-თან კოორდინაციაშია და ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის „მეორე რაუნდისთვის“ ემზადება. ირანზე გარე ზემოქმედება პარადოქსულ ვითარებას ქმნის: აშშისა და ისრაელის პირდაპირი მუქარები თეირანს აძლევს საშუალებას, „ალყაშემორტყმული ციხე სიმაგრისრიტორიკა გააძლიეროს. მუსლიმურ საზოგადოებაში უცხო ძალების თავდასხმის მუქარა ხშირად შიდა უთანხმოების დროებით ჩაცხრომას იწვევს სუვერენიტეტის დაცვის მიზნით.

    _ ამერიკის პრეზიდენტი იმუქრება, რომ, თუ ძალას გამოიყენებენ ხალხის წინააღმდეგ, ის აუცილებლად შეეცდება ვითარების განეიტრალებას. შეიჭრება აშშ ირანში?

    _ ვაშინგტონის რიტორიკა, რომელიც ხაზს უსვამს ადამიანის უფლებების დაცვასა და ძალადობის დაგმობას, ამერიკული დიპლომატიის ტრადიციული ნაწილია, მაგრამ რეალური სამხედრო ინტერვენციის შესახებ გადაწყვეტილება გაცილებით მაღალ რისკებსა და პრაგმატულ გათვლებს უკავშირდება.

    ამ ეტაპზე ირანის საშინაო საქმეებში აშშ-ის პირდაპირი სამხედრო ჩარევის ალბათობა დაბალია რამდენიმე მიზეზის გამო: პირველ რიგში, ავღანეთსა და ერაყში მიღებულმა გამოცდილებამ ვაშინგტონში ჩამოაყალიბა სკეპტიციზმი „რეჟიმის შეცვლის“ მიზნით დაწყებული მასშტაბური სახმელეთო ოპერაციების მიმართ. გარდა ამისა, ირანი ფლობს მნიშვნელოვან თავდაცვით პოტენციალსა და გავლენას რეგიონულ „პროქსი“ ჯგუფებზე, რაც ნებისმიერ კონფლიქტს გლობალურ ენერგეტიკულ და ეკონომიკურ კრიზისად აქცევს.

    ტრამპის მუქარა, სავარაუდოდ, გულისხმობს არაფართო მასშტაბიან შეჭრას, არამედ წნეხის გაძლიერების სხვა ინსტრუმენტების გამოყენებას: მიზნობრივ სანქციებს, დიპლომატიურ იზოლაციას, კიბერ ოპერაციებს ან ოპოზიციური ჯგუფების   მხარდაჭერას. საერთაშორისო ურთიერთობების თეორიის თანახმად, მსგავსი რიტორიკა ხშირად ემსახურება შეკავების პოლიტიკას, რათა აიძულოს მოწინააღმდეგე, შეამციროს რეპრესიები, მაგრამ ის ყოველთვის არ ნიშნავს ომის დაწყებისთვის მზად ყოფნას. შესაბამისად, მიუხედავად მსხვერპლის სიმრავლისა, რომელიც ზრდის მორალურ წნეხს თეთრ სახლზე, აშშ-ის გადაწყვეტილება ნაკარნახევი  იქნება გეოპოლიტიკური რეალობითა და საშინაო პოლიტიკური კონიუნქტურით, რომელშიც სამხედრო ესკალაცია ამჟამად პრიორიტეტულ სცენარად არ განიხილება.

    მიუხედავად დღეს არსებული ამ მოცემულობისა, ვითარება შეიძლება რადიკალურად შეიცვალოს და გადავიდეს აქტიური სამხედრო ინტერვენციის ფაზაში. ვაშინგტონმა ისრაელთან კოორდინაციით შეიძლება მიიღოს წერტილოვანი ავია იერიშების მიტანის გადაწყვეტილება იმ შემთხვევაში, თუ პროცესები გადაკვეთს კრიტიკულ წითელხაზებს“. ასეთ სცენარს საფუძვლად შეიძლება დაედოს ირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნის პროცესის ფორსირება საშინაო არეულობის ფონზე ან რეგიონული უსაფრთხოების კოლაფსი, რომელიც საფრთხეს შეუქმნის ნავიგაციის თავისუფლებას ჰორმუზის სრუტეში. გარდა ამისა, თუ რეჟიმის მიერ ძალის გამოყენება მიიღებს მასობრივ ხასიათს ან ჰუმანიტარული კატასტროფის მასშტაბებს, რომელიც გამოიწვევს ლტოლვილების უპრეცედენტო ტალღას და რეგიონულ დესტაბილიზაციას, სამხედრო-საჰაერო ოპერაცია შეიძლება განიხილებოდეს, როგორც პროცესების შეჩერების უკანასკნელი ბერკეტი.

    _ ირანს მხარს უჭერენ ბრიჩსის წევრი ქვეყნები. თუ ამერიკა ჩაერევა ირანის საშინაო საქმეებში, როგორი იქნება ბრიჩსის ქვეყნების რეაქცია, განსაკუთრებით რუსეთის?

    _ აშშ-ის ინტერვენცია, პირველ რიგში, გამოიწვევს დიპლომატიურ და ეკონომიკურ პოლარიზაციას. ჩინეთი და რუსეთი, როგორც ბრიჩსის წამყვანი წევრები, სავარაუდოდ, გამოიყენებენ გაეროს უშიშროების საბჭოს ვეტოს უფლებას ნებისმიერი ლეგიტიმაციის წინააღმდეგ და გააძლიერებენ ირანის ეკონომიკურ მხარდაჭერას დასავლური სანქციების გვერდის ავლით. ეს ნიშნავს, რომ აშშ-ის ოპერაცია მოკლებული იქნება საერთაშორისო კონსენსუსს. ეს გაზრდის ვაშინგტონის პოლიტიკურ იზოლაციას ე.წ. გლობალურ სამხრეთში.

    მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორია ენერგეტიკული და ფინანსური სტაბილურობა. ბრიჩსის ქვეყნები აკონტროლებენ ნავთობისა და ბუნებრივი აირის მარაგების დიდ ნაწილს. სამხედრო მოქმედებები სპარსეთის ყურეში გამოიწვევს ენერგომატარებლებზე ფასების მკვეთრ მატებას, რომელიც დაარტყამს გლობალურ ეკონომიკას. ამ ფონზე ბრიჩსის ფარგლებში, შესაძლოა, დაჩქარდეს „დედოლარიზაციის“ პროცესი, როგორც თავდაცვითი მექანიზმი ამერიკული ფინანსური ჰეგემონიის წინააღმდეგ.

     ნაკლებად სავარაუდოა, რომ ბრიჩსის წევრებმა, მაგალითად, ინდოეთმა ან ბრაზილიამ, პირდაპირი სამხედრო დაპირისპირება დაიწყონ აშშ-თან ირანის გამო. მათი რეაქცია უფრო ასიმეტრიული იქნება: სავაჭრო შეთანხმებების გადახედვა, დასავლური ინვესტიციების შეზღუდვა და ალტერნატიული უსაფრთხოების არქიტექტურის ფორმირება.

    ამრიგად, ირანის საშინაო კონფლიქტი ამაღლებს ინტერვენციის „ფასს“ ვაშინგტონისთვის – კონფლიქტი აღარ იქნება ლოკალური და იგი ავტომატურად გადაიზრდება გლობალურ დაპირისპირებაში დასავლეთსა და „ახალ პოლიტიკურ ცენტრებს“ შორის. ეს მკვეთრად გაზრდის მსოფლიო ომის რისკებს.

    ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here