საქართველოში შეგვიძლია მოვიყვანოთ ძალიან კარგი მწვანილი, ხახვი, ნიორი, კარტოფილი, ხორბალი, ქერი,  მაგრამ  ვფიქრობთ… კაკლის მოშენებაზე

    ზამთარი  სუსხს  აუცილებლად გვაგრძნობინებს ნაახალწლევს.  მეტეოროლოგების პროგნოზით,  2 და 3 იანვარს  ყინვა  გზებზე სერიოზულ პრობლემებს შექმნის. შესაბამისად, თუ  საგაზაფხულოდ სოფლის მეურნეობაში  რაღაცის მოსწრება გვინდოდა, აქამდე უნდა მოგვესწრო, ანუ საგაზაფხულო ხორბალი შემოდგომაზე  უნდა დაგვეთესა, მაგრამ ოფიციალური მონაცემებით ირკვევა, რომ წელს სავარგულების ნახევარიც  არ არის დამუშავებული. ეს  იმას ნიშნავს, რომ გაისადაც ვიმათხოვრებთ როგორც საფურაჟე ხორბალს, ისე ფქვილის დასამზადებლად და პურის გამოსაცხობად  საჭირო მარცვლეულს.

    არ გეგონოთ, რამე ახალი მოხდა, არა, პირიქით – შარშანაც ასე იყო, შარშანწინაც და იმის წინაც, მაგრამ ცუდი ის არის, რომ, რაც დრო გადის, დამუშავებული მიწის ფართობი სულ უფრო იკლებს და ყველა მარტივ საქმეზეა  გადასული – თივა მოჰყავთ და ზუსტად იციან, რომ გაეყიდებათ. თივა კი იმიტომ იყიდება, რომ საქონლის ყოლა ბევრისთვის ახალ საქმიანობად იქცა და, იმის მიუხედავად, რომ საქართველოში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რაოდენობა იკლებს,  მოსახლეობა სწორედ მათ მოშენებაზე  გადავიდა. ანუ, გლეხები ანადგურებენ მეწველ საქონელს, ყიდულობენ მოზვრებს,ზრდიან და შემდეგ ხორცად ყიდიან. მოგება 3-4 თვეში ერთ სულზე პირუტყვზე 300-400 ლარია (სულ ცოტა ) და, როცა 15-20 სული გყავს, ცოტა თანხა  არ გამოდის. პრობლემა ის არის, რომ ასეთი ნამატის მისაღებად საქონელს პრემიქსს აჭმევენ, თივას კი  მინიმალური რაოდენობით  აძლევენ (ან საერთოდ არ აძლევენ).

    „სხვა გზა, უბრალოდ, არ არის. საკვებ პროდუქტებზე მოთხოვნა მსოფლიოს მასშტაბით  გაიზარდა და მნიშვნელობა არ აქვს, რას ჭამენ, მთავარია, ჭამონ და ასეთი ტენდენციაა ყველგან“, – გვითხრა ვეტექიმმა,  რომელმაც დაადასტურა, რომ პრემიქსით გაზრდილი საქონლის ხორცს სპეციფიკური სუნი  და გემო აქვს, მაგრამ ხალხი  მიეჩვია და დიდ ყურადღებას აღარ აქცევს.

    ამ  ყველაფერზე კი იმიტომ გავამახვილე ყურადღება, რომ სოფლის მეურნეობის მთავარი პრობლემა  თურმე კაკლის ბაღების გაშენების კლებაა,  ანუ ის, რომ  საქართველოში იმაზე ნაკლები კაკალი მოჰყავთ, ვიდრე ამის პოტენციალი გვაქვს. ჰო, ძირითადი აქცენტი კაკალზე კეთდება და არა ხორბალზე, მწვანილზე, ბაღჩეულზე. ვინც არ იცის, ვეტყვით, რომ დღეს საქართველოში კაკლის ძირითადი იმპორტიორი ჩინეთია.  აღსანიშნავია, რომ  ჩინურ კაკალს თხელი კანი და სავსე გული აქვს, მაგრამ მაინც „ჩინურია“ –  გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ ის სავსე გული ხმება და, უბრალოდ, ქრება. ამიტომ, როცა კაკალს იყიდით, მაშინვე უნდა გამოიყენოთ. აი, ქართულ კაკალს  კი ცხიმიანობაც მეტი აქვს და ლამის წელიწადს ინახება, მაგრამ სქელი კანი აქვს, ძნელი გასატეხია და შესაბამისად, ბიზნესისთვის მომგებიანი არ არის, რადგან გულზე მეტი წონა ნაჭუჭს აქვს. გამოდის, რომ საქართველოში ან ის კაკალი უნდა მოვიყვანოთ, რომელიც ჩინელებს მოჰყავთ, ან ისევ შემოტანა განვაგრძოთ. სანამ ახალ ჯიშს ავითვისებთ,  მის მოვლას ვისწავლით და, რაც მთავარია, აქაურ პირობებს შევაგუებთ, არა ერთი და ორი წელი გავა. ამ დროს კი  ზუსტად ვიცით,  რომ საქართველოში მოდის ძალიან კარგი მწვანილი, ხახვი, ნიორი, კარტოფილი, ხორბალი, ქერი… და კაკალზე ვფიქრობთ იმიტომ, რომ სხვა რამეზე ხელი ჩავიქნიეთ. სხვაგვარად  ვერაფრით ავხსნით იმას, რატომ კეთდება არასწორი აქცენტები და რატომ არის, რომ იმას გვტენიან, რაც არ გვინდა და ხშირ შემთხვევაში არ ვიცით. იმავე ჩინეთიდან შემოგვაქვს ნიორი და ხომ შეიძლება, ნივრის მოყვანაზე ვიფიქროთ და ამაზე გავაკეთოთ აქცენტი?! მით უმეტეს, ქართული ნიორი ჩინურს (ირანულსა და თურქულსაც) აშკარად ჯობია, აქაურ ნიადაგსაც შეჩვეულია და მხოლოდ ქვემო და შიდა ქართლის დასამუშავებელი მიწები ეყოფა იმისთვის, რომ იქ მოყვანილი ნიორი საქართველოს ეყოს,  მაგრამ არა, თურმე კაკალი ყოფილა მთავარი პრობლემა!..

    ცნობისათვის: საკმარისზე მეტად თბილი დეკემბერი რომ გვქონდა, გაითვალისწინა სოფლის მეურნეობამ და შეწამვლა გააკეთა? ჰო, გაზაფხულზე რომ წამლავენ ყველას და ყველაფერს, ცალკე ფუტკარს ხოცავენ და ცალკე ხეხილის ყვავილს აფუჭებენ, ახლა რატომ არ შეწამლეს არაფერი? იტყვიან, ამ დროს მავნებელია დაბუდებულიო, მაგრამ რა, ასეთ სითბოში არ ხოცავენ სხვა ქვეყნებში?  ჩვენ ამას ხომ არ გადმოვიღებთ სხვა ქვეყნებიდან, თავს ზედმეტად ხომ არ შევიწუხებთ, მოვა გაზაფხული და… მერე რა, თუ რამდენიმე ათეული მეფუტკრე გამწარდება და მერე რა, თუ ფაროსანასთან ბრძოლის სახელით  რამდენიმე ათას ძირ ხეხილის ნერგს ყვავილს დავუწვავთ?! ვიღაცისთვის შეიძლება ცუდი შედარება იყოს, მაგრამ ის გაგვახსენდა, სააკაშვილი საქართველოს აშენებას ფოთის ჭაობებში ბაყაყების გამრავლებით რომ აპირებდა და გვიმტკიცებდა, ქართული ბაყაყი ყველაზე გემრიელიაო.   შეიძლება მართალიც ასეა, მაგრამ რომელიმე ქვეყნის ეკონომიკა ბაყაყების მოშენებას  ეფუძნებოდეს, არ გვახსენდება. ბაყაყების შემდეგ მოცვს უნდა გადავერჩინეთ, მაგრამ არც ეგ გამოვიდა და, საერთოდ, არ არსებობს სოფლის მეურნეობის დარგი, რომელმაც შეიძლება „გადაგვარჩინოს“. საამისოდ, იმაზე მეტი მიწაა საჭირო, ვიდრე გვაქვს, მაგრამ ამ პირობებშიც კი  ნამდვილად შეიძლება იმდენი პროდუქტი მოვიყვანოთ, რომ თვითკმარი ქვეყანა გავხდეთ, ანუ, რასაც მოვიხმართ, იმდენი  გვქონდეს და საზღვრებს გარეთაც კი გავიტანოთ, მაგრამ ეს არ იქნება „გადარჩენა“, ეს იქნება წარმატება, წვლილი ეკონომიკის განვითარებაში და გაცილებით უკეთესი ფინანსური მდგომარეობა.

    ის, რომ მსოფლიო მოსახლეობის რაოდენობა იზრდება (განსაკუთრებით პანდემიის შემდეგ გაიზარდა შობადობა) და ამასთან ერთად მატულობს საკვებზე მოთხოვნა, ახალი ამბავი არ არის, ამიტომაც აჩქარდა ყველაფერი და ამიტომ ზრდიან ერთ თვეში ქათამს და სამ თვეში – ღორს. ამას წინათ ბაზარში  ქალი ამბობდა,  ნატურალური ფერმა მაქვსო, სერთიფიკატებიც ჰქონდა და პროდუქტს ძვირადაც ჰყიდდა, ძვირი მიჯდებაო. ხალხი მიდიოდა, აუფ, ფული რომ მქონდეს, ამ პროდუქტებს რა სჯობსო და 22 ლარის ნაცვლად ყველში გვერდით 13 ლარს აძლევდა,  ზუსტად იცოდა, რომ რძის ფხვნილისა და პალმის ზეთის ნაზავს ყიდულობდა, მაგრამ…   თურქულმა მარწყვმა წალეკა საახალწლოდ ქართული ბაზარი და კილო 20 ლარი ღირს. მარწყვის ზომებიდან და გემოვნური თვისებებიდან გამომდინარე, ნატურალურობაზე პრეტენზია ვერ ექნება, მაგრამ ყიდულობს ხალხი, მცირე რაოდენობით, მაგრამ  ყიდულობს.

    ჩანს, როგორც ახლა, 2025 წლის მიწურულს, ისე ახალი წლის დასაწყისში ქართულ ბაზარზე ძირითადად უცხოური პროდუქცია გვექნება. ჰოდა, ამის გამოსწორებაზე უნდა ვიზრუნოთ, არაერთი პროდუქტის სრულად ჩანაცვლება შეგვიძლია – იგივე ხორბალი, რომელიც, პრაქტიკულად, 100 პროცენტით  შემოგვაქვს, საჭირო რაოდენობის 45-50%-მდე შეგვიძლია  ვაწარმოოთ. ვინც არ იცის, ვეტყვით, რომ ქართველმა ფერმერებმა, რომლებიც სიმინდს თესავენ, მოსავლის აღება ახლა დაიწყეს, ანუ მას შემდეგ, რაც ფასმა მოიმატა და,  ვისაც დიდ სავარგულებზე აქვს დათესილი, გვარიან მოგებასაც ნახავს. ვერ ვაწარმოებთ იმდენ სიმინდს, ფასის თამაში ადგილზე შევძლოთ, ამიტომ  შემოტანილ სიმინდზე  ვართ დამოკიდებულნი, თუმცა მონდომების შემთხვევაში ამის გაკეთებაც შეიძლება. ვიღაც იტყვის, აზრი არ აქვსო, მაგრამ აქვს, ბატონებო, აქვს!  მონდომებაა მთავარი, მცირედით დაწყებაა მთავარი, თორემ ხვალ და ზეგ თუ მხოლოდ კაკალზე გაკეთდება აქცენტი, არაფერი გამოვა. სულ ცოტა, ორასჯერ მეტ სიმინდს მოიხმარს საქართველო, ვიდრე  კაკალს, და ეგებ  სწორი მიმართულება ავირჩიოთ.

    P.S.  ჩვენი გაანგარიშებით, 4-სულიანმა ოჯახმა სრულფასოვანი საახალწლო სუფრა რომ გაშალოს  გოჭით, ინდაურით, გოზინაყითა და ტკბილეულით, დაახლოებით 1000 ლარია საჭირო. დღევანდელი გადმოსახედიდან, 1000 ლარი შეიძლება ბევრი არ არის, მაგრამ მეორე მხრივ ეს თანხა  პენსიონერებისთვის ლამის სამი თვის პენსიაა, რიგითი ადამიანებისთვის –  ერთი თვის ხელფასი, ერთი დღისთვის ამხელა თანხის გამეტება კი ძნელია. არადა, ტრადიციული სიამაყე და კიდევ რაღაც-რაღაცები ბევრს არ მისცემს იმის უფლებას, რომ ეს თანხა არ გაიმეტოს, არ „გაისროლოს“ და მერე…  მერე არც არაფერი, ისევ იმედი იმისა, რომ რაღაც გამოსწორდება…

    ლევან გაბაშვილი

                                                                                                                           

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here