დღესასწაულები – მოსახლეობის ყვლეფის საუკეთესო პერიოდი

    წამლები უწინდელზე მეტად გაძვირდა და ამას ყურადღებას აღარავინ აქცევს. ისე ჩანს, სააფთიაქო ბიზნესში ჩართული პირები წინა წლის ზარალს ერთი-ორად ამოიღებენ და, რაც მთავარია, დარწმუნებულნი არიან, რომ ამის გამო პასუხს არავინ მოსთხოვს… ვინმე დაისაჯა იმის გამო, რომ წლების განმავლობაში ძარცვავდა მოსახლეობას?

    სათვალავი აგვერია, იმდენჯერ დავწერეთ, რომ საქართველოში სურსათის ფასები არათუ ძვირი, არამედ მეტისმეტად ძვირია, მაგრამ  ყურს არავინ გვიგდებდა. არადა, კონკრეტული მაგალითებიც მოგვყავდა და ფასებსაც ვადარებდით,  ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლები კი ამბობდნენ, რომ ეს ყველაფერი გვეჩვენებოდა და  მეზობელ ქვეყნებსა და ევროპასთან  შედარებით პროდუქტი  ჩვენთან უფრო იაფი ღირდა.

    ჰოდა, რამდენიმე დღის წინათ  საქართველოს პრემიერმა თავის განცხადებაში   სიტყვასიტყვით გაიმეორა ის, რასაც აქამდე ვწერდით.

    „საზოგადოება ხშირად გამოხატავს წუხილს იმის გამო, რომ ქართულ სუპერმარკეტებში სასურსათო პროდუქციის ფასები ევროპულ ფასებს მნიშვნელოვნად აღემატება. საკითხის შესაფასებლად შევარჩიეთ რამდენიმე ძირითადი სასურსათო პროდუქტი, შევადარეთ საქართველოსა და ევროპის კონკრეტულ ქვეყნებში ამ პროდუქტების ფასები და გავაანალიზეთ ფასნამატის სტრუქტურა, მათ შორის –  ქსელური მარკეტების სავაჭრო პრაქტიკა. ქართულ და ევროპულ ფასებს შორის სხვაობა მართლაც საკმააოდ დიდია. საქართველოსა და საფრანგეთში ერთი და იმავე საერთაშორისო ბრენდის ქსელურ მარკეტებს შორის ფასები რომ შევადაროთ, საქართველოში კონკრეტული მარკის მზესუმზირის ზეთი 34%-ით, მაკარონი 97%-ით, ბრინჯი 180%-ით,  კარაქი 30%-ით,  ყველი 42%-ით, ხოლო შოკოლადი 47%-ით ძვირია. ფასებს შორის სხვაობას განაპირობებს სადისტრიბუციო კომპანიებისა და მარკეტების მაღალი ფასნამატი, რომელიც საქართველოს საზღვრიდან დახლამდე საშუალოდ 86%-ს შეადგენს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

    ვიღაც იტყვის, პრემიერი კარგად მოიქცა, ამ პრობლებას ყურადღება ახლა რომ მიაქციაო, მაგრამ არა, ბატონებო, ძალიან დავაგვიანეთ და თანაც ძნელი დასაჯერებელია, რომ, თუ ეს ყველაფერი სასურველ შედეგამდე მივა, დიდხანს შენარჩუნდება. ახლავე აგიხსნით, რას ვგულისხმობთ. დავიწყოთ იმით, რომ კობახიძის წინამორბედმა ირაკლი ღარიბაშვილმა მედიკამენტების ფასებზე გაამახვილა ყურადღება და ას თუ ორასპროცენტიანი ფასნამატები გააუქმა. საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ წამლების გაიაფებით მოსახლეობამ ერთ წელიწადში 70 მილიონ ლარზე მეტი დაზოგა და ამით ხელისუფლება ძალიან ამაყობდა (არის კიდეც საამაყო), მაგრამ გავიდა დრო და წამლები უწინდელზე მეტად გაძვირდა და ამას ყურადღებას აღარავინ აქცევს.  ისე ჩანს, სააფთიაქო ბიზნესში ჩართული პირები  წინა წლის ზარალს ერთი-ორად ამოიღებენ და, რაც მთავარია, დარწმუნებულნი არიან, რომ ამის გამო პასუხს არავინ მოსთხოვს. ჰოდა, სად არის გარანტია, რომ ანალოგიური რამ  არ მოხდება ამ შემთხვევაშიც? ერთხელ და სამუდამოდ ხომ უნდა დაგვადგეს საშველი? თუ ერთ პრემიერს წამლების ფასზე უნდა ჰქონდეს რეაქცია, მეორეს – სურსათზე, მესამეს – სამშენებლო მასალებზე და მეოთხეს – სამოსზე და ა.შ.?!  ხომ არ შეიძლება, ასე გაგრძელდეს დაუსრულებლად და, რაც მთავარია, პასუხი არავინ აგოს?    70 მილიონი ლარი დაზოგა ხალხმა წამლებზე  ადამიანური ფასების  დაწესებითო, რომ გაიძახოდნენ, ვინმე დაისაჯა იმის გამო,  წლების განმავლობაში რომ  ძარცვავდა მოსახლეობას? არავინ და ახლა ეს ძარცვა კვლავ გრძელდება. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ სამართალდამცველები აუცილებლად იპოვიან სერიოზულ ფასნამატებს საკვებ პროდუქტებზეც, გააიაფებენ კიდეც და იტყვიან, რომ მთავრობა ხალხის სამსახურშია, მაგრამ არავინ  დაისჯება. ჰოდა, ათწლეულის განმავლობაში 100%-იანი მოგების მარჟაზე რომ  მუშაობ და მერე გეტყვიან, გაჩერდი, გეყოფაო, გაჩერდები, აბა, რას იზამ?! თანაც  ეს ხომ საბოლოო გაჩერება არ არის?! აგერ, სააფთიაქო ქსელის მაფია (სხვას ვერაფერს დავარქმევთ) ცოტა ხნით შეასვენეს და ისევ ბოლომდე მიუშვეს.

    ცალკე საუბრის თემაა ის, რომ  სადისტრიბუციო კომპანიების უმრავლესობა თურმე ან „ლელოს“ შეფების ხელშია, ან  „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებთან დაკავშირებული ადამიანების. ჰოდა, ახლა გამოდიან ხელისუფლების წარმომადგენლები და ამბობენ, ეს ადამიანები სახელმწიფოს საბოტაჟს უწყობენ და ფასებს სპეციალურად სწევენ მაღლა, რათა მოსახლეობაში უკაყოფილება გაზარდონ და სოციალური აფეთქება გამოიწვიონო. ბატონებო, იცით, რატომ არის ეს ყველაფერი ძალიან სასაცილო? იმ ოპოზიციური პარტიების ლიდერებს ნამუსი რომ არ აქვთ და ყველაფრის მკადრებლები   არიან,  გასაგებია, მაგრამ თქვენ სად იყავით 13 წლის განმავლობაში? კარგი, გასაგებია, რომ 2012 წელს ამისთვის არ გეცალათ, არც 2013-ში, როცა ახალი პრეზიდენტი ავირჩიეთ და ისეთი კადრი გვაჩუქეთ, როგორიც გიორგი მარგველაშვილი იყო, არც 2014-ში, რადგან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა, მაგრამ 2015-დან 10 წლის განმავლობაში ერთმა მაინც არ დასვა კითხვა:  პროდუქტები და წამლები  რომ ძვირდება, ყოველდღიურად  თუ არა, ყოველთვიურად მაინც, რისი და ვისი ბრალია? ანუ, ბოლო 10 წლის განმავლობაში არ იცოდით, ვის ხელში იყო ის კომპანიები, რომლებიც ფასებზე ზეგავლენას ახდენდნენ? თუ იცოდით და შესაფერის მომენტს ეძებდით,  ეს ყველაფერი მათთვის  რომ შეგეტენათ და დაგებრალებინათ? სიმართლე ხომ ის არის, რომ ფასები, დიდი ხანია, მომატებულია და ამის შესახებ საუბრობს ყველა. გამორიცხულია, თქვენს გარემოცვაშიც არ ყოფილიყვნენ ადამიანები, რომლებიც სწორედ ამაზე ისაუბრებდნენ, მაგრამ… რატომღაც მაშინ არ გჭირდებოდათ აქცენტის ამ პრობლემაზე გაკეთებ. ისეთი შთაბეჭდილება გვრჩება, თავის დროზე ღარიბაშვილსაც რაღაცისთვის დასჭირდა წამლების ფასების წამოწევა, თორემ, პირველად რომ იყო პრემიერი, მედიკამენტები არც მაშინ იყო იაფი.

    ეს ყველაფერი ვიღაცისთვის შეიძლება დიდი პოლიტიკის ნაწილი იყოს, მაგრამ რიგითი მოქალაქეებისთვის  ეს არის ყოველდღიური ბრძოლა გადარჩენისთვის. პენსიონერები დღემდე პენსიის უდიდეს ნაწილს წამლებში რომ ხარჯავენ, არ იცით? იგივე პენსიონერები სრულფასოვნად სწორედ პროდუქტზე არსებული მაღალი ფასების გამო რომ ვერ იკვებებიან, არც ეს იცით? ის თუ იცით, პენსიონერები მარკეტებში დილაუთენია რომ ცდილობენ შესვლას, ანუ მაშინ, როცა იქ ყველაზე ცოტა ხალხია, რადგან ნაცნობებმა არ დაინახონ, ყველაზე იაფ პროდუქტებს და თანაც მცირე რაოდენობით რომ ყიდულობენ? ალბათ, არც ის გინახავთ,  პენსიონერები როგორ სთხოვენ მომსახურე პერსონალს 2-3 ცალი კანფეტის აწონვას, იმიტომ, რომ მეტის ფული არ აქვთ და ის კანფეტი ან თავისთვის სურთ, ან – შვილიშვილისთვის, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს?!   ეს არის ის მწარე რეალობა, რომელიც თქვენ ხელისუფლებაში ყოფნის მეცამეტე წლის ბოლოს შენიშნეთ და გადაწყვიტეთ, რომ მდგომარეობა გამოასწოროთ. ვინმე კი არ უნდა დაისაჯოს, არამედ ფასები უნდა დარეგულირდეს და მერე რა, რომ ამ 13 წელიწადში ვიღაცებმა (როგორც გვეუბნებით, ოპოზიციის ლიდერებმა) იმ ადამიანების ხარჯზე, რომელთა უმრავლესობა თქვენი მხარდამჭერია, მილიონები იშოვეს.

    გვეეჭვება, რომელიმე ბიზნესმენმა ახალი წლის წინ ფასები შეამციროს, მათთვის ხომ დღესასწაულები მოსახლეობის ყვლეფის საუკეთესო პერიოდია, მით უმეტეს ახალი წელი –  ყველაზე სახალხო დღესასწაული?!  ახალი წლის შემდეგ რა მოხდება, ვერ გეტყვით, რადგან არც ისე დიდი ხნის წინათ დავწერეთ, რომ ბიზნესმენებმა ნაახალწლევს პროდუქტების კიდევ უფრო გაძვირება გამოგვიცხადეს და ამის მთავარ მიზეზად დისტრიბუციის პრობლემა დაასახელეს.  ისინი ამბობენ, რომ სადისტრიბუციო მანქანებს ქალაქში გადაადგილება უჭირთ და, როცა მძღოლები ავტომობილებს მაღაზიების წინ აჩერებენ, ჯარიმდებიან და ეს ჯარიმები ძალიან არის მომატებული. ანუ, ისევ ჩვენს ხარჯზე და ჩვენი ჯიბიდან აპირებენ ფულის ამოღებას. ხელისუფლება  კი ამტკიცებს, პროდუქტბზე ფასებს დავარეგულირებო. ვინ ვის აჯობებს, სწორედ ნაახალწლევს გამოჩნდება.

    ისე, ზღვრული ფასები რომ დაწესდეს კონკრეტულ პროდუქტებზე, ცუდი არ იქნება, თორემ   ხორცი ისე გააძვირეს, არც არავისთვის უკითხავთ რამე და არც მომავალში ჰკითხავენ. გაძვირებულია ყველაფერი, რაც  საახალწლო სუფრას სჭირდება (არადა, საახალწლო სუფრას ყველაფერი სჭირდება). ცალკე პრობლემაა ის, რომ დახლები პირდაპირ ქუჩაში დადგეს.  ყველა ქალაქში დახლები, პრაქტიკულად, სამანქანო გზებზე დგას და იქაურობა ჰიგიენის ელემენტარულ პირობებსაც  ვერ აკმაყოფილებს.

    ახლა ვერ გამოვალთ მოწოდებით, რომ ეს ხალხი ავყაროთ და ვაიძულოთ, ბაზრებში შევიდნენ, რადგან ბაზრებიც გადაჭედილია და, საერთოდ, ყველა იღებს იმას, რასაც იმსახურებს. როგორც ჩანს, ამ ეტაპზე სწორედ ამის ღირსნი ვართ! 

    ბესო ბარბაქაძე

                                                                                                                       

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here