მომავალი წლის მარტიდან ის პროგრამა სრულდება, რომელიც გასული 4 წლის განმავლობაში სოციალურად დაუცველთა დასაქმებას ითვალისწინებდა. შეგახსენებთ, ეს იყო ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივა, რომლის მიხედვით სოციალურად დაუცველებს უფლება ჰქონდათ, ემუშავათ. მათ მომდევნო 4 წლის განმავლობაში შეუნარჩუნდებოდათ სტატუსი, სახელმწიფოსგან (და არა დამსაქმებლისგან) მიიღებდნენ ყოველთვიურ 300-ლარიან ჯამაგირს და არც სოციალური დახმარება მოეხსნებოდათ.
სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამას ბევრი თავდაპირველად სკეპტიკურად შეხვდა, მაგრამ შემდეგ ამ პროგრამით ათეულათასობით ადამიანმა ისარგებლა და დღემდე სარგებლობს. ჰოდა, მომავალი წლის მარტში ეს პროგრამა შეწყდება. ბიუჯეტში, რომელიც უკვე დაამტკიცეს, თანხა ამ მიმართულებით არ არის გათვალისწინებული და, სიმართლე გითხრათ, გაგვიკვირდა. იმიტომ გაგვიკვირდა, რომ ამ პროგრამით სოცდაუცველებიც კმაყოფილნი იყვნენ და, რაც მთავარია, დამსაქმებლებიც, რადგან ხელფასს სახელმწიფო იხდიდა. ცოდვა გამხელილი სჯობს, ეს ხალხი, ძირითადად, დამლაგებლებად დასაქმდა, მათი უმრავლესობა დაკისრებულ მოვალეობას თავს ართმევდა და კუთვნილსაც კეთილსინდისიერად იღებდა. ჰოდა, როცა მოვიკითხეთ, რა იყო ამ პროგრამის გაუქმების მიზეზი, ცოტა არ იყოს, სასაცილო პასუხი გაგვცეს. თურმე პროგრამა იმიტომ შეწყდა, რომ დასაქმების ბაზარზე მუშახელის დეფიციტია, ამ პროგრამიდან გამოთავისუფლებული მუშახელი ბაზარს აითვისებს და ბიზნესი ამოისუნთქავსო. ეს ხალხი სახელმწიფო პროგრამით რომ აღარ იმუშავებს, იძულებული იქნება, სხვა სამსახური მოძებნოსო. ახლა ამ ვერსიის აბსურდულობას აგიხსნით.
დავიწყოთ იმით, რომ მუშახელის დეფიციტი ბაზარზე 4 წლის წინათაც იყო (შესაძლოა არა ისე, როგორც ახლა, მაგრამ იყო). როგორ გგონიათ, იმხანად რატომ არ მუშაობდა ეს ხალხი და რატომ არ იყენებდა მათ ბიზნესი? იმიტომ, რომ იმხანად ამ ადამიანებმა ვერ ნახეს ისეთი სამსახურები, რომელთა გამოც თავის შეწუხება და სოციალურ დახმარებაზე უარის თქმა ღირდა. როცა სოცდაუცველები დასაქმდებიან, დახმარება მოეხსნებათ და ამიტომ სამსახურის დაწყება უნდა უღირდეთ. აი, დათქმა რომ იყო, თან იმუშავეთ, თან სოციალურს მიიღებთო, იმიტომ დასაქმდნენ. ანუ, რეალურად მუშაობა არ ეზარებათ, მაგრამ ღირსეული ჯამაგირი სურთ. როგორ გგონიათ, ვინც სადაც მუშაობს, იქ რომ დატოვონ და უთხრან, 300 ლარი გექნებათო, დარჩებიან? რა თქმა უნდა, არა, რადგან სოციალური მოეხსნებათ (პროგრამა დასრულდა), ამიტომ ვამბობთ, რომ კეთილი ინებონ ბიზნესმენებმა და იმაზე კი არ იწუწუნონ, მუშახელს ვერ ვშოულობთო, ჯამაგირის გაზრდაზე იფიქრონ, მაგრამ… მოდი, ჯოხს მთლიანად ბიზნესზე ნუ გადავტეხავთ, არ არის ბოლომდე მაგათი ბრალი, მაგრამ ამაზე ქვემოთ. მანამდე კი…
ეს არ იყო გასული კვირის ყველაზე აბსურდული „გაპრავება“. უკეთესი შემოგვთავაზეს კვერცხის მსხვილმა მწარმოებლებმა: ჯერ ხომ დაგვიანონსეს, – იანვრიდან კვერცხი გაძვირდებაო, მაგრამ უკვე გააძვირეს და თანაც დაპირებული 2 თეთრის ნაცვლად 4-5 თეთრი მოუმატეს. როცა ამ ბიზნესმენებს ვკითხეთ, კვერცხი რატომ გააძვირეთ-მეთქი, ვერ წარმოიდგენთ, რა პასუხი გაგვცეს. მათი თქმით, მომხმარებლებმა რომ შეიტყვეს, იანვრიდან კვერცხი ძვირდებაო, თურმე მომარაგება გადაწყვიტეს და ბაზრებსა თუ მარკეტებიდან დიდი ოდენობით კვერცხის შეძენა დაიწყეს. თურმე ამან გაზარდა არა მხოლოდ მოთხოვნა, არამედ წარმოქმნა დეფიციტი და ისინიც იანვარს აღარ დაელოდნენ – მაღაზიები კვერცხით გაძეძგეს და ფასიც მოუმატეს. საინტერესოა, დეფიციტი ხელოვნურად ხომ არ შეიქმნა და, როცა პანიკა დაიწყო (თუ დაიწყო), მერე ხომ არ გამოჩნდა საიდანღაც კვერცხი? ესეც არ იყოს, არ გვგონია, ქართველი მომხმარებლის უმრავლესობამ არ იცოდეს, რომ კვერცხის რამდენიმეთვიან მარაგს ვერ შექმნი იმიტომ, რომ გაფუჭდება. ჩვენი აზრით, რეალობა ასეთია – მომხმარებელს უთხრეს, რომ იანვარში კვერცხი გაძვირდებოდა და… ახლა გააძვირეს, ანუ 2-3 კვირაც არ დაელოდნენ და იანვრისთვის გამზადებული „საყვლეფი დანადგარი“ ახლა აამუშავეს. სამწუხაროდ, მათ ზუსტად იცოდნენ, რომ ამის გამო პასუხს არავინ მოსთხოვდა. იმის მიუხედავად, რომ კვერცხი იანვრიდან უნდა გაძვირებულიყო, კითხვაც არავის დაუსვამს, ახლა რატომ გააძვირეთო.
ეს არის ქართული რეალობა და, კვერცხს რომ მართლაც არარეალური ფასი ადევს, იქიდანაც კარგად ჩანს, რომ რეგიონში ის ყველაზე ძვირი საქართველოში ღირს. უფრო იაფია კვერცხი რუსეთში, თურქეთში, აზერბაიჯანსა და სომხეთში. კვერცხის მწარმოებლებმა ისიც გვითხრეს, იმას რატომ არ ამბობთ, რომ, მაგალითად, შვეიცარიაში ერთი კვერცხი 1,70 ლარი ღირსო და… რაღა შვეიცარიას ეცით, ინდოეთი და ირანი ნახეთ. ინდოეთში ერთი კვერცხის ფასი 20 თეთრია, ირანში – 25 თეთრი და რაღაც არ გაგვიგია, მილიარდნახევრიან ინდოეთს კვერცხის კრიზისი ჰქონოდეს და ვინმეს მარაგის შევსება დაეწყოს.
უბედურება ის კი არ არის, ვინ, რას და როგორ „აპრავებს“, არამედ ის, რომ ბოლო წლების განმავლობაში ხელფასები თუ პენსიები ფასებს ვერ ეწევა. ყოველწლიურად იმატებს ხელფასიც, პენსიაც, მაგრამ ისე იზრდება ფასები, რომ სახელფასო თუ საპენსიო ზრდას აზრი ეკარგება, ამიტომაც არის შრომის ბაზარზე კადრების დეფიციტი. ვიღაცისთვის შეიძლება 1500 ლარი ბევრი ჩანს, მაგრამ, რომ დაითვლი და დახარჯავ, მიხვდები, რომ 4-სულიან ოჯახზე არ გყოფნის, სრულფასოვანი კვებისთვის არ გყოფნის, სხვა რამეზე რომ არაფერი ვთქვათ, ამიტომ მხოლოდ ხელფასების მომატება არ არის გამოსავალი (თუ, რა თქმა უნდა, პარლამენტარებივით ხუთნიშნა ჯამაგირი არ გვექნება).
გამოსავალი ზღვრული ფასების დაწესებაა, რომელიც ლარის მსყიდველუნარიანობას გაზრდის და მაღაზიაში 100 ლარად, ერთი დღის საკვებს კი არა, 3-4 დღისას მაინც თუ იყიდი, მერე გამოჩნდება ადგილზე მუშაობის მსურველიც და არც ოთხნიშნა ჯამგირი მოეჩვენება ვინმეს დაბალ ანაზღაურებად.
საამისოდ კი რა არის საჭირო? სწორია – სახელმწიფოს კონტროლი, იმ სახელმწიფოსი, რომელმაც, პრაქტიკულად, ექსპერიმენტი ჩაატარა და დაინახა, რომ ადამიანები შეიძლება სამუშაოდ გავიდნენ, მაგრამ გარკვეული პირობებით და ეს „გარკვეული პირობები“ ძირითადად ანაზღაურების ოდენობასა და მისი მიღების სიმყარეს ეხება. ხელისუფლების უმაღლესი პირები რომ ამტკიცებენ, სოციალურ დახმარებას რეალურად იმაზე მეტი ადამიანი იღებს, ვიდრე უნდა იღებდესო, სიმართლესთან ძალიან ახლოსაა, მაგრამ რას ვაკეთებთ იმისთვის, რომ ამ ადამიანებს სოციალური დახმარების მიღების სურვილი გაუქრეთ და სამუშაოდ ისე მიდიოდნენ, როგორც ზეიმზე? არაფერს ვაკეთებთ და ყველაფერი მიშვებულია; სწორედ იმიტომ, რომ მიშვებულია და პასუხს არავის სთხოვენ, ვიღებთ იმას, რაც გასულ კვირას მივიღეთ – წინასაახალწლოდ გაძვირებული პროდუქტი, რომელსაც ფასი არც ნაახალწლევს დააკლდება. ჰო, კვერცხი ერთ-ერთია იმ პროდუქტთაგან, რომელსაც, ასე თუ ისე, ფასის გამო ყველა მოიხმარს. ეს არ არის ხორცი, რომ სანატრელი იყოს და სიძვირის გამო ბევრი ვერ ყიდულობდეს. ჰოდა, კვერცხიც თუ გაძვირდება, მოსახლეობას ძირითად საკვებად მხოლოდ კარტოფილი (ისიც შემოტანილი) და პური დარჩება. ორიოდე წლის წინათ დავწერეთ, რომ კვერცხს თეთრ ოქროს ეძახდნენ კულუარებში და საქართველოში მისი შემოტანის უფლება მხოლოდ ერთ ბიზნესმენს ჰქონდა. მერე იმ ბიზნესმენს თითი დაუქნიეს, – გეყოფა, რაც იშოვეო და ქართველმა მწარმოებლებმა ამოისუნთქეს, შემოტანილი პროდუქცია 2 კვირაში ადგილობრივით ჩაანაცვლეს და ბაზრის 30%-ზე მეტი, უცხოურ კვერცხს რომ ეკავა, ქართულმა კომპანიებმა ადგილობრივი წარმოებით აითვისეს. ახლა კი… ახლა ისევ ისე შემოდის კვერცხი, ადგილობრივები კი არ გაზარმაცდნენ, შემოტანილზე „ჩალიჩი“ ურჩევნიათ და არავის აინტერესებს, ეს ყველაფერი როგორ აისახება მოსახლეობაზე, რას ფიქრობენ ან გრძნობენ რიგითი მოქალაქეები. ხელისუფლებამ თუ არ იცის, ჩვენ ვეტყვით – რიგითი მოქალაქეები ფიქრობენ, რომ ხელისუფლებამ ისინი ბიზნესს პირისპირ შეატოვა და თავს დაუცველად გრძნობენ. სამწუხაროდ, ეს ყვლაფერი ფასებზე ყოველდღიურად აისახება.
როდემდე გაგრძელდება ასე, გონივრული პროგნოზის გაკეთება რთულია.
ბესო ბარბაქაძე







