ორ თვეზე ცოტა მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც გამოქვეყნდა ოფიციალური კვლევის შედეგები, რომლებშიც შავით თეთრზე ეწერა, რომ საქართველოში ნატურალური ყველის მხრივ სერიოზული პრობლემაა – ჩვენთან მაღაზიებსა თუ ბაზრებში გასაყიდად გამოტანილი ყველის 83% რძის ფხვნილისგან არის დამზადებული, დედაქალაქში კი ეს მაჩვენებელი 90%-ს სცდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველი, რომელსაც მივირთმევთ, ირანულ რძის ფხვნილში გარეული პალმის ზეთია, რომელიც ჯანმრთელობისთვის მავნეა…
ახლა ხორცზე ვთქვათ – ქართული საზკვების ობიექტების უმრავლესობა გაყინულ ხორცზე მუშაობს, ანუ ბრაზილიაში პრემიქსით გასუქებული, მერე დაკლული და გაყინული ხორცი მოდის ჩვენთან, აქ იყიდება შედარებით იაფად და ბოლოს ხვდება ხინკალში, ჩებურეკში, სხვადასხვა წვნიანში… ასე განსაჯეთ, ხაშლამასაც კი ამ ხორცისგან ამზადებენ და ხშირად ამიტომ ამბობს მომხმარებელი, რეგიონების სასადილოებში უფრო გემრიელი კერძებიაო. საქმე ის არის, რომ ბრაზილიურ ხორცს რაიონებში ჯერ დიდი ოდენობით არ ჩაუღწევია და იქაურები ადგილობრივი საქონლის ხორცით ცდილობენ ფონს გასვლას… მაგალითად, გაყინულ ხორცზე მუშაობს სვანეთში მოქმედი რესტორნების არცთუ მცირე ნაწილი და კუბდარიც რიგ შემთხვევებში ამიტომაც არ არის გემრიელი. ლოგიკას თუ გავყვებით, არც რძის პროდუქტები უნდა ძვირდებოდეს საქართველოში სეზონურად და არც ხორცის, მაგრამ, ოფიციალური მონაცემებით, ხინკლის ფასმა 4,12%-ით მოიმატა, ხაჭაპურის – 10,77%-ით. მიზეზი საინტერესოა – როგორც გვეუბნებიან, გაძვირდა ინგრედიენტები, რომლებიც ხინკლისა და ხაჭაპურის მოსამზადებლად არის საჭირო. თურმე ძროხის ფარშის ფასმა 7,5%-ით მოიმატა, ძროხის ხორცის – 8, 75%-ით, ღორის ხორცის – 5,9% -ით; გაძვირდა ფქვილი, მარილი, ყველი, კარაქი, ზეთი… როგორ გინდათ, არ დაიჯეროთ, როცა ეს ყველაფერი ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით გვამცნეს, მაგრამ ახლა საინტერესო ის არის, ვინ და რატომ გააძვირა ეს პროდუქტები. რუსეთს არ გაუძვირებია ფქვილი, ჩვენთან კი გაძვირდა; ბრაზილიას (მთავარი მომწოდებელი) არ გაუძვირებია ხორცი და ჩვენთან გაძვირდა; რუსეთში ღორის ხორცი გაიაფდა, ჩვენთან შემოტანილი კი გაძვირდა; არ გაძვირებულა ირანიდან შემოსული რძის ფხვნილი, ჩვენთან კი ყველის ფასმა მოიმატა. ახლა აგვიხსენით, რა ხდება და რატომ ხდება, რომ იმპორტიორი პროდუქტს არ აძვირებს, ჩვენთან კი, პრაქტიკულად, ყველაფერი ძვირდება. გვესმის, რომ ადამიანი, რომელიც ახერხებს და რესტორანში შედის, ხშირად არ აქცევს ყურადღებას ამ ფასნამატს, მაგრამ მეორედ შესვლის სურვილიც ხომ უნდა ჰქონდეს? თანაც, შვილებსა და შვილიშვილებს რომ იფიცებთ, აქაური ხორციაო, და სეიფში ბრაზილიური თუ რუსული ზედნადები და ანგარიშფაქტურა გიდევთ, ეგ როგორ ხდება? საქართველოში ათ საუკეთესო რესტორანში რომ ჩავატაროთ კვლევა, ათიდან რვაში გაყინული ხორცი და რძის ფხვნილისგან დამზადებული ყველი აღმოჩნდება. ცალკე საკითხია, გემოსთვის ხაჭაპურს 10 გრამ სპრედს რომ უსვამენ, რომელსაც თავის მხრივ, კარაქის გემოს ესენცია აქვს და რჩება განცდა, რომ ხაჭაპური ცხიმსა და ყველში ტივტივებს, სინამდვილეში კი თავიდან ბოლომდე ქიმიური ნაზავია და სხვა არაფერი. ამ დროს ძვირადღირებულ რესტორანში ერთი ადამიანის გამოკვების ფასი 150 ლარს შეიძლება ისე გასცდეს, ვერც კი მიხვდეთ, ამ ფასის შესაბამისი რა ჭამეთ ან დალიეთ.
პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებში საკვები პროდუქტების ხარისხის კონტროლის მხრივ ყველაზე დიდი პრობლემა საქართველოშია და ახლავე აგიხსნით რატომ: ბელარუსის ლიდერი თავის დროზე გაყალბების პრობლემას რომ ვერ მოერია, სისხლის სამართლის დანაშაულად გამოაცხადა და ციხეში უშვებს ყველას, ვინც საკვებ პროდუქტებს ისეთი ხარისხისას არ დაამზადებს, მათი მიღება ორგანიზმისთვის სახიფათო რომ არ იყოს. რუსეთმა საერთოდ ხელოვნების დონეზე აიყვანა სხვადასხვა ჯიშის საქონლის მოშენება და ევროპულ ქვეყნებსაც კი გაუსწრო. იცით, რომ რუსეთიდან საქონლის ისეთი ჯიშების შემოყვანა, როგორიც არის ჰოლშტეინი, ჯერსი, შვიცი და ანგუსი, გაცილებით მომგებიანი და დაბალი რისკის შემცველია, ვიდრე ევროპიდან? ევროპელებმაც აღიარეს, რომ რუსეთმა ამ მხრივ საოცრება მოახდინა. მაგალითისთვის დაღესტნის დასახელებაც კმარა. იქ უზარმაზარ ტერიტორიაზე სწორედ სანაშენე ფერმები ააგეს. შესაბამისად, რუსები არა მხოლოდ ცოცხალ ცხოველებს აკონტროლებენ და ცდილობენ, საუკეთესო ჰყავდეთ, არამედ ცხოველებისგან წარმოებულ საკვებზეც მათ უმკაცრესი კონტროლი დააწესეს.
აბა, გაბედეთ და აზერბაიჯანში ქაბაბი ან მწვადი გაყინული ხორცისგან დაამზადეთ, მოსახლეობა ისეთ დღეში ჩაგაგდებთ, კვების ობიექტის დახურვა მოგიწევთ. საინტერესო რამ ხდება სომხეთში ამ მიმართულებით – სომხები ყიდიან გაყინული საქონლის ხორცს, მაგრამ თვითონ არ იყენებენ. ბალტიისპირეთის ქვეყნებზე არ ვსაუბრობთ, რადგან იქ ევროკავშირის სტანდარტებია და ამტკიცებენ, ყველაფერი რიგზეაო. ევროკავშირის ქვეყნებში ხორცის ხარისხის ყველაზე სერიოზული კონტროლი გერმანიასა და შვეიცარიაშია. ყაზახეთში, უზბეკეთსა და ტაჯიკეთშიც უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებენ ხორცის ხარისხს, ჩვენ კი რა გვჭირს და რა გვეტაკა? არაბებისგან მაინც ვისწავლოთ: მათ საქართველოში ნაყიდი საქონელი ან ცოცხლად მიჰყავთ, ან ისეთ მაცივარში ინახავენ, რომ ხორცი ცივად იყოს, მაგრამ არ გაიყინოს.
სად არის გამოსავალი? არსებობს ქვეყანაში სურსათის უვნებლობის სააგენტო, მაგრამ ვაღიაროთ, რომ მეტად შეზღუდული უფლებებით. ამ ორგანიზაციის თანამშრომლებს არ აქვთ ბერკეტი, ბოლომდე მიჰყვნენ აღმოჩენილ დარღვევებს და მხოლოდ ჯარიმით შემოიფარგლებიან; არც ადამიანური რესურსი ჰყოფნით იმისთვის, რომ რამდენიმე ათასი კვების ობიექტი აკონტროლონ და, რაც მთავარია, ვერავის აჯარიმებენ, თუ, მაგალითად, რძის ფხვნილისგან დამზადებული ყველი აღმოაჩინეს. ეს ყველი ლეგალურად თუ არის დამზადებული, ჯარიმასაც ვერ გამოწერენ.
რესტორნები კი, ამ ყველაფრის ფონზე, კერძებს აძვირებენ და, როცა კითხვას უსვამ, ასე რატომ იქცევითო, ღიმილით გიპასუხებენ: „ყოველ საღამოს ადგილი მაინც არ არის, მაინც დადის ხალხი, მაინც იხდის და რატომაც არა“?! შეიძლება ცუდი შედარებაა, მაგრამ ძროხას იმდენს წველი, რამდენ რძესაც იძლევა, ასე იქცევიან რესტორატორებიც – დიახ, რატომაც არა! როცა ხალხი იხდის, უნდა გადაახდევინო და ამ შემთხვევაში მორალი თუ ნამუსი ლიტონი სიტყვებია.
დადგება ახალი წელი და არაერთი სტატისტიკური მონაცემი გამოქვეყნდება. მტკიცებით ფორმაში შეგვიძლია იმის თქმა, რომ დაავადებების შემთხვევების რაოდენობა მომატებული იქნება როგორც დიდებში, ისე – პატარებში და ამის მთავარი მიზეზი ის არაჯანსაღი საკვებია, რომელსაც გვტენიან და თან ყოველთვიურად გვიძვირებენ. რაც მთავარია, გაძვირების რეალური მიზეზი არ აქვთ, მაგრამ იციან, რომ ამის გამო პასუხს არავინ მოსთხოვს არც ზემოდან და არც ხალხი ამოიღებს ხმას, ის ხალხი, რომელიც გაძვირებას თითქოს ყურადღებას არ აქცევს და უკმაყოფილებას, საუკეთესო შემთხვევაში, სოციალურ ქსელში ამ თემაზე პოსტის დადებით გამოხატავს. გამოტყდით, რამდენჯერ გინახავთ იმავე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტო, რომელზეც გამოსახულია ე.წ. ბრენდული კომპანიების მიერ ნაწარმოებ პროდუქტში ხან თაგვის კუდი და ხან ბუზი. ვინმემ ოდესმე ამის გამო პასუხი აგო? რამდენჯერ იყო მოწამვლის შემთხვევა და ვინმეს პასუხი აგებინეს?
ნამდვილად ვერ გეტყვით, როდემდე უნდა ვიკვებოთ იმ საკვებით, რომელსაც სხვა ქვეყნებში არ მიირთმევენ; როდემდე უნდა ვილაპარაკოთ, რომ რძის პროდუქტებს, რომლებიც დახლებზე დევს, საერთო არაფერი აქვს ნატურალურ პროდუქტთან; რომ ჩვენი ბავშვების სიცოცხლე (ჩვენს თავს აღარ ვჩივით) სწორედ ამ პროდუქტებზეა დამოკიდებული და მომავალს ისე გვინადგურებენ, თითქოს ასეც უნდა იყოს. ერი, რომელმაც საუკუნეების განმავლობში ომებს გაუძლო და სასწაულით გადარჩა, ახლა ნადგურდება და ამას ხელს ადგილობრივი ბიზნესმენები უწყობენ. ერთხელ თქვა ერთმა ჭკვიანმა კაცმა: თუ საკვებ პროდუქტს აწარმოებ, არასდროს უნდა აწარმოო ისეთი, რომელსაც საკუთარ შვილებს თამამად ვერ შეაჭმევო. ახლაც ყველამ თავის გულში ჩაიხედოს და აღიაროს, რამდენი აწარმოებს ისეთ პროდუქტს, რომელსაც საკუთარი ოჯახის წევრებს თამამად გაასინჯებს.
ლევან გაბაშვილი







