ეს ორი სიტყვა გასული საუკუნის ოცდაათიანი წლების ასოციაციას იწვევს; 1937 წელი – დაპატიმრებები, დახვრეტები; ძირითადი ბრალდება – ხალხის მტერი; შემდეგ გაზვიადება იმ მოვლენებისა, უდანაშაულოდ წარმოჩენა დასჯილი ადამიანებისა, თანაც ისე და იმ დონეზე, რომ დამნაშავე საერთოდ არ ყოფილა, არ არსებულა; ვითომ ყველა დასჯილი უდანაშაულო იყო . თითქოს ერთ მშვენიერ დილას გაეღვიძა ამხანაგ სტალინს და გასცა ბრძანება, მოეძებნათ ყველაზე პატიოსანი, ყველაზე მშრომელი, ყველაზე უმწიკვლი რეპუტაციის ადამიანები, თანაც ბევრი, ძალიან ბევრი, არა ათასები, არამედ მილიონები და… დაეხვრიტათ, როგორც ხალხის მტრები. რატომ ვყვები ახლა ამას? რაღაცის თქმა მინდოდა, მაგრამ აზრი გამეფანტა. ღმერთო, გამახსენე… ღმერთო, გამახსენე…
ტელეკომპანია BBC-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თითქოს მიტინგის დაშლისას საქართველოს შსს-მ პირველი მსოფლიო ომისდროინდელი აკრძალული ნივთიერება – კამიტი გამოიყენა.
რა არის ეს ან რით შეიძლება აიხსნას?
პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა: „ბიბისის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე სუს–მა დაიწყო გამოძიება და საკითხის ყველა დეტალის შესახებ საზოგადოებას სრული ინფორმაცია უმოკლეს ვადებში მიეწოდება. იმთავითვე ცხადია, რომ „ბიბისის“ სიუჟეტი არის არამხოლოდ სიყალბე, არამედ უცხოური სპეცსამსახურების ხელწერით დაგეგმილი იაფფასიანი პროვოკაცია, რომელიც ორ მიზანს ემსახურება:
1. ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეებს სურთ, შექმნან საბაბი უკვე სრულად ჩამქრალი საპროტესტო მუხტის ხელოვნურად გასაღვივებლად;
2. ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეებს სურთ, შექმნან საბაბი ქართველი ხალხისა და მის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ შანტაჟის გასაგრძელებლად”.
პრემიერმინისტრმა ამ ფაქტს ასეთი ახსნაც მოაყოლა: „ახლოვდება ეუთოს მინისტერიალი და ევროკომისიის მორიგი შეკრება, რომელთა დოკუმენტებში არაფორმალური მმართველები „ბიბისის“ მიერ გავრცელებული ყალბი ინფორმაციის ციტირებას შეეცდებიან. ამისათვის კონკრეტული პოლიტიკოსები, მათ შორის ევროპარლამენტარები, ჩვეული ცრუ განცხადებებით უკვე ამზადებენ ნიადაგს. ეს კამპანია მოგვაგონებს ევროპული ბიუროკრატიის მიერ და საერთაშორისო მედიაში ფართოდ გაშლილ სიყალბეზე აგებულ კამპანიას მიხეილ სააკაშვილის მოწამვლის შესახებ. როგორც მოგეხსენებათ, ამ კამპანიის ფარგლებში საქართველოს იუსტიციის მინისტრს ოფიციალური დემარშით ევროკავშირის ოცდაშვიდი ელჩიც კი ესტუმრა. დღეს უკვე ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ აღნიშნული კამპანია, ისევე როგორც „ბიბისის“ სიუჟეტი, სიყალბეზე იყო აგებული, თუმცა ამ სიცრუის გამჟღავნების შემდეგ უკვე საკმაო ხანი გავიდა და სამარცხვინო კამპანიაზე დღემდე არც ევროპულ ბიუროკრატიას და არც შესაბამის მედიასაშუალებებს პასუხისმგებლობა არ აუღიათ“.
შეუძლებელია, ირაკლი კობახიძის ეს მსჯელობა არ გენიშნოთ. მითი დასავლური მედიის ობიექტურობისა და შეუვალობის შესახებ, დიდი ხანია, დაიმსხვრა და განადგურდა. დასავლეთის საინფორმაციო საშუალებები ყოველთვის იდგნენ კაპიტალის სამსახურში. ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი ყოველთვის იყვნენ მოსყიდულნი და სიცრუეს ემსახურებოდნენ, თუმცა დიდი მონდომებით ირგებდნენ სიმართლის სამსახურში მდგომი თავდადებული მეციხოვნის როლს. მათ შექმნეს ლოზუნგი: „დასავლურ პრესასთან ყველა ტყუის, თავისუფალი პრესა ყოველთვის მართალია!” მათ ჯერ პრესის თავისუფლების მითი გამოაცხვეს, შემდეგ კი პრესა უმაღლეს მსაჯულად შერაცხეს და სასამართლოზე მაღლა წამოასკუპეს. დასავლეთში პრესის თავისუფლების ცნება უაღრესად ცალმხრივად და ტენდენციურად ესმით. ისინი პრესის თავისუფლებას მხოლოდ ხელისუფლებისგან დამოუკიდებლობაში განიხილავენ. მათ სხვა რამ არ აინტერესებთ; მაგალითად ის, როგორ შეიძლება დამოუკიდებელი იყოს მედიასაშუალება, რომელსაც ვიღაც აფინანსებს? საინფორმაციო საშუალებები ძალიან ძვირად ღირებული ფუფუნებაა. იგი ან სახელმწიფომ უნდა დააფინანსოს, ან კერძო კაპიტალმა. ეს იმას ნისნავს, რომ პირველ შემთხვევაში იგი სახელმწიფოზე, მეორე შემთხვევაში კი დამფინანსებელზეა დამოკიდებული. როგორც პირველ, ისე მეორე შემთხვევაში თვალსა და ხელს შუა ქრება ის, რასაც პრესის (სიტყვის) თავისუფლება ჰქვია. თუნდაც წარმოვიდგინოთ ასეთი ვარიანტი: მედიასაშუალებას ქმნის ჟურნალისტთა ჯგუფი, რომელსაც თავისი ფინანსური შესაძლებლობა აქვს. ამ შემთხვევაშიც ისინი საკუთარი კაპიტალის მძევლები იქნებიან და არა სიმართლის მსახურნი; იმიტომ, რომ კაპიტალი ყოველთვის საკუთარი წესებით მოქმედებს და არა კაპიტალისტის წესებით. ილუზიაა, რომ კაპიტალისტი მართავს კაპიტალს. კაპიტალი (კაპიტალის წესი) მართავს კაპიტალისტს. იმ შემთხვევაშიც, როდესაც გარკვეული კაპიტალი ჟურნალისტების ხელში აღმოჩნდება, უნივერსალური დამოკიდებულება კაპიტალსა და მის მფლობელს შორის ვერ შეიცვლება. კაპიტალს თავისი პირობები აქვს და ამ პირობებიდან იგი არასდროს გადავა. ასე რომ, კაპიტალიზმის მიერ გამოცხადებული პრესის თავისუფლება სოციალისტურ პრესასთან (სადაც მას სახელმწიფო მართავს) შინაგანი დაპირისპირების გამოხატულებაა და არავითარ შემთხვევაში – ობიექტური რეალობა. სრულიად დამოუკიდებელი ჟურნალისტიც კი (ასეთი რამ თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ), საბოლოო ჯამში, ვერ იქნება დამოუკიდებელი, ვინაიდან იგი საკუთარ წარმოდგენებს, საკუთარ მიდრეკილებებსა და მიჯაჭვულობებს ვერსად გაექცევა. იგი ვერსად დაემალება სუბიექტს, რომელიც მასში ზის და მის განწყობებსა და განწყობილებებს მართავს.
ძალიან ღრმად რომ არ შევტოპოთ, თავისუფალი პრესა ილუზიაა, რომელიც დასავლეთმა შექმნა და მანვე დაამსხვრია. დღეს (არც დასავლეთსა და არც აღმოსავლეთში) აღარავის სჯერა თავისუფალი პრესის არსებობისა. თავისუფალი პრესა მირაჟი იყო, რომელიც უდაბნომ შვა და მანვე წარხოცა. აქედან გამომდინარე, „ბიბისის“ მიერ შემოგდებული ეს სიუჟეტიც ვერ იქნება ვერც ჭეშმარიტება და ვერც თუნდაც მისი ანარეკლი მხოლოდ იმიტომ, რომ მის უკან „ბიბისი“ დგას. ისე, თავისთავად ის ფაქტი, რომ „ბიბისი“, საზოგადოდ, ჭეშმარიტების სავანე არ არის, არ გამორიცხავს იმას, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში იგი შეიძლება სიმართლეს ღაღადებდეს. ნახვა, გასინჯვა და შემოწმება სჭირდება ამას.
ოპოზიცია სიხარულის ყიჟინას სცემს:
“2025 წლის 1 დეკემბერს გამოქვეყნებული BBC-ის მიერ მომზადებული ჟურნალისტური გამოძიების მასალები შეიცავს შოკისმომგვრელ ცნობებს იმის შესახებ, რომ ივანიშვილის პოლიციის მიერ ქართველი ხალხის წინააღმდეგ ადგილი ჰქონდა აკრძალული ქიმიური იარაღის გამოყენებას. 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის მოვლენების დროს რეჟიმის შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალების მიერ მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ ჩადენილი ძალადობრივი დანაშაულები დღემდე გამოუძიებელია. ამ დანაშაულებისთვის არა მხოლოდ არავინ დასჯილა, ივანიშვილის პრემიერ-მინისტრი კობახიძე მადლობის სიტყვებს არ იშურებდა ამ დანაშაულების ავტორების – აშშ-ისა და გაერთიანებული სამეფოს მიერ ადამიანის უფლებათა სერიოზული დარღვევებისთვის სანქცირებული მაშინდელი შსს მინისტრისა და სხვა მაღალი თანამდებობის პირების მიმართ. უფრო მეტიც, ივანიშვილის პრეზიდენტმა თერთმეტი მათგანი ღირსების ორდენითაც კი დააჯილდოვა. “ქართული ოცნების” ამგვარი ცინიკური დამოკიდებულება საკუთარი მოსახლეობის მიმართ სიახლეს არ წარმოადგენს. ამის მიუხედავად, BBC-ის მიერ მომზადებულ ფილმში, “როდესაც წყალი წვავს”, მოყვანილი ფაქტები და მტკიცებულებები შოკისმომგვრელია. ფილმის ავტორი საგამოძიებო ჟურნალისტების თქმით, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში რეჟიმის მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ, წყლის ჭავლთან შერევის გზით, სავარაუდოდ გამოყენებულ იქნა ქიმიური ნივთიერება ბრომობენზილ ციანიდი. აღნიშნული ნივთიერება პირველად პირველი მსოფლიო ომის დროს გამოიყენეს და 1930 წლის შემდეგ მისი გამოყენება აიკრძალა, რადგან ცრემლსადენ გაზთან შედარებით იგი ბევრად უფრო საშიში ნივთიერებაა და ადამიანის ჯანმრთელობაზე ხანგრძლივ კვალს ტოვებს. საზოგადოდ, ქიმიური ნივთიერების ხალხის დიდი მასების წინააღმდეგ გამოყენება ცალსახად არღვევს ადამიანის უფლებათა სფეროში მოქმედ საერთაშორისო ნორმებსა და სტანდარტებს და შეიძლება შეფასდეს, როგორც წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ნიმუში… უახლოეს დღეებში ჩვენ მივმართავთ შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ინსტიტუტებს, რათა შესაძლებელი გახდეს, საქართველოში მოვლენილ იქნენ შესაბამისი კომპეტენციისა და კვალიფიკაციის მქონე ექსპერტთა ჯგუფები, რათა ამ დანაშაულებრივ სქემას ბოლომდე აეხადოს ფარდა”, – ვკითხულობთ „დამოუკიდებელი” პრესის ერთ-ერთ კონკრეტულ გამოცემა „ტაბულაში”.
„იმედის”ვებგვერდზე კი ვკითხულობთ: „მძიმე ბრალდებას, რომელსაც ბრიტანული მაუწყებელი საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ ავრცელებს, თავად BBC-ის რესპონდენტები აყენებენ ეჭვქვეშ. ერთ–ერთმა უკვე აღიარა, რომ ინტერვიუ საკითხის შესწავლის გარეშე მისცა. არც ის გამორიცხა, ისე არ იყოს, როგორც BBC-ისთან ამტკიცებდა”.
ესეც შენი დამოუკიდებელი მედია – ურთიერთგამომრიცხავი დებულებები; ერთმანეთის მიმართ წაყენებული ბრალდებები. ვის ახსოვს სიმართლე და ჭეშმარიტება? ვის ახსოვს სიზუსტე და ობიექტურობა? ესაა გაშანშალებული ინფორმაციული ომი – ვინ ვის აჯობებს, ვინ ვის დაჯაბნის, ვინ ვის მოერევა და ვინ ვის გადააჭარბებს, ანუ ვინ ვის დააჩოქებს! ჰო, გამახსენდა, როგორც იქნა: დონალდ ტრამპმა მას შემდეგ, რაც პირველად აირჩიეს აშშ-ის პრეზიდენტად (2016 წ.), ჟურნალისტებს (დასავლურ მედიას) მიმართა და არც მეტი, არც ნაკლები, ხალხის მტრები უწოდა. ეს იყო ის, რაც სტატიის დასაწყისში ვერ გავიხსენე. კიდევ კარგი, ბოლოს მაინც გამახსენდა, თორემ უადგილო გამოვიდოდა ის ასოციაციაც და ის დასაწყისიც. მართალია, დასავლეთის ჟურნალისტები ჯერ არავის მიუყენებია კედელთან (სიმაღლის მიხედვით), მაგრამ ეს დღეც არ არის შორს. მაინცდამაინც სტალინი არ არის ამისთვის აუცილებელი, ისტორია იზამს ამას, რომელიც ყველაზე მაღალი მსაჯულია, როგორც სიკეთის შემოქმედის, ასევე ბოროტების მქნელისთვის.
ვალერი კვარაცხელია







