შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია: „გამოძიებით დგინდება, რომ მიმდინარე წლის 29 ნოემბერს, გამთენიისას, ალექსანდრე ელისაშვილმა, შენიღბულმა, ჩაქუჩის გამოყენებით ჩაამსხვრია თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობის გარე ფასადის მინა, შეაღწია სასამართლოს კანცელარიის შიდა სივრცეში, სადაც პერიმეტრზე ბენზინი დაასხა, მათ შორის საკანცელარიო ნივთებზე, ტექნიკაზე, დოკუმენტაციაზე და შენობის დაწვა სცადა. მას შემთხვევის ადგილზევე წაასწრეს სასამართლოს მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებმა, რომლებსაც ელისაშვილმა თანნაქონი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით წინააღმდეგობა გაუწია და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. გაწეული წინააღმდეგობის მიუხედავად, ალექსანდრე ელისაშვილი მანდატურებმა ადგილზევე დააკავეს. დაპირისპირებისას მიღებული დაზიანებებით მანდატურის სამსახურის ერთ–ერთი წარმომადგენელი სამედიცინო კლინიკაშია გადაყვანილი. დაკავებისას, გაწეული წინააღმდეგობის გამო, დაზიანებები მიიღო ალექსანდრე ელისაშვილმაც. ამ ეტაპზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-187-ე მუხლით მიმდინარეობს”.
შსს-მ გაავრცელა შესაბამისი ვიდეომასალასა, რომელშიც ეს ყველაფერი ჩანს. რაც მთავარია, შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღწერილ ფაქტს ელისაშვილი არ უარყოფს. აი, რას აცხადებს მისი ადვოკატი გიორგი რეხვიაშვილი: „ალეკო ელისაშვილი ბრალს არ აღიარებს. ის თვლის, რომ რაღაც ქმედებები ჩაიდინა, რომლებიც დანაშაულს არ წარმოადგენს, ეს არის მისი პროტესტის გამოხატვის ფორმა, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ უსამართლო სასამართლოს მიმართ იყო მიძღვნილი და, ზოგადად, ეს იყო სოლიდარობა პოლიტპატიმრებისთვის. აქედან გამომდინარე, მუხლი, რომელიც წარდგენილია, არის აბსურდული. თქვენ რამდენი ადამიანი გახსენდებათ, მით უმეტეს პოლიტიკოსი, რომელსაც ტერორიზმის მუხლს წაუყენებენ, მით უმეტეს ისეთი ქმედების გამო, რომელიც არ განხორციელებულა? ალექსანდრე ელისაშვილი ქმედებას აღიარებს, თუმცა ის არ თვლის, რომ მისი ქმედება იყო დანაშაულის შემცველი. მისი პოზიცია არის ის, რომ უსამართლო სასამართლოსთვის ცეცხლის წაკიდება დანაშაული არ არის“.
ალექსანდრე ელისაშვილი ფაქტის ჩადენას არ უარყოფს. წერტილი. არავის (მათ შორის, სასამართლოსაც) არ აინტერესებს (არც უნდა აინტერესებდეს), როგორ აფასებს საკუთარ ქმედებას ბრალდებული. სამართლის დადგენა რთული პროცედურაა. ეჭვმიტანილს ბრალს წარუდგენს ბრალდების მხარე (პროკურატურა); ფაქტებს ადგენს გამოძიება; საქმეში თავიდან ბოლომდე ჩართულია დაცვის მხარე, რომელიც სწავლობს დეტალებს და თვალყურს ადევნებს მთელ პროცესს, რათა არ დაირღვეს კანონერება და ადამიანის ძირითადი უფლება, რომ დაიცვას თავი; ბრალდებული აძლევს ჩვენებას; საქმის საბოლოო შეფასებას ახდენს სასამართლო, კვალიფიკაციას აძლევს სასამართლო და განაჩენიც გამოაქვს სასამართლოს. ასე რომ, ალეკო ელისაშვილი თავისი უფლებების ფარგლებში რჩება იმ ნაწილში, რომელშიც იგი ფაქტებს აღიარებს, მაგრამ იმ ნაწილში, რომელშიც იგი თავის ქმედებას კვალიფიკაციას აძლევს, გადის მოქალაქის (ამ შემთხვევაში ეჭვმიტანილის) ფუნქციიდან და იჭრება მოსამართლის ფუნქციაში.
ჯერჯერობით ასეთია ვითარება, რომელიც გვაქვს, მაგრამ თვითონ საქმეზე არანაკლებ მნიშვნელოვანია, როგორია ამ ფაქტის აღქმა საზოგადოების სხვადასხვა შრეში. მოგეხსენებათ, როგორი მედიასაშუალებები არსებობეს საქართველოში – აქეთა მხარე და იქითა მხარე. ანალოგიური ვითარებაა სოციალურ ქსელებშიც. არავის აინტერესებს ობიექტური რეალობა. ყველა ცდილობს, საბანი თავის მხარეს გადაქაჩოს, რათა თავი მეორე მხარესთან შედარებით თბილად იგრძნოს. ტვ „ფორმულას” ფეისბუქგვერდზე ამ საქმისადმი მიძღვნილი სტსტუსის კომენტარებს წავაწყდი, სანიმუშოდ წარმოგიდგენთ ძალიან მცირე ნაწილს (სტილი, რა თქმა უნდა, დაცულია. გვარ- სახელები შეცვლილია ინიციალებით):
V. O.
თუ მაგდენი გააკეთა ცეცხლსაც წაუკიდებდა, რა სირები არიან ეს ქოცები ჰოლივუდის სცენსრი დაუწერეს ტიპს.
L. M.
რეებს ბოდიალობთ თქვე ნაგვებო.
M. Ch.
ფანარი ალეკოს ახის და არა პოლიციას!!!
V. M.
ამას არ გააკეთებდა. მათი მოწყობილია ქოცების
M. Ch,
რას არ აკეთებენ ქოცები ოღონდ
X. Q.
სულ გააფრინეს…
A.K.
რა ზღაპრები მუგონიათ კიდევ ამ საზიზღარ მონებს.
T.S.
რა გაუკვირდათ მერე თვითონ ბაზრობებს წვავენ ყოველ თ ვე
M. M.
დაიჯერო ესე დაქლიავდა ალეკო?თუ ახალი თემაა? 7 დეკემბერი მოდის!!!
B. T.
საპირველაპრილო ხუმრობას უფრო ჰგავდა.
როგორ ფიქრობთ, ეს ადამიანები (თუკი ისინი რეალურ მოქალაქეებს წარმოადგენენ) რამე ნიშანწყალს ავლენენ, რომ ობიექტური ვითარება აინტერესებთ? არაფერი მსგავსი! შეიძლება ესენი ე.წ. ტროლები და ბოტები არიან, რომლებსაც ფულს უხდიან და პუბლიცისტიკის ამ „შედევრებს” აჯღაბნინებენ. ეს კიდევ ცალკე პრობლემაა – ძალიან სერიოზული პრობლემა.
ახლა ვნახოთ, როგორ აღწერს შსს-ს მიერ გავრცელებულ კადრებს „ფორმულა”: „შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, ალეკო ელისაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობის დაწვა სცადა. უწყების კადრებში ჩანს, რომ ის ნაცემია”.

კადრებში ჩანს ელისაშვილის დანაშაულებრივი გზით შეღწევა შენობაში; მის მიერ ასაფეთქებელი სითხის მოსხმა რამდენიმე ადგილზე; შემდეგ მისი ჭიდაობა და ხელჩართული ჩხუბი მანდატურებთან; ბოლოს კი მისი ჩალურჯებული თვალიც. რა მასშტაბის ბინძური უნდა იყოს ჟურნალისტი, რომ მთელ ამ ამბავში ყველაფერი მიჩქმალოს და მხოლოდ უკანასკნელზე (ალეკოს ჩალურჯებულ თვალზე) გაამახვილოს ყურადღება. კიდევ კარგი, არ გვითხრა, რომ მანდატურებმა ელისაშვილის ადამიანური უფლება შელახეს. ადამიანებმა, რომლებიც შენობას იცავენ, კაცს ტერორისტული აქტის განხორციელებისას წაასწრეს, რომელმაც შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია და სცემდნენ, აბა, ყავითა და შოკოლადით ხომ არ გაუმასპინძლდებოდნენ?!
ხედავთ, თავხედობის რა მასშტაბებთან გვაქვს საქმე? (ელისაშვილს არ ვგულისხმობ) ჟურნალისტებზე, ტროლებზე, ბოტებსა და საზოგადოების იმ გამოთაყვანებულ ნაწილზე მოგახსენებთ, დასავლური „დიფ სთეითის’’ აგენტურას რომ უმაგრებს ზურგს და ელისაშვილზე გაცილებით დიდ პრობლემას წარმოადგენს ქვეყნისთვის!
ეს ყველაფერი (პირველ რიგში, საზოგადოებრივი ცნობიერების ასეთი დაზიანება) თავისთავად არ მომხდარა. მას გამომწვევი მიზეზები აქვს. ის, რასაც ახლა ვხედავთ, შედეგია მხოლოდ; შედეგი, რომელსაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში ეს უბედური ელისაშვილი (სხვებთან ერთად, რა თქმა უნდა) განასახიერებს; ისევე, როგორც სხვა დროს სხვები განასახიერებდნენ და მომავალში კიდევ ახლები მოვლენ განსასახიერებლად, თუკი ვითარება არსებითად არ შეიცვლება. ოცდათხუთმეტი წელიწადი მოვდიოდით აქეთ, ეს შედეგი რომ მიგვეღო.
* მოვლენათა სათავეში ქართველი ხალხი ვერ მიხვდა, რომ საკუთარი ხელით ანგრევინებდნენ კაცობრიობის ისტორიის ყველაზე დიდ მონაპოვარს – სოციალისტურ სისტემას და საკუთარი ხელით ათხრევინებდნენ საკუთარ საფლავს;
* ქართველი ხალხი ვერც იმას მიხვდა, რომ ანტირუსული განწყობა (რუსოფობია) დასავლეთიდან მოდიოდა და იქიდანვე იმართებოდა, რასაც უმძიმესი შედეგების მოტანა შეეძლო და მოიტანა კიდეც;
* ქართველი ხალხი ვერც იმას მიხვდა, რომ ავტონომიურ რესპუბლიკებში მიმდინარე პროცესები გაცილებით საშიში გეგმის შემადგენელი ნაწილი იყო, ვიდრე ყბადაღებული აფხაზური და ოსური სეპარატიზმი;
* ქართველი ხალხი ვერც იმას მიხვდა, რომ საქართველოს წინააღმდეგ ამუშავებული ვერაგი გეგმა, რომლის შესახებაც ამდენი წელიწადი ვსაუბრობ, კრემლში კი არა, თეთრ სახლსა და აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოში დაიწერა;
* ქართველი ხალხი ვერც იმას მიხვდა, რომ რუსეთი, რომელიც იმ ვერაგული გეგმის ავტორი და შემოქმედი ეგონა, სინამდვილეში მისი ისეთივე მსხვერპლი იყო, როგორც საქართველო;
* ქართველი ხალხი ვერც იმას მიხვდა, რომ შეპირებული თავისუფლება და დამოუკიდებლობა ისეთივე სიყალბე იყო, როგორიც დასავლური დემოკრატია, სიტყვის თავისუფლება და ადამიანის უფლების დაცვა აღმოჩნდა;
* ქართველი ხალხი ვერც იმას მიხვდა, რომ ეს ყველაფერი (თავისუფლება და დემოკრატია) „წმინდა ინკვიზიციის” სასტიკი ინსტრუმენტებია უვერაგესი სისტემის (კაპიტალიზმის) ხელში მისი დამკვიდრებისა და გაბატონების გზაზე;
* ქართველი ხალხი ვერც იმას მიხვდა, რომ რუსეთში სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა. ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში (სტალინის შემდეგ) დაწყებული ღალატის კურსი, რომელიც გორბაჩოვმა დააგვირგვინა და ელცინმა ახალი პერიოდის რუსეთში „წარმატებით” განაგრძო, დასრულდა;
* ქართველი ხალხი ვერც იმას მიხვდა, რომ საბჭოთა კავშირი კი არ იყო ბოროტების იმპერია (როგორც რეიგანმა უწოდა), თვითონ აშშ იყო და არის ჯოჯოხეთის იმპერია, რომელიც, მიუხედავად პრეზიდენტ ტრამპის გარკვეული მცდელობისა, ვერ თავისუფლდება „დიფ სთეითის“ ფარული ზრახვებისგან, ალენ დალესის დროინდელი სპეცსამსახურების სასტიკი მარწუხებისგან და მსოფლიო ჰეგემონიზმის იდეა-ფიქსისგან;
* ქართველი ხალხი ვერც იმას მიხვდა, რომ საქართველოსთვის ნატოსა და ევროკავშირის პერსპექტივას არასოდეს უარსებია. იგი მხოლოდ სატყუარა იყო, რომლითაც მოგვნუსხეს, რათა სხვა მხარეს (პირველ რიგში, რუსეთისკენ) არ გაგვეხედა და სტრატეგიული პარტნიორის ძებნა არ დაგვეწყო, რომლის გარეშეც მცირე მოცულობის ქვეყნების არსებობა წარმოუდგენელია.
სამწუხაროდ, კიდევ ბევრ რამეს ვერ მიხვდა ქართველი ხალხი. აქ ერთი დაზუსტება აუცილებელია. ქართველი ხალხის ნაწილი, რა თქმა უნდა, დიდი ხანია, ყველაფერს ხვდება, მაგრამ მეორე ნაწილი ვერ ხვდება იმას, რის შესახებაც მოგახსენეთ. ეს მიუხვედრელი და გაუთვითცნობიერებელი ნაწილი ღუპავს საქმეს.
ამ მიუხვედრელობამ დაგვიბნელა გონება ისე, რომ რუსეთთან დალაპარაკებას ბნედიანებივით „ოკუპანტი, ოკუპანტმა, ოკუპანტს, ოკუპანტის” ძახილი ვამჯობინეთ ანუ, ილიას თქმისა არ იყოს, „ვდგევართ და უღონოდა ვბზუით, მე ვარ და ჩემი ნაბადიო, და ამ ბზუილიდან არა გამოდის-რა”.
ამ მიუხვედრელობამ სხვა მრავალი პრობლემაც შვა, რომელთა ჩამოთვლაც ახლა შორს წაგვიყვანს. სხვათა შორის, ამ მიუხვედრელობამ შვა ალეკო ელისაშვილის ფენომენიც. ფენომენი რეგვენი „პატრიოტისა”, რომელსაც „სამშობლოს სიყვარულის” გარდა არაფრის კეთება არ შეუძლია. სამშობლოს კი არაფერი ისე არ აზიანებს, როგორც ეს რეგვნული პატრიოტიზმი და რეგვნული ფრიალი საკუთარი და სხვისი დროშებისა. ამ მიუხვედრელობამ შვა ფენომენი პოპულარობის ხიბლში ჩავარდნილი შლეგისა, რომელსაც ამ უბადრუკ ტელეარხებზე გამოჩენის „კაიფი” თუ შემოაკლდა, არათუ სხვას გაწირავს, შესაძლებელია, სუიციდითაც კი დაასრულოს, ოღონდ მისმა თუნდაც ნაცემმა სახემ და მისმა თუნდაც შერცხვენილმა სახელმა ერთხელ კიდევ, თუნდაც საბოლოოდ, გაიელვოს ეკრანებზე. სწორედ ასეთი რამ ჩაიდინა ამ საცოდავმა ელისაშვილმა, რომლის სახელი და გვარი იმ სასამართლო პროცესის შემდეგ, რომელზეც დამსახურებისამებრ მიუზღვავენ, არავის გაახსენდება. დიდი ხნის შემდეგ, როდესაც ციხიდან გამოვა, შეიძლება ვინმემ კიდევ მოიგონოს მისი არსებობა, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ იქამდე ქართველი ხალხი მიხვდება იმას, რისი მიხვედრისთვის ოცდათხუთმეტი წელიწადი არ აღმოჩნდა საკმარისი, ისტორია კი იმგვარ მკვეთრ მოძრაობებს შემოგვთავაზებს, რომ ელისაშვილზე დიდი „პატრიოტებიც” ისე მიმოიფანტებიან აქეთ-იქით, თითქოს არც არასდროს ეარსებოთ.
ვალერი კვარაცხელია







