ეშმაკი ვერ გაუგებს თავსა და ბოლოს, რა ფაზაშია უკრაინის კრიზისი. მთავრდება ომი თუ არა? თუ მთავრდება, რას ნიშნავს ეს, ანუ ვინ გაიმარჯვა და ვინ დამარცხდა? რას ნიშნავს ამ ომში გამარჯვება და დამარცხება? – ეს შეკითხვები მაშინ წამოტივტივდება, როდესაც ვცდილობთ აშშ-ის მიერ წარმოდგენილი პროექტის არსში გარკვევას და, საერთოდ, ამ 28 პუნქტის (შემდეგ რომ შემცირდა) ნიუანსებში წვდომას. ვფიქრობ, დატალებში (სადაც ეშმაკი იმალება) ქექვა არაფერს მოგვცემს, გარდა იმისა, რომ მასში საბოლოოდ გავიხლართებით და დავიბნევით. ვფიქრობ, ამ საკითხის ფილოსოფიური განხილვა მეტი შედეგის მომცემია, რომელიც ახლა, ტრამპის ახალი ინიციატივის შემდეგ, უფრო გაცხადდა და ადვილად შესამეცნებელია…
გაცხადდა ის, რომ დასავლეთი ცდილობს, კრიზისი (ომი) მოლაპარაკების ფაზაში გადაიყვანოს ( მნიშვნელობა არ აქვს უკრაინის პოზიციას, ვინაიდან იგი ომის ტერიტორიასა და საზარბაზნე ხორცს წარმოადგენს და სხვას არაფერს), რუსეთი კი დიდსულოვნად თანხმდება, ოღონდ ისე, რომ პრინციპულად არაფერს თმობს. ეს ხომ რაღაცაზე მეტყველებს, მაგრამ კონკრეტულად რაზე? ეს იმაზე მეტყველებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ტრამპმა რუსეთი გამარჯვებულად აღიარა. ამას მტკიცება არ სჭირდება, ეს ფაქტია. მტკიცება არა, მაგრამ ახსნა სჭირდება, რამ აიძულა ტრამპი, ასე მოქცეულიყო, რატომ არ სურს მას ომის გაგრძელება და რატომ აღარ გაიძახის, უკრაინას „ტომაჰავკებს“ მივაწვდიო. ამას რომ აღარ იმეორებს, ეს ერთია, მეორე კი ისაა, რომ უკვე სხვა რამეს ამბობს, პრინციპულად განსხვავებულს და სრულიად საწინააღმდეგოს: „მოკლე დროში უკრაინა უფრო მეტ ტერიტორიას დაკარგავს”. განა ეს აღიარება არ არის იმისა, რომმთელმა დასავლეთმა და ნატომ რუსეთის, დამარცხება კი არა, შეჩერებაც ვერ შეძლო? ამ ომში, უკრაინა კი არა, დასავლეთი დამარცხდა! ოთხმოცი წლის შემდეგ ისტორია გამეორდა. რუსეთმა ერთხელ კიდევ დააჩოქა დასავლეთი. ოცი ან თუნდაც ათი წლის წინათ ამის წარმოდგენაც შეუძლებელი იყო. საბჭოთა ნანგრევებში მოყოლილი რუსეთი, რომელსაც არმიაც განადგურებული ჰყავდა, უსაფრთხოების სისტემა მოშლილი ჰქონდა, ყველა სტრატეგიულ სტრუქტურაში ამერიკელი ეჯდა, იდეოლოგიის გარეშე იყო დარჩენილი და სულიერ და მორალურ განადგურებას არაფერი აკლდა, ჭკვიანმა, მიზანსწრაფულმა და შორსმჭვრეტელმა ლიდერმა ფეხზე წამოაყენა, მოაღონიერა, პატრიოტული სული შთაბერა და სრულიად არათანაბარი ომიდან გამარჯვებული და წელში გამართული გამოიყვანა. რამდენიც უნდა ილაყბონ და იყაყანონ საქართველოში, ევროპაში, ამერიკაში ან თუნდაც რუსეთში ქრონიკულმა მოლაყბეებმა, ეს მოვლენა იმ ჯიუტ ფაქტად რჩება, რომლის წინაშეც მსოფლიო პრესის გაქნილი მატყუარები და დემაგოგები ენაჩავარდნილნი არიან. თვით სოციალური ქსელების კლავიატურაზე მოკაკუნე უსაქმურებიც კი, რომლებსაც, თუნდაც იმ ზემოხსენებული მატყუარებისა და დემაგოგებისგან განსხვავებით, პასუხისმგებლობის განცდა ატროფირებული აქვთ და ერთადერთი პრინციპით – „ენას ძვალი არ აქვს”, მოქმედებენ, ამიტომ იმ ფაქტს, რომ რუსეთმა გაიმარჯვა და დასავლეთი ერთხელ კიდევ დამარცხდა, ვეღარ გაურბიან. რუსეთის დასავლეთზე გამარჯვებაა მთავარი, რომელიც უკვე დამდგარი შედეგია, რომელიც აღარ შეიცვლება, ხოლო დანარჩენი – ოცდარვა პუნქტად იქნება თუ ცხრამეტ პუნქტად ჩამოყალიბებული შესაბამის მემორანდუმში, რომელიც საბოლოოდ ისტორიული დოკუმენტის სახეს შეიძენს, მნიშვნელობა არ აქვს.
არსებობს თუ არა საშიშროება, რომ თითქმის გადაწყვეტილი ეს საქმე ჩაიშალოს და ომი განუსაზღვრელი ვადით გაგრძელდეს? – არსებობს! საქმე ის არის, რომ არსებობს ერთი უცნაური ფენომენი, რომელსაც ევროპა ჰქვია და რომელიც დღევანდელ მსოფლიო პოლიტიკაში წარმოუდგენლად უარყოფით როლს ასრულებს. ევროპას არ სურს უკრაინაში ომის დასრულება. ევროპა ცდილობს, ტრამპის გეგმა ჩაშალოს და ომის გაგრძელების წინაპირობები შექმნას. რა საკვირველიც უნდა იყოს, ანალოგიურ პოზიციაზეა უკრაინის ვადაგასული ფაშისტური ხელისუფლება. ამას, რა თქმა უნდა, პირდაპირ ვერ იტყვიან, ამიტომ აყენებენ ისეთ პირობებს, რომლებზეც იციან, რომ რუსეთისგან თანხმობას ვერ მიიღებენ. ამ „ვაჭრობას” მხოლოდ ეს მიზანი აქვს. ჟენევაში, სადაც ეს თემა ამერიკელებთან ერთად განიხილეს, ისინი ასეთი წინადადებებით წარდგნენ:
1. უკრაინის შეიარაღებულ ძალებს არ დაუწესდებათ არანაირი შეზღუდვები;
2. უკრაინა აღადგენს კონტროლს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურსა და კახოვკის კაშხალზე, მოიპოვებს შეუზღუდავ მიმოსვლას მდინარე დნეპრზე და კონტროლს დაიბრუნებს კინბურნის ნახევარკუნძულზე;
3. სხვა ტერიტორიული დავები განხილული იქნება ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დამყარების შემდეგ, რაც ნიშნავს იმას, რომ უკრაინა ზავის მიღწევის მიზნით დონბასიდან ჯარებს არ გაიყვანს.
დააკვირდით ამ მოთხოვნებს და მიხვდებით, რომ, თუ ვინმე არის მსოფლიოში, ვისაც უკრაინაში ომის შეჩერება არ სურს, ეს ევროპელი ლიდერები არიან.
რაც შეეხება ზელენსკის პოზიციას, მან იგი ერთ წინადადებაში ჩამოაყალიბა: „ახლა უკრაინა შეიძლება ძალიან რთული არჩევანის წინაშე აღმოჩნდეს – ან ღირსების დაკარგვა, ან მთავარი პარტნიორის დაკარგვის რისკი”.
დააკვირდით, როგორ მუშაობს ზელენსკის ტვინი და როგორ არის მოწყობილი მისი ცნობიერება. ამ ნათქვამიდან ჩანს, რომ ზელენსკი ნებისმიერ ფასად, ომის დამთავრებაზე კი არა, ომის გაგრძელებაზე მიდის. ჩავთვალოთ, რომ ტრამპის გეგმა მისგან ძალიან ბევრ დათმობას მოითხოვს, მაგრამ ის, რაც ზელენსკიმ ამ შემოთავაზების პასუხად თქვა, უფრო მეტის გაღებას არ ნიშნავს? იგი ამბობს, პრეზიდენტი ტრამპი შემოთავაზებაზე დათანხმებას კატეგორიულად თუ მოგვთხოვს, ჩვენ, შესაძლებელია, აშშ-ზე, როგორც პარტნიორზე, უარი ვთქვათო. ზელენსკი აშშ-თან ერთად უკვე დამარცხებულია და, თქვენ წარმოიდგინეთ, რა მოხდება უკრაინაში, თუ იგი რუსეთის პირისპირ ამერიკის დახმარების გარეშე დარჩება. ეს უკრაინის, როგორც სახელმწიფოს, აღსასრული იქნება. ზელენსკი, რომელიც ერთ შემთხვევაში არ თანხმდება გარკვეული ტერიტორიის დაკარგვას, მეორე შემთხვევაში თანხმდება მთლიანი უკრაინის დათმობას. ეს ხომ აბსურდია?! რატომ მიდის ზელენსკი ამაზე? საქმე ის არის, რომ პირველ შემთხვევაში იგი კარგავს უკრაინის ერთ ნაწილს, მაგრამ ამ შემთხვევაში ომი მთავრდება; მეორე შემთხვევაში კი იგი მთლიან უკრაინას კარგავს, მაგრამ გარკვეული დროით აღწევს ომის გაგრძელებას, რომელიც მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. საქმე ისაა, რომ ომის დამთავრება არჩევნების ჩატარებასა და ხელისუფლებიდან ზელენსკის ჩამოცილებას ნიშნავს. ომის გაგრძელება კი გარკვეული ვადით ძალაუფლების შენარჩუნებასთან ასოცირდება. კორუფციის ჭაობში ჩამხრჩვალ ზელენსკის დროის მოგება სურს იმ იმედით, რომ იქნებ რამე მოხდეს. იგი ბოლომდე წირავს უკრაინასა და უკრაინელ ხალხს თუნდაც ძალიან მცირე ხნით ხელისუფლების შენარჩუნების სანაცვლოდ. ესაა ამ კაცის და მასთან ერთად მთელი ევროპის მორალური სახე. ევროპას, ერთი მხრივ, ფაშისტური სულისკვეთება, მეორე მხრივ კი, რუსოფობია ამოძრავებს. აქ შეკითხვა ჩნდება: ევროპულმა ფაშიზმმა მეოცე საუკუნეში მცირერიცხოვანი და დაუცველი ებრაელობა ვერ მოინელა, ოცდამეერთეში როგორ უნდა მოინელოს ბირთვული ზესახელმწიფო რუსეთი? ამგვარი ამოცანის დასმა თავისთავად ხომ აბსურდია, მაგრამ ეს აბსურდი ზეაბსურდად იქცევა იმ ვითარებაში, როდესაც მთავარი მოკავშირე აშშ ამ იდეაზე უარს აცხადებს და ომის დამთავრებისკენ მიმართული პროექტის ჩავარდნის შემთხვევაში თამაშიდან გასვლით იმუქრება. აშშ-ის გარეშე ევროპა რუსეთს როგორ დაამარცხებს, როდესაც ამერიკასთან ერთად ვერ ამარცხებს?!

ტრამპი აცნობიერებს შექმნილ რეალობას, მაგრამ საღი აზრისგან შორს მდგომი ევროპელი ლიდერები ამას ვერ ხვდებიან და ევროპას (ამ ცოდვილ კონტინენტს) ერთხელ კიდევ (უკვე მესამედ) უბიძგებენ მსოფლიო ომის პროვოკატორობისა და დეტონატორობისკენ. ნახეთ, რა სისულელეს ჩმახავენ ისინი უკრაინის კრიზისზე: „გამოცემა Bloomberg-ის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა, ოქტომბერში სატელეფონო საუბარი გამართა ვლადიმერ პუტინის თანაშემწე იური უშაკოვთან, რომელსაც უკრაინაში ომის დასამთავრებლად ღაზის სამშვიდობო შეთანხმების მსგავსი გეგმის შემუშავება შესთავაზა. გამოცემის ცნობით, ხუთ წუთზე ოდნავ მეტი ხანგრძლივობის საუბრისას უიტკოფმა კრემლის მაღალჩინოსანს ურჩია, რომ კარგი იქნებოდა, პუტინი ამ საკითხს ტრამპთან საუბრის დროს თუ წამოჭრიდა. ტრამპის წარმომადგენელმა უშაკოვს, რომელიც საგარეო პოლიტიკის საკითხებში პუტინის თანაშემწეა, ასევე რჩევები მისცა იმის შესახებაც, როგორ უფრო ხელსაყრელი იქნებოდა პუტინისთვის ტრამპთან ამ საკითხზე საუბრის დაწყება. უიტკოფის მითითებებს შორის იყო რჩევები თეთრ სახლში ზელენსკის ვიზიტამდე ტრამპსა და პუტინს შორის სატელეფონო საუბრის გამართვისა და ამ საუბრის საწყის წერტილად ღაზაში მიღწეული შეთანხმების გამოყენების შესახებ”. ასეთ სისულელეზეა აგებული ევროპული მედიის ეს „აღმოჩენა”. რის მტკიცება სურთ მათ? აშშ რუსეთის მხარეს თამაშობს – ეჭვი შეაქვთ ტრამპის კეთილსინდისიერებაში. აი, სადამდე შეუძლია მისვლა სისულელეს, უვიცობასა და ეჭვიანობას. აშშ-ისა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის ამ თემაზე დიალოგი რომ მიმდინარეობდა, ეს ვინმესთვის გასაკვირია? ხომ ფაქტია, რომ აშშ და რუსეთი – ორივე დაინტერესებულია ომის დამთავრებით?! სპეციალისტები (ორივე მხრიდან), რომლებიც ამ საკითხით იყვნენ დაკავებულნი, ცხადია, იმსჯელებდნენ, რა და როგორ მიეწოდებინათ სახელმწიფოთა პირველი პირებისთვის, რათა საკითხი კი არ ჩავარდნილიყო, არამედ დაძრულიყო. რა არის გასაკვირი იმაში, თუ ეს ადამიანები (ორი მხარე) მსჯელობდნენ, რა სჯობდა ან რაზე გადიოდა უფრო მოკლე გზა მიზნის მისაღწევად და ა.შ.? ნათელია, რომ ევროპელები ყველა ღონეს ხმარობენ ომის გასაგრძელებლად, თუმცა ამერიკელებისგან დამოუკიდებლად ამის მიღწევის არც თავი აქვთ და არც…
მანამდე მედიაში ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინა დათანხმდა აშშ-ის შუამავლობით შემუშავებულ სამშვიდობო გეგმას, რომელიც თავდაპირველი 28-პუნქტიანი ვარიანტიდან, ჟენევაში აშშ-უკრაინის დელეგაციების შეხვედრის შემდეგ, რამდენიმე პუნქტით (ტრამპის თქმით – ოცდაორამდე, ჟურნალისტების თქმით – ცხრამეტამდე) შემცირდა. როგორც ამბობენ, პირვანდელი ვარიანტიდან ამოღებულია უკრაინისთვის ყველაზე რთული და მიუღებელი საკითხები. მედიაში გავრცელებული ცნობებით, შედარებით რთულ საკითხებზე საბოლოო გადაწყვეტილებას უშუალოდ ტრამპი და ზელენსკი პირადი შეხვედრის შემდეგ მიიღებენ.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთისთვის სამშვიდობო გეგმის თავდაპირველი ვერსია “მისაღები” იყო. ლავროვმა თავდაპირველი გეგმის შეცვლაში ევროპა და უკრაინა დაადანაშაულა და დაამატა, რომ შესწორებული დოკუმენტი უნდა ასახავდეს პრეზიდენტ ტრამპსა და ვლადიმირ პუტინს შორის ალასკაში მოლაპარაკებებისას მიღწეული ურთიერთგაგების სულისკვეთებას. ასე და ამრიგად, თითქმის ბოლომდე მიყვანილმა ამ საქმემ პირი კვლავ ჩიხისკენ იბრუნა. საკითხავი ისაა, რა სახისა და რა მასშტაბისაა ჩიხი, რომლის წინაშეც ყველა ერთად აღმოვჩნდით – უკრაინის თუ საერთაშორისო და გლობალური? ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა ნაჩქარევი იქნება. დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას. ეს სტატია 2025 წლის 27 ნოემბერს დაიწერა. ეს ის თარიღია, როდესაც ზელენსკიმ საბოლოო პასუხი უნდა გასცეს ტრამპის შემოთავაზებას. 27 ნოემბერს მსოფლიო შეიტყობს, უკრაინული ომის მატარებელი ჩიხისკენ მიექანება თუ შემოსავლელ გზას იპოვის. დაველოდოთ! თუმცა, საითაც უნდა წავიდეს მემანქანის გარეშე დარჩენილი უკრაინული მატარებელი, ერთი რამ დღესავით ნათელია – დასავლეთმა ამჯერადაც დაიჩოქა რუსეთის წინაშე!
ვალერი კვარაცხელია







