„ ესენი ციხეში იყვნენ თუ „ელიტ  ელექტრონიქსში“ ?!

    მათ ყველას დაანახვეს, ვინ არიან ისინი შინაგანად, ვინც რუსთაველზე დგანან და, მხოლოდ ვადამდელ არჩევნებს კი არა, ხელისუფლების გადაბარებას მოითხოვენ

    ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციები და ევროპელ დიპლომატთა უმრავლესობა საპროტესტო აქციებისას  დაკავებულ ადამიანებს,როგორც წესი,  პოლიტმატიმრებად მოიხსენიებენ. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ რისთვის დააკავეს, ვინ რა დანაშაული ჩაიდინა, მათთვის ყველა პოლიტპატიმარია და, რაც მთავარია, თურმე ისინი ებრძვიან რეჟიმს. რეჟიმი კი მმართველი გუნდია, რომელიც იმ ადამიანებს, რომლებიც კანონს არღვევენ, ასამართლებს და დამსახურებულ სასჯელს უსჯის.

    18-თვიანი პატიმრობის შემდეგ ციხიდან ორი ასეთი „პოლიტპატიმარი“ გათავისუფლდა. რა თქმა უნდა, მათ დასახვედრად ოპოზიციური ტელევიზიები, რუსთაველის აქტივისტები, არასამთავრობოები და რამდენიმე პარტიის ლიდერიც კი მივიდნენ, მაგრამ… მათზეც კი ცივი შხაპის ეფექტი ჰქონდა იმ პატიმრების დანახვას, რომლებიც ციხეს ამაყად და ღიმილიანი სახეებით ტოვებდნენ. ერთს ხელში ტელევიზორი ეჭირა, მეორეს – მაცივარი…  საჯაროდ არავინ ამბობს, მაგრამ ერთ-ერთ ჟურნალისტს უკითხავს –  „ესენი ციხეში იყვნენ თუ „ელიტელექტრონიქსში“?  მართლაც უცნაურია, ციხიდან საოჯახო ტექნიკით გამოხვიდე, მაგრამ მერე ახსნეს, რომ თურმე მაცივარი და ტელევიზორი ციხეში ყოფნისას შეუძენიათ და იქ ხომ არ დატოვებდნენ? სანამ მთავარ სათქმელზე გადავალ, ერთი ძველი ანეკდოტი გავიხსენოთ:  ტიპი საავადმყოფოს მისაღებში დგას და ხელში შარდით სავსე 3-ლიტრიანი ქილა უჭირავს. – ამდენი შარდი რად გინდაო, –  ჰკითხეს და იმანაც ამაყად მიუგო: – მერე რომ არ თქვან, სეროჟა „ჟადნიაო“. ცოტა ხანში, იმ 3-ლიტრიანით სეროჟა შინ მიდის და გაოცდნენ: – უკან რატომ მიგაქვსო და ისიც ეუბნება, შარდში ბევრი შაქარი ნახეს და იქ ხომ არ დავუტოვებდიო…

    ჰოდა, დაახლოებით ანალოგიური  ვითარებაა ახლაც. პოლიტპატიმრებად მონათლული ბიჭები სინამდვილეში პატარა კაცები აღმოჩდნენ და ეს იმიტომ, რომ  ყველამ იცის, ციხიდან გამოსული უკვე ყოფილი პატიმარი ყველაფერს იქ ტოვებს, დარჩენილებმა რომ გამოიყენონ, ყოფა რომ შეუმსუბუქდეთ. ვიღაც იტყვის, ეს ქურდული კანონიაო, მაგრამ არა, ბატონებო, ეს ადამიანური კანონია. დადექით ციხის კართან დილით, 9-დან 10-მდე, როცა პატიმრებს უშვებენ,  და დააკვირდით, თუ უჭირავს ხელში ვინმეს რამე; ძირითადად, ყველა ძველი ტანსაცმლით გამოდის, იმიტომ კი არა, რომ ახალი არ ჰქონდათ, არამედ იმიტომ, რომ ახალი იქ დატოვეს, პატიმრებთან, რომლებსაც   თვეები და წლები აქვთ დარჩენილი და ერთი სპორტული შარვალი თუ ერთი ზედა დიდხანს გამოადგებათ.

    გათავისუფლებული „პოლიტპატიმრების“ დაცვა ვინმე ირაკლი წულაიამ გადაწყვიტა, რომელიც ყველაფერთან ერთად იმასაც ამბობს, ჟურნალისტი ვარო. მოკლედ, წულაიამ განაცხადა, ეს ბიჭები ყველაფერში მართლები არიან და,  როცა მე დამიჭირა ამ რეჟიმმა, უფლება არ მომცა, გვერდით კამერაში ხაჭაპური და ,,ნაბეღლავი’’ მიმეწოდებინაო. გავიმეორებთ:  „უფლება არ მომცეს, ხაჭაპური და მინერალური წყალი გვერდით კამერაში მიმეწოდებინა“-ო… ირაკლი, აბა, ახლა  შენი „ჟურნალისტური გამოცდილება“ გამოიყენე და იპოვე ერთი ადამიანი მაინც, რომელიც სასჯელს ნაციონალების მმართველობის პერიოდში  იხდიდა და ხაჭაპური მიუტანეს ციხეში. არ ვგულისხმობთ სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის  დაჭერილ ტიპებს, რომლებსაც,    ხაჭაპური კი არა, ვისკი და ქალები არ აკლდათ. ჩვეულებრივი, რიგითი პატიმრები ნახე და, თუ რომელიმე გეტყვის, რომ ხაჭაპური შეუგზავნეს, ამ ორ ციხის მაროდიორს ჩვენც ვაღიარებთ ჯერ პოლიტპატიმრად და მერე – გმირად.  ტელევიზიები კი არა, ოჯახის წევრები ვერ ხვდებოდნენ პატიმრებს იმის შიშით, რომ ხალხმრავლობის გამო რეჟიმს ისევ უკან არ შეებრუნებინა,  სიხარულის მეტისმეტად გამოხატვაც კი არ შეიძლებოდა. ახლა  ტაშფანდურა რომ  აქვთ გამართული ციხის წინ და გამოსვლისას ისევ სისულელეებს გაიძახიან, აბა, გაებედათ ანალოგიურის გაკეთება მიშას პერიოდში… გამომსვლელ-დამხვდურებიანად უკან შეაბრუნებდნენ, დასავლეთი კი ხმას არ ამოიღებდა;  ის დასავლეთი, დღეს ფარად რომ ეფარება  ჩვეულებრივ კრიმინალებს, ახლა კი გაირკვა, რომ ეს კრიმინალები ზნეობრივადაც დაცემულეები არიან. ადრე ეშმაკიც ანგელოზი იყო, მერე გახდა ზნედაცემულიო. ესენი კი თითქოს თავიდანვე ასეთები იყვნენ, თითქოს ასეთები გაჩნდნენ და ახლა უნდათ, ქვეყანა  წაგვართვან და ეშმაკს ეშაფოტზე მიართვან.

    საინტერესო, იცით, რა არის? ერთ-ერთმა გათავისუფლებულმა თქვა, ციხის ადმინისტრაციამ მითხრა, ტელევიზორი წაიღე და ამიტომ წამოვიღეო. არადა, მანამდე ამბობდა, ციხის ადმინისტრაციას არაფერს ვუჯერებდი, რასაც მეუბნებოდნენ, პირიქით ვაკეთებდიო. მაშ, რაღა ეს დაუჯერე, რაღა იმაზე დაუქნიე თავი, რაც ხელს გაძლევდა?! გეგონა,  გარეთაც  ყველა შენნაირი იყო და ამის გამო არავინ გაგკიცხავდა?!  რაც ეს ხალხი სოციალურ ქსელებში „აკენწლეს“, დიდხანს ეყოფათ, მაგრამ ვერასდროს ჩამოირეცხავენ იმ სირცხვილს, რომელიც  საოჯახო ტექნიკამ აჭამა. ისიც ითქვა, ტექნიკა შიგნით რომ დაეტოვებინათ, მერე ზედამხედველები გაყიდდნენო. ამაზე დიდ სისულელეს ძნელად თუ მოისმენს კაცი. ჯერ ერთი, ზედამხედველები არ და ვერ გაიტანდნენ ვერც მაცივარს და ვერც ტელევიზორს საკნიდან;  მეორეც, იქიდან თანამშრომლის მიერ ნებისმიერი ნივთის გამოტანას, სამინისტროს თანხმობა უნდა და, როგორ გგონიათ, სამინისტროს მისწერდნენ, პატიმრების ნაყიდი ტელევიზორისა და მაცივრის გარეთ გატანა და გაყიდვა ან შინ წაღება გვინდაო?

    ახლა რომ დაარბენინებთ ამ საოჯახო ტექნიკას ზემოთ-ქვემოთ, ის თუ იცით, რომ მიშას მმართველობის პერიოდში გლდანის ციხეში მაცივარი და ტელევიზორი  არც ერთ კამერაში არიყო, ზონაში 2-3 მაცივარი იდგა დერეფანში, რომლებიც 2-3 ათას ადამიანს ემსახურებოდა? ტელევიზორში  მხოლოდ სამთავრობო არხი იყო ჩართული და ვერაფრით მოახერხებდი სხვა არხის დაჭერას.  პატიმრებს ასმენინებდნენ იმას, რასაც სამთავრობო არხები გადასცემდნენ, და აცხოვრებდნენ სააკაშვილის საქართველოში, იმ საქართველოში, რომელშიც ადამიანის სიცოცხლეს  ფასი არ ჰქონდა, რადგან რეჟიმი კლავდა და ანადგურებდა ყველას, ვინც  არ მოსწონდა, ვინც მათ კახპას ალმაცერად შეხედავდა. ლავრენტი ბერიაზე წერენ, ქალი რომ მოეწონებოდა, მის ქმარს აჭერინებდაო, მაგრამ ამის დამამტკიცებელი სამხილები არ იძებნება. აი, ნაცები რომ აკეთებდნენ იმავეს, ყველამ იცის.  კონკრეტული სახელები და გვარებიც არის ამ ადამიანების. ჰოდა, იმხანად არ აკრიტიკებდნენ ნაციონალებს, იმხანად ევროპისთვის სააკაშვილი დემოკრატიის შუქურა იყო და ახლა, როცა მართლა ყველაფრის უფლება აქვს ოპოზიციას, ახლა გვეჩხუბება და  ამუნათებს ევროპა ხელისუფლებას, არასწორად იქცევითო. სინამდვილეში კი მთავარი „არასწორი ქმედება“ ევროპის დაკრულზე ცეკვაზე უარის თქმაა, ცალ ფეხზე დგომაზე უარის თქმაა, მაგრამ  ამის აღიარება უჭირთ.

    ძალიან ცდილობს ახლა ოპოზიცია და განსაკუთრებით არასამთავრობო სექტორი, რომ როგორმე   ეს საქციელი გაამართლოს. არის მცდელობა, ყველაფერი ციხის ადმინისტრაციას დააბრალონ, დააბრალონ იმას, რომ ბიჭებმა არ იცოდნენ, თორემ შინაგანად ნამდვილი ქველმოქმედები არიან და ამას არ იზამდნენ. ისიც კი თქვეს,  მომავალ კვირაში ამ მაცივარსა და ტელევიზორს რომელიმე ბავშვთა სახლს აჩუქებენო, მაგრამ არ გამოვა მათი გარეცხვა და განწმენდა, აღარ გამოვა. მათ ყველას დაანახვეს, ვინ არიან ისინი  შინაგანად, ვინც რუსთაველზე დგანან და,  მხოლოდ ვადამდელ არჩევნებს კი არა, ხელისუფლების გადაბარებას მოითხოვენ. ჰო, ამათ უნდათ, მართონ ქვეყანა და როგორი მორალი აქვთ, კი ვნახეთ. ისე, როცა ნაციონალები მოვიდნენ ქვეყნის  სათავეში, პირველი, რასაც ეცნენ და შეცვლა დაუწყეს, განათლების სისტემა იყო. დედა ენის გაქრობა უნდოდათ, მერე ბავშვებს დაუწყეს ახსნა, უფროსებს ადგილი არ დაუთმოთ საზოგადოებრივ ტრანსპორტში, რადგან თქვენ ბილეთი გაქვთ და   უნდა ისხდეთო. უფროსების პატივისცემას უკლავდნენ, მხოლოდ „მე, მე“-ს ძახილს ასწავლიდნენ.  ნაწილმა ეს დაიჯერა, აითვისა, გაითავისა და, თუ გგონიათ, რომ ციხიდან გათავისუფლებული ამ ორი პირიდან ან ერთი ხვდება, ან მეორე,  რატომ აკრიტიკებენ და რა გააკეთეს არასწორად, ძალიან ცდებით. ისინი შინაგანად დარწმუნებულნი არიან, რომ მოიქცნენ ისე, როგორც უნდა მოქცეულიყვნენ, როგორც ასწავლეს, როგორც აუხსნეს. მეტიც, ასეთი ყურადღება სიამოვნებთ კიდეც და ტელევიზიებშიც გამოჩნდებიან; ნერვი არ აუტოკდებათ, ისე გააკეთებენ განცხადებებს და გულში მჯიღის ცემით დაიწყებენ მსოფლიოს მოწყობაზე საუბარს და საქართველოს როლზე ამ ყველაფერში.

    ბესო ბარბაქაძე

                                                                                                                   

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here