საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის, გარშემო ატეხილ სკანდალზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ვოლსკიმ განაცხადა, რომ ღარიბაშვილის, ყოფილ მთავარ პროკურორ ფარცხალაძის, საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ უფროს ლილუაშვილისა და სხვა ყოფილ მაღალჩინოსანთა სახლების ჩხრეკა, მათგან ამოღებული 7 მილიონამდე დოლარი, ძვირფასეულობა, მაჯის საათები, ოქროს ზოდები დასტურია იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება კორუფციას ებრძვის.
გაგრძელდება თუ არა კორუფციასთან ბრძოლა, იქნება ეს შერჩევითი სამართალი თუ ყველა კორუფცირებულს შეეხებიან? _ ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე პოლიტოლოგი ჰამლეტ ჭიპაშვილი გვესაუბრება:
_ ვიმედოვნებთ, რომ გამოძიება ყველა კორუფცირებულის კვალს მიაგნებს და „დამაიმედებელი“ განცხადებითაც გაგვახარებს საქართველოს მმართველი პარტიის „წარმატებებზე“ კორუფციასთან ბრძოლაში.
კორუფციაში ეჭვმიტანილებს შესაბამის განაჩენსაც გამოუტანენ და ამით სეირის მაყურებელთა შურისძიების მსგავს სურვილსაც დააკმაყოფილებენ. ცხოვრება კი გაგრძელდება ისე, როგორც იყო დღემდე.
აფორიზმს _ „რასაცა გასცემ, შენია, რაც არა _ დაკარგულია“, ბატონმა ირაკლიმ სიტყვები „არ“ და „თუ” დაუმატა და ეს შინაარსი შესძინა: რასაც არ გასცემ, შენია, თუ გასცემ, დაკარგულია.
ხუმრობა იქით იყოს და, საკუთარ სახლში ყოველდღიურ სახარჯო ფულად ამდენ მილიონი დოლარი რომ გექნება, სახვალიოდ რამდენი უნდა გადაინახო?! გაუჩნდა ქურდობის შანსი და მანაც იქურდა.
ნებისმიერი ნორმალურად მოაზროვნე ადამიანისთვის „ოცნების“ მიერ განხორციელებული ოპერაცია საზარელი, მძიმედ აღსაქმელი უნდა ყოფილიყო, მაგრამ, როდესაც ნორმალური ადამიანის დეფიციტია საქართველოში, აღქმა და შეფასებაც არანორმალურია. ქართველმა საზოგადოებამ მისთვის უკვე ჩვეული სიტყვებით _ „მერე რა“-თი მიიღო მაღალჩინოსანთა ქურდობა და მტკვარივით განაგრძო დინება, ანუ ყოველდღიური ცხოვრება, რომელსაც უფრო არსებობა ჰქვია.
ცხოვრობენ ზემოაღნიშნული ქურდები და ისინი, ვინც ხელისუფლებაში არიან, დანარჩენები სულს ღაფავენ. გასამხნევებლად მათ უმრავლესობა ჰქვია, რომელიც ყოველთვის უმრავლესობა იქნება, უმცირესობის გამო. ეს უმრავლესობა პარლამენტის უმრავლესობას რომ ჰგავდეს, მის ბედს ძაღლი არ დაჰყეფდა.
_ ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის ცხოვრება გაუსაძლისია. არადა, 2012 წელს რა დამაიმედებელ განცხადებებს ვისმენდით მომავალი ხელისუფლების მხრიდან…
_ დღეს დაპირებებსაც აღარ ვისმენთ. როგორც ჩანს, მათაც მობეზრდათ აუსრულებელი დაპირებები და ჩვენც მივხვდით, რომ ლაპარაკის უკან ტყუილი დაპირებები და ფარისევლობა იმალება
„ოცნებას“ მაზოხიზმი რომ არ შეჰყროდა და თავის რიგებში არსებული კორუფცია სააშკარაოზე არ გამოეტანა, ვერ მივხვდებოდით, რომ ამ პარტიასაც ისეთივე მღრღნელები ჰყავს, როგორც წინამორბედ ნაცებს? ამას რა მიხვედრა უნდა, როდესაც მათ მრავალათასიან უძვირფასეს ავტომანქანებს ხედავ ან ქანდაკებებით დამშვენებულ სასახლეებს?! აღარაფერს ვამბობ მათი შვილების უცხოეთის პრესტიჟულ სასწავლებლებში სწავლასა და მშობლების მიერ მათ მონახულებაზე. ამის ერთ-ერთი მაგალითი არ იყო პრემიერ ღარიბაშვილის სამთავრობო თვითმფრინავით ვაჟიშვილის ევროპაში ჩაყვანა, იქიდან კი _ აშშ-ი? იმხანად ხელისუფლების მიმართ ლოიალურად განწყობილმა ტუტუცმა ჟურნალისტებმა გვისაყვედურეს _ რა დაშავდა, ღარიბაშვილმა პირადი საქმისთვის სახელმწიფო თვითმფრინავი ხომ გამოიყენა? ქვეყნის მმართველ პირველ პირს სახელმწიფო საკუთრების საკუთარ თავზე მორგების უფლება აქვსო…
იმხანად ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში შევეკამათე გადაცემის წამყვან ჟურნალისტს, რომელიც მიმტკიცებდა, ღარიბაშვილის მიერ სახელმწიფო თვითმფრინავის საკუთარი საქმისთვის გამოყენება დანაშაული არ არისო. ამას ამბობდა ადამიანი, რომელიც რიგით მოქალაქესთან შედარებით პოლიტიკურ და საზოგადო ცხოვრებაში გათვითცნობიერებულია.
რა მაგალითი არ მოვუყვანე საბჭოური თუ უცხოური ცხოვრებიდან, მაგრამ ვერაფერს გავხდი. ვუთხარი ისიც, რომ გერმანიის ბუნდესტაგის ყოფილ თავმჯდომარეს, ქალბატონ რიტა ზიუსმუტს თანამდებობიდან გათავისუფლებით დაემუქრნენ, როდესაც მან პერსონალურ სახელმწიფო მანქანაში მეუღლე დაიმგზავრა-მეთქი.
როდესაც ღარიბაშვილის ცხოვრებიდან ამ „უმნიშვნელო“ დეტალს არავინ მიაპყრო ყურადღება _ არც ბერმა და არც ერმა, წახალისდა ბატონი ირაკლი სხვა „საგმირო” საქმეების კეთებაში. შედეგი? _ ჩხრეკით გამოვლენილი ქონება.
_ როგორც პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი ამბობს, კორუფციასთან ბრძოლა დაიწყო… საინტერესოა, რამდენი ასეთი „ყოჩაღი“ ბუდობს „ოცნებაში“?
_ იმედია, მალე მათი სახელებიც ცნობილი იქნება. ვაშა კორუფციასთან მებრძოლ „ოცნებას“, რომელმაც სახელმწიფო ქონების მითვისების საქმეში რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია წინამორბედ ნაცებსა და მათ ლიდერ სააკაშვილთან შედარებით, რომელიც „კოსტუმების“ სახელმწიფო ფულით შეძენისა და სხვა „წვრილმანისთვის“ კლინიკა „ვივამედშია“ გამომწყვდეული, თანაც რამდენიმეოთახიანში, გაცილებით დიდსა და კომფორტულში, ვიდრე საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი სარკოზი, რომელსაც პარიზის პრესტიჟულ ციხეში გამოუყვეს 11 კვ.მ საკანი სანიტარული კვანძით, კედელზე ჩამოკიდებული ტელეფონით, პატარა მაცივრით, ტელევიზორით, რომლის ჩასართავად პატიმარმა ყოველდღიურად 14 ევრო უნდა გადაიხადოს!
სარკოზის 5 წლით აღუკვეთეს თავისუფლება იმისთვის, რომ ლიბიის ლიდერმა კადაფიმ 15 მილიონი დოლარი მისცა საარჩევნო კამპანიის დასაფინანსებლად. სარკოზის სახელმწიფო ფული არ გაუფლანგავს.
მსოფლიო პოლიტიკაში უჩვეულო არ არის ქვეყნის არჩეული პირველი პირის ციხეში გამომწყვდევა. ასეთი რამ მოხდა ისრაელში, სამხრეთ კორეაში, პერუში, სხვა ქვეყნებში. საქართველოში ოპოზიცია კი საზოგადოებას უმტკიცებდა, ყოფილ პრეზიდენტს ციხეში არ ამწყვდევენო.
_ დღემდე არავის უთქვამს, რომ ის, რაც საზოგადოებამ ღარიბაშვილისა და მისი გარემოცვის მიმართ იხილა და მოისმინა, ტრაგედიაა…
_ დიახ, ტრაგედიაა ამ რაოდენობის დოლარის, ლარის, ოქროს ზოდის, საათის, ძვირფასეულობის აღმოჩენა ყოფილი პრემიერმინისტრის სახლში.
ნებისმიერი თანამდებობის პირისთვის ამ რაოდენობის ქონების პოვნა ტრაგედიაა, მაგრამ პრემიერმინისტრისთვის _ ათჯერ მეტი. ოპოზიციამ კი ეს ამბავი ტრაგედიად არ აღიქვა. ბესელიას, ხიდაშელის, გიგაურის კომენტარები იყო ასეთი: „ოცნებაში“ განხეთქილებაა, ისინი ჭამენ ერთმანეთს. ივანიშვილი ცდილობს, მოიშოროს მისთვის არასანდო პირები და ა.შ.
არც ერთ მათგანს არ უთქვამს, რა უბედურება ტრიალებს ჩვენს თავს პატარა, სუსტი ეკონომიკის მქონე ქვეყანაში; არ უთქვამს, რომ მაღალი თანამდებობების პირების მიერ დროის მცირე მონაკვეთში მოხვეჭილი სიმდიდრე აჩანაგებს ქვეყანას, მის ბიუჯეტს.
ესოდენ მაღალი დონის კორუფცია ქვეყნის გადაგვარების, სახელმწიფოებრივი სისტემის მოშლის საწინდარია.
იცით, რას ნიშნავს ეს? _ მაღალჩინოსანთა შორის სახელმწიფო საქმის კეთებისას ნაღდი ფულის ტრიალს; ნებისმიერ სამინისტროს პროექტის განსახორციელებლად სახელმწიფო კანცელარიაში ზემდგომთან _ ვიცეპრემიერთან, პრემიერთან ფულის მიტანას. მიმტანი საბიუჯეტო თანხის გამოყოფით უფროა დაინტერესებული, ვიდრე პროექტის განხორციელებით. პროექტისთვის მიღებული დაფინანსებიდან მნიშვნელოვანი თანხა „მოტყდება“ პროექტის გაიაფების ხარჯზე საკუთარი ჯიბისთვის.
„ხელი ხელს ბანს, ორივე _ პირს“. ამ გამოთქმის ცხოვრებაში გატარებასთან გვაქვს საქმე. როდესაც ამგვარ პირისბანას სახელმწიფო სტრუქტურის ყველა საფეხურზე აქვს ფესვი გადგმული, ქვეყნის ეკონომიკურ წარმატებაზე ლაპარაკი, რომელსაც სისტემატურად ვისმენთ პრემიერმინისტრ კობახიძის, მანამდე კი ყოფილ პრემიერმინისტრ ღარიბაშვილის მხრიდან, საზოგადოების მოტყუებაა.
ეკონომიკური წარმატებების შესახებ ზღაპრებს სააკაშვილის მმართველობის პერიოდიდან შეეგუა საზოგადოება, თანაც ისე, რომ ყურადღებასაც არ აქცევს მთავრობის განცხადებებს. მახსოვს, სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ერთ-ერთ ტელეარხზე ხელისუფლების მეხოტბე ეკონომისტს ჰკითხეს: ამდენი ეკონომიკური წარმატება გვქონია და საზოგადოება რატომ ვერ გრძნობს საკუთარ თავზეო? პასუხი იყო ასეთი _ წარმატებების შედეგს ხალხი მომავალში იგრძნობსო. მას შემდეგ 20 წელზე მეტი გავიდა, მაგრამ ვერაფერს ვგრძნობთ.
სააკაშვილი ივანიშვილის ხელისუფლებამ შეცვალა უამრავი დაპირებებით, მაგრამ შედეგს ვერ ვგრძნობთ. „ოცნებამ“ ერთხელ სიბრმავეც დაგვწამა _ ვერ ხედავთ ჩვენ მიერ მოტანილ პროგრესსო. თუ ხალხი „ოცნებელთა“ ფანტასტიკურ კეთილდღეობას ხედავს, საკუთარს რატომ ვერ ამჩნევს? ასეთი არაფერია საქართველოს ბუნებაში და რას დაინახავს?!
„ოცნებამ“ ლამის 14-წლიანი „შრომის“ შედეგად კეთილდღეობა საკუთარ თავს არგუნა, არა მხოლოდ ევროპული ხელფასების დანიშვნით, არამედ ე.წ. ჩრდილოვანი ბუღალტერიით მიღებულით.
_ საჯარო მოხელეებისთვის ხელფასების მომატების განმარტებისას „ოცნებამ“ გვითხრა: ხელფასის მატება განპირობებულია იმით, რომ სახელმწიფო მოხელეს ქრთამზე ხელი არ წაუცდესო…
_ იმთავითვე ნათელი იყო, რომ პრიმიტიულ თავის მართლებასთან გვქონდა საქმე, მაგრამ ხალხის პასუხი მოხვდა „ოცნებელის“ ყურს? რომც მოხვედრილიყო, ვინ შეცვლიდა „ბრძნულ“ გადაწყვეტილებას: პენსიონერს დამატებით 35 ლარი, პარლამენტარს _ 14 000?!
ხელფასების მატებამ სახელმწიფო მოხელეთა ჭამის მადა ვერ მოთოკა. გამოდის, „ექსპერიმენტი“ ჩავარდა და ჩავარდა ექსპერიმენტატორთა სასარგებლოდ.
ერთხელ ჟიული შარტავას ვკითხე, რაიკომის მდივნები ფულს თუ აკეთებდნენ. ჟიული პარტიის ცკ-ის საორგანიზაციო განყოფილების გამგე იყო და რაიკომის მდივნების მუშაობას ხელმძღვანელობდა. „აკეთებენო, _ დამიდასტურა, _ ზოგი მეტს, ზოგი ნაკლებს“. ე.ი., საბჭოური ცხოვრების ჟამსაც „აკეთებდნენ“ ფულს სახელმწიფო და პარტიული ორგანოების მუშაკები, მაგრამ მათ მიერ „გაკეთებული“ ფულის რაოდენობა დამოუკიდებელი, სუვერენული საქართველოს სახელმწიფო მოხელეებს სასაცილოდაც არ ეყოფათ.
იმხანად უცხოურ ვალუტაზე ფიქრიც კი საშიში იყო. დღეს, ღარიბაშვილ-ლილუაშვილ-ფარცხალაძის ისტორიიდან გამომდინარე, „სახარჯო“ ფულად დოლარი ითვლება. რა ლარი, რის ლარი?!
ამას წინათ ჩემს ჭიშკართან „მაზერატის“ ჯიპი გაჩერდა. მილიონი ეღირება-მეთქი ეს მანქანა, _ ჩემთვის ჩავილაპარაკე. საჭესთან მჯდომს ფანჯარა ჰქონდა ჩაწეული, გაიგონა ჩემი ნათქვამი, მანქანიდან გადმოვიდა, ასანთი მთხოვა, თან სიამაყით დასძინა: მილიონი კი არა, მილიონ-ნახევარიო. გასიებული, მრგვალი სახის და ზომაზე მეტად გაზრდილი მუცლის მიხედვით ინტელექტისა არაფერი ეტყობოდა.
გასული საუკუნის 80-იან წლებში რუსმა მწერალმა ასტაფიევმა, რომელმაც საქართველოში იმოგზაურა, გულდათუთქულმა აღწერა ჩვენი იმჟამინდელი ცხოვრება _ ზერელე, ზედაპირული, კოტიტა ხელის თითზე ავტომანქანის გასაღების ტრიალით. მწერალი საქართველოს გმირულ ისტორიას იხსენებდა, რომლის შესახებ ბევრი რამ ჰქონდა წაკითხული, მის ფონზე სავალალო თანამედროვეობა კი სინანულს იწვევდა. საქართველოს მწერალთა კავშირმა დაგმო ასტაფიევის „ანტიქართულობა“ და კრიტიკით გამოვიდა სსრკ მწერალთა ყრილობაზე. არადა, ასტაფიევმა სიმართლე დაწერა. მის ნაწერში არაფერი იყო ანტიქართული. პირიქით _ გულისტკივილი იყო გამოთქმული გმირობის მწვერვალიდან დაშვების გამო.
ზერელეობამ, განუკითხაობამ, ბაქი-ბუქმა არარსებულ წარმატებებზე, კორუფციამ გამოხრა საბჭოთა კავშირი _ მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი სახელმწიფო სისტემა. ანალოგიურ ვითარებასთან ხომ არ გვაქვს საქმე დამოუკიდებელ საქართველოში?!
ამ კითხვას ზურგს უმაგრებს ოპოზიციონერთა განცხადებები „ოცნების“ შიგნით არსებულ დაპირისპირებაზე. პატივცემულებო, „ოცნება“ მმართველი პარტიაა, მასში არსებული კორუფცია კი _ ქვეყანაში არსებულის გამომხატველი, რომელიც არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ ქვეყნის ტრაგედიაა.
ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი







