ტრამპის თეთრი ალამი

    16 ოქტომბერს გაიმართა სატელეფონო საუბარი ვლადიმერ პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის. ამ დიალოგს უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა, ვინაიდან იგი ტრამპისა და ზელენსკის შეხვრდრის წინა დღეს შედგა. ეს არ იყო დამთხვევა. ეს საუბარი აუცილებლობით იყო ნაკარნახები, ვინაიდან ტრამპი მზად იყო, ზელენსკისთან ერთად განეხილა უკრაინისთვის ფრთოსანი რაკეტა „ტომაჰავკების“ გადაცემის საკითხი, რომელიც მესამე მსოფლიო ომისკენ გადადგმული სერიოზული ნაბიჯი იქნებოდა.

    სატელეფონო საუბრისას პუტინმა, როგორც ჩანს,  მოახერხა ტრამპისთვის გასაგებად აეხსნა  ამგვარი გადაწყვეტილების მიღების დაუშვებლობა. ამის შემდეგ ტრამპმა ზელენსკისთვის ადრე მიცემული პირობის შესრულებაზე უარი თქვა, მაგრამ  იქამდე ორჭოფულად ლაპარაკობდა: „უკრაინა მეკითხებოდა, შეეძლოთ თუ არა მათ „ტომაჰავკების“ მიღება. მე განვიხილავ ამ ვარიანტს”. ეს იყო პუტინთან სატელეფონო დიალოგამდე. ამის შემდეგ, უკვე ზელენსკისთან შეხვედრისას, მოჭრით განაცხადა: „ტომაჰავკები“ ჩვენ თვითონ გვჭირდება”. ეს განცხადება პუტინის მიერ სატელეფონო დიალოგში მისთვის ნათქვამი ერთი წინადადების გათვალისწინების შედეგი იყო. პუტინმა მას უთხრა, რომ უკრაინისთვის „ტომაჰავკების“ მიწოდება უკიდურესად დააზიანებდა რუსეთისა და აშშ-ის ურთიერთობას. სატელეფონო საუბრისას  შეხვედრის შესახებ შეთანხმებაც შედგა და ადგილიც მოინიშნა – უნგრეთი, თუმცა ზუსტი დრო არ ყოფილა დათქმული, რადგან ამ მასშტაბის შეხვედრებს, რა თქმა უნდა, დიდი და სერიოზული მომზადება სჭირდება. დაიწყო შეხვედრისთვის მზადება, რომელშიც უნგრეთის პრემიერმინისტრი ვიქტორ ორბანიც  ჩაერთო. სულ მალე ეს შეხვედრა ეჭვქვეშ დადგა.

    შეხვედრის ჩაშლა შემთხვევით არ მომხდარა. ამის მისაღწევად სერიოზული ძალები ამუშავდნენ. ამაზე მეტყველებს განცხადებები, რომლებსაც თუნდაც ევროკავშირის მაღალი ჩინები აკეთებენ. ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი არ მიიჩნევს რუსეთის პრეზიდენტის ვიზიტს უნგრეთში მიზანშეწონილად იმის გათვალისწინებით, რომ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს მიერ ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერია გაცემული. ამის შესახებ კალასმა განაცხადა ლუქსემბურგში ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე. „საკითხავია, გამოიღებს თუ არა ეს რაიმე შედეგს?“ – მის უარყოფით დამოკიდებულებას ორი ზესახელმწიფოს ლიდერის შეხვედრაზე კალასმა შეკითხვის ფორმა მისცა, რომლის შესახებ ვიდეომასალას Reuters-ი ავრცელებს. ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელი მიესალმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ძალისხმევას მშვიდობის მიღწევის მიმართულებით, თუმცა იქვე დასძინა, რომ რუსეთის ქმედებებში ისინი მშვიდობის დამყარების სურვილს ვერ ხედავენ. კალასმა ასევე განაცხადა, რომ ამ კვირაში მიიღებენ მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების მეცხრამეტე პაკეტს. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟანნოელ ბარონმა აღნიშნა, რომ სანქციების ახალი პაკეტი მიმართული იქნება რუსეთის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ. მინისტრმა ასევე ისაუბრა ბუდაპეშტში დაგეგმილ შეხვედრაზე აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის: „ვლადიმერ პუტინის ყოფნას ევროკავშირის ტერიტორიაზე აზრი მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება, თუ ეს გამოიწვევს დაუყოვნებელ ცეცხლის შეწყვეტას   ყოველგვარი წინაპირობის გარეშე“, – განაცხადა ბარონმა.

    შეხვედრის წინააღმდეგ მიმართულ ამ განცხადებებში ევროპის გააფთრებული ბრძოლა ჩანს, მაგრამ საიდან მოდის ეს განწყობა, ვინ დგას მის უკან და რა მიზანს ისახავს ეს ყველაფერი? ეს არსებითი ხასიათის შეკითხვაა, ვინაიდან ფიქრი იმაზე, რომ ეს ევროპული სულისკვეთებაა, სწორი ვერ იქნება თუნდაც იმ მიზეზის გამო, რომ დღევანდელი ევროპა დამოუკიდებელი პოლიტიკური და გეოპოლიტიკური სუბიექტი არ არის. იგი არ არის ინდივიდუალური მოთამაშე. ეს ახალი ამბავი არ არის. დიდი ხანია, რაც ევროპა ამერიკული ჰეგემონიზმის მძევალია. ასე იყო მთელი მეოცე საუკუნის განმავლობაში. ორივე მსოფლიო ომში, სადაც ომის თეატრი ევროპის კონტინენტი იყო, დირიჟორის როლში აშშ გვევლინებოდა. აშშ იყო წამქეზებელიც, დამფინანსებელიც და შემაიარაღებელიც გერმანული ფაშიზმისა, რომელიც საბჭოთა კავშირისა და სოციალისტური სისტემის წინააღმდეგ საბრძოლველად შექმნეს და გამოიყენეს, მაგრამ სტალინის გენიისა და საბჭოთა ხალხის სიმტკიცის წინაშე, როგორც იტყვიან, კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ. ერთადერთი ომი, რომელშიც მათ გამარჯვებას მიაღწიეს,  ე.წ. ცივი ომია, რომელიც საბჭოთა ხელისუფლებაში დასავლური აგენტურის მოყვანის ვითარებაში მიმდინარეობდა დ, აქედან გამომდინარე, ლოგიკური შედეგით ანუ საბჭოთა კავშირის სრული კრახით დასრულდა. ამერიკული ჰეგემონიის იდეა ახლაც მტკიცე რუსულ ნებას წააწყდა და, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის სათავეში არამხოლოდ თავიანთი აგენტი, არამედ ფაშისტური ევროპის სულიერი და იდეოლოგიური მემკვიდრე ჰყავთ ნეოფაშისტ ზელენსკისა და მისი ხროვის სახით, გამარჯვებას ისევე ვერ აღწევენ, როგორც საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ წარმოებულ ყველაზე სისხლისმღვრელ ომში ვერ მიაღწიეს;  ვერ აღწევენ და ვერც მიაღწევენ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ რეალობას გააცნობიერებენ, იარაღს (ფულსაც) დაყრიან და მშვიდობიან თანაარსებობაზე იფიქრებენ. არავითარ შემთხვევაში!  ბოლომდე იბრძოლებენ, რადგან მოგებას, მოგებაში კი არა, სწორედ ამ ბრძოლაში ხედავენ. ზელენსკის ფაშისტური რეჟიმის გაუთავებელი დაფინანსება კოლოსალურ თანხებში ბინძური ხელის ფათურის საშუალებაა, რომელიც კორუფციული ცნობიერებისთვის ისე მიმზიდველია, რომ მის დაკარგვას ვერაფრით შეეგუებიან. ამერიკული ჰეგემონიზმის იდეაზე მაღლა მათთვის კორუფციული გარემო და ვითარება დგას, რომელიც სწორედ ჰეგემონიზმის იდეაზეა დამყნობილი და ეს ნამყენი არ ემეტებათ. ეს „დიფ სთეითი“ და გლობალური ომის პარტიაა,   ტკიპასავით რომ მიწებებია და შეზრდილა აშშ-ის ტრილიონიან სამხედრო ბიუჯეტთან. „დიფ სთეითია“ ისიც, ვინც ჩვენ ევროკავშირის ბიუროკრატიად მიგვაჩნია. ამერიკული „დიფ სთეითი“ საერთაშორისო მასშტაბისაა და მას ყველგან აქვს საცეცები, მათ შორის – რუსეთშიც კი. „დიფ სთეითს“ ყველაზე მეტად ომის შეჩერების იდეა აშინებს და აწუხებს. იგი ტრამპს მისთვის ყველაზე მეტად საშინელი ამ ჩანაფიქრის გამო უპირისპირდება. ვერ ვიტყვი, რომ ისინი გლობალური ომის სურვილით იწვიან, მაგრამ, ლოკალური ომების კერების შესანარჩუნებლად რომ არიან მომართულნი, ფაქტია. მათ იმედი აქვთ, რომ ბირთვული კატასტროფის თავიდან აცილებას ყოველთვის შეძლებენ, ლოკალური ომების ხანგრძლივად შენარჩუნების ვითარებაშიც კი. ეს იმდენად სარფიანი საქმეა, რომ ნორმალური ცნობიერებისთვის მისი მასშტაბების გათვალისწინება შეუძლებელია.

    ამიტომ ისე არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ ვიღაცას (ამ კონკრეტულ შემთხვევაში აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპს) სურს ომის შეჩერება და უკრაინის კრიზისის მოგვარება, მაგრამ ამ საქმეს ხელს უშლის ობიექტური რეალობა. არა, ამ საქმეს, პირველ რიგში, სუბიექტური ვნებები ეღობება თვითონ აშშ-ში. „დიფ სთეითს“, როგორც უკვე ვთქვი, ღრმად  აქვს ფესვი გადგმული ამერიკის გარეთაც, პირველ რიგში, ევროკავშირსა და ევროპულ სახელმწიფოებში. მათ ყველაფერი იღონეს იმისთვის, რომ პუტინისა და ტრამპის მიერ უნგრეთში ჩანიშნული შეხვედრა ჩაეშალათ. მათ ტრამპი აიძულეს,  დანებების ნიშნად თეთრი ალამი აეწია: „შეხვედრას შეხვედრისთვის აზრი არ აქვს. უსარგებლოდ დროის ფლანგვა არ მსურს!” – განაცხადა მან.

    ახლა იმასაც ამბობენ, რომ ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის დაგეგმილი შეხვედრა მოსკოვის უკომპრომისო პოზიციის გამო გადაიდო. ლაპარაკია იმაზე, რომ მოსკოვი უპირობოდ ცეცხლის შეწყვეტის შემოთავაზებას არ დათანხმდება. საკითხის საფუძვლიან განხილვას კი, „ომის პირველადი მიზეზების მოხსნას” (როგორც პუტინი უწოდებს)  დასავლური მხარე გაურბის, ვინაიდან ამ მიზეზების შენარჩუნება სურთ, ანუ საკითხის გადასაწყვეტად მზად არ არიან „დიფ სთეითის“ პოზიციების გათვალისწინების გარეშეც. დაუმატეთ ამას „დიფ სთეითის“ პოზიციაც და მიიღებთ სრულ სურათს: ტრამპის დეკლარირებული პოზიცია ომის შეწყვეტაზე, როგორც ობიექტურ, ასევე სუბიექტურ წინააღმდეგობას თვით დასავლეთში აწყდება. ტრამპმა თეთრი ალამი, პუტინის წინაშე კი არა, პირველ რიგში, დიფ სთეითის წინაშე აწია. რუსეთისთვის კი ტრამპის თეთრ ალამზე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი „დიფ სთეითისა“ და ამერიკული ჰეგემონიის მიერ აწეული თეთრი ალამია. ეს კი მხოლოდ სატელეფონო დიალოგებითა და შეხვედრების ორგანიზებით ვერ მოხდება, თუ იგი შესაბამისი სამხედრო შემადგენელითაც არ იქნება განმტკიცებული, ამიტომაც 22 ოქტომბერს რუსეთში ვლადიმრ პუტინის მეთაურობით სტრატეგიული ბირთვული ძალების წვრთნები ჩატარდა, რომელიც დროში ზუსტად დაემთხვა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან უნგრეთში შეხვედრის გაურკვეველი ვადით გადადებას. წვრთნების მიმდინარეობისას გამოიყენეს ბირთვული ტრიადის ყველა კომპონენტი. გამოსცადეს „იარსის” ტიპის საკონტინენტთაშორისო რაკეტა პლესეცკის ბაზიდან, ბარენცის ზღვაში გაუშვეს „სინევას” ტიპის საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა წყალქვეშა ნავი „ბრიანსკიდან. ასევე, გამოიყენეს Ту-95-ის ტიპის სტრატეგიული ბომბდამშენებიც, რომლებმაც შორი მანძილის ფრთოსანი რაკეტები გამოცადეს. რუსეთის გენშტაბის მეთაურმა ვალერი გერასიმოვმა პუტინს მოახსენა, რომ წვრთნების მიზანი იყო “ბირთვული იარაღის გამოყენების ავტორიზაციის პროცესის” სიმულაცია. პუტინის თქმით, სამხედრო მანევრები წინასწარ დაგეგმილი იყო, თუმცა ეს წვრთნები რამდენიმე საათის შემდეგ ჩატარდა მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ პუტინთან ბუდაპეშტში დაგეგმილი შეხვედრა დროებით გადაიდო.

    აი, ასე.

    „დიფ სთეითი“ ფორმაშია, ტრამპი ერთდროულად ცდილობს „დიფ სთეითის“, რუსეთის, ჩინეთისა და ევროკავშირის დამარცხებას, პუტინი კი ნელა, მაგრამ თანაბრად და დამაჯერებლად, მიიწევს კიევის მიმართულებით, რომლის თავზეც ჯერჯერობით რუსეთის დროშა არა, მაგრამ ტრამპის პაწია თეთრი ალამი უკვე აფრიალდა.

    ვალერი კვარაცხელია

                                                                                               

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here