კარი გამიღეთ, ომი ვარ!

    კარი გამიღეთ, ომი ვარ!

    კარი გამიღეთ, ომი ვარ!

    „აღვსილნი არიან ყოველგვარი უმართლობით, ბოროტებით, ანგარებითა და სიავით, სავსენი შურით, მკვლელობით, შუღლით, ვერაგობით, უზნეობითა და მაბეზღრობით. ცილისმწამებელნი, ღმერთის მოძულენი, შეურაცხმყოფელნი, ამპარტავანნი, მკვეხარნი, ბოროტგანმზრახველნი, მშობლების ურჩნი, უგუნურნი, ვერაგნი, არასანდონი, არამოყვარულნი და ულმობელნი.” ეს ბიბლიაა (რომაელთა 1:29-31). ამ ტექსტში ორი ათას წელზე მეტი ხნის წინანდელ ადამიანზეა საუბარი. იქნებ იმ დისტანციიდანაც ჩანდა დღევანდელი ადამიანიც, რომელიც აღჭურვილია კომპიუტერით, მობილური ტელეფონით, ბირთვული შეიარაღებითდა ჰიპერბგერითი რაკეტებით, მაგრამ ზნეობის თვალსაზრისით, სამწუხაროდ, ისეთივე დარჩა, როგორიც ბიბლიაშია აღწერილი? სიძულვილმა დარია ხელი კაცობრიობას. სიძულვილმა მოიცვა ყველა და ყველაფერი და პლანეტა გაიჟღინთა სიძულვილით.

    დიდი ხანია, იზილება სიძულვილის ცომი. საჭირო დროს სიძულვილის ობიექტსაც პოულობენ და სიძულვილის სუბიექტებიც გამოჩნდებიან. ისტორიამ იცის ხალხების დევნის კლასიკური მაგალითები: ებრაელთა დევნა უძველეს დროში; ქრისტიანების დევნა ძველ რომში; ევროპელთა მიერ ინდიელების დევნა ამერიკის კონტინენტზე; გერმანელი ფაშისტების მიერ ებრაელთა დევნა და სხვა ფაქტები, რომლებიც შემზარავია არამხოლოდ სისასტიკით, არამედ მიდგომით. ეთნიკური, რასობრივი, რელიგიური ნიშნით ხალხების დევნა დანაშაულის ის სახეა, რომელსაც საერთოდ არ უნდა ეარსება. ყოველ შემთხვევაში, იმ ეპოქაში მაინც არ უნდა გადმოსულიყო, რომელსაც ცივილიზაციაზე პრეტენზია გააჩნია. სინამდვილეში კი რას ვხედავთ? „ცივილიზებულმა ევროპამ” ჯერ ინდიელებს მოუწყო გენოციდი, შემდეგ კაცობრიობას ორი მსოფლიო ომი აჩუქა და მისი ეს „ჰუმანური” პოლიტიკა ებრაელთა ახალი დროის დევნით ანუ ე.წ. ჰოლოკოსტით დააგვირგვინა. მას შემდეგ თითქმის საუკუნე გავიდა, მაგრამ კოლექტიურმა დასავლეთმა ეროვნული ნიშნით სიძულვილსა და დევნაზე არათუ უარი არ თქვა, ის ახალ სიმაღლეზეც აიყვანა; მეოცე საუკუნის ანტისემიტიზმი ოცდამეერთე საუკუნის რუსოფობიით ჩაანაცვლა და მთელი ძალისხმევა ამ მიმართულების დამუშავებისკენ მიმართა. ამას ისეთი მასშტაბები მისცა, რომ პლანეტა მესამე მსოფლიო ომის რეალური საფრთხის წინაშე დააყენა.

    უკრაინა დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ ორგანიზებული დიდი პროვოკაციის მსხვერპლია. მას შემდეგ, რაც ამერიკელებმა რამდენიმეჯერ მოაწყვეს სახელმწიფო გადატრიალება, რომელსაც ხან ნარინჯისფერი, ხან მაიდნის რევოლუცია უწოდეს, უკრაინის ხელისუფლებაში საკუთარი აგენტურა საბოლოოდ განამტკიცეს. მათ იდეოლოგიად რუსოფობია, სამოქმედო პროგრამად კი დასავლეთის სამსახურში ყოფნა და რუსეთის წინააღმდეგ ომი დაუსახეს.

    ტრამპი „დიფ სთეითს“ „ებრძვის” და გაიძახის: „მე რომ ვყოფილიყავი პრეზიდენტი, უკრაინაში ომი არ დაიწყებოდა!” ტრამპის ეს ნათქვამი პირდაპირი დადასტურებაა იმისა, რომ უკრაინაში ომის დაწყება ამერიკელთა არასწორი მოქმედების ბრალია, მაგრამ მას ღრმა ანალიზის კეთებისთვის არ სცალია. ტრამპი იმასაც ამტკიცებს, რომ უკრაინაში ომის დამთავრებისთვის ყველაფერს აკეთებს, თუმცა სიტყვა ერთია, საქმე კი – მეორე. რაც შეეხება ნათქვამს, ფაქტია, რომ ტრამპი ხან ერთს ამბობს და ხან – მეორეს, მაგრამ, რაც შეეხება კეთებას, აქ ასე თვალშისაცემ გაორებასთან არ უნდა გვქონდეს საქმე. ტრამპი ყველაფერს აკეთებს ისე, როგორც „დიფ სთეითი“ გეგმავდა და აკეთებდა. გამოდის, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, რომელიც ცალი ხელით თითქოს ებრძვის „დიფ სთეითს“, მეორე ხელით ემსახურება მას. სხვა რა შეფასება მივცეთ თუნდაც იმას, რასაც ტრამპი ჟურნალისტების წინაშე აცხადებს: „შემიძლია ვუთხრა პუტინს: მისმინეთ, თუ ეს ომი არ დასრულდება, შემიძლია მათ „ტომაჰავკები“ გავუგზავნო. რუსეთს ეს არ სჭირდება. უნდათ რომ მათი მიმართულებით „ტომაჰავკებმა“ იფრინონ? არა მგონია!“

    ეს უკვე ახალი, ჭეშმარიტად „დიფ სთეითური“ სიტყვა და საქმეა, თუმცა არა, ჯერ მხოლოდ სიტყვაა და არ ვიცით, იქცევა თუ არა იგი საქმედ. ტრამპის თქმით, ეს ყველაფერი მან უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებში განიხილა.

    მანამდე ვაშინგტონში განაცხადეს, რომ უკრაინისთვის „ტომაჰავკების“ გადაცემის შესაძლებლობას განიხილავენ. ამ რაკეტების ფრენის სიშორე 2 400 კილომეტრს აღემატება. რუსეთში ამას კონფლიქტის ესკალაცია უწოდეს და აღნიშნეს, რომ რაკეტების მიწოდება მოსკოვისა და ვაშინგტონის ურთიერთობებს დაანგრევს.

    მოსკოვში ასე კი თქვეს, მაგრამ აქ საქმე მხოლოდ ურთიერთობების დანგრევაში არ არის. უკრაინელი გიჟებისთვის „ტომაჰავკების“ გადაცემა ძალიან ზრდის მსოფლიო ომის რისკს. დააკვირდით, რა პროცესთან გვაქვს საქმე: „ტომაჰავკები“ ის რაკეტებია, რომლებიც, შესაძლებელია, ჩვეულებრივი აღჭურვითაც იყოს და ბირთვული აღჭურვითაც. როდესაც იგი ჩვეულებრივი აღჭურვითაა, განსაკუთრებულ საფრთხეს არ ქმნის, მაგრამ, როდესაც ბირთვული აღჭურვითაა, ეს უკვე თვისებრივად ცვლის ვითარებას, არა მხოლოდ იმით, რომ დიდი ზიანის გამოწვევა შეუძლია, არამედ იმით, რომ ბირთვული თავდასხმის შესაბამისი პასუხის გაცემის აუცილებლობას იწვევს. როდესაც ბირთვული სახელმწიფოკენ ტომაჰავკიგაფრინდება, თუნდაც იგი ბირთვული მუხტით აღჭურვილი არ იყოს, ავტომატურად ირთვება შესაბამისი (ბირთვული) პასუხის მექანიზმი, რადგან მოპასუხე მხარეს არავითარი გარანტია არ ექნება იმისა, რომ იგი ბირთვული მუხტით აღჭურვილი არ არის. ამერიკელებმა „ტომაჰავკები“ იუგოსლავიის, ერაყისა და ლიბიის წინააღმდეგაც გამოიყენეს, მაგრამ, რაკი ამ სახელმწიფოებს ბირთვული იარაღი არ ჰქონდათ, პასუხი ვერც ერთ შემთხვევაში ბირთვული ვერ იქნებოდა. ბირთვული სახელმწიფოს წინააღმდეგ ბირთვული შესაძლებლობის მქონე რაკეტების გამოყენება უკვე ბირთვული ომის დაწყებას ნიშნავს, მიუხედავად იმისა, აღჭურვილია თუ არა ეს რაკეტა ბირთვული მუხტით და პროგრამით. როდესაც პუტინს უკრაინისთვის „ტომაჰავკების“ გადაცემის შესახებ ჰკითხეს, მან თქვა, რომ ეს ბრძოლის ველზე ვითარებას ვერ შეცვლის. მან, რა თქმა უნდა, იგულისხმა ჩვეულებრივი აღჭურვის „ტომაჰავკები“, მაგრამ რუსეთის თავდაცვის რადარები როგორც კი გააცნობიერებენ, რომ რუსეთის მიმართულებით ბირთვული პოტენციალის მქონე რაკეტაა გამოშვებული, ავტომატურ რეჟიმში ამოქმედდება საპასუხო მექანიზმი. ამ კონკრეტულ შემთხვევაში გათვალისწინებული იქნება ის ფაქტორიც, რომ „ტომაჰავკების“ გაშვება უკრაინის ტერიტორიიდან მხოლოდ ამერიკელ სპეციალისტებს შეუძლიათ. რა შეიძლება დავარქვათ ამგვარ ვითარებას თუ არა ბირთვული ომის დაწყება? ახლა ერთი საკითხიც განვიხილოთ: „ტომაჰავკები“ ძვირადღირებული რაკეტებია. ჩვეულებრივი აღჭურვით მისი გამოყენება აზრს არის მოკლებული, რადგან ასეთ შემთხვევაში ხარჯი დიდია, ეფექტი კი – ნაკლები. ეს რაკეტები მხოლოდ ბირთვული შესრულებითაა ეფექტიანი, მაგრამ ამერიკელები ბირთვულ ომს თუ არ გეგმავენ, მაშ, რა საჭიროა უკრაინისთვის ამ ტიპის რაკეტების გადაცემა? ამას მხოლოდ დიდი პროვოკაციის მიზანი თუ ექნება, სხვა ახსნა ტრამპის ამ საქციელს ვერ მოეძებნება. მაგრამ რუსეთის წინააღმდეგ ბირთვული პროვოკაცია სრული სიგიჟე არ არის? რა თქმა უნდა, სრული სიგიჟეა!

    15 ოქტომბერს ნატოს გენერალურ მდივან მარკ რიუტეს ჰკითხეს, უჭერს თუ არა მხარს შეერთებული შტატების მიერ „ტომაჰავკის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტების უკრაინისათვის მიწოდებას. მისი პასუხი ასეთი იყო: „ამ საკითხში არ ჩავერევი, რადგან ეს თითოეულ ცალკეულ მოკავშირეზეა დამოკიდებული. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას ყველგან, სადაც შეგვიძლია. მე პირადად კონტაქტზე ვარ პრეზიდენტ ზელენსკისთან და პრეზიდენტ ტრამპთან, ამიტომ ვფიქრობ, ძალიან კარგია, რომ ეს შეხვედრა პარასკევს შედგება. რადგან საბოლოოდ ჩვენ უნდა მივაღწიოთ იმას, რომ პუტინი მოლაპარაკებების მაგიდასთან აღმოჩნდეს, დაიწყოს შინაარსობრივი მოლაპარაკებები და შეწყვიტოს ეს საშინელი ომი“.

    როდესაც ტრამპი ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს (სავარაუდოდ – 17 ოქტომბერს, ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ), სტატია უკვე გამოქვეყნებული იქნება. მე წინასწარ არ შემიძლია ვთქვა, როგორ ჩამოყალიბდება ბატონი ტრამპი, მაგრამ, მიუხედავად იმისა, როგორი იქნება მისი გადაწყვეტილება, ფაქტია, რომ მსოფლიო კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა გლობალურ ომს.

    ვალერი კვარაცხელია

    P. S. 16 ოქტომბერს, როდესაც სტატია უკვე რედაქციაში მქონდა გაგზავნილი, Financial Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომელშიც ვკითხულობთ: აშშ დაეხმარება უკრაინელ სამხედროებს ფრთოსანი რაკეტა ტომაჰავკების მართვაში, თუკი მათი მიწოდების შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იქნება. ეს უკვე ამერიკელებისდა ნატოს ღია ომია რუსეთთან ანუ მესამე მსოფლიო ომია, რომელიც კარზე აკაკუნებს.

    – რომელი ხარ? – გასძახებს მას, ალბათ, დედამიწის მეციხოვნე.

    – კარი გამიღეთ, ომი ვარ! – იქნება შემზარავი პასუხი.

    ვ. კ.

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here