2025 წლის 15 აგვისტო. ალასკა. ორი ზესახელმწიფოს (აშშ და რუსეთი) ლიდერების, ტრამპისა და პუტინის შეხვედრა. ამ შეხვედრას (ჯერ კიდევ შეხვედრამდე) ისტორიულს უწოდებდნენ მსოფლიოს მედიასაშუალებები, მიუხედავად იმისა, რომ არავინ იცოდა, რა შედეგებით დასრულდებოდა. შედეგები დღესაც არ არის ბოლომდე გააზრებული, თუმცა ცნობილია შეხვედრის მთავარ აქტორთა კმაყოფილი განწყობა, რომელიც შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ მათ პრესკონფერენციაზე გამოჩნდა.
რუსეთის პრეზიდენტმა ასე დაიწყო: „ჩვენი მოლაპარაკება, რომელმაც კონსტრუქციულ და ურთიერთპატივისცემის ატმოსფეროში ჩაიარა, იყო საფუძვლიანი და სასარგებლო. მსურს, კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა ჩემს ამერიკელ კოლეგას შემოთავაზებისთვის, რომ ჩამოვსულიყავი ალასკაზე… ჩვენ ოკეანეები გვყოფენ, მაგრამ სინამდვილეში მეზობლები ვართ”.
გარკვეულ საკითხებზე საუბრის შემდეგ პუტინმა ასე განაგრძო: „ჩვენ ვხედავთ აშშ-ის ადმინისტრაციისა და პირადად პრეზიდენტ ტრამპის მისწრაფებას, წვლილი შეიტანოს უკრაინის კონფლიქტის გადაჭრაში, მის სურვილს, ჩასწვდეს პრობლემის არსს და გაიგოს გამომწვევი მიზეზები. მე არაერთხელ მითქვამს, რომ რუსეთისთვის უკრაინის მოვლენები დაკავშირებულია ფუნდამენტურ საფრთხეებთან, რომლებიც ჩვენს ეროვნულ დაცულობას ექმნება. ჩვენი ქვეყანა გულწრფელად არის დაინტერესებული, რომ ეს დასრულდეს, მაგრამ, ამასთანავე, ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ უკრაინის კონფლიქტის დარეგულირებას უნდა ჰქონდეს მტკიცე და ხანგრძლივი ხასიათი; უნდა ამოიწუროს კრიზისის პირველსაწყისები, გათვალისწინებული უნდა იქნას რუსეთის ყველა კანონიერი შეშფოთება, უნდა აღდგეს სამართლიანი ბალანსი ევროპისა და მთელი მსოფლიოს უსაფრთხოების სფეროში… რუსეთისა და აშშ-ის საქმიან და საინვესტიციო პარტნიორობას აქვს უდიდესი პოტენციალი. რუსეთსა და აშშ-ს აქვთ ის, რისი შეთავაზებაც შეუძლიათ ერთმანეთისთვის ვაჭრობაში, ეკონომიკაში, ციფრულ სფეროში, მაღალი ტექნოლოგიებისა და კოსმოსის ათვისებაში”.
ამის შემდეგ პუტინი გაკვრით შეეხო, ჩემი აზრით, უმთავრეს საკითხს: „აქტუალური მეჩვენება ურთიერთქმედება არქტიკაში, რეგიონთაშორისი კონტაქტების აღდგენა, მათ შორის ჩვენს შორეულ აღმოსავლეთსა და ამერიკის დასავლეთ სანაპიროს შორის”. არქტიკის თემაზე ყურადღებას ნაკლებად ამახვილებენ, მაგრამ ორივე ზესახელმწიფოსთვის ამ საკითხს არანაკლები მნიშვნელობა აქვს, ვიდრე უკრაინის, კავკასიის ან ახლო აღმოსავლეთის თემებს.
აქ პრეზიდენტმა პუტინმა მსჯელობაში ერთგვარი მხატვრული ელემენტი შემოიტანა: „ჩვენი ქვეყნებისთვის მნიშვნელოვანია, გადაფურცლონ გვერდი და დაუბრუნდნენ თანამშრომლობას. სიმბოლურია, რომ აქედან ახლოს, რუსეთისა და აშშ-ის საზღვართან გადის ე.წ. თარიღის ჩანაცვლების ზოლი, სადაც შესაძლებელია ნაბიჯის გადადგმით უკან მოიტოვო „გუშინ” და გადახვიდე განზომილებაში „ხვალ”. იმედი მაქვს, რომ ჩვენ ეს პოლიტიკურ ცხოვრებაშიც გამოგვივა. იმედი მაქვს, რომ დღევანდელი შეთანხმებები იქცევა არამხოლოდ უკრაინული პრობლემის გადაჭრის საყრდენ წერტილად, არამედ საფუძვლად დაედება რუსეთსა და აშშ-ს შორის საქმიანი, პრაგმატული ურთიერთობის აღდგენასაც”.
დასასრულ, პუტინმა ერთი მნიშვნელოვანი წინადადებაც დაამატა: „დღეს ჩვენ გვესმის პრეზიდენტ ტრამპის ნათქვამი: პრეზიდენტი მე რომ ვყოფილიყავი, ომი არ იქნებოდა. ვფიქრობ, რომ ეს სწორია. მე ვადასტურებ ამას”.
პუტინის მიერ ანკორიჯში წარმოთქმული სიტყვის ამ ამონარიდებიდანაც ჩანს, რომ უმაღლეს დონეზე შეხვედრა წარმატებული იყო. სხვათა შორის, არა მხოლოდ პუტინისთვის, არამედ ტრამპისთვისაც. ამას ტრამპის მიერ წარმოთქმული სიტყვაც ადასტურებს, რომლიდანაც რამდენიმე ამონარიდს შემოგთავაზებთ: „გმადლობთ, ბატონო პრეზიდენტო. ეს ძალიან ღრმა გამოსვლა იყო… თქვენ ჩვენთან მუშაობა თუ გსურთ, ჩვენ ამას მოუთმენლად ველით. ჩვენ მოუთმენლად ველით ერთობლივ მუშაობას. ჩვენ გვსურს ამ კონფლიქტის სწრაფად დასრულება… დღეს ჩვენ არსებით პროგრესს მივაღწიეთ… პრეზიდენტ პუტინთან ჩვენ კარგი დამოკიდებულება გვაქვს. ვლადიმერ ვლადიმერის ძესთან ჩვენ ბევრი რთული, კარგი შეხვედრა ჩავატარეთ… ჩვენ ვიცით, რომ რუსეთის ჩარევა ამერიკის არჩევნებში „ფეიკია…” იმედი მაქვს, რომ ჩვენ მალე შევხვდებით. მადლობელი ვარ თქვენი, ბატონო პრეზიდენტო!”

რაც შეეხება დასავლურ პრესას, შეხვედრის შემდეგ მათი უმრავლესობა პუტინის გამარჯვებაზე საუბრობს. ბრიტანული გამოცემა The Economist-ი წერს: „მას შემდეგ, რაც ვლადიმერ პუტინი თვითმფრინავიდან ჩამოვიდა და წითელ ხალიჩას, რომელიც ასაფრენ-დასაფრენ ზოლზე იყო დაგებული, ფეხით შეეხო, მისი ვიზიტი ალასკაზე იქცა ტრიუმფად. დონალდ ტრამპი მას აპლოდისმენტებით შეხვდა. შეხვედრამ ელმენდორფ-რიჩარდსონის სამხედრო ბაზაზე ანკორიჯიში პუტინი გარიყული ლიდერიდან ამერიკის საპატიო სტუმრად გადააქცია”. ამ გამონათქვამს თითქოს კვერს უკრავს ესპანური El Pais-ი: „პუტინმა ამ შეხვედრით მიიღო ის, რაც სურდა – გულთბილი დახვედრა და პატივი უძლიერესი სახელმწიფოს ლიდერისგან, თანაც ყველაფერი ეს პუტინის მხრიდან რამე მნიშვნელოვანი დათმობის გარეშე”. ფრანგული გაზეთი Le Monde კი, ყოველგვარი რევერანსების გარეშე შეხვედრას ალასკაზე „დონალდ ტრამპის აშკარა ჩაფლავებას” უწოდებს.
ამ ფონზე უცნაურია ყველასგან უარყოფილი და მიტოვებული ევროპული სახელმწიფოების ლიდერთა ერთობლივი განცხადება, რომელიც მათ ალასკაზე შეხვედრის შემდეგ გამოაქვეყნეს: „ჩვენ ვაცხადებთ, რომ უკრაინას უნდა ჰქონდეს უსაფრთხოების მყარი გარანტიები საკუთარი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად. მივესალმებით პრეზიდენტ ტრამპის განცხადებას აშშ-ის მზადყოფნის შესახებ ასეთი გარანტიების მისაცემად. დაუშვებელია რამე სახის შეზღუდვის დაწესება უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის, რომ მათ ითანამშრომლონ სხვა ქვეყნებთან. რუსეთს არ უნდა ჰქონდეს ვეტოს უფლება უკრაინის წევრობაზე ევროკავშირსა და ნატოში. უკრაინას საკუთარ ტერიტორიაზე უნდა ჰქონდეს დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღების უფლება. დაუშვებელია საერთაშორისო საზღვრების შეცვლა ძალით. უკრაინისადმი ჩვენი მხარდაჭერა გაგრძელდება”. განცხადებას ხელს აწერენ: საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი; იტალიის პრემიერმინისტრი ჯორჯია მელონი; გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი; დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი კირ სტარმერი; ფინეთის პრემიერმინისტრი ალექსანდრე სტუბი; პოლონეთის პრემიერმინისტრი დონალდ ტუსკი; ევროსაბჭოს თავმჯდომარე ანტონიუ კოშტა; ევროპის კომისიის თავმჯდომარე ურსულა ფონ დერ ლაიენი.
ევროპა სნეულია. იგი დაავადდა ფობიებით, სიძულვილით, გარყვნილებით, ფაშისტური სულისკვეთებით, უპასუხისმგებლობით, პროვოკაციულობითა და გაუკუღმართებული წარმოდგენებით თავისუფლებაზე. ღირებულებათა აღრევამ, უზნეობის გაფეტიშებამ და გაუმართლებელი ამბიციების აყოლამ კონტინენტი შეშალა. მხოლოდ ის რად ღირს, რომ ევროპელი ლიდერები პუტინისა და ტრამპის შეხვედრაში უკრაინის თემას ვერ გასცდნენ, ამ საკითხის გარდა ვერაფერი დაინახეს. ეს იმიტომ, რომ მხოლოდ თავიანთი თავი ახსოვთ და საკუთარ ცხვირს იქით ვერ იყურებიან, უკრაინა კი გლობალური დაპირისპირების ზღვრამდე მისულ მსოფლიოში ყველაზე დიდ პრობლემად ესახებათ. ამ დროს უკრაინის კრიზისი მოლაპარაკების ერთი ეპიზოდი იყო მხოლოდ, რომლის მსგავსი ბევრია მსოფლიოში. ეს შეხვედრა პირველ რიგში იმითი იყო საინტერესო, რომ აშშ-სა და რუსეთს შორის დაპირისპირება შერბილებულიყო და მსოფლიო პრობლემათა ერთობლივად გადაწყვეტის სურვილი და პერსპექტივა გამოკვეთილიყო. ამის გარეშე ვერც უკრაინის საკითხი გადაწყდება და ვერც სხვა რომელიმე. ზემოთ ევროპული პრესიდან ამონარიდები რომ წარმოგიდგინეთ, იქ ერთი სავალალო ტენდენცია ჩანს: გამარჯვებულისა და დამარცხებულის გამოვლენის სურვილი. პოლიტიკა არც გლადიატორთა არენაა, არც კორიდა, არც ბრძოლა წესების გარეშე და არც საფეხბურთო მატჩი. სხვათა შორის, პოლიტიკა არც ომია, სადაც გამარჯვებითა და დამარცხებით იზომება ყველაფერი. პოლიტიკა კომპრომისებია, შეთანხმებებია, ოპტიმალური გადაწყვეტილებების მიგნება და მიღებაა. ევროპას ეს არ ესმის, ვინაიდან შეურაცხადი ლიდერები ჰყავს, ამიტომაც ხდება ის, რომ ამერიკელებსაც და რუსებსაც ევროპელები ნელა გაჰყავთ რთული გეოპოლიტიკური პროცესებიდან, სადაც ისინი სასიკეთოს ვერაფერს გააკეთებენ.
რუსეთმა და აშშ-მა დიალოგის მიმართულებით პირველი ნაბიჯი გადადგეს და ესაა გამარჯვება არა პუტინის, არა ტრამპის, არამედ ყოველი ადამიანის, თითოეული ჩვენგანის და მთელი მსოფლიოსი, ვინაიდან მსოფლიო ეს ჩვენ ვართ ცალ-ცალკეც და ერთად აღებულიც. არ არსებობს მსოფლიო პრობლემა, რომელიც თითოეულ ჩვენგანს არ გვეხება, და არ არსებობს თითოეული ჩვენგანის პრობლემა, რომელიც მსოფლიოს არ ეხება. ზესახელმწიფოებს შორის დაპირისპირება მსოფლიო პრობლემა და საერთაშორისო უბედურებაა. უკრაინის, ახლო აღმოსავლეთისა და პოსტსაბჭოთა სივრცის კრიზისმა კი არ შვა ზესახელმწიფოთა დაპირისპირება, პირიქით – ამ დაპირისპირებამ შვა უკრაინის კრიზისიც და ყველა დანარჩენიც. ამ სტატიაში, ალბათ, არ დგას იმისი განხილვის აუცილებლობა, რა საიდან მოდის, ვინ რა გააფუჭა ან ვინ რა დააშავა, რადგან მთავარი სხვა რამეა; კერძოდ ის, რომ საშუალება ჩნდება, გლობალურ მოთამაშეთა შორის კონფრონტაციის რეჟიმი კომპრომისების ძიების რეჟიმით შეიცვალოს. ცნობილი საერთაშორისო მიმომხილველი იაკობ კედმი ამბობს: „ამ შეხვედრით ოფიციალურად დასრულდა აშშ–სა და რუსეთს შორის დაპირისპირება!” კედმი იქვე განმარტავს: „ეს არ ნიშნავს, რომ ხვალიდან იქნება მშვიდობა, მეგობრობა და საუკუნო ძმობა. არა, მაგრამ მტრობა, რომელიც იყო ამ შეხვედრამდე, ოფიციალურად დასრულდა”.
აი, ეს არის მთავარი.
იაკობ კედმისა არ იყოს, არც მე ვარ ახალგაზრდა (დამწყები) პოლიტიკური მიმომხილველი, რომელიც გულუბრყვილოდ იჯერებს ყველაფერს, რასაც პოლიტიკოსები და სახელმწიფოს მეთაურები განაცხადებენ-ხოლმე. შესანიშნავად ვიცი, რომ ბევრი რამ ამგვარი განცხადებებიდან ბლეფია, სახელმწიფოთა მეთაურები ბევრ რამეს არ შეასრულებენ და კიდევ უფრო ბევრ რამეს ვერ შეასრულებენ, მაგრამ ისიც ვიცი, რომ მოქმედებს ობიექტური კანონზომიერება, რომელიც აიძულებს მათ, მიღწეულ შეთანხმებათა მცირე ნაწილი მაინც შესრულდეს. ეს მცირე ნაწილი ისაა, რომ აშშ–სა და რუსეთს შორის დიალოგი დაწყებულია, ანუ დაწყებულია დაპირისპირების გადაყვანა პრობლემათა საერთო ძალისხმევით გადაჭრის რეჟიმში, ეს კი გადარჩენის ერთადერთი გზაა.
უკვე შედგა ტრამპის შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან. ჩანიშნულია მისი შეხვედრები ინდოეთისა და ჩინეთის ლიდერებთან – ნარენდრა მოდისა და სი ძინპინთან. რუსეთიც, ინდოეთიც და ჩინეთიც ბრიჩსის სახელმწიფოებია. ეს უკვე არამხოლოდ მრავალპოლუსიანობის აღიარება, არამედ პოლუსთა შორის თანამშრომლობის დასაწყისია ანუ მოშლილი მსოფლიო წესრიგის ადგილზე ახალი წესრიგის კონტურების გამოჩენის ხელშესახები სიმპტომია. რუსეთსა და აშშ-ს შორის კონფრონტაციამ გლობალური ომის ზღვართან მიგვიყვანა, მათ შორის თანამშრომლობა, იმედია, ახალი მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბებისა და ფეხქვეშ უხეშად გათელილი საერთაშორისო სამართლის აღორძინების გზით წაგვიყვანს.
აი, რა პერსპექტივა გამოიკვეთა და რა მნიშვნელობა ჰქონდა რუსეთისა და აშშ-ის ლიდერთა შეხვედრას. სამწუხაროდ, ეს მდგომარეობა ძალიან მყიფეა. ერთ გაუაზრებელ მოძრაობას (სიტყვასაც კი) შეუძლია, ყველაფერი დაამსხვრიოს…
რაც შეეხება შეხვედრის ადგილს (ალასკა), ერთგვარი სიმბოლოს მქონე ფაქტია თუნდაც იმის გამო, რომ იგი ერთდროულად ორი სახელმწიფოს მიწაა აშშ-ისთვის იურიდიული, რუსეთისთვის ისტორიული თვალსაზრისით. იურიდიული ფაქტორი ზოგჯერ ძალას კარგავს, ისტორიული კი არასოდეს იშლება მეხსიერებიდან. დღევანდელი რუსეთი პრეტენზიას არ აცხადებს ალასკაზე, ამიტომ არ ვიცი, გაახსენდა თუ არა პუტინს რუსეთში მოარული ერთი უცნაური გამოთქმა: „ალასკას ჩვენ უკვე ვეღარ დავიბრუნებთ, იგი თვითონ დაბრუნდება რუსეთში!” ალბათ, გაახსენდებოდა, მაგრამ სად გაექცეოდა იმ რეალობას, რომ ტრამპი, რომელიც მას აპლოდისმენტებით ეგებებოდა, ამ ძირძველ რუსულ მიწაზე მასპინძელი იყო, თვითონ კი – მხოლოდ საპატიო სტუმარი, რომელსაც ფეხქვეშ წითელი ხალიჩა გაუფინეს…
ვალერი კვარაცხელია