გათურქმესხება

    სათაურად გამოტანილ ამ ერთ ხელოვნურ სიტყვაში ისევეა აბურდულ-დაბურდული ცნებები, როგორც მთელ ჩვენს ხანგრძლივ და რთულ ისტორიაში. მიუხედავად ამისა, როგორც იმ რთულ ისტორიაში ვჭვრეტთ ერის განვითარების ლოგიკას, ამ ავისმომასწავებელ ტერმინშიც შესაძლებელია განჭვრეტა სადღეისო სირთულეებისა, რომელთა დაძლევა ჩვენი თაობის ისტორიული ხვედრიცაა და საქვეყნო ვალიც.

    დიდი სამამულო ომის წლებში სამცხე-ჯავახეთიდან გასახლებული თურქების (შემდგომში თურქი-მესხები რომ უწოდეს) საქართველოში დაბრუნების საკითხი ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში გაააქტიურეს. მაგალითად, 1965 წლის 25 დეკემბრით არის დათარიღებული საჩივარი, რომელიც დაწერილია საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის XXIII ყრილობის პრეზიდიუმის სახელზე, რომლის ავტორია პარტიის წევრი, ადიგენის რაიონის სოფელ  უდეში დაბადებული, აზერბაიჯანის სსრ ქალაქ მინგეჩაურში მცხოვრები, სკოლა-ინტერნატის მასწავლებელი, ვინმე ლატიფშაჰ ბარათაშვილი.

    საჩივარი იწყება სიტყვებით:

    „1944 წლის 15 ნოემბერს ჩვენი უდანაშაულო ხალხი გახდა მსხვერპლი სტალინის პიროვნების კულტის და ბერიას დიქტატურისა და იარაღის ძალით იქნა გაძევებული მშობლიური მიწა-წყლიდან”.

    საჩივარი მთავრდება სიტყვებით:

    „მესხები, ქართველი მუსლიმანები, ჩინებული მეცხოველეები, მებაღეები, მიწათმოქმედნი, შრომისმოყვარე და პატიოსანი ადამიანები არიან. ასე რომ, მესხების რეაბილიტაცია განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს პოლიტიკური, ეკონომიკური, ნაციონალური, ისტორიული და დემოგრაფიული თვალსაზრისით. ჩვენ ასევე დარწმუნებულნი ვართ, რომ ეს ღონისძიება მთელი ქართველი ხალხის მიერ აღქმული იქნება, როგორც ჩვენი პარტიისა და ხელისუფლების განსაკუთრებული ზრუნვა მისი ისტორიული ბედისადმი, რაც საფუძველი გახდება ჩვენი ხალხის ახალი შრომითი და სამეურნეო გამარჯვებებისა”.

    ამ საჩივრის დასაწყისში მოყვანილი ფაქტები გაყალბებულია, დასასრულს გამოთქმული დაპირება კიფარისევლური. სტალინსა და ბერიას სამამულო ომის წლებში უდანაშაულო ხალხის გადასახლებით შექმნილი ახალი პრობლემა რისთვის სჭირდებოდათ ან უდანაშაულო ხალხს რას ერჩოდნენ, ან ამისთვის სად ეცალათ?! ხალხთა კოლექტიურ გადასახლებებს ერთადერთი ახსნა აქვს: ეს სამშობლოს ღალატით გამოწვეული უკიდურესი აუცილებლობა იყო. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ფარისევლურია საჩივრის ბოლოს გამოთქმული დაპირებაც, რომ ეს ადამიანები რეაბილიტაციის შემდეგ მხოლოდ საქართველოსთვის სასარგებლო საქმის სამსახურში ჩადგებოდნენ.

    მოგვიანებით  უკვე საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივნად არჩეულმა ედუარდ შევარდნაძემ მესხეთიდან ქართველ მაჰმადიანთა წარმომადგენლობის სახელით მიმართვის ტექსტი მიიღო, სადაც ეწერა: „30 წელია, რაც ჩვენი ხალხის მზერა მიპყრობილია საყვარელი, მშობლიური მესხეთისაკენ, რომელიც მოგველის თავის პირმშოებს. ჩვენ ერთი ხალხი ვიყავით და ათეული საუკუნეები ვცხოვრობდით თქვენთან ერთად, ერთ დიდ ოჯახად. მაგრამ ცალკეულმა პირებმა, რომელთაც არ ესმოდათ ჩვენი ისტორია, დაარღვიეს ჩვენი ოჯახი და გაგვთიშეს. მათ არ მიიჩნიეს ისტორიულ საბუთად  ჩვენი ქართული წარმომავლობა, ქართული გვარები, ქართული ენა. ჩვენ გაგვასახლეს  და 220 სოფელი ერთ ღამეში გააუბედურეს”.

    ეს ისედაც მძიმე ტექსტი თანდათან მძიმდება და ასეთ სახეს იღებს:

     „ამჟამად დაახლოებით 300 ათასი ქართველი მუსლიმანი მესხეთიდან მარტოოდენ სამშობლოში დაბრუნების ოცნებით ცხოვრობს. ჩვენ გვიყვარს ჩვენი მშობლიური მიდამოები, ჩვენ გვსურს,  ვიცხოვროთ და ვიმოღვაწეოთ ჩვენი მშობლიური მხარისა და ჩვენი გამოჩენილი წინაპრების – შოთა რუსთველის, სარგის თმოგველის, გიორგი და იოანე მთაწმინდელების, სერაპიონ ზარზმელის, ბექა და ბეშქენ ოპიზართა და სხვათა სადიდებლად, ჩვენი წმინდა მიწა-წყლის სადიდებლად, ეგზომ ძვირფასისა ჩვენთვის. კულტურულმა ხალხმა, თავისი ნაციონალური სულით სახელოვანმა, მშობლიური რესპუბლიკის ბჭენი არ უნდა გადაუკეტოს სისხლისმიერ და სულიერ შვილებს, ქართველ მუსულმანებს მესხეთიდან. ოცი წელია, ნიადაგ გავკივით, ვაცხადებთ პროტესტს, რომ თურქები არა ვართ!”

    ახლა  სრულიად ნათელია, რომ ამგვარი საჩივრებისა და საერთო მიმართულების უკან  დასავლეთის სპეცსამსახურები იდგნენ. ამას, სხვა რომ არაფერი, ის ფაქტიც მოწმობს, რომ ამ კამპანიაში ე.წ. საბჭოთა დისიდენტები აქტიურად იყვნენ ჩართულნი. არალეგალური გამოცემა „საქართველოს მოამბე“ მუდმივად აშუქებდა საქართველოდან მესხთა გადასახლების საკითხს. აი, ზოგიერთი ამონარიდი მერაბ კოსტავას წერილიდან (სტილი დაცულია): „ვინ არიან ეს ,,თურქი-მესხები”, საიდან გაჩნდნენ ისინი შუა აზიის, აზერბაიჯანისა და ჩრდილო კავკასიის ტერიტორიაზე? საიდან იშვა ეს შედგენილი სიტყვა?” – სვამს შეკითხვას კოსტავა და თავადვე პასუხობს: „თურქებად შეცდომით სახელდებული მესხები სინამდვილეში უძველესი ქართული ტომის შთამომავალნი არიან”. ამას მოსდევს მტკიცებითი ნაწილი მსჯელობისა:  „XVI საუკუნეში თურქთა წარიტაცეს სამცხე-საათაბაგო და, გმირული წინააღმდეგობის მიუხედავად, სამას წელიწადში მაინც შეძლეს მესხების გამაჰმადიანება”. ამ წერილში ერთი საინტერესო ეპიზოდიც გვაქვს, სადაც კოსტავა საკუთარ ლოგიკას ეწინააღმდეგება. კერძოდ: „გარდა გამუსლიმანებისა, მესხეთში თურქული ტომების ძალით ჩასახლებას და თურქულის დანერგვასაც მიჰყვეს ხელი”. ე.ი. რეგიონში თურქები ჩაუსახლებიათ. აკი ყველა, ვინც გაასახლეს,  ქართული ტომის წარმომადგენელი იყოო? კოსტავას ამ წერილში ბევრი სხვა სახის წინააღმდეგობა და ურთიერთგამომრიცხავი მსჯელობაცაა. მაგალითად, დისიდენტი კოსტავა ერთგან გვიმტკიცებს: „საქართველოს რუსეთთან შეერთების შემდგომ, 1928-29 წლების ომის შედეგად საქართველოს კვლავ მიერთო ახალციხის საფაშოს ნაწილი, ამჟამინდელი ახალციხისა და ახალქალაქის რაიონები”. კოსტავა ამ სიტყვებით აღიარებს, რომ რუსული პოლიტიკის შედეგად საქართველოს ადრე დაკარგული ტერიტორია დაუბრუნებია, მაგრამ ამას მოსდევს ასეთი მსჯელობა: „დატრიალდა წისქვილის დოლაბი მესხების თავს. თავად ხელფეხშებორკილ საქართველოს აღარ ძალედვა თურანის წყვდიადით დაზიანებული თანამემამულეების საკუთარი კულტურის წიაღთან კვლავაც ზიარება, რადგან შეერთებისთანავე ველიკორუსული შოვინიზმი ყველანაირად ახშობდა თვით ქართულ კულტურას, სკოლებში კრძალავდა მშობლიურ ენას, თავის ბილწ ხელებს უფათურებდა საქართველოს სულში და საკუთარი ჭკუით წყვეტდა მისთვის სასიცოცხლო საკითხებს. იმჟამად მან ავტოკეფალია წაართვა ქართველი ერის ბურჯსა და ქომაგს – საქართველოს ეკლესიას, რითაც შეარყია სვეტი ეროვნული სიმტკიცისა”. ეს ლოგიკა შემდეგ ასე ვითარდება: „სწორედ მესხებით დაიწყო რუსეთის ვერაგული პოლიტიკა, მიზნად რომ ისახავდა და ამჟამადაც ისახავს საქართველოს ასიმილაციას. რუსეთის მთავრობამ განგებ აღარ გამოარჩია ეროვნება სარწმუნოებისაგან და მაჰმადიანი ქართველები თურქებად შერაცხა”. იმ ვითარებაში, როდესაც თურქები ასე გავიწროვებენ, რუსების ხელით კი ტერიტორიებს იბრუნებ,  რუსეთის „სიბილწესა” და „ველიკორუსულ შოვინიზმზე’’ ლაპარაკს მეტი ობიექტურობის გამოჩენა სჯობდა, მაგრამ საბჭოთა დისიდენტობა მხოლოდ რწმენა კი არ იყო, მოვალეობაც იყო დასავლური სპეცსამსახურების წინაშე, რომლებიც აცოცხლებდნენ და ასულდგმულებდნენ მათ საქმიანობას.

    ამის შემდეგ კოსტავა უშუალოდ ე.წ. თურქი მესხების საკითხს ეხება: „1944 წელს 200 ათასი მუსლიმანი ქართველი რამდენიმე ღამეში აჰყარეს და საკუთარი სამკვიდრებელიდან შუა აზიაში გადაასახლეს ვითარცა თურქნი”. კოსტავა კატეგორიულია. მას იოტისოდენა ეჭვიც არ ეპარება, რომ დიდი სამამულო ომის წლებში საქართველოდან,  თურქები კი არა,  ქართველები გაასახლეს, მუსლიმი ქართველები. კოსტავა საკითხზე მსჯელობას ასე განაგრძობს: „ხრუშჩოვისა და ბრეჟნევის დროში, როდესაც გადასახლებული ჩეჩნები, ინგუშები და ა.შ. დააბრუნეს სამშობლოში, მუსლიმანი ქართველების დაბრუნების საკითხიც დადგა. თავდაპირველად მესხებმა აღიმაღლეს ხმა და მათ მოწინავე ქართული ინტელიგენციაც მიერთო. ჩადენილი უსამართლო აქტის საკითხი მეცნიერულად და იურიდიულად დამუშავდა და წარდგენილ იქნა საქართველოს მთავრობის წინაშე. თითქო საქმე აეწყო კიდეც და მესხები ის იყო უნდა სწეოდნენ სანუკვარ მიზანს, რომ ანაზდეულად მოსკოვმა ხელის ერთი აქნევით შეაჩერა ჩინებულად დაწყებული საქმე და მესხებს მისცა სსრკ-ის ნებისმიერ რესპუბლიკაში დასახლების უფლება, გარდა საქართველოსი”. კოსტავას თუ დავუჯერებთ, მოსკოვს შეუჩერებია საქართველოში თურქების მასობრივი ჩამოსახლება, მაგრამ საბჭოთა დისიდენტი ამას უარყოფით შეფასებას აძლევს. „ამით მთავრობამ, რომ აღარაფერი ვთქვათ ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დეკლარაციაზე, უხეშად დაარღვია თვით საბჭოთა კონსტიტუციის მუხლი, რომელშიც საუბარია სსრკ-ის ტერიტორიაზე ნებისმიერი მოქალაქისათვის საცხოვრებლად ადგილის თავისუფლად არჩევაზე. ამგვარმა ძალმომრეობამ ვერ ამოურეცხა გულიდან მესხებს სამშობლოში დაბრუნების სურვილი… გადასახლებისთანავე, ეროვნებასთან ერთად, მათ ქართული გვარებიც წაართვეს და თურქული წესით მამის ან პაპის სახელის მიხედვით დაუწესეს ახალი გვარები. ასეთი უბედურება ებრაელთაც კი არ გადახდენიათ თავს მათი სისხლიანი  ისტორიის მანძილზე. დიასპორა, მეფის რუსეთის შემზარავი ,,პოგრომები”, გაზის გერმანული საკნები თუ საბჭოური ანტისემიტიზმი განიცადეს, მაგრამ ეროვნება ჯერ არავის წაურთმევია მათთვის. მსოფლიოს ისტორიაში ეს მართლაც უპრეცედენტო ამბავია!”    

    ე.წ. თურქი მესხების საკითხზე ანალოგიური შეხედულება ჰქონდა ზვიად გამსახურდიასაც.  აკადემიკოს სახაროვისთვის მიწერილ საყვედურიან წერილში იგი ამბობდა: „თქვენ, დიდი ფიზიკოსი, რატომღაც ყოველთვის ავლენდით განსაცვიფრებელ გაუთვითცნობიერებლობას კავკასიის ისტორიისა და ეტიმოლოგიის საკითხებში. მაგალითად, 1973 წელს თქვენი ეგიდით გამომავალმა არაოფიციალური თვითგამოცემის ჟურნალმა “მიმდინარე მოვლენათა ქრონიკამ” (“Хроника текущих событий”) გამოაქვეყნა წერილი “თურქ მესხთა მოძრაობა სამშობლოში დასაბრუნებლად”. არადა, თურქი მესხები ისევე არ არსებობენ ბუნებაში, როგორც შოტლანდიელი ჩინელები. ეს ტერმინი მოგონილია ქართველ მუსულმანთა წრის გაუნათლებელი, ბნელი ადამიანების მიერ, რომლებიც ვერ არჩევენ რელიგიასა და ეროვნებას ერთმანეთისაგან – თავს თვლიან თურქებად მხოლოდ იმ მიზეზით, რომ მუსულმანები არიან”.

    აქედან ჩანს, რომ გამსახურდიას აზრითაც, დიდი სამამულო ომის დროს სამცხე-ჯავახეთიდან,  თურქი ეროვნების მოქალაქეები კი არა, ქართველები გაასახლეს, რომლებსაც საქართველოში დაბრუნება ეკუთვნით. არასწორი იქნება ფიქრი  იმის შესახებ, რომ კოსტავა და გამსახურდია .. თურქი მესხების საქართველოში დაბრუნების მხარდამჭერები იყვნენ. ორივე მათგანისგან   პირადად მაქვს მოსმენილი ამ საკითხის მიმართ მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება, მაგრამ ისინი ხელიდან არ უშვებდნენ საბჭოთა კავშირისა და პირადად სტალინის ნეგატიურ კონტექსტში წარმოჩენის შესაძლებლობას. მათ არ სურდათ აღიარება იმისა, რომ თურქების გადასახლების შესახებ გადაწყვეტილება  არა მხოლოდ საბჭოთა კავშირის, არამედ საქართველოს უსაფრთხოებით იყო ნაკარნახები. საბჭოთა კავშირისა და სტალინის მიმართ სიძულვილით ისინი თურქების წისქვილზე ასხამდნენ წყალს, რადგან უსამართლო გადასახლების აღიარებიდან მხოლოდ ეს ლოგიკური დასკვნა მომდინარეობს.

    აქვე აუცილებლად უნდა წარმოგიდგინოთ ფრაგმენტები სააკაშვილის რეჟიმის ერთ-ერთი მსხვერპლის, აკადემიკოს გურამ შარაძის ინტერვიუდან, რომელიც 1998 წლის იანვრით არის დათარიღებული. შარაძე იმ დროს პარლამენტის წევრი და კომიტეტის თავმჯდომარე იყო. „როგორც პარლამენტის წევრსა და საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეს, რომლის უშუალო კომპეტენციაში ე.წ. თურქ მესხთა საკითხიც შედის, ემოციებზე და საკუთარ განწყობილებაზე აყოლის უფლება არ მაქვს. ჩემთვის რამდენადაც ძნელი არ უნდა იყოს, უნდა ვიხელმძღვანელო საპარლამენტო, საკანონმდებლო, საერთაშორისო-სამართლებრივი ნორმებით და ისტორიული ჭეშმარიტებით”, – აცხადებს შარაძე ინტერვიუს დასაწყისში. ჟურნალისტის შეკითხვაზე,  როგორი იყო ამ ხალხის ეროვნული შეგნება, თუ ასეთი რამ საერთოდ გააჩნდათ? – დეპუტატის პასუხი ასეთია: თავიანთი შეგნებით ისინი იყვნენ და დღესაც არიან თურქები. საქვეყნოდ ვაცხადებ, ეს არის თურქული ორიენტაციის ხალხი. როგორც კი მეორე მსოფლიო ომმა იფეთქა, მათ გამოააშკარავეს და გამოხატეს თურქოფილური, პროთურქული პოზიცია. ძალიან ცდილობდნენ მაშინდელი სსრკთურქეთის საზღვრის გახსნას. ისინი ტყეებშიც კი გაიჭრნენ, შექმეს პარტიზანული შეიარაღებული რაზმები, თავს ესხმოდნენ და აწიოკებდნენ ძირძველ ქართულ მოსახლეობას, ხელს უწყობდნენ სახელმწიფო საზღვრის დარღვევას, თურქეთთან საგანგებო კავშირების დამყარებას. ამის მოწმე და მნახველი ათობით და ასობით ქართველია. .. პოლიტიკოსები თავს რომ იტყუებენ და ჩვენც გვატყუებენ, გვეუბნებიან: თურქი მესხები ასე ამბობენ, – ოღონდ შემოგვიშვით და, სადაც გინდათ,  იქ დავსახლდებითო. ეს სიცრუეა. .. თურქიმესხების აბსოლუტურ უმრავლეობას მხოლოდ და მხოლოდ მესხეთში ანუ თურქეთის საზღვართან სურს ცხოვრება“.

    მათი ასეთი სურვილი ერთი მიზნით იყო განპირობებული – თურქეთთან სიახლოვე, საბოლოოდ კი თურქეთთან შეერთება.

    ამ საკითხს დიდი ისტორია აქვს, მაგრამ შევეცადე, პრობლემის არსი მოკლედ წარმომედგინა, რომელიც საბოლოოდ, შესაძლებელია,  თეზისების სახით ჩამოვაყალიბოთ:

    1. დიდი სამამულო ომის დროს საქართველოდან გადაასახლეს თურქი ეროვნების მუსლიმი მოქალაქეები, რომლებიც ღალატობდნენ საბჭოთა კავშირს და ავლენდნენ პროთურქულ ორიენტაციას;

    2. ოთხმოცი წლის წინათ გადასახლებული თურქი ეროვნების შთამომავალთა საქართველოში დაბრუნება,  სამართლიანობის აღდგენა კი არა, საქართველოს მიმართ ჩადენილი ახალი უსამართლობა იქნება. თურქეთის მეზობელ რეგიონში თურქების კომპაქტურად ჩასახლებას ჩვენს ქვეყანაში ატომური ბომბის აფეთქების ეფექტი მოჰყვება.

     ახლა ვნახოთ, როგორი რეალობა გვაქვს დღეს:

    აშშ-მა დაიწყო ამიერკავკასიიდან რუსეთის გაძევებისა და რეგიონში საკუთარი ჰეგემონიის დამკვიდრებისკენ მიმართული გეოპოლიტიკური პროექტის რეალიზება, რომელშიც მონაწილეობენ თურქეთი, აზერბაიჯანი და სომხეთი. საქართველო ამ პროექტში ჯერჯერობით ღიად არ მონაწილეობს, მაგრამ მოსალოდნელია, რომ მის ჩათრევასაც შეეცდებიან. პროექტს აგებენ ე.წ. ზანგეზურის დერეფნის ამოქმედებაზე, რომელსაც „ტრამპის მარშრუტი” უწოდეს და რომელიც სომხეთისა და ნახიჭევანის ექსკლავის გავლით ერთმანეთთან აკავშირებს აზერბაიჯანსა და თურქეთს. ეს იმასაც ნიშნავს, რომ ნატოს წევრი თურქეთი პირდაპირ გასასვლელს იღებს კასპიის ზღვაზე, რაც დასავლური გეოპოლიტიკისთვის რევოლუციური გარღვევის ტოლფასია.                  

    8 აგვისტოს თეთრ სახლში სამმა ლიდერმა (ტრამპი, ალიევი, ფაშინიანი) ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომელიც ამიერკავკასიაში გეოპოლიტიკურ ვითარებას დიამეტრულად ცვლის და (საფეხბურთო ტერმინოლოგიით რომ ვთქვათ) რუსეთს თამაშგერეშე მდგომარეობაში ტოვებს. სამი დღის შემდეგ კი (12 აგვისტოს) საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი თურქეთში ჩადის და პრეზიდენტ ერდოღანთნ მოლაპარაკებას მართავს. პრეზიდენტებმა ამ შეხვედრაზე ბევრი რამ თქვეს, მაგრამ ამჯერად მათ მიერ ნათქვამ თითო წინადადებას შევეხები.

    პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი: „მივესალმებით აზერბაიჯანისა და სომხეთის მიერ განგრძობადი მშვიდობის დამყარებისთვის გადადგმულ ნაბიჯებს, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს რეგიონის მშვიდობისა და სტაბილურობისკენ სვლას”.

    ამ სიტყვებიდან  ნათლად ჩანს,  თუ რის სათქმელად ჩავიდა (თუ გაგზავნეს) პრეზიდენტი ყაველაშვილი. მის მიერ ნათქვამ სიტყვებში შემდეგი შინაარსი იკითხებოდა: „ჩვენ ვემხრობით აშშ-ის გეოპოლიტიკურ პროექტს ამიერკავკასიაში (ზანგეზურის დერეფანი, იგივე „ტრამპის მარშრუტი”). გთხოვთ, რომ ამ პროექტის მიღმა არ დაგვტოვოთ. ამის სანაცვლოდ ჩვენ მზად ვართ,  განვიხილოთ თქვენი ნებისმიერი წინადადება თუ დავალება”. კი, ნამდვილად ეს შინაარსი იდო ყაველაშვილის მიერ ნათქვამ იმ ერთ წინადადებაში, რომლითაც იგი მიესალმა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის აშშ-ში ხელმოწერილ შეთანხმებას. ამ შეხვედრაზე ეს იყო საქართველოს მთავარი გზავნილი. თურქეთის მთავარი გზავნილი კი ერდოღანის შემდეგი სიტყვები იყო: „საქართველო გახლავთ სამშობლო მესხი თურქებისა, რომლებიც 1944 წლის ნოემბერში თავიანთი ისტორიული სამშობლოდან იძულებით გადაასახლეს. მე აგრეთვე გადავეცი პრეზიდენტ ყაველაშვილს ჩვენი მოლოდინები მესხი თურქების ღირსეულ და უსაფრთხო დაბრუნებაზე თავის ისტორიულ საცხოვრებლებში და ჩვენ, როგორც თურქები, მხარდაჭერას აღმოვუჩენთ ამ პროცესს”.

    შეხვედრისას პრეზიდენტმა ერდოღანმა რამდენიმეჯერ ახსენა თურქეთისა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა, რაც იმის ხაზგასმას ნიშნავდა, რომ ეს სტატუსი მოვალეობასაც გაკისრებთო. ყაველაშვილმა კი, თუ შეიძლება ასე ითქვას, კოდი მოგვცა იმის გასაშიფრად, რას მიეძღვნა ეს ვიზიტი ვაშინგტონში სამეულის შეხვედრის შემდეგ ასე დაჩქარებულად: „ვისაუბრეთ რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულ სრულმასშტაბიან აგრესიაზე, შავი ზღვის აუზის უსაფრთხოების მნიშვნელობაზე”. საქართველოს პრეზიდენტის მიერ ნათქვამი ეს წინადადება, ალბათ, ასე უნდა გავიგოთ: „ამიერკავკასიისთვის განკუთვნილ ახალ ამერიკულ გეოპოლიტიკურ პროექტში საქართველო რუსეთის წინააღმდეგ და აშშ-თურქეთი-აზერბაიჯანი-სომხეთის მხარეს ითამაშებს, ხოლო, თუ აუცილებლობა დადგება, იბრძოლებს კიდევაც!”

    საქართველო, როგორც ჩანს, ერთხელ კიდევ დაუშვებს იმ უმძიმეს შეცდომას, რომელიც გასული საუკუნის 90-იანი წლების დასასრულს დაუშვა, როდესაც არასწორი საგარეო ორიენტაცია აიღო. პოზიცია, რომელიც პრეზიდენტმა ყაველაშვილმა თურქეთში ვიზიტის დროს გამოხატა, საქართველოსთვის უმძიმესი შედეგების მომტანი იქნება, იმიტომ, რომ ამიერკავკასიის საკითხი ასე ადვილად და მარტივად გადასაწყვეტი არ არის. რუსეთის პოზიცია არანაკლებ მკაცრი იქნება, ვიდრე უკრაინაში იყო და არის, აქედან გამომდინარე ყველა შედეგით, მათ შორის საქართველოს გათურქმესხებით!

    ვალერი კვარაცხელია

                                                                                                           

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here