2008 წლის აგვისტოს ომს საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე და 14 პოლიციელი შეეწირა. თავდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 169 სამხედრო, ომის დროს დაიჭრა 1747 ადამიანი, საკუთარი საცხოვრებელი იძულებით დატოვა თითქმის 150 ათასმა პირმა. 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად საქართველომ კონტროლი დაკარგა 189 სოფელზე.
აგვისტოს ომიდან 17 წელიწადი გავიდა, მაგრამ ნაბიჯიც არ გადადგმულა მიტაცებული ტერიტორიების დასაბრუნებლად და საქართველოს გასაერთიანებლად…
გვესაუბრება ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი გულბაათ რცხილაძე:
_ შიდა ქართლის სოფლები, რომლებიც კონფლიქტის ზონას ესაზღვრება, ხშირად მომინახულებია, ვესაუბრებოდი ადგილობრივ მცხოვრებლებს. დავდიოდი დირბში, ზეღდულეთში, ბერშუეთში, კირბალში, ვხვდებოდი ხალხს, გადავიღეთ დოკუმენტური ფილმი ,,ლაპარაკობს ქართველი ხალხი”. ,, სიმართლეს იქ გაიგებთ, ვინ დაიწყო ომი და როგორ.
ჩვენი ხელისუფლება გამუდმებით საუბრობს კონფლიქტის ზონასთან მავთულხლართების გადმოწევაზე. ამ პრობლემის მოგვარება მაინც შეიძლეობოდა მარტივად და ესეც არ გააკეთეს. რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრო თავისი წარმომადგენლის, დიმიტრი ტროფიმოვის, შუამავლობით საქართველოს სთხოვდა, წარმოედგინა რუკები, რომლებზეც დატანილი იქნებოდა ადმინისტრაციული საზღვრები, რათა რუსულ მხარეს არ გადმოეწია საზღვარი, მაგრამ ქართული მხარე უარს ამბობდა, თვლიდა, რომ ეს დაკარგული ტერიტორიების აღიარებას ნიშნავდა…
ხელისუფლება მშვიდობას გვაყვედრის, მაგრამ მას არ აქვს არანაირი სტრატეგია, პრობლემას გამუდმებით თავს არიდებს, ხელისუფლების წარმომადგენლები ფულის შოვნაზე გადავიდნენ. პაკისტანელები შემოჰყავთ, სამშენებლო მაფიაა ქვეყანაში, ხალხის უბედურებაზე ითბობენ ხელს. საქართველოს საზღვრები და პატრიოტული თემები არ არის პრიორიტეტი…
_ ახალგაზრდებს ტვინი გამოურეცხეს. ამაზე ხშირად ვსაუბრობთ, სწორედ ეს ახალგაზრდები წერენ დღეს სოციალურ ქსელში, ომი გვაქვს რუსეთთან მოსაგებიო. რას ეტყვით ამ ახალგაზრდებს?
_ ახალგაზრდებთან საქმე არ მაქვს, არც პრეტენზია, საქმე მათ ოჯახებსა და პედაგოგებთან უნდა გვქონდეს. უნდა ვერჩოდეთ განათლების სისტემას, რომელიც ჩალპა. ფასეულობებზე საუბრობენ, ფასეულობები კი განათლებიდან იწყება…
ჩვენთან არაფერი იცვლება, ისტერიკაა, რომლის უკანაც არაფერი დგას. არავინ იბრძოლებს, მებრძოლი სული არ აქვთ. ჩანჩურა, მათხოვარი ადამიანები გაჰყვირიან და ცდილობენ, მსოფლიო შეაწუხონ, მაგრამ ყურადღებას არავინ აქცევს. ახლა მსოფლიოს ყურადღება სომხეთისა და აზერბაიჯანისკენაა მიპყრობილი. საქართველო მიგდებულია, მეორეხარისხოვან ქვეყნად იქცა, თურქეთის დერეფნად ყოფნა ემუქრება, არც რუსეთი დაინტერესდება ჩვენით და არც ევროპა. სამწუხაროდ, ეს რეალობა იკვეთება…
ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი