Home ახალი ამბები საქართველო პირდაპირი ნათქვამი ტირეთი ან ბრჭყალებით გამოიყოფა!

პირდაპირი ნათქვამი ტირეთი ან ბრჭყალებით გამოიყოფა!

277

 საინფორმაციო საიტებზე გამოქვეყნებულ მოკლე ინფორმაციებში ხშირად  დარღვეულია პირდაპირი და ირიბი ნათქვამის მართლწერის წესები. სწორედ ამიტომ ჩვენმა ნუცას სკოლამ ამჯერად ამ საკითხზე გაამახვილა ყურადღება და მათთვის, ვისაც წერა არ ეზარება (მაგრამ არ იცის), სასარგებლო რჩევების მიცემა გადაწყვიტა. აი ისინიც:

* ორი წერტილი დაისმის ავტორის სიტყვების შემდეგ, თუ იგი უსწრებს პირდაპირ ნათქვამს.

მაგალითად:

გია ცაგარეიშვილი: “დაგვიანებული აღიარებაა, მაგრამ მაინც უნდა დავაფასოთ აკაკი ბობოხიძის „გულწრფელობა“, რომ ძალადობდნენ ქვეყანასა და ხალხზე, ტერორით მართავდნენ საქართველოს”.

* ავტორის სიტყვების წინ მძიმე და ტირე დაისმის, თუ იგი მოსდევს პირდაპირ ნათქვამს.

მაგალითად:

“რუსეთი და თშო-ს სხვა წევრი ქვეყნები ერთიანდებიან არა მხოლოდ საერთო ინტერესების გარშემო, არამედ საერთო საფრთხეებთან დასაპირისპირებლადაც, რომელთაგან მთავარია შეერთებული შტატების ფინანსური ჰეგემონია”, _ განაცხადა რუსეთის სახალხო მეურნეობისა და სახელმწიფო სამსახურის აკადემიის სახელმწიფო სამსახურისა და მართვის ინსტიტუტის პროფესორმა, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ევრაზიის ეკონომიკური ინტეგრაციის სამეცნიერო საბჭოს წევრმა ვადიმ ევსეევმა.

* როცა ავტორის სიტყვები მოქცეულია პირდაპირი ნათქვამის შიგნით, მაშინ:

ა) ავტორის სიტყვები მძიმითა და ტირეთი გამოიყოფა, როცა იგი პირდაპირ ნათქვამში ჩართულია იმ ადგილას, სადაც მისი ჩართვის გარეშე ან საერთოდ არაა სასვენი ნიშანი ან საჭიროა მძიმე, წერტილ-მძიმე, ტირე, ორწერტილი.

მაგალითად:

„ამ სასამართლომ არაფერი გვანახა სამართლის, მართლმსაჯულების შესახებ და არ გვაჩვენა ჩვენი ქვეყნის პერსპექტივა. ერთადერთი გვანახა, _ განაცხადა ელენე ხოშტარიამ, _ რომ ნიკა გვარამია აგრძელებს ბრძოლას და არის თავისუფლებაში მყოფ ძალიან ბევრ ადამიანზე უფრო ძლიერი. ამიტომ, მთავარი დასკვნები არის ჩვენი გამოსატანი. მთავარი დასკვნა არის ის, რომ ამ რეჟიმისგან რაიმეს მოლოდინი, რაღაც მომენტში მოლბებიან, სასამართლო სასამართლოს დაემსგავსება, რომ მათ მართლა აინტერესებთ საერთოდ რამის გარკვევა, არ არსებობს”.

ბ) თუ ავტორის სიტყვები ჩართულია იქ, სადაც მისი ჩართვის გარეშე წერტილია საჭირო, მაშინ ავტორის სიტყვების წინ იწერება მძიმე და ტირე, შემდეგ _ წერტილი და ტირე.

მაგალითად:

„ყველამ იხილეთ აშშ-ის მთავრობის, ასევე ევროკავშირის და საქართველოს ბევრი სხვა ევროპელი მეგობრის განცხადება, _ განაცხადა აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა. _  ყველაფერი, რაც აშშ-მა გააკეთა საქართველოში ბოლო 30 წლის განმავლობაში, იყო გაკეთებული ქართველი ხალხის მკაფიო არჩევანის მხარდასაჭერად, რაც არის უსაფრთხო, აყვავებული და დემოკრატიული მომავალი”.

გ) თუ ავტორის სიტყვების ჩასმის ადგილას პირდაპირ ნათქვამში მის ჩაუსმელად საჭიროა ძახილის ნიშანი,  კითხვის ნიშანი ან კითხვა-ძახილის ნიშანი, მაშინ ავტორის სიტყვების წინ სათანადო ნიშანი დარჩება, ხოლო შემდეგ წერტილი და ტირე დაიწერება.

მაგალითად:

“რა მიიღო ოპოზიციამ პარლამენტში შესვლით? – განაცხადა რადიო “თავისუფლებისთვის” მიცემულ ინტერვიუში “ევროპული საქართველოს” წარმომადგენელმა ოთარ კახიძემ, _  არაფერი. ამიტომ არ უნდა დათანხმდე პირობებს, რომლებიც შენთვის არის წამგებიანი და ქვეყნისთვის არის დამაზიანებელი.”

* პირდაპირ ნათქვამში ჩართული ავტორის სიტყვების შემდეგ ორწერტილი და ტირე იწერება იმ შემთხვევაში, თუ ავტორის სიტყვებში არის ორი ზმნა და მათგან პირველი პირდაპირი ნათქვამის პირველ ნაწილს ეხება, ხოლო მეორე _ მეორე ნაწილს.

მაგალითად:

“ჩვენ არც ერთ შემთხვევაში არ ვკადრულობთ სასამართლოს დამოუკიდებლობაში ჩარევას და სასამართლოს გადაწყვეტილებებზე რაიმე ფორმით ზემოქმედებას. ვნახე გუშინ ამერიკის საელჩოს განცხადება, ელჩის განცხადება, ეს იყო სასამართლოს დამოუკიდებლობაში პირდაპირი ჩარევა, რაც, ბუნებრივია, ძალიან მძიმეა. სხვა შეფასებას მე ამას ვერ მივცემ, _  განაცხადა  საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებაზე კომენტირებისას  და აღნიშნა: _ რა თქმა უნდა, ჩვენი პარტნიორები თანაბრად უნდა უფრთხილდებოდნენ სამართლის უზენაესობას, სასამართლოს დამოუკიდებლობას როგორც საკუთარ ქვეყანაში, ასევე სხვა ქვეყანაში. ეს არის ერთადერთი შეფასება, რომელიც მე შემიძლია გავაკეთო. ჩვენ სხვანაირად ვუდგებით სასამართლოს დამოუკიდებლობასა და სამართლის უზენაესობას“.

და კიდევ ერთი წესი:

პირდაპირი ნათქვამი ტირეთი ან ბრჭყალებით გამოიყოფა!

ასე რომ, პატივცემულო ქალბატონებო და ბატონებო, კარგად დაისწავლეთ ნუცას სკოლის ეს გაკვეთილი და მხოლოდ შემდეგ აიღეთ ხელში კალამი; არც თქვენ შერცხვებით და არც მშობლიურ ენას მიაყენებთ ზიანს.

რუბრიკას უძღვება დარეჯან ანდრიაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here