კუნძულ ბალიზე ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ვან ისთან შეხვედრაზე აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა კვლავ მოითხოვა ჩინეთისგან უკრაინაში რუსეთის სპეცოპერაციის დაგმობა, _ იუწყება გერმანული გამოცემა Der Spiegel –ი. ბლინკენმა აღნიშნა, რომ ჩინეთი განაგრძობს ნეიტრალიტეტზე ლაპარაკს უკრაინის კონფლიქტის მიმართ, ფაქტობრივად კი, მხარს უჭერს რუსეთს. პასუხად ჩინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აშშ–ს მოუწოდა, პატივი სცეს ჩინეთის პოლიტიკურ სისტემას და უარი თქვას “ცივი ომის პერიოდის მენტალიტეტზე”.
აშშ-სა და ჩინეთს შორის დაძაბულობა მაშინაც აშკარაა, როდესაც ორი ქვეყნის ლიდერები ერთმანეთის პირისპირ ხვდებიან G20-ის ფორმატში. ბლინკენმა ჩინეთის პოზიცია გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ჩინეთი “რუსულ პროპაგანდას აწარმოებს”, იცავს მოსკოვს საერთაშორისო ორგანიზაციებში და მონაწილეობს ერთობლივ სწავლებებში. მისი თქმით, დადგა მომენტი, როცა G20-ის ქვეყნები უნდა გაერთიანდნენ რუსეთის ქმედებების დასაგმობად.
როგორც ჩინეთის სახელმწიფო ტელეკომპანია CCTV-მ განაცხადა, ვან ისმაც გააკრიტიკა აშშ და მას “ცივი ომის დროინდელ მენტალიტეტსა” და ჩინეთის საშინაო საქმეებში ჩარევაზე უარის თქმისკენ მოუწოდა.
გიორგი გაჩეჩილაძე