იაპონია დიპლომატიური არხებით ცდილობს პროექტ “სახალინი-2”-ის კონკრეტული ვადებისა და დეტალების გარკვევას. ამ პროექტში წილები აქვთ იაპონურ კომპანიებს: Mitsui –სა და Mitsubishi –ს, _ განაცხადა 5 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე იაპონიის ეკონომიკის, ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრმა კოიტი ხაგიუდამ.
“ამჟამად დიპლომატიური არხებით ვითხოვთ განმარტებას პრეზიდენტის განკარგულების შესრულების ვადების, საინვესტიციო პირობებისა და სხვა დეტალების შესახებ”, _ განაცხადა ხაგიუდამ და დასძინა, რომ იაპონია ძალისხმევას არ დაიშურებს ენერგორესურსების მიწოდების სტაბილურობის დასაცავად.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 1 ივლისს ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმად “სახალინ-2”-ის ოპერატორი კომპანია “სახალინ ენერჯის” ნაცვლად იქნება რუსეთის მიერ შექმნილი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება. “სახალინ ენერჯის” ქონება უსასყიდლოდ გადაეცემა რუსეთის ფედერაციას, რომელსაც გადასცემს ახალ ოპერატორს, მასზვე გადაეცემა წინამორბედის ყველა უფლება და მოვალეობა.
“სახალინ ენერჯის” საკონტროლო პაკეტი (50% + 1 აქცია) ეკუთვნის “გაზპრომს”, “შელის” აქვს 27,5%, Mitsui –სა და Mitsubishi –ს შესაბამისად _ 12,5% და 10%.
პროექტის ჩარჩოში გამომუშავებული თხევადი ბუნებრივი აირის დიდი ნაწილი მიეწოდება იაპონიას. რუსული თხევადი ბუნებრივი აირი იაპონიის მოთხოვნის 8%-ს შეადგენს და მისი დიდი ნაწილი მიეწოდება “სახალინ-2”-ის მეშვეობით.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ “შელიმ” უარი თქვა პროექტში მონაწილეობაზე, მის წილს ჩინური კომპანია შეისყიდის.
გიორგი გაჩეჩილაძე