ეკონომიკური ქმედებების შეზღუდვის გამო 270 მლნ ადამიანი შიმშილით სიკვდილის ზღვარზეა.
ბოლო “პანდემიური” 12 თვის განმავლობაში შიმშილით გარდაცვლილი ადამიანების რაოდენობამ 6-ჯერ მოიმატა, _ იუწყება სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო ორგანიზაცია Oxfam-ი. ამჟამად 155 მლნ ადამიანს არ მიუწვდება ხელი საკვებზე (ეს რაოდენობა 20 მლნ-ით მეტია, ვიდრე 2020 წელს იყო).
Oxfam-ის მონაცემებით, ბოლო 12 თვის განმავლობაში შიმშილით გარდაცვლილთა რაოდენობა გაცილებით მეტია კოვიდ-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობაზე.
გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის ხელმძღვანელმა დევიდ ბისლიმ (აშშ) ჯერ კიდევ შარშან განაცხადა, რომ შიმშილით სიკვდილის ზღვარზე მყოფი ადამიანების რაოდენობამ 270 მლნ-ს მიაღწია. “მომდევნო წელს მსოფლიოში შეიძლება დაიწყოს უპრეცედენტო მასშტაბის ჰუმანიტარული კატასტროფა, _ განაცხადა ბასლიმ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე. _ ჩვენ ვერ შევძლებთ ყველას დახმარებას, ამიტომ უნდა განვსაზღვროთ პრიორიტეტები. შიმშილი ათეულობით ქვეყნის კარზე აკაკუნებს”.
მსოფლიოში კვების პროდუქტებზე ფასები სწრაფად მატულობს. “ქვეყნები, რომლებშიც ადამიანები სრულფასოვნად ვერ იკვებებიან, _ ამბობს ები მაკსმანი, _ Oxfam America-ს პრეზიდენტი და აღმსრულებელი დირექტორი, _ არის ავღანეთი, ეთიოპია, სამხრეთი სუდანი, სირია და იემენი. პრობლემები შეექმნათ, აგრეთვე, ინდოეთს, სამხრეთ აფრიკასა და ბრაზილიას”.
ამ სკანდალურ ფონზე აღსანიშნავია კიდევ ორი მაჩვენებელი:
1. 2020 წელს მსოფლიოს ყველა ქვეყანაში მოიმატა სამხედრო ხარჯებმა და მან 1,93 ტრილიონი დოლარი შეადგინა;
2. 10 ყველაზე მდიდარი ადამიანის ქონებამ “პანდემურ პერიოდში” 413 მლრდ დოლარით მოიმატა. მათი სიმდიდრის ნამატი წელიწადში მოშიმშილეთა დასახმარებლად განკუთვნილ ჰუმანიტარულ დახმარებაზე 11-ჯერ მეტია.
fondsk.ru–ზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ