Home რუბრიკები პოლიტიკა 28 წლის პოლიტიკური თინეიჯერი ყველაფერზე ჭკუას რომ გარიგებთ, არ “გიტყდებათ”?!

28 წლის პოლიტიკური თინეიჯერი ყველაფერზე ჭკუას რომ გარიგებთ, არ “გიტყდებათ”?!

396
მარკეტა გრეგოროვა თბილისში

მარკეტა გრეგოროვა ჩეხი ევროპარლამენტარია. მიმდინარე წლის 14 იანვარს, სულ რაღაც, 28 წლის გახდა და დაგვეთანხმებით, 28 წლის ქალბატონისთვის ევროპარლამენტარობა დიდი მიღწევაა. ეს ევროპული ქვეყნებისთვის, თორემ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში ლამის არასრულწლოვანი პარლამენტარები და მინისტრებიც კი გვახსოვს. სოციალურ ქსელში ოფიციალურ გვერდზე მარკეტას სახელად მარკეტკა უწერია. ასაკი მაინც თავისას შვრება _ სურს, მოფერებით მიმართონ, დაახლოებით ისე, ჩვენთან თაკოთიკოს რომ ეძახიან ხოლმე. ჩვენც მარკეტკად მოვიხსენიოთ.

ამ პატივცემულმა და ამხელა თანამდებობის მქონე ქალბატონმა ჩვენი ყურადღება ადრეც არაერთხელ მიიპყრო, როცა საქართველოს მიმართ განცხადებები არ დაიზარა.

“ბატონი კახა კუჭავა, საქართველოს პარლამენტის ვიცესპიკერი, ევროპარლამენტში საზღვრებზე სასაუბროდ მოვიდა და წარმოგვიდგინა ანგარიში იმის შესახებ, რა კარგად მუშაობს ხელისუფლება და “ქართული ოცნება” საარჩევნო სისტემის თვალსაზრისით, როგორ ავრცელებენ დემონსტრანტები ტყუილებს. ბოდიში, მე ამას არ მივიღებ”, _ ეს დაახლოებით ერთი წლის წინათ თქვა მარკეტკამ, მაშინ, როცა კუჭავა ჯერ კიდევ პარლამენტის თავმჯდომარე არ იყო. ევროპარლამენტარი თავს ბევრის უფლებას აძლევდა და სახალხოდ აკრიტიკებდა ქართული პარლამენტის ვიცესპიკერს. ვერ გეტყვით, ამ ჯერზე მოუსმენს თუ არა ბატონ კახას გრეგოროვა…

“ვფიქრობ, ეს ძალიან სერიოზული ბრალდებაა და ამის შესახებ სულ უფრო მეტი წყაროდან მესმის. ვიმედოვნებ, იქნება ახსნა-განმარტება, რატომ არ უშვებენ სახალხო დამცველს პანსიონში და დაუყოვნებლივ ჩატარდება ამაზე გამოძიება”, _ წერს მარკეტკა სოციალურ ქსელში.

ეს ქალბატონი უკვე პოლიტიკურ საკითხებში კი არ ერევა და იმას კი არ ამბობს, მოსწონს თუ არა რომელიმე ქართველი პოლიტიკოსი, არამედ ქვეყნის შიგნით მიმდინარე საქმეებსაც საჯაროდ არჩევს. ვინმე აგვიხსნის, ვინ ჰკითხავს მარკეტკა გრეგოროვას, ნინოწმინდის პანსიონში სახალხო დამცველი შევა, საპატრიარქოს წარმომადგენელი, ოპოზიცია, ხელისუფლება თუ, საერთოდ, გასართობი ცენტრის მასხარა? აქ კონკრეტულად პანსიონის საქმეზე არ ვსაუბრობთ _ საქმე ის არის, რომ ევროპარლამენტარი თავს უფლებას აძლევს, შენიშვნები გამოთქვას რიგით საქმეზე. მას წარმატებით შეუძლია თქვას, რომ ბინის ქურდობაზე ვიღაც რომ დაიჭირეთ, აყვანისას ვარცხნილობა აეშალა და სასამართლოზე დავარცხნილი მიიყვანეთო. რაც ყველაზე საინტერესოა, არც ერთმა ქართველმა პოლიტიკოსმა, არც სახალხო დამცველმა ხმა არ ამოიღო და მარკეტკას განცხადებას კრიტიკით არ უპასუხა. ჩვენი ომბუდსვუმენი, უწინარესად, ხომ ჩვენს ინტერესებს უნდა იცავდეს და უნდა ეთქვა ნინო ლომჯარიას, აუცილებლად უნდა ეთქვა: თქვენ ვინ გეკითხებათ, საშინაო საქმეებს თვითონ მივხედავთო. მეორე მხრივ, თუ დაუკვირდებით, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები პანსიონში რომ არ შეუშვეს, საზოგადოებას არ გაუპროტესტებია. ეს იმას ნიშნავს, რომ სახალხო დამცველისადმი ნდობა, უბრალოდ, არ არსებობს და საზოგადოების უდიდეს ნაწილს არ სჯერა, ნინო ლომჯარიასა და მისი წარმომადგენლების იქ შესვლით რამე უკეთესობისკენ შეიცვლება. ეს, სავარაუდოდ, კარგად იცის მარკეტკამაც, მაგრამ ზურგზე არ ეცემა და თავის აზრს საჯაროდ გამოხატავს.

წინა და მოქმედი ხელისუფლების დამსახურებაა ის, რომ რიგითი პარლამენტარები, რიგითი კონგრესმენები, ელჩები თუ სხვადასხვა ჩინიანნი და უჩინონი საქართველოს ისე უყურებენ, როგორც თავიანთ სათარეშო ქვეყანას. გსმენიათ, რომელიმე ქართველ დეპუტატს რომელიმე ევროპული ქვეყნის დეპუტატი, მინისტრი ან ქვეყნის ლიდერი გაეკრიტიკებინოს? გაგიგიათ, რომელიმეს მათი ნამოქმედარის გამო უკმაყოფილება გამოეთქვას ან უფრო მეტი _ რჩევა მიეცეს? ამას ისინი ვერ გაბედავენ, მაგრამ აბედვინებენ სხვებს. დასავლელებმაც დაიჯერეს, რომ ყველაფერი ეპატიებათ და იმის მიხედვით, როგორ განწყობაზე არიან, საქართველოს მიმართ სხვადასხვა განცხადებას აკეთებენ.

სამწუხაროდ, ამ ყველაფრის შედეგს ჩვენ, რიგითი მოქალაქეები, ვიმკით. გვიყურებენ, როგორც მონებს, და ეს ყველაზე კარგად ახლა გამოჩნდა, როცა გერმანიის მთავრობამ ზარზეიმით გვამცნო: საქართველოს მოქალაქეებს ოფიციალურად დავასაქმებო, და აქედან რამდენიმე ასეული ადამიანი ლუკმაპურის საშოვნელად წავიდა. 1945 წელს ქართველები გერმანიაში გამარჯვების დროშით შევიდნენ, ახლა კი _ მონებად, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. რატომ მონებად? იმიტომ, რომ, რასაც იქ მყოფი ქართველები სოციალურ ქსელში ავრცელებენ, მონობის გარდა არაფერი ეწოდება. ერთ ვაგონში შეყრილი 18 კაცი და 6 ქალი, ერთმანეთისთვის უცხო ადამიანები, ერთ ჭერქვეშ როგორ უნდა იყვნენ? გაფუჭებული საკანალიზაციო სისტემა, ელემენტარულად დაუცველი ჰიგიენური პირობებიდა ეს გერმანელებმა ძალიან კარგად იცოდნენ, მაგრამ მაინც გააკეთეს და გააკეთეს იმიტომ, რომ დარწმუნებულნი იყვნენ, ქართველ პოლიტიკოსთაგან ვერც ერთი ვერ გაბედავდა მათ წინააღმდეგ ხმის ამოღებას. ანალოგიური რამ, მაგალითად, ჩეხებისთვის რომ გაეკეთებინათ, მარკეტკა ევროპარლამენტში ტრიბუნასთან მალაყს გააკეთებდა, მაგრამ, როცა საქმე ქართველებს შეეხო, გრეგოროვამ ხმა არ ამოიღო. რატომ არ მოითხოვა მარკეტკამ გერმანელი სახალხო დამცველის შესვლა იმ ვაგონებში, რომლებშიც ქართველები ჰყავთ შეყრილი? იმიტომ, რომ ზუსტად იცის, ასე უნდა მოექცნენ და ამაში გასაკვირი არაფერია. მიეჩვივნენ დასავლელი პოლიტიკოსები ქართველთა დუმილს; მიეჩვივნენ იმას, რომ მათ დაკრულზე ვცეკვავთ და ამიტომ ჩვენთვის თავს დიდად არ იწუხებენ.

საქართველოს სერიოზულად რომ არ აღიქვამენ, იქიდანაც ჩანს, რომ აგერ, ნატოს სამიტზე არ დაპატიჟეს. არც უკრაინა დაპატიჟეს, ის ორი ქვეყანა, რომლებსაც, რამდენიმე ათეული წელია, ნატოში გაწევრებას ჰპირდებიან. ახლა კი სამიტზეც აღარ დაუძახეს, ქართულმა და უკრაინულმა მხარემ შემთხვევით მწვავედ რომ არ დააყენონ საკითხი. აქეთ ცალკეული ევროპელი პოლიტიკოსები კი ამბობენ, _ საქართველო და უკრაინა ნატოსთვის მზად არიანო, მაგრამ ამას იმიტომ აკეთებენ, რომ იმედის მიმქრალ ნაღვერდალს სული შეუბერონ, თორემ ყველაზე კარგად თვითონ იციან, რომ ნატო და ევროკავშირი ჩვენთვის ისეთივე აუსრულებელი ოცნებაა, როგორც უკრაინისთვის. როგორ გგონიათ, უკრაინას _ კონტინენტის ყველაზე დიდ სახელმწიფოს _ წამოიკიდებს ზურგზე ევროპა და თრევას დაუწყებს? არავითარ შემთხვევაში. მათ მხოლოდ ის სურთ, რომ უკრაინის ლიდერმა, საქართველოს ლიდერის დარად, მაღალი ტრიბუნიდან რუსეთი ლანძღოს და მერე ეს მორიგი სანქციების დაწესების მიზეზი გახდეს. სხვათა შორის, სამიტზე საქართველოს გამოტოვებამ ოპოზიციაც დააფიქრა და დასავლელ პარტნიორებს სთხოვეს, _ ეგებ მიიწვიოთ ხელისუფლების წარმომადგენლებიო, მაგრამ ნურას უკაცრავად, არ გვიტენის ეს დასავლეთი და ძალით კიდევ ვერ ვეტენებით.

ისევ მარკეტკას დავუბრუნდეთ. ბატონებო და ქალბატონებო, არ არის საუბარი პოლიტიკასა და საგარეო თუ საშინაო კურსზე. ვიღაც რომ ჭკუას გარიგებთ, არ “გიტყდებათ”? ელემენტარულად, თავმოყვარეობის საკითხია, 28 წლის პოლიტიკური თინეიჯერი მითითებებს რომ გაძლევთ და გასწავლით, სად რა უნდა თქვათ და როგორ უნდა მოიქცეთ. თავმოყვარეობის გამო მაინც ამოიღეთ ხმა და თქვით რამე, თორემ მალე ევროპარლამენტის დამლაგებლები იმ მაგიდებსა და სკამებს აღარ გადაწმენდენ, რომლებზეც თქვენ დასხდებით. რატომ? იმიტომ, რომ ისინიც მიხვდებიან, თავმოყვარეობა რომ არ გაქვთ და იფიქრებენ, _ უთავმოყვარეოებს ასე უნდა მოექცეო. ხმა ამოიღეთ იმაზეც, რომ საქართველოდან ოფიციალურად სამუშაოდ წაყვანილ ქართველებს მონურად აცხოვრებენ, არც დაპირებულს უხდიან და მათი ყოფა წამებასთან არის გათანაბრებული. მუდმივად დუმილი და სირაქლემის პოზაში ყოფნა გამოსავალი არასდროს ყოფილა და არც ახლა იქნება.

ცალკე პრობლემაა ის, რაც ნინოწმინდის პანსიონში ხდება. არაფერს ვამტკიცებთ, მაგრამ ჯერ ერთი, ძალიან დიდი აჟიოტაჟია ამტყდარი და მეორეც _ როცა სოცმუშაკებს დაინახავენ და 16 ბავშვი იქაურობის სასწრაფოდ დატოვებას მოისურვებს, სულ მცირე, რაღაც ვერ არის კარგად. ამის მიუხედავად, არც მარკეტკასა და არც სხვას არ აქვს უფლება, ჩაერიოს ასეთ საქმეებში და მით უმეტეს მოწოდებები აკეთოს. ამისათვის კი ხმა პოლიტიკოსებმა უნდა ამოიღონ და, ერთს რომ შეეპასუხებიან, მეორე დაფიქრდება, თუმცა ამას ერთი ადგილი უნდა, რომელიც ქართველ პოლიტიკოსებს, ძალიან დიდი ხანია, აღარ აქვთ.

P.S. ისე, მართლა უნიათოა ეს ხელისუფლება, თორემ 28 წლის მარკეტკას მიშა აქამდე საქართველოშიც დაპატიჟებდა, კონცერტსაც გაუმართავდა, მასთან ერთად იხუნტრუცებდა კიდეც, ზღვაშიც შევიდოდა და ცხელ გულზე ცივ წყალსაც გადაივლებდა.

იცოდა ასეთები მიშამ, ნუ დავუკარგავთ.

ბესო ბარბაქაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here