Home რუბრიკები პოლიტიკა კახა კახიშვილი: ციხეში გადაღებული კადრების შემდეგ სააკაშვილმა საბოლოოდ გადაწყვიტა არჩევნების ტოტალური გაყალბება

კახა კახიშვილი: ციხეში გადაღებული კადრების შემდეგ სააკაშვილმა საბოლოოდ გადაწყვიტა არჩევნების ტოტალური გაყალბება

620

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე მიღებული გადაწყვეტილებით, საარჩევნო უბნებში ფოტო და ვიდეოგადაღება მხოლოდ სპეციალურად განსაზღვრული ადგილიდან იქნება შესაძლებელი. სხდომაზე, სადაც საარჩევნო უბნებზე ფოტო და ვიდეოგადაღების აკრძალვის შესახებ მიმდინარეობდა მსჯელობა, არასამთავრობო ორგანიზაციის «საარჩევნო და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევის ცენტრი» დირექტორი, საზოგადოებრივი დამცველი კახა კახიშვილი არ შეუშვეს. ბოლო დროს განვითარებული მოვლენებისა და მოახლოებული არჩევნების შესახებ «საქართველო და მსოფლიოს» კახა კახიშვილი ესაუბრება.

_ რატომ გადაწყვიტა ცესკომ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ცვლილებების განხორციელება და რამდენად გაქვთ ამ დადგენილების მიღებისა და ბოლოდროინდელი პროცესების შემდეგ ხელისუფლების მიერ სამართლიანი არჩევნების ჩაატარების იმედი?

_ მე დავრწმუნდი, რომ ცესკოს სურვილი, რომელიც თავიდან ბოლომდე ეწინააღმდეგება საარჩევნო კოდექსს, ნიშნავს, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია ხელისუფლების დაკვეთას ასრულებს. მე აქამდეც არ მქონდა სამართლიანი არჩევნების ჩატარების იმედი. როცა ხალხს ქვებს ესვრიან, იჭერენ შტაბის წევრებს, ოპონენტების მიმართ ყველანაირი ძალადობის ხერხს იყენებენ, უპრეცედენტო ჯარიმებს აწესებენ, რომლის ანალოგიც მსოფლიოში არ არსებობს, რომელ სამართლიან არჩევნებზეა საუბარი?! აქამდე კიდევ ჩვენ შეგვეძლო არადემოკრატიული, მაგრამ ჩვენნაირი ტიპის ქვეყნისთვის მეტ-ნაკლებად ნორმალური არჩევნების ჩატარების იმედი გვქონოდა, მაგრამ როგორც ჩანს, ხელისუფლების მხრიდან ამის ნებაც არ არსებობს.

_ წინააღმდეგ შემთხვევაში, რა ზომებს შეიძლება მიმართოს ხელისუფლებამ? რა საშიშ პროვოკაციას შეიძლება ველოდოთ?

_ ციხის კადრების გავრცელებამდე ხელისუფლება კიდევ ცდილობდა, უცხოელებისთვის მაინც მოეჩვენებინა, რომ თითქოს დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას ცდილობდა, მაგრამ ახლა, სააკაშვილმა საბოლოოდ გადაწყვიტა არჩევნების ტოტალური გაყალბება. როგორც ჩანს, მას აინტერესებს მხოლოდ ერთი რამ: ცესკოს შემაჯამებელი ოქმი, რომელშიც მისი უალტერნატივო გამარჯვება იქნება დაფიქსირებული.

_ შესაძლოა, არჩევნების შემდეგ ახალ რევოლუცია მოხდეს?

_ არჩევნებს აუცილებლად მოჰყვება პროტესტი, მაგრამ პოლიტიკოსების პრინციპულობაში დარწმუნებული არ ვარ. მართალია, რამდენიმე დღეა, ახალგაზრდები გულანთებულები გამოხატავენ საკუთარ პროტესტს, მაგრამ შოკისმომგვრელი კადრების მიუხედავად, პოლიტიკოსების მხრიდან მოვისმინეთ, რომ არ გააპროტესტოთ, არჩევნებამდე მივიდეთო, რაც მათი მხრიდან მუხტის შესუსტებას ნიშნავს. ჩემთვის ცოტა უცნაურია, რას ნიშნავს არჩევნებამდე მისვლა, როცა ასეთი კადრები ვიხილეთ? საზოგადოების ნაწილი შოკირებულია და მას პროტესტს ვერავინ აუკრძალავს. თუმცა, როგორც კი პოლიტიკური სპექტრი გაემიჯნა აქციას და განაცხადა, რომ ჯერჯერობით მხოლოდ არჩევნებზეა ორიენტირებული, ვნახეთ, როგორ გამკაცრდა ხელისუფლების რიტორიკა, დაიწყო დაჭერები, ცემა…

_ ბევრი საუბრობს, რომ პოლიტიკოსები არ უნდა ჩაერიონ ამ პროცესში, რომ ეს ახალგაზრდების პროტესტია

_ პარტია ხომ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებაა? როდესაც ადამიანები აპროტესტებენ უსამართლობას, პარტია საკუთარი მოქალაქეების იგნორირებას არ უნდა ახდენდეს. არჩევნები, მართალია, ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ისეთი შოკისმომგვრელი ფაქტები ვიხილეთ, რომლის ანალოგიც, არათუ ცივილიზებულ, ნაკლებად ცივილიზებულ ქვეყნებშიც არ ხდება. მსგავსი ფაქტები საბჭოთა კავშირის დროსაც არ ხდებოდა.

_ 2000-2002 წლებში, სასჯელაღსრულების სისტემის ომბუდსმენად მუშაობდით, რა ვითარება იყო მაშინ, ხდებოდა მსგავსი ფაქტები?

_ პირდაპირ ვიტყვი: ასეთი რამ რომც მოსვლოდა თავში რომელიმე საპატიმროს ხელმძღვანელს, იმ დროს შემსრულებელს ვერ იპოვიდა. გამორიცხული იყო, რომელიმე საჯარო მოხელეს ასეთი ბინძური ფუნქცია აეღო საკუთარ თავზე. ამიტომაც არ დაუმალავს სააკაშვილს, როცა განაცხადა, ჩემი იუსტიციის მინისტრობის დროს რაც ვერ მოვახერხე, ბაჩო ახალაიამ მოახერხაო, თორემ სურვილი მაშინაც ექნებოდათ. სხვათა შორის, მაშინ ფუნქციონირებდა  არასამთავრობო ორგანიზაციების საბჭო, რომელიც სასჯელაღსრულების ნებისმიერ დაწესებულებაში ნებისმიერ დროს ახორციელებდა მონიტორინგს, მათ შორის წინასწარი დაკავების იზოლატორშიც შედიოდნენ ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე და პატიმრებს პირისპირ ხვდებოდნენ. ასე იყო 2003 წლამდე, მაგრამ ამ ხელისუფლებამ, პირველ რიგში, მონიტორინგის საბჭო გააუქმა. სხვათა შორის, აღნიშნული საბჭოს წევრები იყვნენ: გიგა ბოკერია, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი, გივი თარგამაძე, ეკა ზღულაძე, თინა ხიდაშელი და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები…

 მართალია, იმ დროს ციხეში არ იყო წესრიგი და კრიმინალური ავტორიტეტები მართავდნენ ციხეს, ახლა მეორე უკიდურესობამდე მივედით, როცა ხელისუფლების მიერ ადამიანის მორალი საერთოდ უგულებელყოფილია. სამწუხაროდ, ვერ ვიპოვეთ შუალედი, როცა ადამიანის უფლებებიც დაცული იქნებოდა და წესრიგიც დამყარდებოდა.

_ თუმცა, ხელისუფლების მხარდამჭერების აზრით, ორი მინისტრის გათავისუფლება და რამდენიმე სასჯელაღსრულების თანამშრომლის დაჭერა სავსებით საკმარისია და პრობლემაც აღმოიფხვრა.

_ ეს არ აღმოფხვრის პრობლემას, რადგან გავრცელებული კადრების შემდეგ, ძალიან მალე, ჩვენ ვიხილეთ «ნაციონალური მოძრაობის» რეკლამა, სადაც პრეზიდენტი აცხადებს, რომ ასეთი ფაქტები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ მან მყისიერი რეაგირება მოახდინა და 2 მინისტრი გაათავისუფლა, ხოლო 11 კაცი პასუხისგებაში მისცა. 2 მინისტრი მან კი არ გაათავისუფლა, მათ საკუთარი განცხადების შემდეგ, თავად დატოვეს თანამდებობები, თორემ, ალბათ, არც მოხსნიდნენ. ეს არ იყო მყისიერი რეაგირება.

ამას გარდა, ირმა ინაშვილს საყვედურობენ, რატომ არ გამოქვეყნა ეს კადრები უფრო ადრეო, მაგრამ ჩვენ ქალბატონ ეკა ზღულაძის განცხადებაც მოვისმინეთ, რომ მათ 2009 წლიდან ჰქონდათ ინფორმაცია, სასჯელაღსრულების სისტემაში ასეთი ფაქტების შესახებ და ისინი თავად იძიებდნენ ამ ყველაფერს. ჩნდება კითხვა, თავად თუ 2009 წლიდან იცოდნენ, რაც ხდებოდა, რატომ არ მიიღეს შესაბამისი ზომები 2012 წლის სექტემბრამდე? დღეს ვხედავთ, რომ სამართალდამცავი სისტემა მუშაობს მხოლოდ 11 კაცის დასჯაზე, რომელიც მხილებულ იქნა იმ კადრების საშუალებით. თუ მათ ჰქონდათ ალტერნატიულად აღძრული სისხლის სამართლის საქმე, მხოლოდ ეს 11 კაცი ფიგურურებდა? იმ თერთმეტიდანაც მხოლოდ ორის მიმართ არის აღძრული წამების მუხლით საქმე, დანარჩენებს ბრალდება შეუმსუბუქდათ და ყველაზე მთავარი: საქმეში არ ფიგურირებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლი, სექსუალური სახის მოქმედების ჩატარება ძალდატანებით, რომლის მეოთხე მუხლიც, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი დანაშაულისას 12-დან 15 წლამდე პასუხისმგებლობას ითვალისწინებს, მიუხედავად იმისა, რომ კადრებში გასაკუთრებული სისასტიკე ვიხილეთ. რაც იმას ნიშნავს, რომ სამართალდამცავი სისტემა ცდილობს, სასჯელის ზომა დაკავებულ პირებს ყველანაირად შეუმსუბუქოს. ისინი, ალბათ, კარგ პირობებში ჰყავთ და არჩევნების შემდეგ, გაათავისუფლებენ. სხვა შემთხვევაში, დარწმუნებული ვარ, ბევრ თანამდებობის პირს ამხელდნენ, ვინაიდან ისინი არიან უბრალო შემსრულებლები. რატომ არ არის პასუხისგებაში მიცემული ხათუნა კალმახელიძე, მისი მოადგილე, დეპარტამენტის თავმჯდომარე? ამიტომ დღეს საუბარი, რომ მხოლოდ ეს 11 კაცია ყველაფერში დამნაშავე, არასერიოზულია.

პრეზიდენტი, ერთის მხრივ, მსუბუქ დანაშაულზე აცხადებს ნულოვან ტოლერანტობას, მეორე მხრივ კი, ვხედავთ მის ლმობიერებას, როცა საქმე ეხება მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან მძიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტებს.

_ ყოფილი სახალხო დამცველის, გიორგი ტუღუშის სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრად დანიშვნა შეცვლის თუ არა საპატიმროებში არსებულ ვითარებას?

_ გიორგი ტუღუში არასდროს გამოირჩეოდა პრინციპულობით. ის წერდა დასკვნებს, მაგრამ მას არანაირად არ აღელვებდა, რომ მის დასკვნებს არავითარი რეაგირება არ მოჰყოლია. დარწმუნებული ვარ, სახალხო დამცველად დანიშვნამდე, ხელისუფლებამ მყარი გარანტიები მიიღო მისგან, რომ ის პრინციპულად არასდროს გააპროტესტებდა ხელისუფლების ქმედებებს. რადგან სოზარ სუბარის შემდეგ, დარწმუნებული ვარ, ხელისუფლება ძალიან ფრთხილად მოეკიდებოდა ამ თანამდებობაზე კანდიდატურების შერჩევას.

დღეს ტუღუშისგან, უკვე სასჯელაღსრულების მინისტრის რანგში, გვესმის, რომ, თუ სისტემა ვერ დავაყენე ფეხზე, წავალ თანამდებობიდანო. საინტერესოა, სახალხო დამცველად მუშაობის დროს რატომ არ გააკეთა ასეთი განცხადება, რომ, თუ მის დასკვნაზე რეაგირება არ იქნებოდა, სახალხო დამცველის პოზიციას დატოვებდა? გიორგი ტუღუში დღეს ისეთ ფასადად მოგვევლინა, როგორიც იყო კალმახელიძე და სხვა მინისტრები. ეს სისტემა არ დაუნერგავს კალმახელიძეს, ამ სისტემით ყოველთვის ამაყობდა სააკაშვილი და აცხადებდა, რომ ქურდები ცოცხებით დარბიან და თავად ასუფთავებენ საკუთარ საკანსო.

თუ სამართალდამცავებს აინტერესებთ, ვის მიმართ რა ძალადობა იქნა ჩადენილი, ამის გარკვევა ძალიან ადვილია, ვინაიდან ყველა პატიმრის პირად საქმეში არსებობს გრიფით საიდუმლო ინფორმაცია, რომლის გაცნობის უფლებაც მხოლოდ ოპერატიულ თანამშრომელს აქვს, მაგრამ ხელისუფლება ცდილობს, დაიცვას საკუთარი თანამდებობის პირები.

_ ჩვენ ცოტა ხნის წინ მოვისმინეთ აშშის სენატორებისა თუ სხვა უცხოელების განცხადებები, რომლებიც, თუ პირდაპირ არა, ირიბად მაინც მიანიშნებდნენ პრეზიდენტის მხარდაჭერაზე. შეიცვლება თუ არა ვითარება გავრცელებული საზარელი კადრების შემდეგ? საერთაშორისო საზოგადოება ყოველივე ამის შემდეგ დაუჭერს მხარს სააკაშვილს?

_ უცხოელებს გარკვეული პასუხისმგებლობა ეკისრებათ, ვინაიდან რამდენჯერაც მათ განაცხადეს, რომ ჩვენი ქვეყანა «დემოკრატიის შუქურაა», ხოლო ჩვენი პრეზიდენტი «დემოკრატიის მამა», იმდენჯერ ხელისუფლება უფრო მეტ აგრესიას იჩენდა და, როდესაც ეს უცხოელები არაადეკვატურად აფასებენ შექმნილ ვითარებას, გამოდის, რომ რაღაც დოზით ამ ყველაფრის თანამონაწილეები არიან.

2004 წელს სააკაშვილმა ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს, ვალტერ შვიმერს და ევროსაბჭოს ელჩს საქართველოში, პლამენ ნიკოლოვს, სულ კორუმპირებულები ეძახა. გამოდის, რომ სააკაშვილი არ გამორიცხავს, რომ კორუფცია ასეთი რანგის ჩინოვნიკებშიც არის. ამიტომ აცხადებს, ფულით მოსყიდული უცხოელი ჩინოვნიკები რაღაცას თუ დაწერენ, ამით ვერ შემბოჭავენო. ეტყობა, აქვს უცხოელი ჩინოვნიკების მოსყიდვის გარკვეული გამოცდილება და ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენამდე მისთვის ლობისტები და კორუმპრებული ჩინოვნიკები მისაღები იყო.

პატიმრების წამების ამსახველი კადრები დაგმეს საერთაშორისო ორგანიზაციებმა, უცხოელმა ჩინოვნიკებმა. არჩევნებს შესაძლოა, ბევრ ქვეყანაში აპროტესტებენ, მაგრამ ასეთი კადრების ჩვენება და სისტემის ჩამოყალიბება ერთეულ და ისიც ძალიან ბნელ ქვეყნებში ხდება. ამიტომ ვფიქრობ, რომ აქამდე შეიძლება არჩევნების მიმართ უცხოელები ლოიალურები იყვნენ, მაგრამ ახლა მათი დამოკიდებულება შეიცვალა. ამ კადრების მერე ოროსანი ნატოს ასპირანტები გავხდით და არაერთი წელი დავრჩებით ერთსა და იმავე კურსზე.

_ გავრცელებული ინფორმაციით, ცესკომ ამერიკული მონიტორინგის ჯგუფს, «ღია დემოკრატიის კომიტეტს», უარი განუცხადა არჩევნებზე დაკვირვებაზე. ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ბრაიან მეფორდის, განცხადებით, ცესკომ უპირატესობა დიქტატორულ ბელორუსულ დელეგაციას მიანიჭა.

_ ცესკომ საერთაშორისო ორგანიზაციების რეგისტრაციასთან დაკავშირებით, ბიძინა ივანიშვილის გამოჩენის შემდეგ უცებ შეცვალა დამოკიდებულება, მაშინ, როცა 2011 წლამდე უპრობლემოდ არეგისტრირებდნენ ნებისმიერი ორგანიზაციას და თვითმფრინავის ტრაპთან აღფრთოვანებულებიც ხვდებოდნენ. საეჭვო ორგანიზაციები ჩამოჰყავდათ, რომლებიც ნებისმიერ არჩევნებს აპლოდისმენტებით ხვდებოდნენ, იფიქრეს, ივანიშვილიც ჩამოიყვანდა ისეთ ორგანიზაციებს, რომლებიც კრიტიკულ დასკვნებს დაწერდნენ, ამიტომ საერთაშორისო ორგანიზაციების რეგისტრაცია გაამკაცრეს. ორგანიზაციას «საერთაშორისო გამჭვირვალობასაც» კი შეუქმნეს პრობლემები, არ არეგისტრირებდნენ. ხელისუფლება ვერ ხვდება, რომ მხოლოდ არჩევნების შედეგებით არ ხდება არჩევნების შეფასება, ყველა პროცედურა მნიშვნელოვანია. ხელისუფლებამ უკვე საარჩევნო პროცესის «ხელოვნურ შეფუთვაზეც» უარი თქვა და პირდაპირ ძალისმიერ მეთოდებზე გადავიდა.

ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here