Home რუბრიკები პოლიტიკა მეორე აუცილებელი განმარტება ირაკლი ალასანიასთან ინტერვიუს გამო

მეორე აუცილებელი განმარტება ირაკლი ალასანიასთან ინტერვიუს გამო

539

„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში უარყო, რომ მას ეკუთვნის გაზეთ „საქართველო და მსოფლიოში“ (#33, 21–27 სექტემბერი) გამოქვეყნებული სიტყვები „ნატოში გაწევრიანება არის განუხორციელებელი ამოცანა“, რამაც საზოგადოება გარკვეულწილად დააბნია.

აუცილებლად მიმაჩნია კიდევ ერთხელ განვმარტო, რომ ირაკლი ალასანიამ ზუსტად ეს სიტყვები თქვა ჩემთან საუბრისას და მან იცოდა, რომ ინტერვიუ გაზეთში გამოქვეყნდებოდა. ხელისუფლებამ სცადა, ირაკლი ალასანიას დისკრედიტაციისთვის გამოეყენებინა ინტერვიუს ეს ფრაგმენტი. პირველ განმარტებაში აღვნიშნე, რომ ინტერვიუს გამოქვეყნებიდან თითქმის ორი თვის შემდეგ, 15 ნოემბერს, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“–ის პროდიუსერმა გიორგი ლაფერაშვილმა მთხოვა კომენტარის გაკეთება, რაზეც ვუპასუხე, რომ ინტერვიუში რესპონდენტის ნათქვამი ზუსტად იყო გამოქვეყნებული, სატელევიზიო კომენტარზე კი უარი ვუთხარი, სანამ ბატონი ირაკლი ალასანიას კომენტარს არ მოვისმენდი. იმავე საღამოს, „რუსთავი 2“–მა და „იმედმა“ ალასანიას ინტერვიუზე დაყრდნობით მთავარ საინფორმაციო გამოშვებებში სიუჟეტები შემოგვთავაზეს.

25 ნოემბერს ეს ინტერვიუ კვლავ გაიხსენეს. ტელეკომპანია „იმედის“ საინფორმაციო გამოშვება „ქრონიკის“ ეთერში ირაკლი ალასანიასა და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელ გიორგი გაბაშვილს შორის გამართული ტელედებატების დროს ისაუბრეს 21 სექტემბერს გამოქვეყნებულ ინტერვიუში ნახსენებ ფრაზაზე. წამყვანმა ჩემი განმარტებაც მოიშველია, თუმცა „იმედის“ წარმომადგენელთან არ მისაუბრია.

26 ნოემბერს „იმედის“ კორესპონდენტი დამიკავშირდა და სატელევიზიო კომენტარი მთხოვა, რაზეც ვუპასუხე, რომ მე რესპონდენტებთან დაკავშირებით კომენტარებს არ ვაკეთებ, განმარტება კი უკვე გამოვაქვეყნე გაზეთ „საქართველო და მსოფლიოს“ ინტერნეტ–გვერდზე. ასევე ვუთხარი, რომ კარგად მესმის, რა პროცესები მიმდინარეობს ქვეყანაში და ცალკეული ჯგუფების მიერ ირაკლი ალასანიას დისკრედიტაციის მცდელობისას ჩემი იმედი ნუ ექნებათ.

სატელევიზიო კომენტარზე უარი იმიტომაც ვთქვი, რომ მე, როგორც ჟურნალისტი, ვალდებული არ ვარ, ავხსნა, რას გულისხმობს რესპონდენტი, როცა ინტერვიუში მპასუხობს გამართულად ჩამოყალიბებული წინადადებით. მე მის ნათქვამში არაფერი შემიცვლია. მით უფრო არ მესმის, რა ახსნა უნდა ამ წინადადებას: „დღეს და მითუმეტეს სააკაშვილის ნაბიჯებისა და 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, ნატოში გაწევრიანება არის განუხორციელებელი ამოცანა“. ჩემი აზრით, ამ წინადადებაში უარსაყოფი არაფერია. დღეს სააკაშვილმა ნატოში გაწევრიანება მართლაც განუხოციელებელ ამოცანად აქცია. ხოლო იმის უარყოფა, რაც ირაკლი ალასანიამ ნამდვილად მითხრა, სრული სისულელეა, რადგან აუდიოვერსია შენახული მაქვს და ინტერვიუს ამ ფრაგმენტს აქვე გთავაზობთ. აქამდე კი მხოლოდ იმიტომ არ ვაქვეყნებდი, რომ მასთან დაპირისპირებული პერსონებისთვის არ მიმეცა ამ საუბრის ჩანაწერით მანიპულირების საშუალება.

ბონდო მძინარაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here