პარლამენტის თავმჯდომარეს მიაჩნია, რომ საქართველოს საბოლოო მიზანი ნატოში გაერთიანებაა, პრემიერმინისტრის აზრით კი, ნატოს წევრობას არაფერი აქვს საერთო ტერიტორიულ მთლიანობასთან
საქართველოს ყველა ხელისუფლება, წლებია, მოსახლეობას თვალში ნაცარს აყრის ნატოსა და ევროკავშირში შესვლასა და, ამ ორგანიზაციების მეშვეობით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე ლაპარაკით. თავდაპირველად იყო “მაპი”, შემდეგ _ “მაპზე უკეთესი”, შემდეგ _ “მეტი ნატო საქართველოში” და ა.შ., მაგრამ საშველი არც ნატოში შესვლას დაადგა, არც ევროკავშირში გაერთიანებას და არც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. პირიქით _ ახლახან, რამდენიმე დღის წინათ, სამხრეთ კავკასიისა და საქართველოს კრიზისების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჰერბერტ ზალბერმა “სამხრეთ ოსეთის” დე ფაქტო პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. ეს იმიტომ მოხდა, რომ ევროკავშირს არ ანაღვლებს საქართველო და მისი პრობლემები, ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება კი არათუ გადაწყვეტილებებს იღებს დამოუკიდებლად და ევროკავშირის წარმომადგენლის ანტიქართულ განცხადებაზე პროტესტს გამოხატავს, არამედ უცხოელ პატრონებთან შეუთანხმებლად სიტყვასაც ვერ ძრავს.
საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 2016 წლის 11 დეკემბერს გერმანულ გამოცემა Die Zeit-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა: “ჩვენ დაუღალავად ვიმეორებთ, რომ საქართველოს ნატოში შესვლა არ ისახავს მიზნად რუსეთისთვის დამუქრებას. ჩვენ გვსურს, რუსეთთან ვითანამშრომლოთ და ვერ ვხედავთ ვერავითარ წინააღმდეგობას, ამავე დროს, დასავლეთისკენ გზაზე სვლა რომ განვაგრძოთ”. აქ გიორგი კვირიკაშვილი ფაქტების დამახინჯებასაც არ მოერიდა, როდესაც განაცხადა, რომ “რუსი პოლიტიკოსების მხრიდან არ არის შესაბამისი საპასუხო ნაბიჯები”.
რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა არაერთხელ მკაფიოდ მიანიშნეს საქართველოს ხელისუფლებას, რომ მზად არიან დიალოგის დასაწყებად ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის მოგვარებაზე. 2015 წლის დეკემბერში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ტელეკომპანია “მაესტროს” ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის პერსპექტივაზე ასე უპასუხა:
“2008 წლის მოვლენების შემდეგ ამაზე ბევრჯერ გვისაუბრია, ჩვენ არ ვართ დაძაბულობის მიზეზი… რაც შეეხება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ეს, პირველ რიგში, ქართველი, აფხაზი და ოსი ხალხების საქმეა, მათთან უნდა იმუშაოთ. ჩვენ ნებისმიერ გადაწყვეტილებას მივიღებთ. საჭიროა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხელისუფლებასთან თანამშრომლობა”.
რუსეთის პრეზიდენტის ამ განცხადების მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლებას ნაბიჯიც არ გადაუდგამს რუსეთთან დიალოგის დაწყების გზაზე. ეს იმიტომ, რომ სწორედ დასავლეთის _ ნატოსა და აშშ-ის, აგრეთვე, დიდი ბრიტანეთის _ გავლენისთვის ვერ დაუღწევია თავი, თუმცა ეს არც სურს, რადგან მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე ფიქრობს და არა ქვეყნისთვის სასიცოცხლო ინტერესების გატარებაზე.
“ნატოს წევრობას არაფერი აქვს საერთო ტერიტორიულ მთლიანობასთან. პირველ რიგში, ნატოში შესვლის მიზანი არ არის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ გამოვრიცხეთ ამ მიზნის მიღწევა სამხედრო გზით. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ერთადერთი გზა ნდობის ხარისხის ამაღლებაში მდგომარეობს, ერთი მხრივ, ქართველებს, ხოლო, მეორე მხრივ, აფხაზებსა და ოსებს შორის. ნატოს წევრობას კი მასთან არაფერი აქვს საერთო. ნატოსთან თანამშრომლობის მიზანი მხოლოდ სამხედრო მფარველობის მოპოვება არ არის. აქ საუბარია ღირებულებებზე, დემოკრატიულ ინსტიტუტებზე, აქ საუბარია ამა თუ იმ ბანაკის წევრობაზე. საქართველომ უკვე მიიღო გადაწყვეტილება: ჩვენ გვინდა ევროპული და ტრანსატლანტიკური ბანაკის წევრობა. ეს ჩვენთვის ნიშნავს, რომ ჩვენ ვაშენებთ ქვეყანას, რომელიც ევროკავშირისა და ნატოს სტანდარტებს შეესაბამება. გარდა ამისა, აქ მნიშვნელოვანია ერთგულება. საქართველო თავს მიიჩნევს ევროკავშირის, ნატოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ერთგულ პარტნიორად სამხრეთ კავკასიაში”, _ განუცხადა საქართველოს პრემიერმინისტრმა გერმანული გამოცემის ჟურნალისტს.
გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს პირველი პრემიერმინისტრია, რომელმაც აღიარა, რომ ნატოში საქართველოს შესვლის მიზანი არ არის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. და, აქედან გამომდინარე, ცხადია, რომ ყველა ხელისუფლების დაპირება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე ფარსი იყო და მოსახლეობისთვის აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის გარეშე ნატოში შესვლაზე აზრის ჩანერგვას ემსახურებოდა. აღსანიშნავია, რომ ნატოს წესდების თანახმად, ამ ალიანსის წევრობის მსურველ ქვეყანას ტერიტორიული პრობლემები არ უნდა ჰქონდეს. ისე კი, ნატოს წევრობას მართლაც არაფერი აქვს საერთო საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან, დასავლეთს საქართველო ნატოს წევრად მხოლოდ იმიტომ სურს, რომ ჩვენს ტერიტორიაზე განალაგოს სამხედრო ბაზები რუსეთთან კონფრონტაციისთვის და საქართველო ამ კონფრონტაციის პოლიგონად აქციოს.
2008 წლიდან, როდესაც ნატოს ბუქარესტის სამიტზე განაცხადეს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს შესაძლო შესვლის თაობაზე, ნატოს დელეგაცია 4-ჯერ ჩამოვიდა საქართველოში (უპრეცედენტო შემთხვევაა), ქართველი ჯარისკაცები კი სიცოცხლეს სწირავდნენ და სწირავენ უცხო ქვეყნებში სხვადასხვა მისიის შესრულებისას, რომელთა მიზანი დასავლეთის ინტერესების დაცვაა, მაგრამ ალიანსში შესასვლელი კარი საქართველოსთვის მაინც ჩარაზულია.
ნატოს ერთი წევრი ქვეყანაც რომ იყოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს შესვლის წინააღმდეგი, ამ ორგანიზაციაში არავინ მიგვიღებს. არადა, ისეთი სახელმწიფოები, როგორიცაა გერმანია და საფრანგეთი, წინააღმდეგი არიან. აი, რას განაცხადა საფრანგეთის სენატის წევრმა ემერი დე მონტესკიუმ: “საფრანგეთი და გერმანია წინააღმდეგნი არიან უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას ნატოში შესვლის. ეს აბსოლუტური პროვოკაცია იქნება”. ასეთივე თვალსაზრისი აქვს საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდსაც.
ნატოში საქართველოს შესვლის უპერსპექტივობაზე ლაპარაკობდნენ მსოფლიოს სხვა წამყვანი ქვეყნების ლიდერებიც:
აშშ-ის აწ უკვე ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა: “რაც შეეხება ქვეყნებს, რომლებსაც გამოხატული აქვთ ნატოში წევრობის სურვილი, ყველა ასეთი ქვეყნის განაცხადი უნდა იყოს უარყოფილი, რადგან, ჩვენი აზრით, ნატო ამ ეტაპზე არ უნდა გაფართოვდეს”.
მხოლოდ ეს ფრაზებია საკმარისი, რომ შევიგნოთ: დასავლეთს ისედაც ბევრი პრობლემა აქვს და ნატოში საქართველოს მიღებით კიდევ უფრო არ აიტკივებს თავს, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება კვლავ ჯიუტად ადგას აშშ–ის მარიონეტი სააკაშვილის მიერ გატკეპნილ გზას… ამის დასტურია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის _ ირაკლი კობახიძის რამდენიმე დღისწინანდელი განცხადება, რომ “ჩვენი საბოლოო მიზანი ნატოში შესვლაა”:
“ნატოს საპარლამენტო ასამბლეა არის ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება. დღემდე ოთხ არაწევრ ქვეყანაში გაიმართა ასამბლეა და დღეს ოთხივე ქვეყანა ნატოს სრულუფლებიანი წევრია. შესაბამისად, ამ ასამბლეის მიმართ მოლოდინი ძალიან დიდია და ეს ფორმატი, ეს ასამბლეა უნდა გამოვიყენოთ ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან კავშირების გასაღრმავებლად. ჩვენი საბოლოო მიზანი ნატოში გაერთიანებაა და ჩვენ თანმიმდევრულად მივიწევთ ამ მიზნისკენ. რა თქმა უნდა, რეალისტურად ვაფასებთ ვითარებას, რომელიც ნატოში ჩვენს შესვლასთანაა დაკავშირებული. მთავარია, ვიყოთ თანმიმდევრულები და ასეთ შემთხვევაში, ჩვენ მიზანს საბოლოოდ აუცილებლად მივაღწევთ”, _ განაცხადა ვარშავაში ვიზიტით მყოფმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის შესახებ საუბრისას, რომელიც 26-29 მაისს თბილისში გაიმართება.
საქართველოს ხელისუფლების პირველი პირები, როგორც ჩანს, განზრახ არ ლაპარაკობენ, რომ ნატოში საქართველოს შესვლა ამ ალიანსის სამხედრო ძალების განლაგებას ნიშნავს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე და სწორედ ის არის საფრთხის შემცველი ჩვენი ქვეყნისთვის, რომ რუსეთის, უდიდესი ბირთვილი არსენალის მქონე სახელმწიფოს, სამიზნეში აღმოვჩნდებით.
მსოფლიოს დიდი სახელმწიფოები ნატოში საქართველოს შესვლაზე კბილებამდე შეიარაღებული რუსეთის შიშით უარს ამბობენ და მოგვიწოდებენ (ყოველ შემთხვევაში, სიტყვით მაინც) ამ უზარმაზარ მეზობელ სახელმწიფოსთან ურთიერთობა მოვაგვაროთ, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება ნაბიჯს არ დგამს ამ ურთიერთობის ოდნავ მაინც გასაუმჯობესებლად, რაც შეიძლება ძალიან ძვირად დაგვიჯდეს.
ნიკა კორინთელი