Home რუბრიკები საზოგადოება “ტრავიატა” საოპერო ზეიმად გადაიქცევა

“ტრავიატა” საოპერო ზეიმად გადაიქცევა

2520

25 იანვარს 19 საათზე ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიულ სახელმწიფო თეატრში (სამხატვრო ხელმძღვანელი _ ირინე ლომინაძე) წარმოდგენილი იქნება ჯუზეპე ვერდის შედევრი, მისი ერთერთი ყველაზე სულისშემძვრელი და პოეტური ქმნილება, ოპერატრავიატა”. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებული სპექტაკლის პრემიერა, რომელზეც იმუშავა არაერთგზის ნაცადმა, წარმატებულმა შემოქმედებითმა ჯგუფმა დირიჟორ რევაზ ჯავახიშვილის, რეჟისორ მაია გაჩეჩილაძის, მხატვარ თემურ არსენიძისა და ქორეოგრაფ ვახტანგ უშვერიძის შემადგენლობით, შარშან, ოქტომბერში დიდი წარმატებით გაიმართა. პრემიერის შემდეგ ეს პირველი წარმოდგენა იქნება.

“ტრავიატას” ამ წარმოდგენაში მთავარ როლებს შეასრულებენ საერთაშორისო აღიარების მქონე ახალგაზრდა ქართველი მომღერლები: მარიკა მაჩიტიძე (ვიოლეტა ვალერი) _ თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სოლისტი, ირაკლი კახიძე (ალფრედ ჟერმონი) _ ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სოლისტი, ნიკოლოზ ლაგვილავა (ჟორჟ ჟერმონი) _ თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სოლისტი. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ სამივე აღნიშნული როლების საუკეთესო შემსრულებლად ითვლება, რაც გვაფიქრებინებს, რომ სპექტაკლი ჭეშმარიტ საოპერო ზეიმად გადაიქცევა.

მათ პარტნიორობას გაუწევენ ქუთაისის ოპერის თეატრის სოლისტები: ნუცა ზაქაიძე (ფლორა ბერვუა), მარიეტა მაჩალაძე (ანინა), იოსებ კიწმარიშვილი (გასტონი), კალისტრატე ხარჩილავა (ბარონი დიუფონი), ემილ ჩარგაზია (მარკიზი დ’ობინი), ბესიკ ბასილაძე (ექიმი გრენვილი), თეატრის გუნდი, რომლის მთავარი ქორმაისტერია ნათია გოგუაძე, ორკესტრი და ქორეოგრაფიული დასი. სპექტაკლს თეატრის მთავარი დირიჟორი რევაზ ჯავახიშვილი წარუძღვება.

“ტრავიატას” მსოფლიო პრემიერა 1853 წლის 6 მარტს შედგა ვენეციის თეატრში “ლა ფენიჩე” და ის საოცრად წარუმატებელი აღმოჩნდა, პრაქტიკულად, პრემიერა ჩავარდა. პრემიერის მეორე დღეს ვერდი თავის მეგობარ ემანუელე მუციოს წერდა: “გუშინ საღამოს “ტრავიატა” ჩავარდა. ჩემი ბრალია თუ მომღერლების?.. დრო განსჯის”.

პრემიერის ჩავარდნის მიუხედავად, იყვნენ ადამიანები, რომელთაც ძალიან მოეწონათ და სათანადოდ შეაფასეს “ტრავიატა”. Gazzeta Musicale  წარუმატებლობას მთლიანად მომღერლებს აბრალებდა და წერდა: “ტრავიატა” შესანიშნავი ქმნილებაა იმ უშრეტი გენიოსისა, რომელმაც ევროპას შესძინა “ნაბუქო”, “ერნანი” და “რიგოლეტო”. ამ ნაწარმოების მუსიკა გასაოცარი, დამატყვევებელი რელიეფურობით ამჟღავნებს ვნებათა ევოლუციას”.

მსოფლიო პრემიერიდან ერთი წლის შემდეგ, 1854 წლის 6 მაისს, ვერდის შემოქმედების თაყვანისმცემელმა ანტონიო გალომ “ტრავიატა” (მცირედი კუპიურებით) ვენეციაში თავის თეატრ San Benedetto-ში დადგა და ოპერას კოლოსალური წარმატება ხვდა წილად.

“ტრავიატას” მოსმენის შემდეგ დიუმამ თქვა: “ორმოცდაათი წლის შემდეგ არავის ემახსოვრება ჩემი “ქალი კამელიებით”, ვერდიმ კი ის უკვდავყო”.

1855-57 წლებში “ტრავიატა” დაიდგა ევროპის ყველა ცენტრალურ საოპერო სცენაზე და სამუდამოდ დაიმკვიდრა გამორჩეული ადგილი საოპერო რეპერტუარში.

ეწვიეთ ქუთაისის ოპერის თეატრს და ისიამოვნეთ ვერდის ოპერით “ტრავიატა”.

ზურაბ ოიკაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here