Home რუბრიკები ბლოგი ტრამპმა ნატოს მოძველებული ორგანიზაცია უწოდა

ტრამპმა ნატოს მოძველებული ორგანიზაცია უწოდა

985

გაზეთ The Times-თვის მიცემულ ინტერვიუში, აშშ-ის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ნატო-ს, მნიშვნელოვანი, მაგრამ მოძველებული ორგანიზაცია უწოდა, რადგანაც მისი აზრით ეს ორგანიზაცია ტერორიზმის პრობლემას საკადრის ყურადღებას არ უთმობდა.

„ჯერ კიდევ როდის ვამბობდი, რომ ნატო-ს პრობლემები აქვს. ჯერ ერთი, ის მოძველებული ორგანიზაციაა, რადგან ძალიან დიდი ხნის წინ შეიქმნა. მეორე, ალიანსის ქვეყნები არ იხდიან იმას, რასაც უნდა იხდიდნენ. ნატო მოძველდა, რადგანაც ტერორიზმის პრობლემას საკადრის ყურადღებას არ უთმობდა“,- აღნიშნა ტრამპმა.

ამასთან ერთად, ტრამპმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ნატო ძალიან მნიშვნელოვანია მისთვის და დღესდღეობით, ალიანსის მონაწილე მხოლოდ ხუთი ქვეყანა იხდის იმას, რასაც უნდა იხდიდეს. მათ შორის ტრამპმა დიდი ბრიტანეთი გამოარჩია.

შეგახსენებთ, ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის მიერ გახმოვანებული ინფორმაციით, დონალდ ტრამპმა დაარწმუნა ის, რომ აშშ  ალიანსის მხარდაჭერას გააგრძელებს.

დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, რადგანაც ხშირ შემთხვევაში პოლიტიკოსების მიერ გაჟღერებული განცხადებები არ ემთხვევა მოვლენების შემდგომ განვითარებას ამ მიმართულებით, რისი მოწმენი არაერთხელ გავმხდარვართ. ფაქტი კი ერთია, თავის დროზე, ნატო შეიქმნა, როგორც საბჭოთა კავშირის საპირწონე და მტრული კოალიცია და დემოკრატიული ღირებულებები არ ყოფილა ნატო-ს შექმნის ძირითადი მიზანი.

როგორც ამერიკელები სსრკ-ს უწოდებდნენ,  ბოროტების იმპერია აღარ არსებობს , საბჭოთა კავშირი კარგა ხანია, დაიშალა, ვარშავის პაქტი ისტორიის ნაგავსაყრელზეა…. მაშინ რატომ აგრძელებს ალიანსი ფუნქციონირებას და ვის ებრძვის იგი?! „ნატო-მ ახალი ვალდებულებების აღება გადაწყვიტა – ალიანსი საბრძოლველად ომებს ეძებდა და ეძებს. ავღანეთში, ბოსნიაში, კოსოვოსა და ლიბიაში დროდადრო მიმდინარე კონფლიქტებში ნატო-ს პრესტიჟული სოციალური კლუბის როლი ჰქონდა, რომელიც ამ კლუბში აღმოსავლეთ ევროპის ახალ გათავისუფლებულ და შექმნილ სახელმწიფოებს იწვევდა“,- ეს ამერიკელი პოლიტოლოგის დაგ ბენდოუს სიტყვებია, რომელიც The National Interest-მა დაბეჭდა.

სწორედ ამიტომ მართებს საქართველოს და  სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებს უდიდესი სიფრთხილე ამ მიმართულებით, რომ არ შეეწირონ ნატოს და აშშ-ის გლობალური ინტერესების გატარებას.

                                                                          კონსტანტინე ჩიკვილაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here