Home რუბრიკები პოლიტიკა გია ხუხაშვილი: სამყარო იცვლება _ დაველოდოთ შეერთებულ შტატებში არჩევნების შედეგებს, დაველოდოთ არჩევნებს...

გია ხუხაშვილი: სამყარო იცვლება _ დაველოდოთ შეერთებულ შტატებში არჩევნების შედეგებს, დაველოდოთ არჩევნებს გერმანიასა და საფრანგეთში და შესაბამისად წარვმართოთ საგარეო პოლიტიკა

533

საქართველოში 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური დასრულდა. “ქართულმა ოცნებამსაკანონმდებლო ორგანოში საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვა. “ნაციონალური მოძრაობაკი, რომელსაც მოქმედი ხელისუფლება პოლიტიკური ველიდან გაძევებას ჰპირდებოდა და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებდა, მეორე ძალად დარჩა. არჩევნების შედეგად კრახი განიცადესნაცმოძრაობისსატელიტმა პარტიებმა. ეს პოლიტიკური სუბიექტები, რომელთა წარმომადგენლებიც ამბობდნენ, რომ საქართველოს პროდასავლური პოლიტიკური კურსის გარანტები არიან, დაიშალნენ, მათი ლიდერები კი პარტიებიდან გაიქცნენ. როგორ აისახება ეს პოლიტიკური პროცესები ქვეყნის კეთილდღეობაზე და რა საფრთხეების შემცველი შეიძლება იყოსოცნებისხელში საკონსტიტუციო უმრავლესობა? _ ამ და სხვა საკითხებზე გვესაუბრა ექსპერტი გია ხუხაშვილი.

_ ბატონო გია, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებშიქართულმა ოცნებამსაკონსტუტიციო უმრავლესობა მოიპოვა და პარლამენტში 115 მანდატით შევიდა. ეს ქვეყნისთვის საფრთხეის შემცველი ხომ არ არის?

_ საკონსტიტუციო უმრავლესობა არ ნიშნავს აუცილებლად ძალაუფლების უზურპაციას, თუმცა ასეთი ვითარება შეიცავს რისკს, განვითარდეს ეგრეთ წოდებული გარყვნილების ტენდენდენცია ხელისუფლებაში. ამის მაგალითი, სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყანის უახლეს ისტორიაში, ბევრია. არ მინდა, ხელისუფლებას ბრალი წინასწარ დავდო, იმედი მაქვს, ძალაუფლებას სახელმწიფო ინტერესებისთვის გამოიყენებენ. ჯერჯერობით წინასწარი პანიკა და სპეკულაცია ქვეყნის დაღუპვის თაობაზე მიზანშეუწონლად მიმაჩნია.

_ ბატონო გია, რით ახსნით დავით უსუფაშვილის მიერ რესპუბლიკური პარტიის დატოვებას იმ მომენტში, როცა პარტიას ყველაზე მეტად სჭირდებოდა მხარდაჭერა?

_ ვფიქრობ, უსუფაშვილისთვის რესპუბლიკური პარტია, დიდი ხანია, მუხრუჭად იქცა პოლიტიკური კარიერის განვითარების თვალსაზრისით. რესპუბლიკური პარტია არასოდეს გამოირჩეოდა პოპულარობით.

_ საპარლამენტო არჩევნებშინაციონალური მოძრაობამეორე ადგილზე გავიდა და პარლამენტში 27 მანდატი მოიპოვა. რა შედეგის მომტანი შეიძლება იყოს იმ პარტიის ყოფნა პარლამენტში, რომელსაც მოქმედი ხელისუფლება სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებდა?

_ “ნაციონალურ მოძრაობას” არაფერი წაუგია, მეტიც _ ეს პოლიტიკური ორგანიზაცია უკეთეს მდგომარეობაშია ორი მიზეზის გამო: უწინარესად, სახალხო ლეგიტიმაციის თვალსაზრისით გაიმყარა პოზიციები. თუ წინა არჩევნებზე “ნაციონალურ მოძრაობას” დაახლოებით სამასი ათასმა ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი, დღეს მას ხმა ნახევარ მილიონამდე ადამიანმა მისცა. მეორე მიზეზია ის, რომ ოპოზიციურ ფლანგზე “ქართულმა ოცნებამ”, ფაქტობრივად, მთლიანად მოასუფთავა ველი _ “ნაციონალური მოძრაობას” კონკურენტი აღარ დაუტოვა და ეს პოლიტიკური ორგანიზაცია დანიშნა თავის ერთადერთ და განუმეორებელ ალტერნატივად. ამით “ნაცმოძრაობას” შეუქმნა მაქსიმალური კომფორტი, რომელსაც ნაციონალები მაქსიმალურად გამოიყენებენ, მით უმეტეს მაშინ, როცა რიტორიკა სისხლიან ცხრა წელზე უკვე აზრს კარგავს. ამის ფონზე “ქართულ ოცნებას” მაინცდამაინც კარგად არ უნდა ჰქონდეს საქმე.

_ “ნაციონალური მოძრაობაგვპირდებოდა დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებას, მაგრამ დავკარგთ ახალი ტერიტორიები. “ქართული ოცნება”, სხვა მრავალ დაპირებასთან ერთად, რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებას გვიქადდა, მაგრამ ამ უზარმაზარ სახელმწიფოსთან ურთიერთობა კვლავაც მოუგვარებელია. როგორია თქვენი თვალსაზრისი საქართველოს საგარეოპოლიტიკურ კურსზე?

_ პატარა ქვეყნების საგარეო-პოლიტიკური კურსი არ განისაზღვრება ხისტი პოზიციებით. დღეს ძნელი სათქმელია, როგორი პოლიტიკის გატარება დაგვჭირდება ჩვენი ადგილის საპოვნელად. დავიცადოთ, დაველოდოთ შეერთებულ შტატებში არჩევნების შედეგებს, დაველოდოთ არჩევნებს გერმანიასა და საფრანგეთში. სამყარო იცვლება, ტრანსფორმირდება და ჩვენც შესაბამისად უნდა წარვმართოთ საგარეო პოლიტიკა.

_ ბატონო გია, როგორ შეაფასებთ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს?

_ არჩევნების შედეგებს ნეგატიურად ვაფასებ. “ქართულმა ოცნებამ” მთავარი დაპირება, რომ დაასუსტებდა და გაიყვანდა “ნაციონალურ მოძრაობას” პოლიტიკური ასპარეზიდან, არ შეასრულა. ამის ნაცვლად გააძლიერა ეს პოლიტიკური მოძრაობა. პრემიერმინისტრი შეგვპირდა აგუგუნებულ საქართველოს და მოგვიწოდა, რომ გვიყვარდეს ერთმანეთი, მაგრამ სიყვარულსა და აგუგუნებას მაინცდამაინც არ ველოდებით, ამიტომ იქნება მინიკრიზისები, რომლებიც შეიძლება, საბოლოო ჯამში, სერიოზულ პრობლემებად ჩამოყალიბდეს.

ესაუბრა ეკა ზარნაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here