Home რუბრიკები საზოგადოება 5 ყველაზე მძლავრი სახმელეთო ჯარი – პროგნოზი 2030 წლისთვის

5 ყველაზე მძლავრი სახმელეთო ჯარი – პროგნოზი 2030 წლისთვის

2840

ცივი ომის დასრულების შემდეგ სახმელეთო საბრძოლო ოპერაციების ხასიათი მნიშვნელოვნად შეიცვალა. ამჟამად იშვიათად ატარებენ ისეთ ოპერაციას, რომლის მიზანი თანაბარი ძალისა და აღჭურვილობის მოწინააღმდეგის დამარცხება და ტერიტორიების გათავისუფლება ან დაპყრობაა. ასეთი საომარი მოქმედებები დღესაც ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ სახმელეთო ჯარების ამა თუ იმ სახეობის ქვედანაყოფს სხვა პრიორიტეტებიც აქვს.

ინდოეთის არმია

ინდოეთი

ინდოეთის სახმელეთო ჯარები მსოფლიოს ელიტური ქვედანაყოფების დონეს მიაღწევენ.

ეს არმია ამჟამად სხვადასხვა ხასიათის ინტენსიურ საომარ მოქმედებებს აწარმოებს _ თავის ტერიტორიაზე ებრძვის მაოისტ პარტიზანებს, ქაშმირში _ ამბოხებულებს, რომლებსაც მხარს პაკისტანი უჭერს. ამასთანავე, ინდოეთის არმია საკმაოდ კარგადაა მომზადებული პაკისტანთან საბრძოლველად, რადგან, უკვე კარგა ხანია, მიხვდა, რომ თავდაცვისთვის საბრძოლო მომზადება აუცილებელია. რაც შეეხება საბრძოლო ტექნიკასა და შეიარაღებას, ინდოეთის სახმელეთო ძალები ჩამორჩება მოწინააღმდეგეს, მაგრამ ამ ქვეყანამ ახლახან დაიწყო რუსეთში, ისრაელსა და აშშ-ში დამზადებული საბრძოლო ტექნიკის შეძენა და ახლო მომავალში ის მრისხანე ძალად იქცევა.

საფრანგეთის ჯარი

საფრანგეთი

ევროპის ქვეყნებს შორის საფრანგეთს ყველაზე მძლავრი და ბრძოლისუნარიანი სახმელეთო ჯარები ჰყავს. ამ ქვეყანას კვლავ სურს, წამყვანი როლი ითამაშოს მსოფლიოს პოლიტიკაში და დარწმუნებულია, რომ ამ ამოცანის გადაწყვეტაში ეფექტიანი სახმელეთო ქვედანაყოფები დაეხმარება, ამიტომ შეიძლება დააჩქაროს კიდეც არმიის გაძლიერების პროცესი.

საფრანგეთს აქვს მძლავრი სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი, რომელიც აქტიურად მუშაობს როგორც თავდაცვის სამინისტროზე, ასევე იარაღის ექსპორტზე. ამ ქვეყნის სახმელეთო ჯარის ქვედანაყოფები, რომლებიც აღჭურვილნი არიან კავშირგაბმულობის თანამედროვე საშუალებებით, ევროკავშირის მრავალეროვანი კონტინგენტების ძირითად ბირთვს წარმოადგენენ.

საფრანგეთის არმიას სხვადასხვა მასშტაბისა და ინტენსივობის საომარი მოქმედებების წარმოების მნიშვნელოვანი გამოცდილება აქვს. ისინი მონაწილეობდნენ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლებში ავღანეთში, ჩრდილოეთ აფრიკაში. სახმელეთო ჯარები, აგრეთვე, იყენებენ შეიარაღებული ძალების ორი სახეობის ჯარების დახმარებასაც. ესენია: სამხედრო-საზღვაო და სამხედრო-საჰაერო ძალები. საფრანგეთის უნიფიცირებულ და პროფესიულ სახმელეთო ჯარს წარმატებით შეუძლია იმოქმედოს მსოფლიოს სხვადასხვა ტერიტორიაზე.

რუსეთის ჯარი

რუსეთი

ცივი ომის შემდეგ რუსეთის სახმელეთო ჯარმა ტრანსფორმაციის მძიმე პერიოდი გადაიტანა. რესურსების მნიშვნელოვანი ნაწილის, ცოცხალი ძალისა და პოლიტიკური წონის დაკარგვის შემდეგ რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი ნელ-ნელა ინგრეოდა და სახმელეთო ჯარები ძველი ტექნიკის ამარა რჩებოდა, ამიტომ მას ძალიან გაუჭირდა ჩეჩენ და სხვა `ბოევიკებთან~ ბრძოლა.

მას შემდეგ, ყველაფერი _ არა, მაგრამ ძალიან ბევრი რამ შეიცვალა. ეკონომიკის განვითარებამ ქვეყანას საშუალება მისცა, მეტი სახსრები ჩაედო არმიაში. რეფორმა, განსაკუთრებით ელიტურ ნაწილებში, რუსეთს ჩეჩნეთის ომში გამარჯვებაში დაეხმარა. 2008 წელს სწრაფად გატეხა საქართველოს წინააღმდეგობა, 2014 წელს კი ყირიმის ოპერაცია ჩაატარა. ამას შეიძლება ვუწოდოთ ბრძოლა რუსეთის განსამტკიცებლად, რომელიც ჯერ კიდევ არ დასრულებულა. რუსეთის სახმელეთო ჯარი კვლავინდებურად მთავარ როლს თამაშობს ახლო საზღვარგარეთის მართვაში, თუმცა, ბოლო ორი წელიწადია, ფუნქციების ნაწილი სამხედრო-საჰაერო ძალებსა და სამხედრო-საზღვაო ფლოტს გადასცა.

რუსეთის სახმელეთო ჯარი შეინარჩუნებს თავის მომაკვდინებელ სიმძლავრეს 2030 წლისთვის, მაგრამ მომავალში ის შეიძლება შეეჯახოს თანამედროვე ტექნოლოგიებთან წვდომის პრობლემას, აგრეთვე, ცოცხალი ძალის დეფიციტს, რადგან გაჩხერილია გაწვევის ძველ და ახალ _ ნებაყოფლობით სისტემებს შორის. ყველაფრის მიუხედავად, რუსეთის სახმელეთო ჯარი თავისი მომაკვდინებელი სიმძლავრითა და რაოდენობით კიდევ დიდხანს იქნება გამორჩეული სხვა ქვეყნების არმიებს შორის.

აშშ ჯარი

აშშ

აშშ-ის სახმელეთო ჯარები 1991 წლიდან სამხედრო სახმელეთო ძალების ე.წ. ოქროს სტანდარტს შეესაბამება. 1991 წელს ერაყის არმიის დამარცხება და 2003 წელს მისი სრული განადგურება სახმელეთო ოპერაციებში ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევაა ცივი ომის შემდეგ. ბოლო 15 წელია, აშშ-ის არმია სამხედრო ოპერაციებს აწარმოებს ერაყსა და ავღანეთში, სპეციალური დანიშნულების რაზმები კი _ მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში. ამერიკის სახმელეთო ჯარს სრული წვდომა აქვს სამხედრო ინოვაციების მძლავრ სისტემასთან, თუმცა ამ ინოვაციებს ისინი საჰაერო და საზღვაო ძალებთან იყოფენ. შეიარაღების ნაწილი ცივი ომის ეპოქისდროინდელია, თუმცა მოდერნიზებული. აშშ-ის სახმელეთო ძალებს აქვს უპილოტო საფრენი აპარატების ყველაზე მდიდარი ასორტიმენტი, რაც ბრძოლის პროცესში ზუსტ დამიზნებაში ეხმარება. მას აქვს, აგრეთვე, ტერორიზმთან ბრძოლის 15-წლიანი გამოცდილება, მაგრამ მისი მინუსია ის, რომ ერაყსა და ავღანეთში ომი კვლავ გრძელდება. ყველაფრის მიუხედავად, 2030 წლისთვის აშშ-ის სახმელეთო ჯარები მოწინავე პოზიციაზე იქნება.

ჩინეთის ჯარი

ჩინეთი

1990-იანი წლებიდან ჩინეთის სახალხო-განმათავისუფლებელ არმიაში სახმელეთო ჯარების რეფორმირება დაიწყო, 2000 წლებიდან კი, როდესაც ქვეყნის ეკონომიკა სწრაფად განვითარდა, სახმელეთო ჯარი ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებით თანამედროვე სამხედრო ორგანიზაციად იქცა.

აშშ-ის მსგავსად, ჩინეთის სახმელეთო ჯარი ინოვაციურ ტექნოლოგიებს საჰაერო და საზღვაო ძალებთან ინაწილებს, თუმცა სრულიად დამოუკიდებელი არ არის, რადგან მასზე დიდი გავლენა აქვს ჩინეთის კომუნისტურ პარტიას.

ჩინეთის სახალხო-განმათავისუფლებელ არმიას ისეთი ფინანსური რესურსი არ აქვს, როგორც აშშ-ის შეიარაღებულ ძალებს, მაგრამ ცოცხალი ძალის მხრივ მისი რესურსი თითქმის შეუზღუდავია.

ერთადერთი, რაც ჩინეთის სახმელეთო ჯარებს აკლია, საომარი გამოცდილებაა.

 

დასკვნა

როგორც ხედავთ, საკითხი, როგორ ავაშენოთ მძლავრი არმია, მარტივია. სამომავლოდ სამხედრო სფეროში წარმატებას მიაღწევენ ის სახელმწიფოები, რომლებშიც არის ენთუზიაზმით აღსავსე დიდი ადამიანური კაპიტალი, რომლებიც შეძლებენ თავიანთი ძლიერი ეკონომიკით შექმნილი უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებას და რომელსაც შეეძლება, საჭირო ურთიერთობა ააგოს სამოქალაქო და სამხედრო პირებს შორის.
მაგრამ მარტივი პასუხები სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ეს ყველაფერი ადვილად შესასრულებელია.

რობერტ ფარლი, The National Interest
მოამზადა ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here