Home რუბრიკები პოლიტიკა თემურ ქორიძე: ქართული პოლიტიკა ყარს

თემურ ქორიძე: ქართული პოლიტიკა ყარს

651

ხშირად გვსმენია ჩვენი თანამოქალაქეებისგან, რომ მოჯადოებულ წრეზე დავდივართ, რომ უკვე 25 წელიწადზე მეტია, ხელისუფლებაში ერთი და იგივე ადამიანები სხედან, რომ არაფერი იცვლება, მათ შორის, არც სახელები და გვარები… ვინ არიან პოლიტიკოსები, რომლებიც ყველა ხელისუფლებასა და ხელისუფალს ერგებიან? _ ამ თემაზე ეროვნული მოძრაობის წევრს, ფილოლოგ თემურ ქორიძეს ვესაუბრეთ.

_ ბატონო თემურ, ქვეყანაში არიან პოლიტიკოსები, რომლებიც ყველა მთავრობას, ყველა ხელისუფალს მოერგნენ და თითქმის ყველა მოწვევის პარლამენტარები არიან. თქვენი აზრით, როგორ ახერხებენ ამას?

_ კი, ასეთი პოლიტიკოსები ბევრი გვყავს, ზოგი საკუთარ თავს ფრანგ პოლიტიკოს შარლ მორის ტალეირანსაც კი ადარებს. ტალეირანი ბურბონების ერთგული იყო, შემდეგ _ დირექტორიის მხარდამჭერი, მოგვიანებით ნაპოლეინს ედგა მხარში, ბოლოს კი ისევ ბურბონების ერთგული გახდა. ამ პიროვნებას ქამელეონს უწოდებდნენ. როდესაც მთავრობების ღალატში დასდეს ბრალი, ღრმად მოხუცმა ტალეირანმა ასეთი სიტყვები თქვა: “არა, არც ერთ მთავრობას არ ვღალატობდი, მე ვემსახურებოდი საფრანგეთს ყველა მთავრობის დროს”. ტალეირანს ამის თქმის უფლება ჰქონდა, ის შეუცვლელი პოლიტიკოსი იყო, მისი ელვარე ნიჭი ყველას სჭირდებოდა.

ქართველ პოლიტიკოსებს, რომლებიც არ გამოირჩევიან განსაკუთრებული შესაძლებლობებით და მხოლოდ ბიზნესპოლიტიკოსები არიან, იოლად იცვლიან პრინციპებს, გადადიან გუნდიდან გუნდში, ერთი ხელისუფლების მფარველობიდან მეორეში, ტალეირანს ნამდვილად ვერ შევადარებ, რადგან მათ ამინდის შეცვლა არ შეუძლიათ.

საქართველოში პოლიტიკა ბიზნესად იქცა, ბევრისთვის ეს მხოლოდ შემოსავლის წყაროა.

ჩემ თვალწინ გაიარა ყველა პოლიტიკოსის ცხოვრებამ; მომსწრე ვარ ბევრი პოლიტიკური პარტიის ჩასახვის, შემდეგ _ გაქრობის, გადასხვაფერების და ა.შ. ერთი პარტიიდან მრავალი წარმოიშვა, როგორც ქართულ ზღაპრებშია, ასთავიანი გველეშაპებივით.

გავიხსენოთ მოქალაქეთა კავშირი, რომლისგანაც იშვანაციონალური მოძრაობა”, რომლის თანათავმჯდომარე და დამფუძნებელი სააკაშვილთან ერთად ლევან ბერძენიშვილიც იყო, იმხანად ისინი შერწყმულნი იყვნენ. წარმოიშვა ეროვნულ ძალთა გაერთიანება, რომელიც, თავის მხრივ, კიდევ რამდენიმე პარტიად დაიშალა და გამოჩნდა კონსერვატორების პარტია ზვიად ძიძიგურის ხელმძღვანელობით, ხალხის პარტია _ კობა დავითაშვილის ლიდერობით. სულ ტყუილად იბრალებენ სიძველეს რესპუბლიკელები. იყო უძველესი პარტია, უფრო ძველი, ვიდრე რესპუბლიკური _ სოციალ-დემოკრატიული პარტია, რომელსაც თავის დროზე ნოე ჟორდანია ხელმძღვანელობდა, ახლა კი გია ჟორჟოლიანი თავკაცობს და დღეს პარლამენტში ზის. გია ჟორჟოლიანი, რომელმაც, ვინ იცის, რა გზები გაიარა. ჩვენ მრავალპარტიული პარლამენტის ნაცვლად, მრავალპარტიული პიროვნებები გვყავს.

ხშირად ახსენებენ ეროვნულ დემოკრატიული პარტიის ყოფილ ლიდერს _ ირინა სარიშვილს, რომელსაც ყველაზე ცოტა პარტია აქვს გამოვლილი, თუმცა ხეტიალი არ აკლდა.

ირონიის გარეშე რომ ვისაუბროთ, ეს საგანგაშო ტენდენციაა. პიროვნებები, რომლებიც 1980-იანი წლების მიწურულს “თეორიების შექმნაში” ღამეებს ათენებდნენ, დღესაც “დიდ პოლიტიკაში” არიან. ასეთია გუბაზ სანიკიძე, მან უკვე მერამდენედ გაიელვა, ახლა “კეთილისმყოფელის” _ ბიძინა ივანიშვილის წყალობით, ისევ პარლამენტში ზის, ივანიშვილის, რომლის ოჯახის წევრებზეც სანიკიძე საშინელებებს საუბრობდა. ეს ამაზრზენი იყო, მაგრამ უფრო ამაზრზენი ისაა, რომ სანიკიძე ამ კოალიციაში დარჩა და თბილი სავარძლის შესანარჩუნებლად გატრუნული ზის.

_ გუბაზ სანიკიძე ერთადერთი ადამიანი აღმოჩნდა პარლამენტში, რომელმაც პრეზიდენტს ზვიად გამსახურდიას სახელი გაახსენა

_ გუბაზს თავის გამოჩენა უნდოდა, ეს ერთ-ერთი ტრიუკი იყო. არჩევნები ახლოვდება და მკითხველს უნდა ვთხოვოთ, როგორმე გადახედოს პოლიტიკოსების რამდენიმე წლის წინათ გაკეთებულ განცხადებებს, მაგალითად, გუბაზ სანიკიძის განცხადებას, რომელიც სულ ამბობს, რომ ხელი აქვს მოწერილი თავისუფლების აქტზე. თავისუფლება მერაბ კოსტავამ და ზვიად გამსახურდიამ მოუტანეს ქვეყანას, მაგრამ მათ ერთხელაც არ უტრაბახიათ საკუთარი ღვაწლით. სანიკიძე ყოველგვარ ზღვარს გადადის.

2009 წელს გუბაზ სანიკიძე საქართველოს დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებდა, მოგვიანებით კი ალტერნატიულ პარლამენტზე საუბრობდა. გავიდა დრო და აღმოჩნდა, რომ ყველაფერი ბლეფი იყო. გუბაზი მილიონერობაზე ოცნებობდა დაოცნებაშიაღმოჩნდა.

დრო გადის და ადამიანები იცვლებიან, მაგრამ, როდესაც ცრუობ, იტყუები და ამას სიკეთის, ეროვნულობის სახელით აკეთებ, ამაზრზენია. ქართულ პოლიტიკაში ასეთი ადამიანების ბუმია. ფანჯრები, კარები ფართოდ უნდა გავაღოთ და გავანიავოთ, რადგან ქართული პოლიტიკა ყარს.

ქართველები, პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილს უნდა მოვერიდოთ, მისგან დიდი საფრთხე მოდის, რადგან ანათემაზე გადაცემით გვემუქრება, თუ მისთვის სასურველ კანდიდატს ამა თუ იმ პოზიციაზე მხარს არ დავუჭერთ.

როდესაც ვსაუბრობთ პოლიტიკოსებზე, რომლებიც ყველა მთავრობას მოერგნენ, ერთ-ერთ ასეთ ადამიანად ივანიშვილიც უნდა მოვიხსენიოთ, რადგან ის სააკაშვილს დიდი ხნის განმავლობაში აფინანსებდა. დღევანდელი ხელისუფლების შემოქმედიც ის არის. ასეთ ადამიანს, შეიძლება, კიდევ მივცეთ შანსი, იყოს პოლიტიკაში? საკუთარი კეთილდღეობისთვის ბიძინას არ შეიძლება გაჰყვე.

_ ბიძინა ივანიშვილი აუცილებლად წავა, ეს ასე ხდება, “პირველებისულ იცვლებიან, მაგრამ პოლიტიკურ ასპარეზზე ვინ დარჩება?

_ აკაკი წერდა: “წარმოიდგინეთ ცხოვრება იმ ადამიანისა, ვისაც სამშობლოში ოჯახი არ აქვს და ოჯახში სამშობლო”… ვინ დარჩება? მოსემ 40 წელიწადი შეთხვევით არ ატარა ხალხი უდაბნოში. 40 წელიწადი ორი თაობაა… ეჭვი არ მეპარება, რომ ქართველი ხალხის კულტურა გაიზრდება, ჩვენ რჩეული ერი ვართ, ნიჭიერები ვართ, უბრალოდ, გარდამავალი პერიოდი გაგვიგრძელდა, ეს მალე დასრულდება. ბიზნესინტერესით გამსჭვალული პოლიტიკური ელიტა ვეღარ იარსებებს, გუბაზ სანიკიძისნაირი, მილიონებზე მეოცნებე პოლიტიკოსების დრო აუცილებლად დასრულდება. აუცილებლად უნდა ვახსენო გოგი თოფაძე, რომლის ინტერესებიც იზრდება ხელისუფლების ცვლილებასთან ერთად, აქვე ვიტყვი, ზურაბ ტყემალაძის გვარსაც.

შორიდან მოდის გია ვოლსკი, ის კომკავშირის კომიტეტის მეორე მდივანი იყო და რამდენჯერმე შეიცვალა პოზიაცია. ასევე დიდი ისტორია აქვს ნუკრი ქანთარიასაც, რომლის კარიერაც “მხედრიონიდან” იწყება…

ადამიანის გაკეთილშობილება შესაძლებელია, დრო ყველას ცვლის, მაგრამ საინტერესოა, ეს ადამიანები, რომელთა სახელებიც ვახსენე, როგორ ახერხებენ ფეხმოუცვლელად პარლამენტში ჯდომას?! რა ნიჭი აქვთ ამისთანა მუდმივ პარლამენტარებს _ მიხეილ მაჭავარიანსა და გიგი წერეთელს, ნუთუ არასოდეს უნდებათ განზე გადგომა, სიმშვიდე, წიგნის კითხვა? ისინი გამოიფიტნენ, მათ იციან მხოლოდ ერთი, რომ, რაც უფრო მოატყუებენ ხალხს, უფრო აქტიურად იქნებიან პოლიტიკაში, და ეს მეთოდი ამართლებს კიდეც. მათ იციან ის ენა, რომლითაც მილიონების დატყუება შეიძლება, რიგები იდგა აჭარაში; აქვე ვახსენებ გიორგი თარგამაძეს, რომელმაც თავი რამდენჯერმე ამოიტივტივა.

ქართველი პოლიტიკოსები ორუელის “ახალ ენას” “1984”-დან ადვილად სწავლობენ. ოღონდ, ზემოთ ჩამოთვლილთაგან ყველას უჭირდა ზვიად გამსახურდიასთან საუბარი, სამაგიეროდ, ზვიადის შემდეგ სულ ზენიტში არიან, ყველა ხელისუფალს მოერგნენ.

_ ბატონო თემურ, რატომ ხდება, რომ პოლიტიკოსებს ზვიად გამსახურდია არჩევნების წინ სულ ახსენდებათ? ამის ნათელი მაგალითი პრეზიდენტისადმი გუბაზ სანიკიძის საყვედური იყო.

_ მომგებიანი თემაა, არჩევნებამდე მართლაც არავის ახსენდება. ზვიადი ქართველ პოლიტიკოსებს ყელში ჰყავთ გაჩხერილი მხოლოდ იმიტომ, რომ პატარა ადამიანები არიან. წლები გადის, პოლიტიკოსები არ იცვლებიან, ხელისუფლებაში ერთი და იგივე ადამიანები არიან, მაგრამ არც ერთმა არ აღიარა, რომ დღევანდელი საქართველო მეორე რესპუბლიკაა. 26 მაისი არ არის საქართველოს თავისუფლების პასპორტი, თავისუფლების პასპორტი 9 აპრილს გაიცა. თუკი ჩვენ 26 მაისს ვაღიარებთ, მაშინ ისტორიაც არ გვქონია. რას ვერჩით რუსეთს? წითელი არმია არ შემოსულა? ჩვენი დამოუკიდებლობა თუ 98 წელს ითვლის, .. საბჭოთა პერიოდი არ გაგვივლია. პოლიტიკოსებს ისტორიის შეცვლის უფლება არ აქვთ, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენთან ყველაფერი გასდით.

ზვიად გამსახურდია, როგორც იდეა, თუ რამეს შეიმატებს, თორემ მას არაფერი აღარ დააკლდება, ამ იდეთ სპეკულირება, ნამდვილად მომგებიანია.

ქართველი პოლიტიკოსები, რომლებიც ყველა ხელისუფლებას ერგებიან, მახსენებენ ფრანგი პოეტის _ პოლ ვალერის სიტყვებს საფრანგეთის ერთ-ერთ პრეზიდენტზე ნათქვამს: “მას გაგიჟებით უყვარდა საფრანგეთი და ჭირის დღესავით სძულდა ყოველი ფრანგი”. აბსტრაქტული საქართველოს შეყვარება ადვილია.

_ თქვენ ქართველ პოლიტიკოსებს მოხეტიალეებს უწოდებთ, ჩვენ მათლეღვის ფოთლებსდავარქმევთ

_ კარგი სახელწოდებაა “ლეღვის ფოთლები”… იცით, რას გეტყვით, ხანდახან და უფრო ხშირად, ჩვენ რომლეღვის ფოთლებიგვგონია, ის ადამიანები, ხელისუფალთ უფრო იფარებენ ფოთლებად, ვიდრე თვითონ ეფარებიან, მაგრამპირველებიამას ვერ ხვდებიან. ასე მოხდა ივანიშვილისა და მის გარშემო მოტრიალე ხალხის შემთხვევაში. ივანიშვილი თავის დროზე სხვისთვის იყო ლეღვის ფოთოლი და ახლა მას იყენებენ. ივანიშვილი და სააკაშვილი ერთმანეთის ლეღვის ფოთლები იყვნენ, ახლა სხვები ჩაანაცვლებენ.

არჩევნები მოდის და, ბუნებრივია, ახალი ძალები გამოჩნდებიან. მიყვარს საარჩევნო ეიფორია, არნახულსა და არგაგონილს ნახავ და მოისმენ ამ დროს… მაგალითად, გამოჩნდა პაატა ბურჭულაძე, რომელმაც შეიძლება, კვლავ დაიქირავოს ალენ დელონი, რაც ძალიან ძვირი დაუჯდება… სამწუხაროა, ქართულ ოპერას დააკლდა ბანი, ქართულმა პოლიტიკამ კი კიდევ ერთი პოლიტიკანი შეიძინა. საქართველოში ბევრნი არიან ბურჭულაძისნაირები, რომლებიც თავის დროს ელოდებიან, მათი ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს.

ქართული საზოგადოება, მიუხედავად იმისა, რომ თამაზ მეჭიაურმა გვითხრა, იმსახურებთ ასეთ პრეზიდენტსო, ვიტყვი, რომ ქართველები არ ვიმსახურებთ ასეთ პოლიტიკოსებს, ვერც ერთი მათგანი ქართველი კაცის გულში ძეგლს ვერ დაიდგამს.

ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

1 COMMENT

  1. ჩვენს რეალობაში სავლე პავლედ ვერ იქცა. რატომ? ჩვენი სავლე წინამორბედისაგან განსხვავებით მკვლელია, მათ იდეა მოკლეს, ეროვნულობის, სამშობლოს სიყვარულის,
    ადამიანურობის, მათი წარსული სისხლიანია,აწმყო უფერული და მომავალი ღორული.
    ეს არის ე. წ. პოლიტიკოსების ანი და ბანი. მათ ეშმაკს სული მიჰყიდეს.

  2. თემო ეს იმიტომ ხდება, რომ თქვენი დროიდან დიდი შეცდომები იყო დაშვებული და ამის აღიარება არ გინდათ. გთხოვთ შეიკრიბეთ პირველი პარლამენტის წევრიბი ვსაც უყვარს საქართველო და შეცდომები აღიარეთ,თორემ ქვეყანა მას შემდეგ სულ უკან მიდის. ისიც თქვით , რომ გყავდათ ხერხეულიძის ნაირი მოღალიტეები. იმედია სწორად გამიგებთ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here