ავტორი სტატიისა, რომელსაც მცირე შემოკლებით გთავაზობთ, არის ბრიტანელი ბიზნესმენი, ბათუმში დაბადებული ვიაჩესლავ კოლოდიაჟნი. მან უკრაინის ქალაქებში _ ოდესასა და ნიკოლაევში _ მრავალი ბიზნესპროექტი განახორციელა.
თბილისში მდინარე ვერეს ხეობის განაშენიანება, სადაც ამას წინათ კატასტროფული წყალდიდობა მოხდა, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის წლებში მისი პირადი განკარგულებით, სპეციალისტების აზრის გაუთვალისწინებლად განხორციელდა. საქართველოს ყოფილ ლიდერს ახლა თავისი ექსპერიმენტები ოდესის ოლქში გადააქვს.
როცა თბილისის დატბორილ–განადგურებულ ზოოპარკის მდგომარეობის ამსახველ ფოტოებს ვუყურებ, ჰოლივუდის ფილმი “ჯუმანჯი” მახსენდება: იქაც ადამიანები და ცხოველები კოშმარული თამაშების მსხვერპლნი გახდნენ და შიშისაგან ქუჩაში გაიფანტნენ… განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ “ჯუმანჯიში” ეს ყველაფერი დადგმული იყო, თბილისში კი _ ნამდვილად მოხდა.
ადამიანები და ცხოველები იმ “თამაშების” მსხვერპლნი გახდნენ, რომელსაც ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თავის სამშობლო საქართველოში ახორციელებდა და, რომლებსაც, ეჭვი არავის შეეპაროს, ოდესაშიც განაგრძობს.
თავის დროზე თბილისელი არქიტექტორები, მშენებლები და მეცნიერები ერთხმად ეწინააღმდეგებოდნენ ქალაქის იმ ნაწილში დაგეგმილ მშენებლობას, რომელიც ამ დღეებში წყალმა დაფარა. არ შეიძლება ჭირვეული მდინარე ვერეს მილში მომწყვდევაო,_ ამბობდნენ, მაგრამ რა გამოვიდა? _ ზოგიერთი, ვინც ხელისუფლების გეგმას მხარს არ უჭერდა, სამსახურიდან გაათავისუფლეს, სხვების აზრი კი ფეხებზე დაიკიდეს. მდინარე კვლავ მილებში დატოვეს, მათ ზემოთ კი, პრეზიდენტის მითითებით, მოედნები გაშენდა, გზა გაიყვანეს და ძეგლი ააგეს. ახლა პროკურატურა სწორედ ამ პროექტის ბიზნესმოდელში გარკვევას შეეცდება. მას პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაავალა, ყველა დამნაშავეს დააკისროს პასუხისმგებლობა, ვინც უნდა იყოს ის.
სპეციალისტების აზრისა და პოზიციების გაუთვალისწინებლობა, თანამდებობებზე ადამიანების პირადი ერთგულების პრინციპით დანიშვნა, სიხარბე, სხვაგვარად მოაზროვნეთა რეპრესიები _ აი, ასეთია “ვარდების რევოლუციის” ლიდერის მმართველობის სტილი.
ერთი მაგალითი, რომელიც ძალიან კარგად ვიცი:
საქართველოს სავაჭრო–სატრანსპორტო ფლოტის გენერალურ დირექტორად მიხეილ სააკაშვილმა დანიშნა ვინმე დოქბაია, რომლის ფლოტთან კავშირი იმით გამოიხატებოდა, რომ იგი ფოთის პორტში ჯერ მზარეულად, შემდეგ კი კომკავშირის მდივნად მუშაობდა. ფლოტის საბაზრო ღირებულებას 360 მილიონი დოლარი შეადგენდა, მან კი, პრეზიდენტის ნებართვით, გემები სასაცილო თანხად _ 60 მილიონ დოლარად გაყიდა, თუმცა, ეს ფულიც სად გაქრა, არავინ იცის. ასევე არავის შეუძლია თქვას, სად წავიდა ფოთის პორტში ბაზირებული საოკეანო–სარეწაო ფლოტის გემების გაყიდვით მიღებული ფულიც _ დაახლოებით 100 მილიონი დოლარი.
საქართველოში ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილი ყოველი ასეთი ოპერაციიდან საკომისიოს, “ოტკატკის” სახით, სულ ცოტა, 10%-ს იღებდა (საქართველოს “განვითარებაში” შეტანილი წვლილისთვის). თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ათი წლის განმავლობაში ქვეყანამ 13 მილიარდი დოლარის კრედიტი აიღო, მაშინ იოლია იმის წარმოდგენა, რომ ოდესის ოლქის გუბერნატორსა და მის ქართულ გარემოცვას აქაური ხელფასი იმდენად არ აინტერესებს, რამდენადაც მიმალვა ქართული თემიდისგან. მიხეილ სააკაშვილის აღებული კრედიტები კი ქართველი ხალხის გადასახდელია.
ვფიქრობ, მდიდარი ოდესის ოლქი ქართველი გუბერნატორისათვის ახალი შესაძლებლობების ადგილია… მკითხავი და წინასწარმეტყველი არ სჭირდება იმას, რომ სააკაშვილი მალე დააყენებს ოდესის ნავსადგურის პრივატიზების საკითხს, გაყიდის იუჟნისა და ილიჩევსკის პორტებს, იქ არსებულ ქარხნებს. გუმანით ვხვდები, რომ მათზე უკვე უჭირავს თვალი ვიღაც-ვიღაცებს და მალე ხელში ჩაიგდებენ.
დავიჯერო, ოდესელებს სძინავთ?! დავიჯერო, დააშინეს თუ განგებ იბრმავებენ თვალს?! თუ განგებ იბრმავებენ, მათ ეს საქციული უკან დაუბრუნდებათ. მიხეილ სააკაშვილის გამოცდილებას ადამიანთა დაშინებასა და დევნაში საქართველოში კარგად იცნობენ, ხოლო მისი დიდი მიღწევების მეთოდებმა თავისი ნაყოფი ამ დღეებში თბილისში გამოიღო.
ასე რომ, ახლა ოდესელებიც უნდა მოემზადონ.
RUSSIA INSIDER (აშშ/რუსეთი)
მომზადებულია გლობალური კვლევების ცენტრის მიერ