Home რუბრიკები ისტორია გენერალისიმუსის პორტრეტისთვის

გენერალისიმუსის პორტრეტისთვის

945

საქართველოსთან სტალინის ურთიერთობის ყველაზე საინტერესო ფაქტები აფხაზეთსა და შავი ზღვის სანაპიროსთან არის დაკავშირებული. შავ ზღვისპირეთს სტალინი ათეული წლების განმავლობაში სტუმრობდა. გამონაკლისს მხოლოდ 1941-1944 წლები შეადგენდა (დიდი სამამულო ომის პერიოდი).  პირადმა ექიმმა ვინოგრადოვმა სტალინს რამდენიმეჯერ შესთავაზა შვეიცარიის ალპებში დასვენება, მაგრამ ვერაფრით დაითანხმა. შვეიცარიაში დასვენების კიდევ ერთხელ შეთავაზების შემდეგ, სტალინმა ფინანსთა მინისტრი ზვერევი გამოიძახა და სთხოვა, გაეანგარიშებინა, რა დაჯდებოდა ორმოცდახუთი დღით დასვენება ალპებში.


მინისტრმა ყველა ხარჯი ზუსტად გამოთვალა (უსაფრთხოების გათვალისწინებით) და სტალინს მოახსენა _ ალპებში თქვენი დასვენება სამ მილიონს გადააჭარბებსო. რამდენიმე დღის შემდეგ სტალინმა ბერიასთან საუბრისას გამოთქვა ეჭვი, რომ არიან ადამიანები, რომლებსაც სურთ, საბჭოთა კავშირის ეკონომიკას ძირი გამოუთხარონ და მათ შორის თავისი პირადი ექიმი ვინოგრადოვიც დაასახელა, რადგან მან რეკომენდაცია მისცა, სახელმწიფოს კუთვნილი სამი მილიონი უცხოური ვალუტა დაეხარჯა.

კიდევ ბევრი ასეთი მაგალითის მოყვანა შეიძლება სტალინის ცხოვრებიდან _ დაწყებული დაკემსილი ,,ნასკებით”, დამთავრებული მისი ჯანმრთელობით. სტალინი  კომფორტულად გრძნობდა თავს თავის ქვეყანაში და მით უმეტეს _ მშობლიურ კუთხეში. მას დასასვენებლად ფუფუნება არ სჭირდებოდა, გარდა სამუშაო და საცხოვრებელი ადგილის შეცვლისა, ამისათვის კი მისთვის ზედგამოჭრილი იყო აფხაზეთი. ყოველი წლის შემოდგომაზე მსოფლიოს  ნებისმიერი კუთხიდან ჩამოსული პოლიტიკოსები, მეცნიერები თუ კულტურის მუშაკები აკითხავდნენ იმ ადგილს, სადაც ისვენებდა პლანეტის უდიდესი ადამიანი _ იოსებ სტალინი.

1945 წლის შემოდგომის ერთ წვიმიან დღეს გაგრის სახელმწიფო აგარაკზე მყოფმა იმხანად ახალარჩეულმა სკკპ ცენტრალური კომიტეტის მდივანმა მიხეილ სუსლოვმა თავისთან მიიწვია აფხაზეთის საოლქო კომიტეტის პირველი მდივანი აკაკი მგელაძე და მასთან ხანგრძლივი საუბარი გამართა. სტალინის ახლო გარემოცვამ კარგად იცოდა მგელაძისა და ბელადის ახლო ურთიერთობა.

საკითხებზე, რომელთა განხილვასაც სტალინის წინაშე ვერ ბედავდნენ,   აფხაზეთში ყოფნისას აკაკი მგელაძესთან განიხილავდნენ, რათა წინასწარ გაეგოთ, როგორი თვალსაზრისი ექნებოდა მათზე სტალინს. რა თქმა უნდა, თუ ეს საკითხი ეხებოდა საქართველოს.

სუსლოვმა შორიდან მოუარა მგელაძეს:

_ რას იტყოდით, აფხაზეთის საკურორტო ზონა სოჭს რომ შევუერთოთ და შევქმნათ ერთიანი საკურორტო მხარე, რომელიც პირდაპირ მოსკოვს დაემორჩილება. დაფინანსებაც მეტი იქნება და ყურადღებაც.

_ ამ საკითხზე ფიქრიც კი დაუშვებლად მიმაჩნია. ეს შეუძლებელია, არა მხოლოდ ჩემი, არამედ მთელი ქართველი ხალხის თვალსაზრისითაც. როგორ შეიძლება, წარმოვიდგინოთ, რომ ძირძველი ქართული მიწა რუსეთს შეუერთდეს და საზღვარმა ფსოუდან მდინარე კოდორზე გადმოინაცვლოს? _ ეს შეუძლებელია, _ უპასუხა მგელაძემ.

სუსლოვი აკაკი მგელაძის სახის გამომეტყველებით მიხვდა, რომ საუბარი შეიძლება კატასტროფით დამთავრებულიყო და მან თემა სასწრაფოდ შეცვალა.

სამი წლის შემდეგ,  1948 წლის შემოდგომაზე, გაგრას კვლავ ეწვია სტალინი, რომელსაც ახლდა ცეკას აპარატის უფროსი და სტალინის პირადი მდივანი პოსკრებიშევი. ბელადთან შესახვედრად გაგრაში ჩავიდა საქართველოს კომუნისტური პარტიის ცეკას იმჟამინდელი მდივანი კანდიდ ჩარკვიანი.

რამდენიმე დღის შემდეგ პოსკრებიშევმა დაურეკა მგელაძეს და სთხოვა, მასთან ერთად დაეთვალიერებინა ქალაქი სოხუმი. მასპინძელი სახელმწიფო აგარაკზე მივიდა. პოსკრებიშევი, ჩარკვიანი და მგელაძე მანქანით სოხუმის დასათვალიერებლად გაემგზავრნენ. ათვალიერებდნენ გზებსა და ხიდებს, პარკებსა და ახალ მშენებლობებს, იხილავდნენ პერსპექტივებს და გზადაგზა სახავდნენ იმ ნაკლოვანებების გამოსწორების გზებს, რომლებიც ზედაპირულად ჩანდა. ბოლოს ორჯონიკიძის სახელობის აგარაკზე შეჩერდნენ, სადაც მსუბუქად ისადილეს. მოგვიანებით სამეულს თბილისიდან  ჩამოსული ერთ-ერთი მაღალჩინოსანიც შეურთდა.

საუბრისას პოსკრებიშევი დაინტერესდა, რას იტყოდნენ ქართველი და აფხაზი ამხანაგები, თუ სოხუმს, ახალ ათონს, გუდაუთას, გაგრასა და სოჭს გააერთიანებდნენ და ერთ საკურორტო მხარედ გადააკეთებდნენ.

_ ვის დაემორჩილება ეს მხარე? _ იკითხა აკაკი მგელაძემ.

ცოტაოდენი ყოყმანის შემდეგ პოსკრებიშევმა თქვა:

_ შეიძლება მოსკოვს.

_ და ამით რას მოიგებს მოსკოვი? თუ ამ მხარის მეტი კეთილმოწყობა და განვითარება გსურთ, მოგვეცით სახსრები, სამშენებლო მასალები და ჩვენ კარგად შევძლებთ ამ დავალების შესრულებას, _ გაიბრძოლა მგელაძემ.

_ სოჭს შეიძლება შეუერთდეს გაგრა, რადგან ის უფრო ახლოს არის სოჭთან, ვიდრე სოხუმთან, _ ჩაერთო საუბარში თბილისიდან ჩამოსული მაღალჩინოსანი.

_ როგორ შეიძლება, _ არ ცხრებოდა  აკაკი მგელაძე, _ გაგრა თუ ახლოა სოჭთან,  გაგრასთან ახლოა გუდაუთა, გუდაუთასთან კიდევ სხვა რაიონი და ასე შემდეგ. რა ხდება, ამხანაგო პოსკრებიშევ, თქვენ გინდათ, გააუქმოთ აფხაზეთის რესპუბლიკა, მოსწყვიტოთ საქართველოს და შეუერთოთ რუსეთს? ეს არ გამოვა! არაფრით არ გამოვა!

პირში ჩალაგამოვლებულმა პოსკრებიშევმა სწრაფად დატოვა მოსაუბრენი. მას მიჰყვა მაღალჩინოსანი ქართველიც.

_ ხედავ, რა თქვა ამ მაღალჩინოსანმა? _ მიმართა გამწარებულმა აკაკი მგელაძემ კანდიდ ჩარკვიანს.

_ საქართველოში შადიმანები არ ილევიან, _ წარმოთქვა გაფითრებულმა კანდიდ ჩარკვიანმა.

აკაკი მგელაძემ მორიდებით, მაგრამ მაინც შეჰბედა ჩარკვიანს, უფრო მკაცრად აღდგომოდა წინ შემოთავაზებულ წინადადებას. კანდიდ ჩარკვიანმა უპასუხა:

_ ეს მარტო პოსკრებიშევის აზრი არ არის, ეს სტალინის ზურგს უკან რუსული შოვინიზმის გამოვლინებაა, _ კანდიდ ჩარკვიანმა შეფარულად სუსლოვის ბოროტი განზრახვაც გამოააშკარავა.

_ შენ, აკაკი ივანეს ძევ, _ პირველად მიმართა პირველ პირში კანდიდ ჩარკვიანმა მგელაძეს, _ გაბედული, პრინციპული კომუნისტი ხარ. ეს ყველაფერი სტალინს უნდა მოახსენო, ვიდრე გვიან არ არის, _ დაავალა ცეკას პირველმა მდივანმა საოლქო კომიტეტის პირველ მდივანს.

გავიდა დრო.  სოხუმის სამთავრობო აგარაკიდან საოლქო კომიტეტში დარეკეს. ცოტა ხანში სტალინთან მგელაძე და აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე მიხეილ დელბა გამოცხადდნენ. გულთბილი მისალმების შემდეგ  სტალინმა მათ სკამებზე მიუთითა, თვითონ კი ნელი სიარული განაგრძო თავის სამუშაო კაბინეტში.

_ ამხანაგო დელბა, როგორ წარმოგიდგენიათ კურორტ ავადხარას მომავალი? _ შეეკითხა სტალინი.

_ ამ საკითხზე ჩემზე უკეთ, ამხანაგო სტალინ, აკაკი ივანიჩი გიპასუხებთ, _ იყო პასუხი.

მგელაძემ ზუსტად აღუწერა ბელადს ავადხარის სამკურნალო თვისებები  და, მისი სრულად გამოყენების შემთხვევაში, მსოფლიო მნიშვნელობის კურორტად გადაქცევის პერსპექტივა. მგელაძემ თავისი ნათქვამის დასადასტურებლად მოიშველია სახელგანთქმული კურორტოლოგის _ გრიგოლიას სახელი, რომელსაც კურორტის წყალი და ჰაერი ჰქონდა გამოკვლეული.

_ გრიგოლია ნამდვილად დიდი პატრიოტია ავადხარისა და მისი დასკვნები საფუძველს მოკლებული არ არის, _ წარმოთქვა სტალინმა, _ ავადხარა უნდა ავიყვანოთ განსაკუთრებულ კონტროლზე. ჯერჯერობით დავკმაყოფილდეთ იმით, რომ სამეცნიერო კვლევითი მუშაობის გასაშლელად ავაშენოთ ხის შენობები და გავიყვანოთ კეთილმოწყობილი გზა კურორტამდე; შევიმუშაოთ გაგრის, რიწისა და ავადხარის კომპლექსური  განვითარების გენერალური გეგმა, რათა ეს სამკურნალო კომპლექსი ავიყვანოთ მსოფლიო მნიშვნელობის დონეზე, ის უნდა იქცეს საბჭოთა მოქალაქეების ჯანმრთელობის კერად. ჩვენ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ და ყველაფერს გავიღებთ.

უცებ სტალინი შეჩერდა და სტუმრებს მიმართა:

_ აფხაზები თავიანთი არსებით ქართველები არიან. ისინი უფრო ახლოს არიან ქართველებთან, ვიდრე სვანები, მაგრამ განა ვინმეს მოუვა თავში აზრად, რომ სვანები ქართველები არ არიან? ვინც ისტორიას კარგად იცნობს, იცის, რომ აფხაზეთი ყოველთვის იყო საქართველოს ნაწილი. ყველასთვის ნათელია, რომ აფხაზური წეს-ჩვეულებები იგივეა, რაც დასავლეთ საქართველოს წეს-ჩვეულებები.

დამაჯერებელი ტონი სტალინისა და მის მიერ ისტორიული ფაქტების მოხმობა, მიანიშნებდა, რომ ავანტიურისტული გეგმა, რომელიც რუსეთთან აფხაზეთის  მიერთებას ისახავდა მიზნად, ხუხულასავით დაიშალა.

აღტაცებული მგელაძე სტალინს უფრო გაუთამამდა და საკურორტო ინფრასტრუქტურასთან ერთად სტალინს სოხუმის ნაპირსამაგრი ჯებირის აშენების ბრძანების გაცემა სთხოვა.

_ ამხანაგო ვოლკოვ, რა სულ ჯებირებსა მთხოვ და აგიჩემებია ეს ნაპირგამაგრება, ჯერ გაგრა, ახლა სოხუმი, _ სიცილით უპასუხა სტალინმა.

_ ამხანაგო სტალინ, როდესაც სოხუმში შემოდიოდით, ალბათ, შეამჩნევდით, რომ ასაქცევი გზით შემოგიყვანეს. ეს იმიტომ, რომ ზღვის ბოლო შტორმის დროს თითქმის ნახევარი სანაპირო, თავისი შემოსასვლელი გზით ზღვამ შთანთქა, თუ ამას დროზე არ ვუშველეთ, შეიძლება სოხუმი სანაპიროს გარეშე დარჩეს. როგორ არ უნდა ვღელავდე და არ გახსენებდეთ ამის შესახებ?!

_ კარგი, მესმის თქვენი წუხილი. როდესაც გაგრის ნაპირგამაგრების სამუშაოების მოთხოვნის მოხსენებით ბარათს გამომიგზავნითიქვე ჩაამატეთ სოხუმის ნაპირგამაგრებაც. დაგეხმარებით აუცილებლადამხანაგო ვოლკოვ!

მგელაძემ მადლობა გადაუხადა და კმაყოფილმა სტალინმა იმის იმედით, რომ მეტს არაფერს მოსთხოვდა, ოლქის მდივანს  მიმართა:

_ კიდევ ხომ არაფერს მთხოვთ?

_ ამხანაგო სტალინ, თქვენ, ალბათ, შეამჩნიეთ მდინარე ბესლეთზე წითელი ხიდი, რომელიც კატასტროფულ მდგომარეობაშია, მასზე ხუთ-შვიდტონიანი მანქანების გავლა საშიშია. გარდა ამისა, სამხედროები გვსაყვედურობენ, ხიდზე ტანკების გასვლა შეუძლებელიაო. 

სტალინმა გამჭოლი მზერა მიაპყრო მგელაძეს:

_ ჩვენ ომი დავამთავრეთ და არც ვაპირებთ მომავალში, ამიტომ სამხედროების საყვედურებსა და თხოვნებს ყურადღებას ნუ მიაქცევ, _ თქვა სტალინმა და ჩუმად ჩაეცინა.

მგელაძე მიხვდა სტალინის ნართაულად ნათქვამს და სიტყვა შეუბრუნა:

_ თუ სამხედროებს ყურადღებას არ ვაქცევთ, მაშინ სამოქალაქოებს უნდა მოგვაქციოთ ყურადღება.

_ ეს სხვა საქმეა, _ დაუდასტურა სტალინმა და ხიდის აშენებაც მყისვე გადაწყდა.

არქიტექტორ ზურაბ თავართქილაძის მიერ მდინარე ბესლეთზე აშენებული ულამაზესი ხიდი დღესაც ამშვენებს იქაურობას.

1950 წელს აფხაზეთში ჩასულმა სტალინმა მგელაძეს რიწის ტბის კეთილმოწყობა დაავალა და სთხოვა, რიწაზე გაეშენებია ქართლის ბაღი, შეუდარებელი გემოთი და არომატით განთქმული გორული ვაშლითა და მსხლით.

 _ მომავალში, როდესაც აქ საბჭოთა კავშირისა და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოვლენ დამსვენებლები, მათ უნდა ნახონ და დააგემოვნონ ეს უნიკალური ნაყოფი, _ განაცხადა სტალინმა.

ამხანაგო სტალინ, მიმართა მასპინძელმა. ავტონომიური რესპუბლიკის ცენტრს _ სოხუმს არ აქვს დრამატული თეატრი, ნუთუ ეს დასაშვები და მოსათმენია?

_ რატომ? თქვენთან საუკეთესო საზაფხულო თეატრია. მსახიობებსა და მაყურებლებსაც, ალბათ, ძალიან სიამოვნებთ სუფთა ჰაერზე ყოფნა.

_ მზიანი ამინდი ყოველთვის ხომ არ არის, ამხანაგო სტალინ?

_ თვე-ნახევარია აქ ვარ და წვიმის წვეთი არ ჩამოვარდნილა, _ უპასუხა სტალინმა.

_ ღმერთიც თქვენ მხარესაა და მე რაღას გავაწყობ, _ მიუგო მასპინძელმა. _ 3,5 მილიარდ მანეთს ვაძლევთ ბიუჯეტს და ნუთუ რამდენიმე მილიონი არ გვეკუთვნის, რომ ერთი თეატრი ავაშენოთ? _არ ცხრებოდა მგელაძე.

სტალინმა პოსკრებიშევს გადახედა და თვალით ანიშნა, რომ მასპინძელი მართალი იყო. სოხუმში მალე აშენდა ულამაზესი თეატრი; აშენდა ელექტროსადგურები, ხიდები, გაიყვანეს გზები, კეთილმოეწყო დასვენების კერები და გაშენდა გრანდიოზული ბოტანიკური ბაღი.

1949 წელი აფხაზეთისთვის უდიდესი გამარჯვების წელი იყო. აფხაზმა მშრომელებმა დიდი მოსავალი მიიღეს. აფხაზი ხალხი და მისი ხელმძღვანელობა გამარჯვებული ხვდებოდა სტალინის დაბადების 70 წლისთავს. 

მოსკოვში დაბრუნებამდე სტალინი ინტენსიურად ხვდებოდა ოლქის ხელმძღვანელობას და პირადად მგელაძეს. მასპინძელი თავისი პირდაპირობითა და საქმიანი ურთიერთობით ხიბლავდა სტუმარს. ხშირად ისეთ კითხვებზეც უწევდა სტალინს პასუხის გაცემა, რომელთა დასმასაც ვერავინ გაუბედავდა.

ერთხელ ბაღში სეირნობისას სტალინმა მასპინძელს ანეკდოტი უამბო:

ტყეში სანადიროდ წავიდნენ რუზველტი, ჩერჩილი და სტალინი. ბევრი ხეტიალის შემდეგ მოკლეს უზარმაზარი დათვი. გახარებულმა ჩერჩილმა წამოიძახა: ტყავი _ მე, ხორცი კი რუზველტმა და სტალინმა გაიყონო. რუზველტი სასტიკი წინააღმდეგი წავიდა, _ ტყავს მე წავიღებ, ხორცი კი თქვენ გაინაწილეთოსტალინი დუმდა და ჩიბუხს აბოლებდა. რუზველტმა მიმართა: სერ სტალინ, რატომ არაფერს ამბობთ? ცოტა ხნის დუმილის შემდეგ სტალინმა წყნარად წარმოთქვა: _ დათვი მე მოვკალი, ტყავიც ჩემია და ხორციც.

არ ვიცი, გაეცინა თუ არა ამ ანეკდოტზე აკაკი მგელაძეს, მაგრამ სტალინს მის მიერვე შექმნილი ანეკდოტი, რომელიც, ალბათ, პოტსდამის კონფერენციის შედეგებზე ჰქონდა აგებული, ძალიან მოსწონდა.

რადგან თემა გაიხსნა, მასპინძელიც არ მოერიდა, სტუმრისათვის ეკითხა უისტონ ჩერჩილის შესახებ.

_ ჩერჩილი ძლიერი და ეშმაკი პოლიტიკოსია, სამამულო ომის პერიოდში ის წარმოჩენილი იყო, როგორც ჯენტლმენი, რომელმაც ბევრი რამ გააკეთა. კაპიტალისტურ სამყაროს არ ჰყავს უფრო დიდი პოლიტიკური მოღვაწე, _ასე დაახასიათა სტალინმა ჩერჩილი.

_ რას იტყვით რუზველტზე?

_ რუზველტი დიდი სახელმწიფო მოღვაწე იყო. მას ბევრი პროგრესული აზრი ჰქონდა. მისი სიძლიერე იყო ის, რომ უზარმაზარი რესურსების მქონე სახელმწიფოს მართველი იყო. ომის პერიოდში ამერიკა მოკავშირეთა არსენალი იყო. რუზველტიცა და ჩერჩილიც უდავოდ დიდი მოღვაწეები არიან.

_ ჰიტლერი? როგორც ამბობენ, ის ავანტიურისტი და სულელი იყო.

_ რაც შეეხება ჰიტლერის ავანტიურისტობას ამაზე შეიძლება დათანხმება, ხოლო იმაზე, რომ ის სულელი იყო, ვერაფრით დაგეთანხმებით. ჰიტლერი იყო უაღრესად ნიჭიერი ადამიანი. მხოლოდ ნიჭიერ ადამიანს შეეძლო ერთ მუშტად შეეკრა მთელი ერი. მოგვწონს თუ არა _ ეს სხვა საქმეა. საბჭოთა ჯარებმა გადალახეს გერმანიის საზღვრები და მივიდნენ ბერლინამდე. მთელი ამ ხნის  განმავლობაში გერმანიის მუშათა კლასს არ მოუწყვია არც ერთი გამოსვლა და მანიფესტაცია ფაშისტური რეჟიმის წინააღმდეგ. შეიძლება, ეს უნიჭო ადამიანს გაეკეთებია? _ დაასკვნა სტალინმა.

1949 წლის შემოდგომა იწურებოდა. სამხრეთის ყველაზე დიდი სტუმარი ჩრდილოეთში მიემგზავრებოდა,  ჩრდილოეთიდან კი შავი ზღვის სანაპიროს მკაცრი სტიქია უახლოვდებოდა. დეკემბრის შუა რიცხვებიდან აფხაზეთში ციტრუსების პლანტაციებს არნახული ყინვები დააწვა, ხალხი და ხელისუფლება უძლური იყო თავს დატეხილი უბედურების წინააღმდეგ. ერთიანად განადგურდა ხალხის ძირითადი სიმდიდრე _ ციტრუსი.

1950 წლის შემოდგომაზე ახალი ათონის სახელმწიფო აგარაკზე ჩასულმა სტალინმა თავისთან იხმო საოლქო კომიტეტის პირველი მდივანი აკაკი მგელაძე.

თავგზააბნეულმა მასპინძელმა არ იცოდა, რა ეპასუხა კაცისთვის, რომელმაც უზარმაზარი შრომა და ფინანსები ჩადო მეციტრუსეობის განვითარებაში. რით გაიმართლოს თავი, რატომ ვერ დაიცვა მცენარეები ყინვისაგან…

დაფიქრებული მგელაძე მანქანიდან გადმოვიდა და იქვე მისკენ მომავალი გაღიმებული სტალინი დაინახა.

_ გამარჯობა, ამხანაგო ვოლკოვ! მძიმე ზამთარი გქონდა, არა?

_ ძალიან, _ დარცხვენით უპასუხა სტუმარს მგელაძემ.

_ პლანტაციები სასწრაფოდ უნდა აღვადგინოთ. სადაზღვევო ორგანოები კოლმეურნეობებს, საბჭოთა მეურნეობებსა და ინდმეურნეებს ზარალს აუნაზღაურებენ, მთავრობა კი გამოყოფს საჭირო რაოდენობის თანხებს ახალი პლანტაციების გასაშენებლად. 

“შემატყო რა, რომ დათრგუნვილი ვიყავი, სტალინი შეეცადა ჩემს გამხნევებას”, _ იგონებს აკაკი მგელაძე.

_ ამაზე კარგი გადაწყვეტილების ნატვრაც კი არ შეიძლება, _ უპასუხა მგელაძემ ბელადს.

_ ეს ჯერ არ არის გადაწყვეტილი. ვიცი, რა დიდი ზარალი მოგაყენათ სტიქიამ, ამაში ჩვენს მთავრობას დავარწმუნებთ და დავარწმუნებთ იმაშიც, რომ პლანტაციების აღდგენა და დარგის სწრაფი განვითარება უფრო ეკონომიურია, ვიდრე საზღვარგარეთიდან ოქროს საფასურად ციტრუსების შემოტანა.

_ ამხანაგო სტალინ, თქვენთან როდესაც მოვდიოდი, მეშინოდა, დამტუქსავდით იმაზე, მცენარეები რატომ მარლით არ მქონდა შეფუთული.

სტალინმა გაიცინა.

_ ივანოვოს ბამბეულის კომბინატს მხოლოდ ამაზე რომ ემუშავა, მაინც ვერ შევძლებდით ამდენი მარლის გამოშვებას.

_ და მეტყოდით, რატომ კვამლით არ შევებრძოლეთ ყინვას.

_ არავის შეუძლია მარლითა და კვამლით ამ სტიქიის შეჩერება.

სტალინმა გაიარ-გამოიარა, ჩიბუხი გააბოლა და თქვა:

_ ეს ყველაფერი პრივიტივიზმია, თავის მოტყუებაა. საკითხი უნდა გადავწყვიტოთ გლობალურად. მეცნიერებს უნდა დავავალოთ, შექმნან ყინვაგამძლე ჯიშები და გამოსცადონ ისინი ადგილზე, უნდა გავაშენოთ ქარისგან დამცავი ზოლები და ვისარგებლოთ მიჩურინის მიღწევებით. მინდა, ვიმუშაოთ ფუნდამენტურად და არა თავის მოსატყუებლად. ეს ძნელი საქმეა, მაგრამ ჩვენ ეს უნდა გავაკეთოდ.

1951 წლის შემოდგომის დასაწყისში სტალინი ახალი ათონის სახელმწიფო აგარაკზე ჩავიდა დასასვენებლად. რამდენიმე დღის შემდეგ პოსკრებიშევი ,,ვეჩეთი” დაუკავშირდა საოლქო კომიტეტს და პირველ მდივანს სთხოვა, სტალინთან გამოცხადებულიყო. სტალინის სამუშაო ოთახში მგელაძეს პოლონეთის პირველი პირი ბოლესლავ ბერუტი, აგრეთვე, ლავრენტი ბერია, კანდიდ ჩრკვიანი და სხვა ხელმძღვანელი ამხანაგები დახვდნენ. მას ყველა გულწრფელად და გულისხმიერად ესალმებოდა, საერთო ყურადღების ქვეშ იყო მოქცეული და ყველა უქებდა საქმიანობას. სტალინმა მგელაძე გვერდით გაიხმო და ჰკითხა, თუ იცის რამე იმის შესახებ, რომ საქართველოში ორი ოლქი შეიქმნა _ თბილისისა და ქუთაისის. მგელაძისგან დადებითი პასუხის მიღების შემდეგ სტალინმა მას პოლიტბიუროს სახელით შესთავაზა, ქუთაისის საოლქო კომიტეტის პირველი მდივნობა, რაზეც კატეგორიული უარი მიიღო. ცოტა ხნის შემდეგ სტალინმა მკაცრად მიმართა მგელაძეს:

_ მე ქუთაისში ციხეში ვიჯექი საქმიდან გამომდინარე და თქვენ საოლქო კომიტეტის პირველ მდივნად არ გინდათ იმუშაოთ?

დამფრთხალმა მგელაძემ სასწრაფოდ შეიცვალა პრინციპები და უთხრა:

_ მზად ვარ, წავიდე ყველგან, სადაც მიბრძანებთ.

_ გაწინაურებთ, ხელფასს გიზრდით, პირობებს გიუმჯობესებთ და თქვენ უარს ამბობთ, ეს არც სახელმწიფოებრივი მიდგომაა და არც _ ამხანაგური, ნაწყენი კილოთი დაასრულა სიტყვა სტალინმა.

ცოტაოდენი დუმილის შემდეგ კი თქვა:

_ ვის ფიქრობთ თქვენს მაგიერ საოლქო კომიტეტის პირველ მდივნად აფხაზეთში? _ დაწყნარებული ტონით ჰკითხა სტალინმა.

_ გეთიას, ამხანაგო სტალინ, ის მეორე მდივნად მუშაობს, გამოცდილი მუშაკია, მე მას ვენდობი. არის სხვა კანდიდატურაც, მაგალითად, ფილია გრიგოლ დავითის ძე.

_ აფხაზია? _ იკითხა სტალინმა.

_ დიახ. ლიხნიდანაა, გუდაუთის რაიონიდან. კომკავშირიდან ვიცნობ, იყო რაიკომის მეორე მდივანი, ახლა რაიაღმასკომის თავმჯდომარეა.

_ ეს აზრი მომწონს. აკი ბერია და ჩარკვიანი მიმტკიცებდნენ, შესაფერისი კადრი აფხაზებში არ მოიძებნებაო.

_ წინათ ასე იყო, მაგრამ ჩვენ კადრები გამოვზარდეთ და ახლა საკმარისად არიან, _ განმარტა მგელაძემ. სტალინმა პოსკრებიშევი იხმო და ჰკითხა, ვის კანდიდატურას სთავაზობდნენ  ბერია და ჩარკვიანი აფხაზეთის საოლქო კომიტეტის პირველი მდივნის თანამდებობაზე. პოსკრებიშევმა უპასუხა, რომ ისინი მიტროფონე კუჭავას ასახელებდნენ.

სტალინმა ჰკითხა მგელაძეს, რას იტყოდა კუჭავას კანდიდატურაზე. მგელაძემ კუჭავას კარგი რეკომენდაცია მისცა, მაგრამ სტალინმა თქვა, რომ კუჭავას სხვაგან, უფრო დიდ თანამდებობებზე გამოიყენებდნენ.

რამდენიმე დღის შემდეგ კი, პოლიტბიუროს დადგენილებით, პოლიტიკური საჭადრაკო დაფის ყველა უჯრაზე ფიგურები განლაგდნენ.

ეს ის პერიოდი იყო, როდესაც ერთი იყო ყველასთვის და ყველა _ ერთისთვის.

გრიგოლ ონიანი

1 COMMENT

  1. სტალინი ძლიერი იყო -ძლიერი ბერიათი და პირიქით, ისინი ერთმანეთს აძლიერებდნენ. ბერია გახლდათ უბადლო ორგანიზატორი, რომელიც პროფესიულად არჩევდა კადრებს!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here