Home რუბრიკები ისტორია გენერალისიმუსის პორტრეტისთვის

გენერალისიმუსის პორტრეტისთვის

1512

სტალინი იმ ადამიანების მიმართ, რომლებთანაც საქმიანი ურთიერთობა ჰქონდა, მკაცრი და მომთხოვნი იყო. ის იზიარებდა თანამშრომლის აზრს და მასაც უზიარებდა საკუთარ თვალსაზრისს, მაგრამ მის მიმართ ნდობა სხვადასხვა მხრიდან შემოწმებული ფაქტის სრული ცოდნის შედეგი იყო. სტალინი ერთი ადამიანის ინფორმაციაზე დაყრდნობით არც ერთ ფაქტს არ განიხილავდა, როგორც უტყუარსა და სანდოს. ის ნდობისა და გადამოწმების ატმოსფეროში ცხოვრობდა.


სტალინის თანამედროვეთა მემუარებიდან, აგრეთვე, მისი თანამოსანგრეებისა თუ ახლობლების წერილებიდან, განცხადებებიდან და მოგონებებიდან ირკვევა, რომ სტალინის ყველაზე გულწრფელი თანამებრძოლი და “მეგობარი” იყო მარშალი ალექსანდრე გოლოვანოვი (1904-1975). ის არა მხოლოდ სტალინის გარდაცვალების შემდგომ პერიოდში, როცა ცხოვრებამ და ისტორიამ გამოსცადა, არამედ ბელადის სიცოცხლეშიც, მის სანდო ადამიანად მიიჩნეოდა. გოლოვანოვი შეეცადა, სტალინზე მოგონებები წიგნად გამოეცა, მაგრამ ეს მის სიცოცხლეში ვერ მოხერხდა. გულდაწყვეტილმა მარშალმა საბჭოთა კავშირის კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის გენერალურ მდივან ლეონიდ ბრეჟნევსა და მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ალექსეი კოსიგინს შემდეგი შინაარსის წერილი გაუგზავნა:

“…ჩემი წიგნი შეჩერებული იქნა მთავლიტის (ლიტერატურისა და გამომცემლობების მთავარი სამმართველო, რომელიც ახორციელებდა ცენზურას ბეჭდვით გამოცემებში და იცავდა სახელმწიფო საიდუმლოებებს 1922-1991 წლებში. _ გრ. ონიანი) მიერ, რადგან მასში თითქმის სრულად არის აღწერილი სტალინის პიროვნება და არის მისი საომარი მოქმედებების შექების მცდელობა. “წიგნი არა მხოლოდ აშუქებს ომის მიმდინარეობას, არამედ აფასებს კიდეც სტალინის პიროვნებას, რაც მიუღებელია მთავლიტისთვის”, _ განმიცხადეს ცენტრალური კომიტეტის აგიტაცია-პროპაგანდის განყოფილებაში.

არ შემიძლია, დავეთანხმო ასეთ შენიშვნას იმის გამო, რომ სტალინის როლი დიდ სამამულო ომში პარტიისა და ქვეყნის მიერ შეფასებულია დადებითად. და ამის გამო მე, როგორც ამ ომის მონაწილესა და მთავარსარდალთან ერთერთ ახლოს მდგომ ადამიანს, არ მაქვს უფლება, სიმართლით არ აღვწერო, ჩემ თვალწინ განვითარებული მოვლენები. და, თუ მე სტალინის საქმიანობასა და ხასიათს უფრო დაწვრილებით გადმოვცემ, ვიდრე სხვა ადამიანები, ეს იმიტომ, რომ მთელი ომის განმავლობაში არ მიმიღია და არ შემისრულებია სხვისი დავალება და განკარგულება, გარდა სტალინისა _ არც თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტის რომელიმე წევრის, არც ცენტრალური კომიტეტის მდივნისა და არც ნებისმიერი მაღალი თანამდებობისა თუ მაღალი ჩინის პიროვნების. მე დავალებებს ვიღებდი მთავარსარდლისგან და ამ დავალებების შესრულებაზე პატაკს მთავარსარდალსვე ვაბარებდი. ის არავის ენდობოდა, მათ შორის, არც მე, მაგრამ გადამოწმების შემდეგ ჩემი ქმედებით თუ მოხსენებით, რომელიც ჩემს გაკეთებულსა და ნათქვამს ადასტურებდა, ყოველთვის კმაყოფილი იყო. ამიტომ ჩემი გულწრფელი თხრობა და საქებარი სიტყვები მხოლოდ და მხოლოდ ჩემ მიერ რეალურად დანახული და შეცნობილი სტალინია. მე სრულად ვაგებ პასუხს ჩემს ნათქვამსა და დაწერილზე.

პატივისცემით, . . გოლოვანოვი”.

იმის გამო, რომ მარშალ გოლოვანოვს თითქმის ყველაზე გულწრფელად და სიყვარულით აქვს გადმოცემული თავისი დამოკიდებულება სტალინის მიმართ, მისი პიროვნებით მეტად დავინტერესდი:

ალექსანდრე ევგენის ძე გოლოვანოვი (შემდეგში ავიაციის მთავარი მარშალი) 1904 წლის 22 სექტემბერს ნიჟნი ნოვგოროდში დაიბადა. მისი ბიოგრაფიიდან, ბევრი საინტერესო ამბის გარდა, ჩემთვის ისიც ცნობილი შეიქნა, რომ ლეგენდარული მხატვრის, ელენე ახვლედიანის, ტილოზე (“ზამთარი თბილისში”) გამოსახული “კიბალჩიჩის” აღმართი მარშალ გოლოვანოვის ბაბუის (დედის მხრიდან) სახელს ატარებდა, ის ცნობილი სახალხო მთქმელი და ოქტომბრის რევოლუციის აქტიური მონაწილე იყო.

1931-33 წლებში ალექსანდრე გოლოვანოვმა საავიაციო სასწავლებელი დაამთავრა და მუშაობა დაიწყო მფრინავად. ენერგიული ახალგაზრდა ჯერ შეფ-მფრინავად დანიშნეს, ხოლო 1935 წელს აღმოსავლეთ ციმბირის სამოქალაქო ავიაცია ჩააბარეს. 1937 წელს სამსახურიდან დაითხოვეს და პარტიიდან გარიცხეს, მაგრამ მოსკოვში ჩავიდა, თავისი უდანაშაულობა დაამტკიცა და პარტიაში აღადგინეს. შემდეგ გოლოვანოვი დანიშნეს განსაკუთრებული დავალებების შეფ-მფრინავად. 1938 წელს გაზეთების ფურცლებზე გამოჩნდა ფოტო მფრინავი გოლოვანოვისა, რომელმაც ხალხინ-გოლისა (ჩინეთისა და მონგოლეთის საზღვართან) და ფინეთის ომში მილიონ კილომეტრზე მეტი იფრინა.

სამოქალაქო ავიაციის გენერალური ინსპექტორის, იაკობ სუშკევიჩის, დაჟინებული მოთხოვნით, გოლოვანოვს დაევალა, შორეული მოქმედების ავიაციაზე ჩამოეყალიბებინა თავისი თვალსაზრისი, რომელიც შემდეგ სტალინისთვის უნდა გაეგზავნათ. მფრინავს ვერ წარმოედგინა, რომ მის ნააზრევს შეიძლებოდა, სტალინი გაცნობოდა. გენერალური ინსპექტორი შეუვალი იყო და გოლოვანოვისაგან დავალების შესრულებას მოითხოვდა: “შენ დაწერე, სტალინამდე კი წერილს მე მივიტან”.

ყველაფერში ბეჯითმა გოლოვანოვმა, წერილი გულმოდგინედ მოამზადა და იაკობ სუშკევიჩისთვის გადასაცემად მეუღლეს დაუტოვა. თვითონ კი განსაკუთრებული დავალების შესასრულებლად ძალზე ცუდ მეტეოროლოგიურ პირობებში ციმბირში გაფრინდა.

იაკობ სუშკევიჩმა დილითვე მიაკითხა მფრინავს, მაგრამ ის შინ აღარ დახვდა, წერილი კი მეუღლემ გადასცა მას. მეორე დღეს მფრინავის ბინაში ტელეფონმა დარეკა, ყურმილში გაისმა სრულიად უცხო გვარები _ სუხანოვი და მალენკოვი, რომლებიც არაფერს ეუბნებოდა დიასახლისს, რადგან მეუღლის ასეთ მეგობრებს არ იცნობდა. ცუდ მეტეოპირობებში ფრენის წარმატებით დასრულების შემდეგ დაღლილი გოლოვანოვი თავის ბინაში დაბრუნდა. მეუღლემ ამბავი დაახვედრა, _ ხშირად გირეკავდნენ მალენკოვი და სუხანოვიო, მაგრამ ვერც მფრინავმა გაიხსენა ასეთი გვარის მეგობრები. მოშიებული გოლოვანოვი სადილს შეექცეოდა, როცა ტელეფონმა კვლავ დარეკა.

_ საშა, კვლავ შენი ამხანაგი რეკავს, _ უთხრა მეუღლემ გოლოვანოვს, _ სუხანოვი.

_ მე მალენკოვის თანაშემწე სუხანოვი გაწუხებთ, თქვენ სასწრაფოდ უნდა მოხვიდეთ მასთან, _ მოესმა გოლოვანოვს ყურმილიდან.

_ სად იმყოფებით, როგორ მოგნახოთ? _ მიუგო მფრინავმა.

_ თქვენს კართან მანქანა უკვე დგას, ის მოგიყვანთ, _ იყო მოკლე პასუხი.

მანქანამ წითელი მოედანი გადაკვეთა და შენობის წინ გაჩერდა. გოლოვანოვი მალენკოვის კაბინეტში შეიყვანეს.

გულთბილი მიღების შემდეგ კაბინეტიდან გამოვედით და ლიფტით Dდაბლა დავეშვით. მანქანით ხუთი წუთიც არ გვივლია, რომ კრემლის ეზოში შევედით. მეორე სართულზე ავედით. როდესაც მუხის დიდ კარს მივადექით, მალენკოვმა მთხოვა, აქ დამელოდეო, თვითონ კი კარს მიღმა გაუჩინარდა. ცოტა ხნის შემდეგ მელოტმა კაცმა გაღებულ კარზე მიმითითა და მითხრა, შებრძანდითო.

ვიხილე ის, ვისზეც ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ ასე ახლოს ვნახავდი. ეს იყო სტალინი. ისეთი, როგორიც ფოტოებსა და კინოფილმებში მყავდა ნანახი. გამიღიმა, ხელი ჩამომართვა, _ გამარჯობა, ამხანაგო გოლოვანოვ! და ძალიან, ძალიან გულიანად და სიყვარულით გამიღიმა.

_ თქვენი წერილი წავიკითხე, ძალიან საჭირო საქმეზე გიფიქრია, მაგრამ ერთი უნდა გითხრათ: თქვენ წერთ, რომ 100-150 თვითმფრინავისგან შევქმნათ მობილური ჯგუფი, რომელსაც შევაიარაღებთ სანავიგაციო საშუალებებით და იფრენს შორ მანძილებზე. მაგრამ ასეთი დანაყოფი ჩვენ არ გვყავს. ჩვენ გვყავს ესკადრილია, პოლკი, დივიზია, კორპუსი და არმია _ აი, ეს არის ჩვენი სამხედრო სტრუქტურები.

_ როგორი იქნება თქვენი მოსაზრება? _ მიმართა სტალინმა იქვე მყოფ მაღალჩინოსნებსა და პარტიულ ხელმძღვანელებს. პასუხად მიიღო, რომ გაერთიანება დაწყებულიყო კორპუსიდან.

სტალინი დინჯად დადიოდა ხალიჩაზე. როდესაც მომიახლოვდა, შეჩერდა, თვალებში შემომხედა და გამომცდელად მკითხა:

_ თქვენ ამაყი ხართ? _ ამ კითხვას უარყოფითი პასუხი გავეცი.

არ ვიცოდი, რატომ დამისვა ასეთი უხერხული შეკითხვა და რა იყო ამის საფუძველი ან მიზანი.

სტალინმა კვლავ განაგრძო ხალიჩაზე სიარული, ფიქრობდა, შემომხედავდა და გაიღიმებდა. ალბათ, მეტყობოდა სახეზე ის კმაყოფილება და სიამაყე, რომელიც იმ წუთებში იპყრობდა მთელ ჩემს სხეულს.

_ თქვენგან არაფერი მეწყინება, ამხანაგო სტალინ!

_ ამიტომ არ გეკითხებით, _ გაიღიმა სტალინმა, _ არმია თუ კორპუსი? შემოგთავაზებთ, დავიწყოთ პატარა ქვედანაყოფით, შევარჩიოთ საუკეთესო მფრინავები _ გაბედული, ჭკვიანი, მამაცი ადამიანები, რომლებიც შეძლებენ ნებისმიერ ამინდში შორ მანძილზე ფრენას. ამისათვის ჩვენ არმიასა და კორპუსს ჯერჯერობით ვერ შევქმნით. სჯობს, შევქმნათ განსაკუთრებული მნიშვნელობის პოლკი, რომელიც, არა რომელიმე ოლქში ან დივიზიის შემადგენლობაში შევა, არამედ უშუალოდ დაექვემდებარება თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტს და შეასრულებს მხოლოდ და მხოლოდ მის ბრძანებებს. მას უნდა აღმოვუჩინოთ ყოველგვარი დახმარება, რისი საშუალებაც გვაქვს. პოლკი ისე უნდა განვავითაროთ და გავაძლიეროთ, რომ ექვსი თვის შემდეგ გარდავქმნათ დივიზიად, ერთი წლის შემდეგ _ კორპუსად, ხოლო ორი წლის შემდეგ _ არმიად.

_ თქვენ, ამხანაგო გოლოვანოვ, თანახმა იქნებით ამაზე?

_ დიახ, ამხანაგო სტალინ.

_ თქვენი აზრები და მოსაზრებები, რომლებიც ჩვენ განვიხილეთ, გვარწმუნებს იმაში, რომ ამ საქმის წარმართვას ყველაზე უკეთ თქვენ შეძლებთ. თანახმა ხართ თუ არა, ამხანაგო გოლოვანოვ?

_ თანახმა ვარ, ამხანაგო სტალინ!

_ ახლა თქვენთან ასეთი შეკითხვა მაქვს: რამდენი გაქვთ ხელფასი სამოქალაქო ავიაციაში?

_ მთავრობის დადგენილებით, როგორც შეფ-მფრინავი თვეში 4000 მანეთს ვიღებ, _ ვუპასუხე.

_ ამხანაგო ტიმოშენკო, მითხარით, რამდენს იღებს საავიაციო პოლკის მეთაური?

_ პოლკის მეთაური ხელფასის სახით იღებს 1600 მანეთს, _ მოახსენა სახკომმა.

_ ამხანაგო სტალინ, მე ხელფასის ოდენობას არასოდეს გამოვკიდებივარ, ჩემთვის დამაკმაყოფილებელია 1600 მანეთი, _ ვთქვი მე.

_ აი, რა: თქვენ, როგორც მეთაურს, გექნებათ სახელმწიფო კვება, ჩასაცმელი, ფეხსაცმელი, სახელმწიფო ბინა და, ამასთანავე, გექნებათ იგივე ხელფასი, რომელიც გქონდათ დღემდე. რატომ უნდა დავწყვიტოთ გული ადამიანს, როდესაც ის მიდის მეტად საპასუხისმგებლო თანამდებობაზე. ასე არ არის, ამხანაგებო?

გაისმა შეძახილები:

_ მართალია, მართალია!

_ კმაყოფილი ხართ? _ მკითხა სტალინმა.

_ რა თქმა უნდა, სრულიად კმაყოფილი ვარ, _ იყო ჩემი პასუხი.

_ მაშ, მოვილაპარაკეთ. დასრულდა თქვენი თავისუფლება, შეეშვით ფრენას და გადაერთეთ საორგანიზაციო საქმიანობაზე. მოგვეცით თქვენი წინადადებები, ჩვენ ყველაფერში დაგეხმარებით. გისურვებთ წარმატებებს! _ სტალინმა ხელის აწევით მანიშნა, რომ ჩვენი საუბარი დასრულდა”.

იმ დღიდან 35 წლის ალექსანდრე გოლოვანოვი სტალინის უახლოესი და უერთგულესი ადამიანი გახდა. გოლოვანოვმა ღირსეულად გაიარა ყველა გზა პოლკის მეთაურობიდან, სრულიად ახალი მიმართულების შორს მოქმედი ავიაციის შემქმნელამდე და მის უმაღლეს წარმომადგენლამდე.

სტალინის გარდაცვალების წელს ალექსანდრე გოლოვანოვს 49 წელი შეუსრულდა, მაგრამ ცოდნითა და გამოცდილებით სავსე მარშალი, რადგან ის სტალინის უერთგულესი და უახლოესი პიროვნება იყო, ხრუშჩოვმა დაუყონებლივ პენსიაზე გაისტუმრა.

ალექსანდრე გოლოვანოვი 1975 წელს გარდაიცვალა მოსკოვში.

“1942 წელს შორეულ აღმოსავლეთში დიდი ტანკმშენებელი ქარხანა გაიხსნა. გადაწყდა, ამ განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის დირექტორად დაენიშნათ მინისტრის მოადგილე, რომელიც გამოიძახეს პოლიტბიუროს სხდომაზე დასამტკიცებლად.

სტალინმა მოისმინა მინისტრის მოადგილის წარდგინება და ის დადებითი თვისებები, რომლებიც მომავალ დირექტორს ჰქონდა. კმაყოფილმა სტალინმა დირექტორობის მომავალ კანდიდატს ჰკითხა, რამდენი ჰქონდა ხელფასი მინისტრის მოადგილედ მუშაობის პერიოდში. პასუხის მიღების შემდეგ სტალინმა იკითხა, რამდენი ექნება ხელფასი დირექტორობის შემთხვევაში და, როცა პასუხი მოისმინა, წამოიძახა:

_ ეს როგორ?! კაცს აქვეითებთ თანამდებობრივად, აუარესებთ მის საყოფაცხოვრებო პირობებს, მოსკოვიდან ასახლებთ შორეულ აღმოსავლეთში და ხელფასს უნახევრებთ, თანაც ამტკიცებთ, რომ კარგი მუშაკია?! არ მესმის, რა ხდება!

_ ის კომუნისტია და ვალდებულია, შეასრულოს პარტიის დავალება, _ უპასუხეს ბელადს.

სტალინი კარგა ხანს დუმდა. იქ დამსწრენი გრძნობდნენ, რომ სტალინი ესეს არის განრისხდებოდა, მაგრამ რაღაც აჩერებდა, თავს ებრძოდა და მიმოდიოდა წითელ ხალიჩაზე, ბოლოს მაგიდასთან შეჩერდა და გაბრაზებულმა დაიწყო:

_ აი, ჩვენ გვყავს ბატონი კომუნისტები, რომლებიც ასე წყვეტენ საკითხს: რადგან შენ კომუნისტი ხარ, სადაც უნდა გაგგზავნონ და რაც უნდა ცუდი გაგიკეთონ, შენ მაინც უნდა დაიძახოვაშადა ადიდო საბჭოთა ხელისუფლება. მართალია, პარტიის დავალება აუცილებლად უნდა შესრულდეს, მაგრამ პარტიასაც ხომ უნდა ეყოს ჭკუა, მიხვდეს, რომ შეძახილივაშაადამიანისა, რომელსაც ასახლებ ციმბირში, აქვეითებ თანამდებობრივად და უნახევრებ ხელფასს, არც გულწრფელი იქნება და არც სამართლიანი. საიდან მოიტანეთ, რომ ჩვენ გვაქვს უფლება, როგორც მოგვესურვება, ისე მოვექცეთ ადამიანებს?!

თუ ჩვენ ნამდვილად გვინდა, გამოვასწოროთ საქმე და ამ საქმის გასაკეთებლად გვჭირდება ადამიანი, რომელსაც შეუძლია, გააკეთოს ეს საქმე, მაშინ კეთილი ინებეთ და მას შეუნარჩუნეთ ყველაფერი. გაუშვით იქ, სადაც გინდათ, მაგრამ გაუუმჯობესეთ პირობები და დაჰპირდით, რომ, როდესაც ქარხანას ფეხზე დააყენებს, კაბინეტი ისევ მოსკოვში დაელოდება. აი, ასეთ შემთხვევაში საქმეც უფრო კარგად გაკეთდება და ადამიანსაც ჯანმრთელობა და ენერგია შეუნარჩუნდება”, _ იხსენებს გოლოვანოვი.

მარშალი მიხეილ კატუკოვი კი თავის მოგონებებში წერს, როგორ გასცა განკარგულება სტალინმა, კურსკის რკალის არნახული ბრძოლების შემდეგ პირველ სატანკო არმიას დაესვენა და რეზერვში გადასულიყო. არმია ზურგში გადაიყვანეს. მართალია, არ ცვიოდა ბომბები, მაგრამ ჯარისკაცები უკმაყოფილონი იყვნენ იმით, რომ არ მარაგდებოდნენ სანოვაგითა და საწვავით. 15 კილომეტრით დაშორებული სარკინიგზო პლატფორმიდან ჯარისკაცებს ზურგით მოჰქონდათ პურით სავსე ტომრები და ულუფებად ინაწილებდნენ. ერთმა გაბედულმა მებრძოლმა რკინიგზის სადგურის ფოსტიდან ტელეგრამა გაუგზავნა სტალინს სატანკო არმიის მდგომარეობის შესახებ.

შეიარაღების მინისტრი იაკობ ფედორენკო იგონებს:

“სასწრაფოდ სტალინთან გამომიძახეს. მარტო იყო. საშინლად აღშფოთებული ჩანდა. როგორც კი კაბინეტში შევედი, ჩემკენ წამოვიდა. ხელში დეპეშა ეკავა.

_ რა ჰქვია ამას?! აგდებული დამოკიდებულება? არმიას გამოწურეთ ყველაფერი, რაც შეგეძლოთ და ახლა გადააგდეთ, როგორც ნახმარი ძონძი?! ეს დასვენებაა თუ დასჯა არმიისა, რომელმაც ბრწყინვალედ იომა?! გიბრძანებთ, სასწრაფოდ გამოასწოროთ მდგომარეობა და შესრულების შესახებ მომახსენოთ!

ჯარისკაცის მიერ სტალინისთვის დეპეშის გაგზავნიდან ოთხ საათში სამხედრო ტელეგრაფით სატანკო არმიამ შეტყობინება მიიღო: “თქვენკენ მოემართება დატვირთული ვაგონები”.

სტალინს არ ავიწყდებოდა დაღუპულებიც. ბოლო მომენტში, როდესაც კურსკის ბროლების შემდეგ განკარგულება გასცა, გამარჯვების აღსანიშნავად მოეწყოთ სალუტი და გამოექვეყნებინათ მთავარსარდლის ბრძანება, აღმოჩნდა, რომ ტექსტში სათანადოდ არ იყო გამოხატული ომში დაღუპულთა მიმართ პატივისცემა, რაც სტალინის ხელითვე იქნა შესწორებული და ასე ჩამოაყალიბა: “სამარადისო დიდება გმირებს, რომლებიც დაეცნენ ჩვენი სამშობლოს ღირსებისა და თავისუფლებისთვის ბრძოლაში”.

პოლიტბიუროს სხდომაზე იხილებოდა საკითხი სამხედრო შეიარაღების ერთ-ერთი სახეობის მკვეთრ გაუმჯობესებაზე, რომლისთვისაც მიწვეული იყო სამხედრო მრეწველობის მინისტრი ალექსანდრე ეფრემოვი. მისი განმარტებით, პროდუქციის გამოშვების გაზრდა შესაძლებელი იყო, მაგრამ ამისთვის, სხვა საკითხების მოგვარებასთან ერთად, საშტატო ერთეულებიც უნდა დაემატებინათ 800 თანამშრომელზე.

სტალინმა ყურადღებით მოუსმინა მინისტრის ახსნა-განმარტებას; მიუახლოვდა, თვალებში ჩახედა და მიმართა.

_ ერთი მითხარით, თუ გსმენიათ რამე ბუგროვის შესახებ.

_ არა, ამხანაგო სტალინ, ასეთი გვარის შესახებ არაფერი მსმენია.

_ მაშინ მე მოგიყვებით: ბუგროვი იყო მეწისქვილე, რომელსაც მდინარე ვოლგის გასწვრივ უამრავი წისქვილი ჰქონდა. მას ემსახურებოდა დიდი სამდინარო ფლოტი და ბარჟები. ბუგროვის წლიური შემოსავალი რამდენიმე მილიონ ოქროს მანეთს შეადგენდა. როგორ გგონიათ, რამდენი საშტატო ერთეული ეყოლებოდა ბუგროვს თავის აპარატში, რომ ეკონტროლებინა ასეთი დიდი სამსახური, მითხარით, დაახლოებით რამდენი?

ცოტაოდენი ლოდინის შემდეგ განაგრძო:

_ რადგანაც თქვენ არ იცით, მე გეტყვით: ბუგროვს ჰყავდა ერთადერთი ბუღალტერი, რომელსაც წელიწადში უხდიდა 25 000 ოქროს მანეთს. დადიოდა ბუგროვის ცხენებითა და ცხოვრობდა ბუგროვის სახლში. ბუგროვს, ალბათ, უღირდა ბუღალტერი იმად, რომ ამდენი ოქრო მიეცა. ის კაპიტალისტი იყო და შეეძლო, რამდენიც უნდოდა, იმდენი შტატი ჰყოლოდა, მაგრამ ფულს მუქთად არავის მისცემდა, რადგან ის ფული მისი იყო, მისი საკუთრება.

მე ისევე, როგორც თქვენ, საკუთარი ფული არ მაქვს და რაც გვაქვს, ის ხალხის ფულია. ხალხის ფულს კი განსაკუთრებული მოფრთხილება სჭირდება. ძალიან გთხოვთ, გაითვალისწინოთ და გაიაზროთ ის, რაც მე მოგიყევით და ამ თვალსაზრისით გაიანგარიშოთ და წარმოადგინოთ ახალი წინადადება.

აგარაკზე ყოფნის პერიოდში, უახლოეს ადამიანებთან საუბრისას, მარშალმა ვასილევსკიმ შეჰბედა სტალინს და ჰკითხა, როგორ წარმოუდგენია კომუნიზმის პირველი ფაზა.

მე ვთვლი, რომ კომუნიზმის პირველი ფაზა, ანუ პირველი საფეხური იქნება ის, რომ ჩვენ მოსახლეობას უფასოდ მივაწვდით პურს.

_ ამხანაგო სტალინ, ეს როგორ, ხალხს უფასოდ მივცეთ პური? ეს ხომ შეუძლებელია! _ წამოიძახა ერთ-ერთმა. სტალინი ამ მომენტში ფანჯარასთან იდგა და სივრცეს გაჰყურებდა. ამხანაგებიც ფანჯარასთან მიიწვია. ფანჯრიდან წყარო მოჩანდა, საიდანაც ბროლივით წყალი იღვრებოდა.

_ რას ხედავთ, მეგობრებო? _ იკითხა სტალინმა.

_ წყაროს, _ იყო პასუხი.

_ ჩვენ რომ უდაბნოში ვიყოთ, ამ წყალთან უზარმაზარი რიგი იქნებოდა, მაგრამ აქ წყალი ბევრია და რიგიც არ არის. ჩაფიქრებულმა სტალინმა გაიარ-გამოიარა, კვლავ გაჩერდა ფანჯარასთან და თქვა: იცით რა, თუ არ იქნება საერთაშორისო გართულებები, მხედველობაში მაქვს ომი, ჩვენ მოსახლეობისთვის პურის უფასოდ მიცემის საკითხს 1960 წლისთვის გადავწყვეტთ.

გრიგოლ ონიანი

P.S. 1960 წელს, სტალინის გარდაცვალებიდან 7 წლის შემდეგ და ხრუშჩოვის მმართველობის მეშვიდე წლის თავზე უისტონ ჩერჩილმა ხრუშჩოვის მისამართით თქვა: “მართლაც გენიოსი უნდა იყოს კაცი, რომ რუსეთი უპუროდ დატოვოს”.

 

1 COMMENT

  1. ძალიან საინტერესო და საჭირო(!) წერილია.
    სამწუხაროდ, დღეს ცუდ ტონად ითვლება სტალინზე არამცთუ რაიმე დადებითის თქმა, არამედ მის შესახებ რაიმეს ცოდნაც კი: წერა-კითხვის უცოდინარი ხრუშჩოვის მიერ აგორებული ანტისტალინური ტალღა დღესაც მიგორავს ინერციით, ქვის გამხეთქავი არგუმენტის აკომპანემენტებით – "ბებიაჩემი მიყვებოდა…"
    არადა, აქ მოყვანილი რამდენიმე მაგალითიც კმარა იმის მისახვედრად, რამდენად არასწორეად იმართება სახელმწიფო საქმეები და რა უყაირათოდ იხარჯება ფული…
    სტალინის დროს, თუ არ დახვრეტდნენ, ციმბირს ნამდვილად დაატოვებინებდნენ უკან იმ უამრავ საჯარო მოხელეს, ამხელა ხელფასებით ვერგამძღარი, კიდევ ამხელა პრემია-დანამატებს რომ იწერს სათავისოდ.
    მერე იტყოდნენ, სტალინი მტარვალი იყოო! და, ამ შემთხვევაში, მე დავეთანხმებოდი "ტვინების ომის" მონაწილე ახალგაზრდას, რომელსაც სიტყვა "მტარვალი" კაი კაცის სინონიმი ჰგონია! 🙂

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here