Home რუბრიკები პოლიტიკა მარგველიადა-2014 და «ნაცმოძრაობის» ცეცხლოვანი ოცნებები

მარგველიადა-2014 და «ნაცმოძრაობის» ცეცხლოვანი ოცნებები

526

პრემიერმინისტრისა და პრეზიდენტის კინკლაობა ახალ სტადიაში გადავიდა. თუ ადრე ადგილი მხოლოდ გამაღიზიანებელ რეპლიკებსა და სიმბოლურ ჟესტებს ჰქონდა, ამჯერად დაპირისპირებამ გამოიწვია პირველი შეფერხება სახელმწიფოს მექანიზმების მუშაობაში _ ჯერჯერობით მცირე და თითქმის შეუმჩნეველი, მაგრამ ძალზე მნიშვნელოვანი ხელისუფლების წიაღში განვითარებული პროცესების ანალიზისთვის. საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ ბიძინა ივანიშვილს სჭირდება სულ რაღაც ხუთი წუთი იმისთვის, რომ მარგველაშვილი და ღარიბაშვილი შეარიგოს ან, როგორც მინიმუმი, საჯარო სკანდალების მოწყობა აუკრძალოს, მაგრამ «მოქალაქე #1» ამას არ აკეთებს. საინტერესოა, რატომ.


უაღრესად ფაქიზი პრეზიდენტი

წინა სერიის მოკლე შინაარსი: ამა წლის 12 ივლისს და 6 აგვისტოს მთავარმა პროკურატურამ  პრეზიდენტის ადმინისტრაციაში  ორი წერილი გააგზავნა და მოითხოვა საიდუმლო გრიფის მოხსნა საბუთებისთვის, რომლებიც სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისთვის  (მიხეილ სააკაშვილის მითითებით) საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივ ხარჯვას ეხება. პროკურატურის აზრით, თავის დროზე გრიფი ამ დოკუმენტებს უკანონოდ მიანიჭეს. მარგველაშვილმა ეს თხოვნა მხოლოდ 8 აგვისტოს, პროკურატურის ხელმძღვანელებთან საგანგებო შეხვედრის შემდეგ შეასრულა. ამასთანავე, მისმა ადმინისტრაციამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ პროკურატურამ თავის წერილებსაც დაადო გრიფი «საიდუმლოდ», შემდეგ კი მასმედიას მათი გაგზავნის შესახებ ამცნო, რითაც თითქოს «სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ» კანონის მოთხოვნები უგულვებელყო. პროკურატურამ და შსს-მ საპასუხო განცხადებები გამოაქვეყნეს და ეს ამ ბრალდება უარყვეს. შემდეგ დაიწყო ამ დაუსრულებელი სერიალის ახალი სერია.

15 აგვისტოს ირაკლი ღარიბაშვილმა ამ საქმესთან დაკავშირებით განაცხადა: «პროკურატურამ დაასრულა საქმეზე მუშაობა და სწორედ ამიტომ გაკეთდა მოთხოვნა მასალებზე გრიფის მოხსნის თაობაზე. ჯობია, პრეზიდენტ მარგველაშვილს ჰკითხოთ, რატომ დასჭირდა ერთი თვე გრიფის მოხსნას. ეს, ზოგადად, ძალიან მარტივი პროცედურაა. მით უმეტეს, ჩვენთვის, თითოეული მოქალაქისთვის ცნობილი იყო, რომ ხდებოდა ასეთი ხარჯების გაწევა. გირჩევთ, მიმართოთ პრეზიდენტს და ჰკითხოთ, რატომ დასჭირდა ამდენი დრო. მე არ ვიცი, მე მიმაჩნია, რომ ეს იყო ძალიან მარტივი პროცედურა და არ სჭირდებოდა ამდენი დრო» (ინტერპრესნიუსი).

მარგველაშვილმა პრემიერ-მინისტრს მყისიერად უპასუხა: «პრეზიდენტს ვერავინ ეტყვის, კანონით დაგეგმილ ვადაში, ხუთი  წუთი იფიქროს თუ მეტი იმ საკითხებზე, რომლებიც მის კომპეტენციაში შედის. იმისათვის, რომ დააჩქარო ვინმეს გადაწყვეტილება, რაიმე ძალაუფლება ან შესაძლებლობა უნდა გქონდეს. 9 წლის განმავლობაში სწორედ ეს არ მომწონდა, რომ მათ არ იცოდნენ, სად იწყება და მთავრდება კანონი, სად მთავრდება ვალდებულებები და ხელისუფლებების გამიჯვნა. საქართველოს პრეზიდენტმა და მისმა აპარატმა მაშინ გადაწყვიტეს ეს საკითხი, როდესაც მიაჩნდათ სწორად; ყურადღება უაღრესად ფაქიზად მიაქცია საკითხს, რომელიც არ არის მხოლოდ ჩვენი ქვეყნის შიგა პოლიტიკური საკითხი. დღეს ყველასთვის ნათელია, რომ ეს საკითხი საქართველოს საგარეო პოლიტიკას დაუკავშირდა».

ყველაზე საინტერესო ამ პასაჟში, საკუთარი მაღალი სტატუსის დაფიქსირების დაჟინებული სურვილის გარდა, ალბათ, უკანასკნელი ორი წინადადებაა. მარგველაშვილი ცდილობს, დროის გაწელვა და პროკურატურისთვის პრობლემების შექმნა «ყურადღების უაღრესად ფაქიზი მიქცევით» და ძნელად ამოსაცნობი საგარეოპოლიტიკური ფაქტორებით გაამართლოს, მაგრამ ეს არ აუქმებს მთავარ გარემოებას _ პრეზიდენტმა გააკეთა ზუსტად ის, რაც სჭირდებოდა სააკაშვილს და «ნაცმოძრაობას»: ჯერ პრობლემის გადაწყვეტა გააჭიანურა, შემდეგ კი პროკურატურა კანონის დარღვევაში დაადანაშაულა სწორედ მაშინ, როდესაც ის იგერიებს ბრალდებებს სააკაშვილის საქმეში პოლიტიკური დაკვეთის შესრულების თაობაზე. ზოგიერთი კომენტატორი შეიძლება უფრო შორს წავიდეს და იმ ინციდენტში სააკაშვილის და ძველი რეჟიმის სხვა მაღალჩინოსნების მომავალი შეწყალების ერთგვარი წინა სახე დაინახოს (თუ სასამართლო მათ დამნაშავედ სცნობს). გამოვა ერთ მშვენიერ დღეს მარგველაშვილი და იტყვის: «საკითხის სიფაქიზიდან გამომდინარე…» და ა. შ. თუმცა მსგავსმა ვარაუდებმა შეიძლება ძალიან შორს წაგვიყვანოს. ამ ეტაპზე მხოლოდ იმის კონსტატაციით შემოვიფარგლოთ, რომ ამ საქმეში პრეზიდენტმა განსაკუთრებული, «ქართული ოცნების» ლიდერებისგან და ამომრჩეველთა დიდი უმრავლესობისგან განსხვავებული პოზიცია დააფიქსირა, რომელიც ყველაზე მეტად «ნაციონალურ მოძრაობას» აძლევდა ხელს.

ირაკლი ღარიბაშვილმა თავი შეიკავა პოლემიკაში შემდგომი ჩაღრმავებისგან და პასუხი პრეზიდენტს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ ნინო კობახიძემ გასცა. ამან მარგველაშვილის გულშემატკივრები გააცოფა, რადგან შედარებით დაბალი რანგის მოხელის გამოსვლაში პრეზიდენტის დამცირების კიდევ ერთი მცდელობა დაინახეს. ამის შემდეგ მედიასა და სოციალურ ქსელებს ემოციური დისკუსიების კიდევ ერთმა ტალღამ გადაუარა. მთლიანობაში ეს ძალიან ცუდად ჩანდა. საზოგადოება უშედეგოდ ეძებდა პასუხს კითხვაზე «რატომ ჭამენ ერთმანეთს?» და ამ კითხვით, უპირველეს ყოვლისა, ალბათ, მაინც ბიძინა ივანიშვილს მიმართვდა, რომელმაც თავად შეარჩია როგორც პრემიერობის, ისე პრეზიდენტობის კანდიდატი და გადადგომის წინ (სავარაუდოდ) თამაშის ძირითადი წესები გააცნო.

მეფის გამბიტი: ნაწილი მეორე

ბიძინა ივანიშვილი არ ერევა მიკრომენეჯმენტში და ხელისუფლების პირველ პირებს ყოველდღიურ ინსტრუქციებს არ აძლევს, მაგრამ, როდესაც მისი რჩეულები აშკარა შეცდომებს უშვებენ, ცდილობს, ვითარება გამოასწოროს. ასე მოხდა სახელმწიფო მოხელეების მაღალ ხელფასებთან და პრემიებთან დაკავშირებით: როდესაც საზოგადოების პროტესტმა პიკს მიაღწია, ივანიშვილმა გააკეთა მოკლე კომენტარი და უკმაყოფილება გამოხატა. ამის შემდეგ მთავრობამ პრაქტიკულად დაუყონებლივ წარმოუდგინა საზოგადოებას ახალი ნორმები, რომლებმაც ჩინოვნიკების გაუმაძღრობა ნაწილობრივ მაინც შეზღუდეს. ჩვენ, აგრეთვე, შეგვიძლია გავიხსენოთ პრეზიდენტის მრჩეველ ვანო მაჭავარიანთან დაკავშირებული ეპიზოდი. ივანიშვილმა განაცხადა, რომ იმედგაცრუებულია და მარგველაშვილი («სახის შენარჩუნებისთვის» აუცილებელი პაუზის შემდეგ) მაჭავარიანს დაემშვიდობა. დღეს კი ივანიშვილი დუმს, მიუხედვად იმისა, რომ მისი ფავორიტები აწყობენ საჯარო სკანდალებს კომუნალური სამზარეულოს სტილში და ამით ამცირებენ როგორც «ქართული ოცნების» (შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილის) ავტორიტეტს, ისე მოსახლეობის ნდობას შესაბამისი სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ.

ბიზნესსა და პოლიტიკაში ხელმძღვანელები ხშირად არ კრძალავენ, მეტიც, ხელს უწყობენ ხელქეითების გააფრთრებულ კონკურენციას, რადგან გონივრულ ჩარჩოებში მან შეიძლება განვითარება-წინსვლის საქმეში დადებითი როლი შეასრულოს. მაგრამ აქ არის ერთი ნიუანსი _ მარგველაშვილისა და ღარიბაშვილის დაპირისპირება საჯაროა. «ქართული ოცნების» შიგნით და ივანიშვილის ახლო გარემოცვაში უმწვავესი კონკურენცია მიმდინარეობს, მაგრამ მის შესახებ საზოგადოებამ თითქმის არაფერი იცის. აქ კი ყველაფერი თითქოს თეატრის სცენაზე (თუ ცირკის არენაზე) ყველას დასანახად ხდება. გამორიცხული არაა, რომ სწორედ ეს სიტყვები _ «ყველას დასანახად» ამ რებუსის ერთგვარ გასაღებს წარმოადგენს.

აქ, ალბათ, ორიოდე სიტყვით, «ნაციონალური მოძრობის» დღევანდელი მდგომარეობა უნდა აღვწეროთ. მისი მხარდამჭერების ბირთვი და პროპაგანდისტული მანქანის მნიშვნელოვანი ნაწილი შენარჩუნებულია, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ის თანდათან სუსტდება. პარტიის «შავი სალარო» ულევი ნამდვილად არ არის და, რაც მთავარია, «ნაცმოძრაობის» წინააღმდეგ მუშაობს უპერსპექტივობის განცდა, რომელიც მისი მხარდამჭერების რიგებში ვრცელდება. არჩევნების შედეგები და სოციოლოგიური მონაცემები ნათლად ადასტურებს, რომ ხელისუფლებაში დაბრუნება პრაქტიკულად გამორიცხულია. შესაბამისად, წარმოდგენილია პოლიტიკოსებისა და ამომრჩევლების გარკვეული რაოდენობა, რომლებიც რევანშის იმედით და «ქართული ოცნების» სიძულვილით სულდგმულობს, ქვეყნის სტაბილურობისთვის ძალზე მნიშვნელოვანია იმის გარკვევა, რა არჩევანს გააკეთებენ ისინი მომავალში.

სააკაშვილის ზოგიერთი ოპონენტი ოცნებობს იმ დღეზე, როდესაც «ნაციონალები» «მაიდანზე» გამოსვლას გაბედავენ, რადგან ეს მათთან საბოლოო ანგარიშსწორების შესაძლებლობას მისცემს. მაგრამ ეს ემოციური მიდგომა, ალბათ, მაინც ანტისახელმწიფოებრივია. მიუხედავად იმისა, რომ ჰიპოთეტური პუტჩი, 99%-იანი ალბათობით, «ნაცების» სრული კრახით დასრულდება, ის ქვეყანასაც დააზრალებს. ამიტომ გაცილებით გონივრული ჩანს თერაპიული მეთოდების გამოყენება, კერძოდ კი «ნაციონალების» ენერგიისთვის უსაფრთხო კალაპოტის გაჭრა. მერე რა, რომ ეს ცრუ იმედი და არსებითად მართვადი ილუზია იქნება; მერა რა, რომ ამ ილუზიას მარგველაშვილი ერქმევა?!

პოლიტიკაში მოსვლის წინ ბიძინა ივანიშვილმა კარგად შეისწავლა სააკაშვილის და მისი თანაპარტიელების ფსიქოლოგია, რომლის «საფირმო ნიშანია» სასურველის გასაღება რეალურად და კრიტიკული აზოვნების დაქვემდებარება ემოციური აღტკინების მიმართ. თუ «ნაციონალები» დაიჯერებენ, რომ მარგველაშვილისა და ღარიბაშვილის კონფლიქტი სავსებით რეალურია (დაპირისპირების საჯარო, დემონსტრაციული ხასიათი ამისთვის აუცილებელი წინაპირობაა) და მათ შეუძლიათ პრეზიდენტი თავის მოკავშირედ თუ მარიონეტად გადააქციონ, მომავალს ამ მოედანზე თამაშს (და, შესაძლოა, ალასანია-რესპულიკელების ჰიპოთეტურ «ჯანყს») დაუკავშირებენ და არა «მაიდნის» მოწყობის განწირულ გეგმებს და სხვა მსგავს სისულელეებს.

მარგველაშვილი (ისევე, როგორც ალასანია) სუსტი პოლიტიკოსია, რომელსაც დამოუკიდებლად მოქმედება არ შეუძლია, მაგრამ მას ნამდვილად ძალუძს უიმედო, დეპრესიულ მდგომარეობაში მყოფ «ნაციონალებს» იმედი მისცეს, როგორც ეს «საიდუმლო ხარჯებთან» დაკავშირებულ ეპიზოდში გააკეთა. სავარაუდოდ, სწორედ აქ გამოვა წინა პლანზე ფსიქოლოგიური ასპექტი, მიუხედავად იმისა, რომ ლოგიკა უკარნახებთ, რომ არაგონივრულია საკუთარი გეგმების დაკავშირება ადამიანთან, რომლის კარიერა ივანიშვილმა შეიძლება ხუთ წუთში დაასრულოს, აღგზნებული წარმოსახვა საპირისპირო სურათს დაუხატავს _ მოახლოებულ კრიზისს «ოცნებაში», «პროდასავლური» ძალების ერთობლივ ბუნტს ივანიშვილის წინააღმდეგ და ბოლოს _ ტრიუმფალურ დაბრუნებას ხელისუფლებაში. თვალი გადავავლოთ სოციალურ ქსელებს _ სწორედ ამ მიმართულებით მიდიან.

დესტრუქციული ილუზიების ჩანაცვლება ცრუ იმედებით, პრინციპში, საინტერესო კომბინაციაა. თუ საჭადრაკო ტერმინოლოგიას მოვიშველიებთ, ეს, ალბათ, მაინც გამბიტია. იწირება პაიკი _ «ოცნების» და ივანიშვილის ავტორიტეტის ნაწილი, რომელიც პრეზიდენტისა და პრემიერის კონფლიქტის გამო მცირდება, სამაგიეროდ, მოწინააღმდეგე ხვდება იმ მდგომარეობაში, როდესაც მისი ყველა მომდევნო სვლა იძულებითი, წინასწარ განსაზღვრული ხდება და თანდათან პოზიციას აუარესებს. ცხადია, ყოველივე თქმული მხოლოდ ვარაუდია, მაგრამ სივრცე მსგავსი მანევრისთვის ნამდვილად არის.

თბილისიჰამელნითბილისი

სააკაშვილის რეჟიმის რადიკალურ მოწინააღმდეგეებს სურთ, რომ «ნაციონალების» იზოლაცია გაგრძელდეს მანამ, სანამ სრულად არ გაქრებიან. მაგრამ აქ, ალბათ, ყურადღება ერთ ბანალურ ჭეშმარიტებას უნდა მივაქციოთ: არც ბუნებაში, არც პოლიტიკაში უკვალოდ არაფერი ქრება. ალყამ, «ნაცმოძრაობის» სრული იზოლირებით, როგორც პოლიტიკური ბრძოლის მეთოდმა, უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა სამნაწილიანი საარჩევნო მარათონის დროს, მაგრამ ამ ეტაპზე, სავარაუდოდ, თავი ამოწურა. ახლა, შესაძლოა, გაცილებით მნიშვნელოვანია, რომ ე.წ. ბირთვი ციხესიმაგრიდან გამოვიდეს და მანევრირება სცადოს, რადგან ასე მისი ნაწილებად დაშლა და დამარცხება გაცილებით იოლი იქნება.

ამასთანავე, მნიშვნელოვანია ერთი გარემოების გააზრება: დამნაშავე მაღალჩინოსნების გასამართლების მოთხოვნა სავსებით ლოგიკური და სამართლიანია, მაგრამ მათ გარდა არსებობენ სხვა «ნაციონალებიც», რომელთაც ხელები სისხლში გასვრილი არ აქვთ და მძიმე დანაშაული არ ჩაუდენიათ. მათთვის პოლიტიკაში მონაწილეობის აკრძალვა, ერთგვარ «პოლიტიკურ გეტოში» მოქცევა არადემოკრატიულია. ალბათ, მათ უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, იმედები მარგველაშვილს (ან, მაგალითად, ალასანიას) დაუკავშირონ და ამით (ეს ყველაზე მნიშვნელოვანია) თანდათან დაშორდნენ რევანშის კაცთმოძულე იდეოლოგიას, რომელსაც «ნაცლიდერები» მათ რიგებში ნერგავენ. მოგვიანებით მარგველაშვილმა შეიძლება მათ იგივე დამართოს, რაც ერთმა ფლეიტაზე დამკვრელმა ქალაქ ჰამელნის ვირთხებს დამართა, თუმცა ეს უკვე სხვა ეტაპია. მოკლედ და მარტივად რომ ვთქვათ, ამ ეტაპზე «ნაციონალებმა» რაღაც პერსპექტივა უნდა დაინახონ. ამ პერიოდმა და დაახლოებამ მმართველი კოალიციის «პროდასავლურ» ფრთასთან მათთვის შეიძლება ერთგვარი «საფილტრაციო ბანაკის» როლი შეასრულოს და ნორმალურ პოლიტიკურ  პროცესში ინტეგრაციის შესაძლებლობა მისცეს არა ძველი «ნაცმოძრაობის», არამედ ახალი ჯგუფების შემადგენლობაში. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტ _ თუ საქართველოში ფართოდ დამკვიდრდება მოსაზრება მარგველაშვილის (და კოალიციის ზოგიერთი სხვა ლიდერის) სიღრმისეულ «ოპოზიციურობაზე», უცხოელი პარტნიორებიც თანდათან ამ მოდელის ფარგლებში ოპერირებაზე გადავლენ. ეს კი გაცილებით უსაფრთხოა, ვიდრე მათი მცდელობები, ოპოზიციური ბანაკის ფორმატირება თავად მოახდინონ (ასეთ, ჯერჯერობით გაუბედავ მცდელობებს ადგილი ნამდვილად აქვს).

კიდევ ერთხელ: ივანიშვილს შეუძლია ხუთ წუთში ბოლო მოუღოს პრემიერისა და პრეზიდენტის დაპირისპირებას; ყოველ შემთხვევაში, _ მათ საჯარო კინკლაობას (და სხვათა შორის, თითოეული მათგანის კარიერას), მაგრამ ამას არ აკეთებს და, ალბათ, არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ შექმნილ სიტუაციაში გარკვეულ პოლიტიკურ რესურსს ხედავს.

დიმიტრი მონიავა

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here