Home რუბრიკები პოლიტიკა «აბი მარგველაშვილი» _ ალასანიას იარაღი ღარიბაშვილის წინააღმდეგ

«აბი მარგველაშვილი» _ ალასანიას იარაღი ღარიბაშვილის წინააღმდეგ

653

ბიძინა ივანიშვილმა პრეზიდენტობის კანდიდატად გიორგი მარგველაშვილი ამომრჩეველს ხელების გადაგრეხის ხარჯზე მოახვია თავს. იგი მარგველაშვილს თავდებად დაუდგა, ქვა ააგდო და თავი შეუშვირა, _ მე ვიცი ადამიანების ცნობა, გიორგი საუკეთესო კანდიდატია და, გინდათ თუ არა, უნდა მენდოთო…

წინასაარჩევნო კამპანიის მსვლელობისას, როდესაც ივანიშვილი საზოგადოებას აიძულებდა, «აბი მარგველაშვილი» მიეღო, პოლიტოლოგმა ალექსანდრე ჭაჭიამ პრეზიდენტის ინსტიტუტის შესახებ ქართულ მედიაში შემდეგი ინიციატივა წამოაყენა:

«საქართველოს არ აქვს მაღალი თანამდებობის უსაქმურების შენახვის ფუფუნება. პრეზიდენტის ფუნქციები ქვეყნის იმ სასიცოცხლო პრობლემებიდან გამომდინარე უნდა განისაზღვროს, რომელთა გადასაჭრელად პარლამენტისა და მთავრობის ძალისხმევა საკმარისი არ არის.

მიმაჩნია, რომ პრეზიდენტის აქტიური მოღვაწეობის სფერო უნდა იყოს აფხაზურ და ოსურ მხარეებთან, რუსეთის ფედერაციასთან, მათ შორის ჩრდილოეთკავკასიურ რესპუბლიკებთან ურთიერთობა. საქმე ისაა, რომ დასავლეთის ვექტორზე ჩვენთან ბევრი ოფიციალური პირი და სტრუქტურა მუშაობს _ პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე და საპარლამენტო კომიტეტები, საგარეო საქმეთა სამინისტრო და რიგი სხვა უწყებებისა, ხოლო იმ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მიმართულებებზე, რომლებიც ჩამოვთვალე, სერიოზულად არავინ მუშაობსსაჭიროა გარღვევა, ამ სამუშაოს ხარისხობრივად ახალ დონეზე აყვანა. საჭიროა მაღალი სახელმწიფოებრივი სტატუსის მქონე პირი, რომელიც გავა პირდაპირ მოლაპარაკებაზე უმაღლესი ხელმძღვანელობის რგოლებთან და დაძრავს საქმეს მკვდარი წერტილიდანამ მნიშვნელოვანი საქმისთვის საჭიროა მესამე პირი ქვეყნის უმაღლესი სახელისუფლო ეშელონიდან _ ანუ პრეზიდენტი. რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს არამხოლოდ სტატუსს, არამედ პიროვნულ საკითხსაც. ახალი პრეზიდენტი არაფრით უნდა იყოს დაკავშირებული წინა რეჟიმებთან, რომლებიც ჩვენი პარტნიორების აღქმაში  ომთან და სისხლთან ასოცირდებიან. სასურველია, რომ იგი მათთვის პოზიტიურად ცნობილი იყოს, თუმცა, შესაძლოა, ის იყოს აბსოლუტურად ახალი სახე. მთავარია, აცნობიერებდეს მასზე დაკისრებულ პასუხისმგებლობას _ ერთორ წელიწადში ვითარების კარდინალურად შეცვლასთუ ამ თანამდებობას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრობლემების მოგვარებაზე პასუხისმგელობით დავტვირთავთ და დავადგენთ, რომ ერთორ წელიწადში პრეზიდენტმა უნდა წარადგინოს თავისი საქმიანობის კონკრეტული შედეგები, მაშინ ამ პოსტის დაკავების მსურველთა რაოდენობა მკვეთრად შემცირდება.

სხვათა შორის პრეზიდენტის ფუნქციის ასეთი განმარტება მოხსნის კონკურენციის, ამ თანამდებობისთვის ბრძოლისა და ამ ბრძოლის თანმდევი ინტრიგების პრობლემას. არა მგონია, ბევრი პრეტენდენტი მოიძებნოს, რომელთაც ამ ჩიხში მოქცეული საკითხებით დაკავების სურვილი ექნებათ. ამ საკითხებს მხოლოდ ლამაზი და ფუყე დაპირებებით ვერ მოაგვარებ, ახალი პრეზიდენტის ფხა და შესაძლებლობა პირველივე თვეებში გამოჩნდება. ამიტომ ამ პოსტის დაკავებას მხოლოდ ის ადამიანი დათანხმდება, რომელიც დარწმუნებულია წარმატებაში და ფლობს აუცილებელ პოტენციალს _ კავშირებს, პირად ავტორიტეტს, სერიოზული წინადადებების პაკეტს. ასეთი ადამიანები კი ბევრნი არ არიან

ვთვლი, რომ ეს მაღალი პოსტი აუცილებლად კონკრეტული ამოცანების, მიზნების მისაღწევად  უნდა იქნას გამოყენებულიახალ ხელისუფლებას, რომლის სინდისზე არც სისხლია და არც დანაშაული, აქვს მცირე შანსი, გამოიყვანოს შექმნილი ვითარება ჩიხიდან. ამისთვის საჭიროა პრემიერმინისტრის (ბიძინა ივანიშვილის _ რედ.) პოლიტიკური ნება და პრეზიდენტის შესაბამისი ფუნქციებით დატვირთვა. ეს აუცილებელია ქართველი ერისა და ქართული სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებისა და განვითარებისთვის. ეს აუცილებელია, რათა ივანიშვილმა ერის  ნდობა შეინარჩუნოს».

ამ ინიციატივის უმთავრესი მნიშვნელობა ისაა, რომ ხსენებული უმნიშვნელოვანესი ამოცანის შესასრულებლად უნდა არჩეულიყო კანდიდატი, რომელიც შეძლებდა, მოკლე პერიოდში მიეღო კონკრეტული შედეგი და ჩაებარებინა ანგარიში საზოგადოებისთვის ან, წარუმატებლობის შემთხვევაში, გადამდგარიყო

ამ იდეას საზოგადოებაში მნიშვნელოვანი მხარდაჭერა ჰქონდა. გამოიკითხა არაერთი ექსპერტი, საზოგადო მოღვაწე, პოლიტიკურად და საზოგადოებრივად აქტიური ცნობილი პიროვნებები, ბევრი დაეთანხმა ალექსანდრე ჭაჭიას წინადადებას, მაგრამ, როგორც ჩანს, ხელისუფლებას, კერძოდ კი, ბიძინა ივანიშვილს, ნომინალური პრეზიდენტი, ფუფუნებით გარემოცული უსაქმური სჭირდებოდა, რომელსაც მხოლოდ დეკორაციის დანიშნულება ექნებოდა და შესაბამისად, ზემოხსენებულ სასიცოცხლო მნიშვნელობის შეთავაზებაზე მას რეაქცია არ ჰქონია…

თქვა ბიძინამ, გიორგიო, წამოაყენა ადამიანი ფუტლარი პრეზიდენტობის კანდიდატად და არჩევნების შედეგებმაც ექოდ გამოსცა მარგველაშვილის გვარი ქვეყნის მეოთხე პრეზიდენტად…

 მაგრამ, ვაი, რომ უსაქმური და უფუნქციო პრეზიდენტი დეკორაციადაც არ გამოდგა და ავსტრალიელი აბორიგენების ბუმერანგს შეშურდებოდა ის სიზუსტე, როგორითაც ივანიშვილს მოუბრუნდა უკან მარგველაშვილის ქება-დიდება _ კონსტიტუციითა და ფუნქციურად უსაქმურმა პრეზიდენტმა რამდენიმე თვეში სააკაშვილის იმდენი თანაგუნდელი დააწინაურა, ისეთი, მსუბუქად რომ ვთქვათ, ლეღვობები ჩაიდინა, რომ ივანიშვილი იძულებული გახდა, საჯაროდ ეღიარებინა: «არ დავმალავ, ველოდი უკეთესს. პრინციპულად განსხვავებული თვისებები აღმოაჩნდა (მარგველაშვილს _ . .)… ხასიათი გამოავლინა მარგველაშვილმა არჩევნების შემდგომ. 60 წლის ვხდები და მსგავსი მაგალითი არ მახსოვს».

ივანიშვილის ეს აღიარება ნამდვილად იმსახურებს რეპლიკას: «ხომ გეუბნებოდი, გაფრინდებამეთქი, შე გალსტუკიანო, შენა!». მან მართლაც მიიღო ის, რისთვისაც იბრძოდა, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხები ღრმა ჩიხშია, არც ერთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრობლემა მოგვარებული არ არის, უკმაყოფილება იზრდება, სახელმწიფოს მდგომარეობა მძიმდება, ივანიშვილის რეიტინგი ეცემა, რადგან თავიდანვე ცხადი იყო, რომ ტერიტორიულ და საგარეოპოლიტიკურ, გნებავთ, სამეზობლო პრობლემათა კომპლექსის მოგვარების გარეშე, ის ერის ნდობას ვერ შეინარჩუნებდა; ხოლო ადამიანი ფუტლარები, მაღალი თანამდებობის უსაქმურები თავის გადარჩენაზე ფიქრობენ და ხელისუფლებას გაცილებით მძიმე პრობლემებს უქმნიან, ვიდრე ყაისნაღიანი მარგველაშვილის ჭირვეულობაა. ცნობისათვის: «აბი მარგველაშვილი» უბრალო ჭირვეულობას აღარ სჯერდება და ამერიკის ელჩის _ რიჩარდ ნორლანდის ღია მხარდაჭერით უკვე მთავარსარდლის მანტიას ირგებს, თან ცდილობს, ეროვნული უშიშროების საბჭო მთლიანად საკუთარი გავლენის ქვეშ მოაქციოს. თუმცა მოდით, ეს პრობლემები საფუძვლიანად და თანმიმდევრულად განვიხილოთ.

ქსოვის მოყვარული ფილოსოფოსი პრეზიდენტისგან, რომელიც სააკაშვილის სასახლეში ფუფუნებით ტკბება და რომელიც აქამდე ყველა დამცირებას იტანდა, მოულოდნელი იყო გაჯიუტება და პრემიერ ღარიბაშვილთან ღიად დაპირისპირება, მაგრამ ეს მოულოდნელი იყო საზოგადოებისთვის და არა ხელისუფლებისთვის. ხელისუფლებაში, უკვე დიდი ხანია, საოცარი ეჭვიანობა შეინიშნება ბიძინა ივანიშვილის კონტროლიდან გამოსული მარგველაშვილის მიმართ, პრემიერის მაპროვოცირებელი კრიტიკა კი ერთგვარი კატალიზატორი  იყო. მარგველაშვილს ნერვებმა უმტყუნა, იგი ანკესს წამოეგო და, ფაქტობრივად, თვითლუსტრაცია მოახდინა.

ფაქტია: მარგველაშვილმა თავისი განცხადებით დროზე ადრე გამოამჟღავნა თავი, როგორც პოლიტიკურმა პოლუსმა, რომელსაც, მისი სტატუსიდან გამომდინარე, აუცილებლად ექნება მიზიდულობის ძალა და, შესაძლოა, ახალი პოლიტიკური კონფიგურაციის მნიშვნელოვან ნაწილად იქცეს.   

ღარიბაშვილის წინააღმდეგ მიმართული ძალის სათავე სულ სხვაგანაა და ის მარგველაშვილი ნამდვილად არ არის.

აქედან გამომდინარე, მთავარი შეკითხვაა არა «რა უნდა მარგველაშვილს?», არამედ _ «ვის გაქაჩვას შეეცდებიან ღარიბაშვილის შემცვლელად

თუ რეალობას თვალს გავუსწორებთ, დავინახავთ, რომ იზრდება ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის შეშფოთება ივანიშვილის ხელდასმული მთავრობის მიმართ. ეს ნათლად ჩანს ამერიკელი სენატორებისა თუ წამყვანი ჟურნალისტების ანალიტიკურ სტატიებში. რეალობაა, რომ ამერიკელებმა სააკაშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება საკუთარ შეურაცხყოფად მიიღეს, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც უკრაინაში მიმდინარე პროცესებში სააკაშვილი ამერიკელების მხარესაა და ერთგვარ დასაყრდენადაც ქცეულა უკრაინის პროამერიკული ხელისუფლებისთვის. პირად საუბრებში არაერთი გავლენიანი სენატორი თუ პოლიტოლოგი აღნიშნავს, რომ სააკაშვილისთვის ბრალდების წაყენება საეჭვოდ ემთხვევა უკრაინის მოვლენებში სააკაშვილის აქტიურ მონაწილეობას და რუსული რევანშის ხასიათს ატარებს. ეს მცდარი შეხედულებაა, მაგრამ ამერიკელებს მისი სჯერათ. ამასთანავე, ამერიკელებისთვის მათ მიერ დემოკრატიის შუქურად წოდებული, რეფორმების გამტარებელი და რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი ხელისუფლების წამომადგენლების კრიმინალური საქმიანობის წარმოჩენა სერიოზული პრობლემაა, რადგან სააკაშვილის ამერიკელი მფარველები, ფაქტობრივად, თანამონაწილენი გამოდიან იმ დანაშაულებისა, რომლებზეც საქართველოს პროკურატურა საუბრობს. კონსპიროლოგიის მოყვარულები უკვე ღიად წერენ, რომ ამერიკელები სერიოზულად ემზადებიან საქართველოში ხელისუფლების შესაცვლელად და თავისი ერთგული კადრის მოსაყვანად.

აშკარაა, რომ «ნაციონალების» გაფუჭებულ იმიჯს ვერაფერი უშველის და მათი რეინკარნაცია ამერიკელებისთვისაც კი, პრაქტიკულად, შეუსრულებელი ამოცანაა, ამიტომ «ნაციონალების» დაბრუნებაზე ისინი ფსონს არ დებენ და ეს ლოგიკურია, თუმცა «ნაციონალების», როგორც პოლიტიკური მიმდინარეობის, გადარჩენა და პოლიტიკურ ასპარეზზე დატოვება მათი ერთ-ერთი მიზანია. ხელისუფლებაში «ნაციონალების» დაბრუნების პერსპექტივის გამორიცხვის შემდეგ დგება ისეთი ძალის, ლიდერის გამოძებნის საკითხი, რომელსაც ხელეწიფება ხელისუფლებაში მოსვლა. დიდი ალბათობით, ასეთ ძალად და ლიდერად ამერიკელები განიხილავენ თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიასა და მის ფრაქციას, აგრეთვე, მის თანაგუნდელ მინისტრებს, «ნაცმოძრაობის» დარჩენილ რესურსსა და პრეზიდენტ მარგველაშვილის სტატუსთან ერთობლიობაში.

ალასანია კოალიციის ერთ-ერთი ლიდერიც იყო, ივანიშვილის ფავორიტიც და პრეზიდენტობის კანდიდატადაც განიხილებოდა, მაგრამ ხელისუფლებაში ივანიშვილის მოსვლიდან მოკლე ხანში ისეთი დარტყმა მიიღო, არათუ პრეზიდენტობაზე ფიქრი შეწყვიტა, ვიცეპრემიერის პოსტიც დაკარგა. 

ცხადია, ამერიკელებთან შეხმატკბილებული თავდაცვის მინისტრი ალასანია შესაფერის მომენტს ელოდება შურის საძიებლად. იგი გამოირჩევა იმით, რომ არასოდეს ებრძვის მტერს ღიად, მუდამ დაფარულკულუარულ ბრძოლას ამჯობინებს, რადგან ასეთ ბრძოლაში (როგორც ყოფილი დიპლომატი და უშიშროების ყოფილი კადრი) გაცილებით გამოცდილია, ვიდრე მისი ოპონენტები.

უკვე დიდი ხანია, ალასანიას ომი აქვს გამოცხადებული  ღარიბაშვილის წინააღმდეგ. ალასანიას გარემოცვაში კარგა ხანია, ქირქილებენ, რომ მისთვის ღარიბაშვილი აღიქმება, როგორც გამოუცდელი პატარა ბიჭი, რომელმაც მხოლოდ ივანიშვილის ფავორიტობის გამო აჯობა. ალასანიას გარემოცვა  პირად საუბრებში არც მალავს, რომ ღარიბაშვილი მათთვის წინაღობა არ არის, რომ მას სერიოზულად არ აღიქვამენ და რომ მათი მოწინააღმდეგე ივანიშვილია, რომელმაც საფინალო გარბენიდან მოხნა ალასანია.  

ცხადია, რომ ალასანიას, როგორც ამერიკის სპეცსამსახურების გაზრდილ კადრს, ოკეანის გაღმიდან ყველაზე სერიოზული მხარდაჭერა აქვს და ვაშინგტონის მიერ ფსონის მასზე დადება არც არავის გაუკვირდება.

აქამდე ალასანიას მთავარი პრობლემა პოლიტიკური პარტნიორების სიმწირე იყო, რადგან კოალიცია ივანიშვილის გარშემო არსებობდა, მაგრამ დღეს ეს სიტუაცია რადიკალურად შეცვლილია.

პრეზიდენტი მარგველაშვილი და ალასანია, ფაქტობრივად, ერთი გუნდია (ამას დაამატეთ მათი ნათესაური კავშირიც), «ეროვნული ფორუმი, რომელიც გუბაზ სანიკიძის ფარული ჩანაწერის გამოქვეყნების შემდეგ ივანიშვილმა, ფაქტობრივად, გარიყა თავისი პოლიტიკური სივრციდან, ალასანიას მხარდამჭერია. ამას დაამატეთ ფორუმის ლიდერის _ შარტავას ნათესაური კავშირი და  მორალური ვალი, რომელიც მამია ალასანიას მიმართ აქვს კახა შარტავას, რადგან სწორედ მამია ალასანიასთან ერთად დაიღუპა მამამისი _ ჟიული შარტავა. არ დაგვავიწყდეს, რომ თვითონ ალასანიას შთამბეჭდავი დეპუტაცია ჰყავს პარლამენტში. მისი გუნდი მნიშვნელოვნად არის წარმოდგენილი მთავრობაშიც იუსტიციის მინისტრ წულუკიანის, სახელმწიფო მინისტრ პეტრიაშვილის, საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძისა და რამდენიმე საკვანძო მინისტრის მოადგილისა და ელჩის სახით, რომლებიც ასევე ალასანიას გუნდის წევრები არიან. თუ დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ ალასანია და კომპანია, პლუს მარგველაშვილი და «ნაცმოძრაობის» ნაშთი  შთამბეჭდავი ძალაა, რომელიც მომავალ არჩევნებში «ქართულ ოცნებას» კუდით ქვას ასროლინებს. ადგილობრივი არჩევნების შედეგების ანალიზი ამის ნათელი დასტურია.

ალასანიას აქტივში უნდა ჩავწეროთ სამოქალაქო სექტორის უდიდესი ნაწილი და რესპუბლიკელები, რადგან  ისინი ყოველთვის იმოქმედებენ იმ დირექტივის მიხედვით, რომელსაც ამერიკელი  პატრონებისგან მიიღებენ.

ზემოთ მოყვანილი არგუმენტების შემდეგ ძნელი წარმოსადგენი არ არის ახალი პოლიტიკური კონფიგურაციის კონტურები _ პრეზიდენტი, თავდაცვის მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი, იუსტიციის მინისტრი, სახელმწიფო მინისტრი, 2 ან 3 ძლიერი საპარლამენტო ფრაქცია, ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის მფარველობა, აშშ-ის საელჩოს უშუალო პატრონაჟი  და დახმარება, ასევე,  «ნაციონალური მოძრაობის» ხელთ არსებული დიდძალი შავი (და არამარტო) ფული, მათი ფარული პოლიტიკური მხარდაჭერა, აბსოლუტური უპირატესობა ტელევიზიებსა და პრესაში…

ვფიქრობ, ჩამოთვლილი ფაქტორები საკმარისზე მეტია ნებისმიერი არჩევნების მოსაგებად.

ზემოხსენებული კონფიგურაცია არჩევნების წინა პერიოდში გამოიკვეთება, რადგან სწორედ წინასაარჩევნო პერიოდია ყველაზე ხელსაყრელი ამ გეგმის სისრულეში მოსაყვანად. მანამდე ალასანიაც და მისი გუნდის მინისტრებიც ყველანაირ მეთოდს იხმარენ, რათა თანამდებობები და გავლენა შეინარჩუნონ, რადგან სწორედ თანამდებობებიდან იქნება შესაძლებელი უფრო მძლავრი ძალის ჩამოყალიბება. ეს ფაქტორი განსაზღვრავს იმას, რომ ახლა პრეზიდენტიც და ალასანიაც მაქსიმალურად ეცდებიან ნაადრევი კონფლიქტის ამოწურვას ღარიბაშვილთან, უკანაც დაიხევენ, შესაძლოა, ბოდიშიც მოიხადონ პრემიერის წინაშე და საჭირო მომენტში განახორციელონ დარტყმა, რომელიც მათთვის სასურველი შედეგის მომტანი იქნება. ნაადრევად ამ დარტყმის განხორციელება წამგებიანია, ამიტომ მარგველაშვილ-ღარიბაშვილის ტანდემი დროზე ადრე თავს არ გაიშიფრავს და კონსპირაციის დაცვით იმოქმედებს, თუმცა დარტყმა ღარიბაშვილის წინააღმდეგ გარდაუვალია არჩევნების წინ.

აქვე საინტერესოა, ვინ დარჩება ღარიბაშვილის მხარეს. თითქმის ნულოვანია პოლიტიკური ინტელექტი და კაპიტალი მეტად უნიათო და არაპროფესიონალი საპარლამენტო გუნდისა, რომელიც, ძირითადად, მოჭიდავეებით, მომღერლებითა თუ მსახიობებითაა დაკომპლექტებული და ერთი ხეირიანი სპიკერიც არ ჰყავს საკუთარი პოზიციების დასაცავად. ამიტომ მასზე შეჩერებაც არ ღირს. ამას დაამატეთ მრეწველი პენსიონერების არარსებული პარტია, რომელიც, საითაც სიო დაბერავს, იქით გადაიხრება და ორკაციანი კონსერვატორები, რომლებიც, ფაქტობრივად, ცარიელ ადგილს წარმოადგენენ, ანუ ღარიბაშვილის საპარლამენტო პოლიტიკური გუნდი, ფაქტობრივად, არ არსებობს.

ღარიბაშვილმა თავის პოლიტიკურ დასაყრდენად რატომღაც აირჩია ყოფილი თუ მოქმედი ძალოვანები. მან ძირითადი თანამდებობები _ გუბერნატორები, მრჩევლები, მინისტრები, გამგებლები და ა. შ. მეტწილად ძალოვანებით დააკომპლექტა. ეს ღარიბაშვილს მძიმე შედეგებით მოუბრუნდება, რადგან ამ ძალოვანთა უმეტესობა საოცრად არაპოპულარულია, არაპროფესიონალია და, რაც მთავარია, მათი უმრავლესობა ვანო მერაბიშვილისა და დათა ახალაიას ყოფილი კადრია. მათი გადასვლა მარგველაშვილალასანიას ბანაკში მხოლოდ  დროის საკითხია.

ცალკე თემაა სახელმწიფო კანცელარიის რუხ კარდინალებად მიჩნეული ძმები ჩხენკელები _ სამი ძმა, რომლებიც, როგორც არაკეთილმოსურნენი ამტკიცებენ, ფაქტობრივად, მართავენ ქვეყანას, აკონტროლებენ ყველა ძირითად ბიზნესს, მხოლოდ მოგება აინტერესებთ და ღარიბაშვილს დიდი მოგების მისაღებ  ობიექტად აღიქვამენძმებ ჩხენკელებს «ნაციონალურ» წარსულსაც უხსენებენ და მათგან  ტროას ცხენის ფუნქციის შესრულებასაც არ გამორიცხავენ.

ყოფილი ძალოვანებით, პოლიტიკისგან შორს მდგარი მოჭიდავემუსიკოსი პარლამენტარებით, ძმები ჩხენკელებითა და უუნარო მინისტრებით დაკომპლექტებული გუნდით ღარიბაშვილი ვერ შეძლებს წინააღმდეგობის გაწევას დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი ალასანიამარგველაშვილის ტანდემისთვის. აღსანიშნავია ღარიბაშვილის გუნდის ერთ მნიშვნელოვანი პრობლემაც _ პარტიის არარსებობა! პოლიტიკური პარტია «ქართული ოცნება» ,ფაქტობრივად, არ არსებობს და მხოლოდ საარჩევნო შტაბების დონეზე მოქმედებს საარჩევნო პერიოდში. ამას დაემატა პარტიულ შტაბებში მომუშავე აქტივისტთა მასობრივი უკმაყოფილება, რომელიც მათი სრული იგნორირების გამო შეიქმნა და პარტია, ფაქტობრივად, აქტივის გარეშე დარჩა.

ამ ფონზე ცხადია, რომ ღარიბაშვილის პოლიტიკური გუნდი  მოუმზადებელია პოლიტიკური ბატალიებისთვის. ამ გუნდის ერთადერთი იმედი ღარიბაშვილის დადებითი პიროვნება და ივანიშვილის ფაქტორია, ფაქტორი, რომელზეც დგას არსებული აღმასრულებელი ხელისუფლება, თუმცა ივანიშვილის ფაქტორის ძალა დღითიდღე იკლებს. დიდი ალბათობით, თვითონ ივანიშვილიც არ არის კმაყოფილი იმ ბაკქანალიით, რომელიც მთავრობაში სუფევს და არც იმ ბიზნესგადანაწილებებით, რომელიც «საოცნებო საქართველოში» ხდება. ამიტომ სრულიად რეალურიარომ ერთ მშვენიერ დღეს  ღარიბაშვილის მთავრობას ივანიშვილის ფაქტორიც გამოეცალოს. ამერიკელებიც ამაზე არიან ჩასაფრებულნი და, თუ ღარიბაშვილმა თავის პოლიტიკურ გუნდში რადიკალური ცვლილებები არ განახორციელა, ძლიერი პარტია _ პოლიტიკური გუნდი არ ჩამოაყალიბა, ნათესაურმეგობრულპოლიციური გარემოცვით ვერაფერს გახდება და . . პროამერიკელების (რომლებიც «ნაციონალებისგან» ფარულად მხარდაჭერილები იქნებიან) ხელისუფლებაში მოსვლა მხოლოდ დროის ფაქტორი იქნება!

მოკლედ, როგორც წესი, უძაღლო ქვეყანაში კატებს აყეფებდნენ. თავის დროზე ახალმა ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა გონივრული შეთავაზება _ დაეტვირთა ქვეყნის პრეზიდენტი აფხაზურ და ოსურ მხარესთან, რუსეთის ფედერაციასთან, მათ შორის ჩრდილოეთკავკასიურ რესპუბლიკებთან, ურთიერთობების დარეგულირების სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფუნქციითრადგანაც ამ მიმართულებით  მთლიანად დასავლეთის მაამებლობაზე გადართულ ქართულ პოლიტიკურ ისტებლიშმენტში არავინ მუშაობდა.

შედეგიც ნათელია: დღეს თუ არა, ხვალ, უფუნქციო უსაქმური, პრეზიდენტად დეკორაციული მიზნებისთვის არჩეული მარგველაშვილი ახალი პოლიტიკური კონფიგურაციის ნაწილი გახდება და, თუ მისი დახმარებით კვლავ მოხერხდა ერთპოლუსიანი პოლიტიკური სივრცის შენარჩუნებასაქართველოს მეოთხე პრეზიდენტი იმ ფორმალური სტატუსითაც კი, რომელიც მის თანამდებობას შემორჩა, გაჩენის დღეს აწყევლინებს ბიძინა ივანიშვილის გუნდს

ივანიშვილს ვინ ჩივის, საკითხავი ის არის, გაუხდება თუ არა საქმე თავ-ბედის საწყევლად მათ, ვინც არჩევნებზე 41 შემოხაზეს…

გიორგი გაჩეჩილაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here