Home რუბრიკები საზოგადოება სამცხე-ჯავახეთის კონტრასტები

სამცხე-ჯავახეთის კონტრასტები

810

მარაბდა-ახალქალაქი-კარწახის საერთაშორისო რკინიგზის მშენებლობა-რეკონსტრუქციაზე მომუშავე კოლექტივისთვის ზაფხული მართლაც ცხელია. სწორედ ამ პერიოდში არის შესაძლებელი მშენებლობის მოცულობის მაქსიმალური გაფართოება. მაგრამ რაკი აჩქარება ზოგადად შეცდომების მიზეზი არის ხოლმე, მშენებლობის ხელმძღვანელობა განსაკუთრებით აძლიერებს კონტროლსა და ზედამხედველობას. 1 აგვისტოს ჩატარებული შემოწმება ამ ამოცანას ისახავდა მიზნად.


აგვისტოს პირველში

ახალქალაქს მიახლოებული მგზავრი აუცილებლად შეამჩნევდა აქ დასაქმებული ადამიანების განსაკუთრებულ აქტივობას ორ ფრონტზე: სამცხე-ჯავახეთის უკიდეგანო ველებზე, სადაც ცელით, კომბაინით, ცხენს გამობმული ფოცხებით თიბავენ, ფიწლებით აგროვებენ და აბულულებენ ხანგრძლივი ზამთრის პირობებში საქონლის გამოსაკვებად საჭირო ბალახს.

თივის ზვინები მწყობრად დალაგდა, როგორც ამ შუა ზაფხულში ზამთრის წინააღმდეგ ბრძოლისთვის მომზადებული ბასტიონები.

მინდვრების მწვანე, სიყვითლეშეპარულ, მოყავისფრო კვადრატებში ჩაწინწკლული მოძრავი ადამიანების სილუეტები, როგორც ამ ქვეყნისთვის «ძალისა და ძლიერების მიმცემი» ატომის მუხტები.

მეორე ფრონტის ხაზი კი მარაბდა-ახალქალაქი-კარწახის რკინიგზას მიჰყვება, რომლის მალიმიტირებელი ობიექტი ამჯერად ახალქალაქის მშრალი პორტისთვის სამშენებლო მოედნის მომზადებაა. მშენებელთა პრიორიტეტულმა აქცენტმა აქ იმიტომ გადმოინაცვლა (ყოველ შემთხვევაში, დროებით მაინც), რომ გვირაბის გაყვანის სამუშაო, რომელსაც თურქული ფირმა აწარმოებს, და რომელიც თუნდაც ორიოდე კვირის წინათ მთავარ «დამკვრელულ ობიექტად» ითვლებოდა, რამდენიმე დღეა, შეჩერებულია მაჰმადიანთა წმინდა დღესასწაულის _ ურუზ-ბაირამის გამო.

მშრალი პორტის სამშენებლო პოლიგონი უზარმაზარი ქვაბულია, რომლიდანაც ყოველდღიურად 10 000 კუბურ მეტრ გრუნტს იღებენ, უფრო და უფრო აფართოებენ სიგრძესა და სიგანეში. ტემპი თვალშისაცემია, თურქული კომპანია «ფოლადის» მრავალტონიანი თვითმცლელები ჯანმრთელი სხეულის პულსაციის რიტმში მოძრაობენ ქვაბულის ფსკერზე საგანგებოდ მათთვის გაყვანილ გზებზე _ გამოაქვთ დაუზარებლად მომუშავე ექსკავატორების მიერ მოთხრილი მიწა.

მთავარი ახლა აქ სწორად გათვლილ სამუშაოთა ოპერატიულად შესრულებაა, რათა მაქსიმალურად ეფექტიანად იქნას გამოყენებული ზაფხულის ყოველი დღე, ანუ ის პერიოდი, რომელიც ადგილობრივი ჭირვეული კლიმატის პირობებში საქმიანობისთვის ყველაზე უფრო ხელსაყრელია.

_ თორემ აქ თუ წვიმები დაიწყო, იძულებული ვიქნებით გავაჩეროთ ყველა სამუშაო, _ დაიჩივლებს ინჟინერთაგან ერთ-ერთი. შემდეგაც, სახელდახელო თათბირზე იმავეს გაიმეორებს. რამდენიმეჯერ. ბოლოსდაბოლოს ოლეგ ბიჭიაშვილისგან, რომელსაც ამ რეგიონში საქმიანობის უდიდესი გამოცდილება აქვს ჯერ კიდევ ამიერკავკასიის რკინიგზის პერიოდიდან მოყოლებული, პასუხად მიიღებს:

_ მაინცდამაინც ნუ შეშინდებით ამინდის გამო.

ეს გაფრთხილებაც არის და რჩევაც ერთდროულად.

დაფიქრდებიან ამაზე…

ამ ოპერატიულ თათბირს გზადაგზა მეორეც მოჰყვება: შეკითხვები, პასუხები, ნათქვამის და ნანახის შეჯერება, დასკვნების გამოტანა; მანამდე კი _ საინსპექციო ჩამოვლა მაგისტრალის გასწვრივ, აქცენტით ხიდებზე. პროფესიული თვალით შემოწმება, გაკეთდა თუ არა ის, რაზეც წინა შეხვედრაზე მიაქცია მშენებლების ყურადღება მშენებლობის ხელმძღვანელმა.

დაბოლოს, როგორც კი «ფანჯარა» გამოჩნდება, ინტერვიუს ჩამორთმევას სწორედ ამ თემით დავიწყებ, ხიდების თემით.

_ ბატონო ოლეგ, ამ ჯერზე სარკინიგზო ხიდებით რატომ იყავით განსაკუთრებით დაინტერესებული?

_ განსაკუთრებით არა, მაგრამ დაინტერესებული მართლაც ვიყავი. მოგეხსენებათ, რომ ეს მხარე სეისმური აქტივობით ხასიათდება, ამიტომ სარკინიგზო ხიდების სეისმომედეგობის უზრუნველყოფა ჩვენი მშენებლობისთვის უაღრესად მნიშვნელოვან საქმედ ითვლება. ხიდმა უნდა გაუძლოს ცხრაბალიან მიწისძვრას. ერთ-ერთი დეტალი, რომელიც სიმყარისთვისაა გათვლილი, ხიდზე გადებული განივი კოჭების ერთმანეთთან სპეციფიკური დაკავშირებაა, რაც თავიდან აგვაცილებს მათ დაშორიშორებას. ეს, სამწუხაროდ, პროექტით გათვალისწინებული არ ყოფილა, ამიტომ მოხდა მისი (პროექტის) კორექტირება, გამოიყო თანხა, ჩატარდა შესაბამისი სამუშაო. აი, სწორედ ამ სამუშაოს ხარისხიანობა შევამოწმეთ დღეს. შემიძლია ვთქვა, რომ ყველა ხიდი მზადაა იმისთვის, რომ დავიწყოთ ლიანდაგის დაგება.

_ მშენებლებთან შეხვედრის დროს თქვენ ახსენეთ შვიდი ობიექტი, რომლებსაც ყურადღება უნდა მიაქციონ. რომელ ობიექტებს გულისხმობდით?

_ რკინიგზისპირა სოფლები, რომლებსაც საძოვრები ლიანდაგის გადაღმა აქვთ, რომ არ დაზარალდნენ, ნახირსარეკებით უნდა იყოს უზრუნველყოფილი, აგრეთვე, გზაგამტარებით, რომლებიც ამ სოფლებისთვის აუცილებელია. ამიტომ მოსახლეობის მოთხოვნით, მარაბდიდან კარწახამდე დავგეგმეთ შვიდი ახალი ობიექტის აგება. შვიდიდან სამს ამ წლის ბოლომდე დავამთავრებთ, დანარჩენ ოთხს _ გაისად.

_ ამას დამატებითი სახსრები დასჭირდება.

_ მშენებლებს ფულს შესრულებული სამუშაოს მიხედვით გადავუხდით.

_ ფულზე ჩამოვარდა საუბარი ახალქალაქშიც, გაკვრით, გაუბედავად, მაგრამ მაინც თქვეს, გვჭირდებაო გარკვეული ოდენობის თანხა.

_ ახალქალაქის ობიექტზე წევის ქვესადგურის მშენებლობა-მონტაჟი ერთი მილიონ სამასი ათასი დაჯდება. მშენებლებმა ავანსის სახით უკვე მიიღეს 240 ათასი აშშ დოლარი მოსამზადებელი და პირველი ეტაპის სამუშაოების შესასრულებლად. როგორც კი მორჩებიან საქმეს, მიიღებენ ფულს. ასეც ვუთხარი მშენებლებს: მოგვეცით შესრულება, გადაგიხდით ფულს. დაუბრკოლებლად აუნაზღაურდებათ.

(იგივე დაადასტურა საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსმა გოჩა ჩაგელიშვილმა, რომელიც ბატონ ოლეგს ახლდა).

_ რკინიგზის მაგისტრალზე მიმდინარე სამუშაოების ტემპი (რაც ვნახე), დამაკმაყოფილებელი უნდა იყოს. მაგრამ სახელდახელო თათბირებზე თქვენი შენიშვნებით თუ ვიმსჯელებთ, მაინცდამაინც კმაყოფილი არ ხართ. ასეა თუ მეჩვენება?

_ ხუთი წელიწადია, მიმდინარეობს სამუშაოები. ამ ხნის განმავლობაში მაგისტრალის მშენებლობა-რეკონსტრუქცია ორჯერ უნდა დამთავრებულიყო. ეს ფაქტია.

ჩვენ ვთქვით, რომ 2015 წლის ბოლოს საექსპლუატაციოდ გადავცემთ მთლიანად მაგისტრალს. სიტყვა რომ არ გაგვიცუდდეს, მუშაობის ტემპიც, ჩვენი საქმიანობის მარგი ქმედების კოეფიციენტიც უნდა გავზარდოთ. არ არის ეს მარტივი საქმე, ამიტომ სამუშაოთა უკეთ ორგანიზებაზე ვართ გადასული, რაც საქმეს აშკარად დაეტყო, მაგრამ არა ყველგან. დავასახელებ გვირაბის მშენებლობას, რომელიც ჩამორჩა დაგეგმილ ვადებს. მიზეზი საკმაოდაა: სამუშაოთა სირთულე, სუბიექტური ფაქტორიც, რაც თქვენთვის ცნობილია.

თუ ამ სიძნელეებს გადავლახავთ (ამისთვის კი ყველაფერს ვაკეთებთ), წლის ბოლოს კარწახამდე სრულად მოვამზადებთ ინფრასტრუქტურას საექსპლუატაციოდ და, ალბათ, დაველოდებით გვირაბის დამთავრებას.

_ გალერეების დამთავრებას რამე აბრკოლებს?

_ მოკლედ გაგახსენებთ ისტორიას. მარაბდა-ახალქალაქის მაგისტრალის მშენებლობა 1986 წელს დასრულდა. რკინიგზა 1998-2000 წლებამდე ფუნქციონირებდა. დადიოდა სამგზავრო მატარებელიც. მაგრამ მკაცრი კლიმატური პირობების გამო (დიდთოვლობა, ყინვა, ქარი, ნამქერი), გზა ნოემბრიდან იკეტებოდა, აპრილიდან ვამტვრევდით ყინულს და ვაახლებდით მოძრაობას.

აქედან გამომდინარე, ჩვენს პრაქტიკულ გამოცდილებაზე დაყრდნობით, პრობლემურ უბნებზე დავგეგმეთ გალერეების მშენებლობა. ეს გალერეები გარედან მიწით დაიფარება და გვირაბის სახე მიეცემა. ამით მთლიანად გამოირიცხება მაგისტრალზე ნამქერების უარყოფითი ზემოქმედება. ამას გარდა, ვაშენებთ თოვლდამცავ ზღუდეებს, ამავე დამცავი ფუნქციის მქონე ტყის მასივებს. მთელი ეს კომპლექსი სრულად მოხსნის ზამთრის პერიოდში რკინიგზის ფუნქციონირების შეწყვეტის პრობლემას.

რაიმე დაბრკოლება სამუშაოთა ამ კომპლექსის დასამთავრებლად არ გვაქვს.

_ ხალხში ამბობენ, რომ ამ გზაზე მატარებლები ხშირად ბრუნდებოდაო.

_ ეს ფოლკლორია. მსგავს შემთხვევას ადგილი არ ჰქონია. რამდენიმეჯერ ვაგონები ლიანდაგიდან გადავიდა, რასაც ოპერატიულად ვასწორებდით.

ახალ მაგისტრალზე ასეთი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად, მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად კეთდება ყველაფერი, რასაც კი თანამედროვე ნორმატივები  მოითხოვს.

ეს გზა მონასტრამდე მიგვიყვანს

საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე მაგისტრალის მშენებლობის უდიდეს პასუხისმგებლობასთან ერთად შპს «მარაბდაახალქალაქიკარწახის « ხელმძღვანელობამ კიდევ ერთი, კეთილშობილური მისიის შესრულება იკისრა _ ფოკას დედათა მონასტერთან საქველმოქმედო ურთიერთობას დაუდო სათავე.

სიკეთის ქმნის უშურველობის მართლმადიდებლური პრინციპიდან გამომდინარე, სიტყვას არ გავაგრძელებ, ზნეობის დაუწერელ კანონს არ დავარღვევ, თუმცა ჩვენი ტელეარხების ეკრანებზე საქველმოქმედო სიუჟეტებით გამოკეკლუცება სამინისტროთა და უწყებათა ხელმძღვანელებმა ლამის ტრადიციად დაამკვიდრონ.

ფოკას დედათა მონასტრის შესახებ ილაპარაკა დედა შუშანიკმა (ქურთაულმა) კეთილმოწესემ, რაც საერო ენაზე სამეურნეო ნაწილის გამგეს ნიშნავს თურმე.

_ ტაძარი მე-11 საუკუნისაა. წმინდა ნინოს სახელზეა აგებული. მეფე ბაგრატ მესამისა და იოანე კათალიკოსის დროსაა აშენებული. აქ იყო განსაკუთრებული სტატუსის მქონე საკათალიკოსო მიწები. ტაძარიც განსაკუთრებულია, რადგან კათალიკოსს მიუღია მონაწილეობა მის მშენებლობაში. ფოკა იყო და არის არა მხოლოდ ადგილობრივი, არამედ უფრო ფართო მნიშვნელობის ტაძარი.

სრულიად საქართველოს პატრიარქ ილია მეორეს 1988 წელს ადგილობრივი სომეხი მოსახლისგან აქ შეუძენია სახლი. ამისთვის საჭირო გახდა თბილისიდან მისი ამოწერა და ამ რაიონში ჩამოსახლება. საბჭოთა პერიოდში არსებული ჩაწერის ინსტიტუტის არსებობის პირობებში უძრავი ქონების შესყიდვა სხვანაირად შეუძლებელი იყო.

_ ეს შენაძენი უწმინდესს 22 ათასი მანეთი დაუჯდა, რაც იმ დროს წარმოუდგენლად დიდი თანხა იყო, ხომ გახსოვთ? _ მოწმედ მიხმობს დედა შუშანიკი, რომელსაც ბაბუად თუ არა, მამად უეჭველად ვეკუთვნი, ხანდაზმულობის გამო, ცხადია. ვეთანხმები, რადგან არც მაშინ, არც შემდეგ და, მით უფრო, დღეის პირობებში ასეთი თანხა არც ერთად, არც ნაწილ-ნაწილ, არც მანეთებში, არც ლარებში არ მინახავს, თორემ კუპონები, იცოცხლეთ, მილიონობით მჭერია ხელში…

დედა შუშანიკი განაგრძობს:

_ პატრიარქს ძალიან უნდოდა, რომ აქ, ამ ტაძარში აღმდგარიყო წმინდა ნინოს პატივისცემა: საქართველოში შემოსულმა წმინდა ნინომ ღამე აქ გაათია…

ჩვენ ვიდექით ადგილას, სადაც წმინდა ნინომ პირველად დაადგა ფეხი საქართველოს მიწას:

მწყემსსა ჰკითხა: რომელია ქართლის გზაი?

მწყემსმა უთხრა: საქართველო არის ესე

მიეძინაერთ წალკოტში მიეძინა

და ფშატებმა მზისგან მოუჩრდილესო;

ეს ვინ არი, გამოცხდდა მგზავრის წინა?

«ნუ გეშინინ!» _ ეუბნება იესო

(ანა კალანდაძე)

_ ჩვენ აქ 1992 წელს ჩამოვედით.

_ ვინ ჩვენ?

_ თბილისიდან რამდენიმე გოგო წამოვედით. ახალგაზრდები ვიყავით. ერთ-ერთი მათგანი ახლა დედა ნინოა (ავაზაშვილი), მეორე _ დედა ნანა (ქოროღლიშვილი). მე თბილისის მაშინდელ პუშკინის სახელობის სახელმწიფო ინსტიტუტის ისტორიის ფაკულტეტზე ვსწავლობდი. ეკლესიაში დავდიოდი. მორწმუნე გავხდი. ფოკაში დედათა მონასტერი რომ უნდა დაარსებულიყო, დედა ელისაბედს (მესხიშვილს) _ ჩემს მოძღვარს გამოვყევით. იგი მაშინ უკვე მონაზონი იყო, მცხეთაში, სამთავროს დედათა მონასტერში ნაცხოვრები.

_ მრევლი გყავთ?

_ არა, არ გვყავს. ქართველი მოსახლეობა აქ არ ცხოვრობს. მრევლად თუ ჩავთვლით იმ ადამიანებს, რომლებიც სისტემატურად ამოდიან ტაძარში, მოილოცავენ აქაურ სიწმინდეს, მაშინ _ კი, გვყავს. მოდიან ექსკურსანტები. ახლა ყველამ გაიგო ამ ტაძრის მნიშვნელობა.

_ ადგილობრივ მოსახლეობასთან ურთიერთობა გაქვთ?

_ როგორ არა! მეგობრული, ძალიან კარგი მეზობლური. გვაქვს პატარა, საკვირაო სკოლა, რომელშიც სომეხი ბავშვები სწავლობენ ქართულს, ინგლისურს, მუსიკას. გვაქვს კომპიუტერული კლასი.

_ პედაგოგებს იწვევთ?

_ ჩვენ თვითონ ვასწავლით.

_ ესე იგი პრობლემები არ გაქვთ. აი, კუმურდოში, სადაც დიდი ხნის წინათ ვიყავი, ბევრი პრობლემა იყო დახვავებული, ადგილობრივ სომეხ მოსახლეობასთან დაკავშირებული.

_ კუმურდოში არავინ ცხოვრობდა, მიხვიდოდი და წამოხვიდოდი. ჩვენ აქ ვცხოვრობდით და უფრო მძაფრი პრობლემები გვქონდა, მაგრამ უკან მოვიტოვეთ.

მონასტერს თავისი მეურნეობა აქვს _ ჰყავთ ძროხები, ამუშავებენ მიწას, მოჰყავთ კარტოფილი, პატარა ქარხანაც გააჩნიათ, რომელშიც ევროპული ყველის 16 სახეობას ამზადებენ. ევროპული კი ჰქვია, მაგრამ რეცეპტები ამათია, რომლებიც ყველის დაძველების ადგილობრივ კულტურაზეა დაფუძნებული.

_ ამას მოჰყვა ხელით გაკეთებული შოკოლადი, ჯემები, მურაბები, მათ შორის, ბევრი სამკურნალო თვისებების მქონეა.

გირჩის მურაბა გაგიგიათ? აქ არის.

მაღაზიის თაროებზე მონასტრის მეურნეობაში გამოხდილი ნაირ-ნაირი არყით სავსე ბოთლების ბატარეაა ჩამწკრივებული: მწვანე, მომწვანო, ქარვისფერი… ქონდრის არაყიც, თქვენ წარმოიდგინეთ.

თაფლიც აქვთ, ოქროსფერი, შიგნიდან თითქოს ანათებს, ისეთი.

თაფლის სანთლების ენები ელიცლიცება ხატებს ტაძრის კედლებზე:

_ ეს არის ივერიის ღვთისმშობლის ხატი, რომელიც ათონის მთიდანაა ჩამოტანილი; ესეც ღვთისმშობლის ხატია, სწრაფშემსრულებლად წოდებული; ეს კი სპირიდონ ტრიმიფუნტელია, საქართველოში დიდად პატივდებული ბერძენი წმინდანი; ეს იოანე ნათლისმცემლის ხატია; ეს კი მონასტრის მთავარი სიწმინდეა _ წმინდა ნინოს ხატი, რომელიც პატრიარქმა გვაჩუქა მონასტრის გახსნის დღეს, _ სახელდახელო ექსკურსიამძღოლობას იდებს თავს დედა შუშანიკი…

უხდება ტაძარს შავსამოსიანი, შავთავსაფრიანი მსახურნი ღვთისა. ეს «მორიალე ლანდები» რწმენის უძლეველობის ნიშანია და ახალი თაობის სულიერი გაწმენდის იმედი.

ახალი დროება, ახალი სახელები!

დედა ელისაბედზეც მეტყვის ორიოდ სიტყვას დედა შუშანიკი:

_ დედა ელისაბედი სრულიად ახალგაზრდა გახდა იღუმენია. 28 წლის. ეს იყო მისი დამსახურების აღიარებაც, დიდი ჯილდოც და დიდი მოვალეობის დაკისრებაც. ათი წლის თავზე პატრიარქმა მას მეორე ჯვრის ტარების უფლება მისცა. მეთვრამეტე საუკუნიდან საქართველოში ორჯვრიანი იღუმენია არ გვყოლია.

ეს პატივი დედა ელისაბედს (მესხიშვილს) «ერისა და ეკლესიის წინაშე დიდი დამსახურებისთვის» ერგო.

მაშინ ბრძანა პატრიარქმა, რომ აი, ახლა 10 წელიწადი გავიდა მონასტრის დაარსებიდან, ვზივართ 100 ქართველი, თავისუფლად ვსაუბრობთ და არაფრის არ გვეშინია. ადრე ეს წარმოუდგენელი იყო. ათი წლის შემდეგ, _ დასძინა მან, _ იმდენი ვიქნებით, რომ არავის არაფერი გაუკვირდება. იმ დღიდან 20 წელიწადი გავიდა და მოწმენი ვართ, რომ ახდა პატრიარქის სიტყვები: აქ მომსვლელი და წამსვლელი უკვე აღარავის უკვირს…

სიჩუმე სუფევს მონასტრის ეზოში. სამხრის დროა. ნაშუადღევი. ბედიის მონასტრიდან სტუმრად მოსული მონაზონი აგნია და მორჩილი ანა ემშვიდობებიან აქაურებს, რომლებსაც ფიჭებიდან თაფლის გამოწურვაში დაეხმარნენ, მაისის თაფლის, თაფლის უნახავს რომ გაგხდის, ისეთის. აქაური მინდვრის ყვავილებიდან «აფთიაქარი ფუტკრების» მიერ რუდუნებით შეგროვებული სამოთხის ნექტარი წამალ-წამალია.

გაგვასინჯეს. თაფლივით დადნა.

სატრაპეზოს აივნის მოაჯირზე წითური კატა მზეს მიფიცხებია, ფადიშაჰივით გაქსუებული.

მონაზონი ლუდოვიკო XIV-სავით ეფერება ციცას. ისიც იფერებს და  კრუტუნებს.

_ რა ჰქვია თქვენს კატას?

_ ელო, ელიკო.

საუბრიდან ირკვევა, რომ «ელო-ელიკო», კატისებრთა ეს ნალოლიავები წარმომადგენელი, მამრი ყოფილა…

სწორად შეურჩევიათ სახელი: აბა, წარმოიდგინეთ, ამ კატას, რომლის გარდაცვლილ წინამორბედს ერქვა რემბო, ტაძრის ეზოში, ყველას თვალწინ ეფერება მონაზონი:

_ ჩემო რემბო, ჩემო კარგო რემბო…

გულიანად ვიცინით.

«ელო-ელიკო», ეტყობა, ხვდება, რომ ჩვენი გამხიარულების მიზეზი იგია და სიამოვნებისგან იზმორება.

სტუმრები ვერცხლისფერ ჯიპში სხდებიან და ბედიისკენ იღებენ გეზს…

ჩვენ ჩვენს გზას გავყვებით.

არმაზ სანებლიძე

P.S. ქონდრის არაყს ხდიანმეთქი მონასტრის მეურნეობაში, გითხარით უკვე. მწვანე ფერის და სპეციფიკური გემოს მქონე სასმელია.

დავაჭაშნიკეთ: დავილოცეთ.

გზა დაგვილოცეს და გამოვყევით თბილისისკენ დაღმართებს.

ოლეგ ბიჭიაშვილმა თქვა, რომ მონაზვნებს აუცილებლად შეუსრულებს დანაპირებს _ მიაშველებს ტექნიკას, მიაწვდის კაუჭა ფიჭვის ნერგებს, თუ რამ კიდევ დასჭირდებათ, უარს არ ეტყვის.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here