Home რუბრიკები საზოგადოება ზვიად ირემაძე: ამერიკასთან შეუთანხმებლად ესენი, მგონი, დაცემინებასაც ვერ ბედავენ

ზვიად ირემაძე: ამერიკასთან შეუთანხმებლად ესენი, მგონი, დაცემინებასაც ვერ ბედავენ

ევროკავშირთან საქართველოს დაახლოების პერსპექტივაზე, სამართლიანობის აღდგენის პროცესსა და სხვა მნიშვნელოვან მოვლენებზე «საქართველო და მსოფლიოს» ესაუბრება ანტიგლობალიზაციის ცენტრ «ივერიელების» წარმომადგენელი ზვიად ირემაძე.


_ ბატონო ზვიად, ამას წინათ ამერიკულმა კვლევითმა სააგენტომ (icm research) ევროკავშირში უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს შესაძლო გაწევრებაზე გერმანიაში, დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთში გამოკითხვა ჩაატარა. კვლევის შედეგმა აჩვენა, რომ სამივე ქვეყნის მოსახლეობის 50 პროცენტი უარყოფითად აფასებს ევროკავშირის გაფართოების პერსპექტივას. ეს ყველაფერი არის თუ არა ჩვენთვის ხელის შემშლელი ფაქტორი ევროინტეგრაციის გზაზე და როგორ ფიქრობთ, რატომ გვარწმუნებენ ხელისუფლების წარმომადგენლები, რომ საქართველოსთვის ამ ორგანიზაციის კარი ღიაა, როცა თვითონ ევროპელებში საპირისპირო განწყობაა?

_ ეს გამოკითხვა არის კიდევ ერთი სიგნალი ქართველი ხალხისთვის, რომ ილუზიებს არ აჰყვნენ და არ დაიჯერონ ბლეფი, რომელშიც თავის დროზე სააკაშვილის ხელისუფლება გვარწმუნებდა, ახლა კი «მეოცნებეები» ცდილობენ, დაგვარწმუნონ. საქართველო ევროკავშირში ვერ შევა და ეს ყველამ კარგად იცის. რაც შეეხება შეკითხვის მეორე ნაწილს, რატომ გვარწმუნებენ პოლიტიკოსები, რომ ჩვენთვის ევროპის კარი ღიაა, ისინი პოლიტიკოსები არ არიან იმიტომ, რომ თვითონ არ აზროვნებენ, ისინი ამბობენ იმას, რასაც დასავლეთიდან კარნახობენ. ეს ხომ ყველასთვის ნათელია?! საერთოდ, მათი უმეტესობა, ვინც დასავლეთში მიდის . . გადამზადების კურსებზე, გადაბირებული ბრუნდება საქართველოში. არც ერთი მათგანი არ მუშაობს საქართველოს ინტერესებისთვის. მათ უწყობენ ხელს, უქმნიან პირობებს და სვამენ მაღალ თანამდებობებზე, რათა გაატარონ ის დირექტივები, რომლებსაც აძლევენ.

_ შეგიძლიათ, დაგვისახელოთ კონკრეტული თანამდებობის პირი, რომელიც დასავლეთის ძალებმა მოიყვანეს ხელისუფლებაში და უშუალოდ მათი დირექტივების შემსრულებელია?

_ რა დასახელება უნდა ამას, ყველა მათი დასმული არ არის?! რა, რესპუბლიკელები ამერიკელების მიერ ხელდასხმული პოლიტიკოსები არ არიან?! ან ვინ არიან ალასანია, პეტრიაშვილი, ფანჯიკიძე… ვისი მითითებებით მოქმედებენ?! ხომ ყველამ იცის და ხედავს, რომელი ძალების ინსტრუქციებითაც მოქმედებენ ჩვენი მაღალჩინოსნები?!

_ თუ ყველამ იცის, როგორ ხელისუფლებასთან გვაქვს საქმე, რატომ არის საზოგადოება ასეთი ინერტული?

_ ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. პირველი _ მოსახლეობაში ნიჰილიზმი გამეფდა და ხალხს აღარაფრის სჯერა. მეორეც, მათ არ აქვთ უკეთესი არჩევანი, ანუ, ერთი მხრივ, არის «ქართული ოცნება», რომელმაც მოქალაქეები გააბითურა და, ფაქტობრივად, არც ერთი დაპირება არ შეასრულა, ხოლო, მეორე მხრივ, არის «ნაცმოძრაობა», რომლის სახელის გაგონებაც არ სურთ ადამიანებს. აი, ამ საფრთხობელის შიშითაა გაჩუმებული ხალხი და ხელისუფლებამ იცის, რომ როგორც კი ეს საფრთხობელა _ «ნაცმოძრაობა»_ გაქრება, მასაც შეექმნება პრობლემები.

_ გამოდის, «ნაციონალების» პოლიტიკური გარანტორები «მეოცნებეები» ყოფილან.

_ გარანტორები რომ არიან, იმიტომ მისცა დასავლეთმა ხელისუფლებაში მოსვლის საშუალება, თორემ მართლა გჯერათ, რომ სააკაშვილი ივანიშვილმა გაისტუმრა?! არა ერთხელ მითქვამს და კიდევ გავიმეორებ: ესენი არიან ერთი და იმავე ძალის პოლიტიკური პირმშოები. ახალს არაფერს ვამბობ, ამას წერს არაერთი გავლენიანი ექსპერტი, რომლებიც არ არიან იმავე დასავლეთის ნაყიდი…

_ თუკი «ოცნება» «ნაცების» პოლიტიკური მეორე ნახევარია, მაშინ ხელისუფლების ლეგიტიმაცია ავტომატურად დგება კითხვის ნიშნის ქვეშ. არ მეთანხმებით?

_ გეთანხმებით და ამიტომ ვამბობ, რომ ეს სუბიექტები, მთელი პოლიტიკური სპექტრი, რომელთაც ტელევიზიებში იწვევენ და რომლებიც ხშირად ჩანან, არიან სისხლის სამართლის დამნაშავენი. რაც შეეხება მათ ლეგიტიმაციას, ამაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია. მათ ლეგიტიმაცია რომ არ აქვთ, იმიტომაც ითხოვს ხალხი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს, მაგრამ ამ ვაიპოლიტიკოსებმა ძალიან კარგად იციან, რა შედეგითაც დასრულდება რიგგარეშე არჩევნები და ცოცხალი თავით არ სურთ მისი ჩატარება.

_ დავუბრუნდეთ ევროინტეგრაციის პერსპექტივას. თქვით, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები ხალხს ატყუებენ და უსაფუძვლოდ ჰპირდებიან ევროკავშირში გაწევრებას. გასაგებია, რომ მათი მხრიდან ასეთი განცხადებები შიგა მოხმარებისთვისაა განკუთვნილი, მაგრამ ევროპელ მაღალჩინოსნებს რა მიზანი აქვთ, როცა ამბობენ, ჩვენი კარი ყველასთვის ღიააო?

_ მათ ხელს აძლევთ, რომ საქართველო იყოს მუდმივი ლოდინის რეჟიმში. ჯერ ერთი, ასე უფრო იოლი სამართავი ხარ და მეორეც _ პასუხისმგებლობა ნაკლები აქვთ. გარდა ამისა, ჩვენისთანა ვასალ სახელმწიფოებს ასეთი ორგანიზაციები იყენებენ პოლიტიკურ ბერკეტებად. უკრაინის მაგალითი ავიღოთ _ ამხელა სახელმწიფო გადააყოლეს აბსურდულ დაპირებებსა და ილუზიას, რომ, თუ უკრაინა ევროკავშირს დაუახლოვდება, თურმე ნათელი მომავალი ელის. ვინ დაიჯერებს ამას?! ნახეთ, ბალტიისპირეთში რა ხდება _ ხალხი რეგიონიდან გარბის…

_ ჩვენ არ ვართ ევროკავშირის წევრი, მაგრამ ხალხი მაინც მიდის საზღვარგარეთ.

_ ერთი რამის თქმა შემიძლია დანამდვილებით: ჩვენ ევროინტეგრაცია არ «გვემუქრება», ამიტომ «მედასავლეთეები» და ევროინტეგრაციის მოწინააღმდეგენი მეტისმეტად ნუ ინერვიულებენ. აქ გაცილებით სერიოზული პრობლემებია და ისე არ მოგვივიდეს, რომ ხელისუფლებამ რაღაც-რაღაცები გვიფრიალოს ცხვირწინ, როგორც კორიდის ხარს და თანაც ძირი გამოუთხაროს სახელმწიფოს.

_ რაც შეეხება სამართლიანობის აღდგენის პროცესს, რა აზრის ხართ პროკურატურაში სააკაშვილის გამოძახებაზე? ბევრი თვლის, რომ ამით ხელისუფლება სხვა პროცესების გადაფარვას ცდილობს.

_ მგონია, რომ ეს დაბარებები და დაკითხვები სპექტაკლია იმიტომ, რომ, როგორც გითხარით, «ნაცმოძრაობაც»  და «ქართულ ოცნებად» წოდებული ეს გაერთიანებაც დასავლეთიდან მართული ძალები არიან. ეს არის ხალხის გასაბითურებლად მოგონილი ზღაპარი. ასე რომ არ იყოს, მითხარით, რა მნიშვნელობა აქვს, ადამიანი რომელ პარტიაში ან კოალიციაშია?! თუ დააშავა, მის წინააღმდეგ ადეკვატური  ზომები ხომ უნდა მიიღონ?! აბა, მე და თქვენ დავარღვიოთ კანონი, როგორ ფიქრობთ, რამდენი ხანში დაგვიჭერენ? _ ძალიან მალე. ჰოდა, რამდენია დასაჭერი ამ ქვეყანაში, რამდენს აქვს უმძიმესი დანაშაული  ჩადენილი, მაგრამ ვინმე ნახეთ პასუხისგებაში მიცემული?! უგულავა რომ დაიჭირეს, რა ბრალდებებს უყენებენ, ვერ გავიგე. კაცმა ადამიანებს ბიზნესი დაუნგრია და ოჯახები გააუბედურა, ამაზე მოთხოვე პასუხი; მერე კიდევ _ მარტო უგულავა, მერაბიშვილი და  ახალაია არიან დამნაშავენი?! მთავარ ოპოზიციურ ძალად რომ წარმოაჩინეს ეს კრიმინალები და პარლამენტის ტრიბუნიდან ჭკუას რომ გვარიგებენ ახლა, ყველანი დამნაშავეები არ არიან?!

_ მაგრამ  მთლიანად პარტიას ხომ არ დაიჭერენ?

_ პარტია არ იყო ფაშისტური გერმანიის ხელმძღვანელობა, ვინც გადარჩა, ყველა რომ გაასამართლეს?! სწორად გამიგეთ, რის თქმა მინდა, აქ საუბარია იმაზე, რომ კანონი იყოს უზენაესი და ყველასთვის ერთი. ასე რომ არ არის ჩვენს ქვეყანაში, იმიტომაც ვართ ასეთ მდგომარეობაში. საქართველო, როგორც სახელმწიფო, უკვე აღარ არსებობს.

_ ამას წინათ ღარიბაშვილმა განაცხადა: არც ერთი გახმაურებული საქმე გამოუძიებელი არ დარჩებაო.

_ გითხარით და კიდევ გავიმეორებ, რომ არც ღარიბაშვილი, არც მისი წინამორბედი ივანიშვილი და არც რომელიმე სხვა მაღალჩინოსანი დღეს ასეთ საკითხებს არ წყვეტს, ეს სულ სხვაგან და სხვა დონეზე წყდება.

ამერიკასთან შეუთანხმებლად ესენი, მგონი, დაცემინებასაც ვერ ბედავენ.

_ გამოსავალს ხედავთ? რა უნდა გააკეთოს ხალხმა იმისთვის, რომ ვითარება შეიცვალოს?

_ ცოტა არ იყოს, რთული შეკითხვაა, მაგრამ ერთი რამ ცხადია: ვიდრე საზოგადოება არ შეიგნებს, რომ ერთიანობის, კონსოლიდაციის გარეშე ქვეყანას მომავალი არ აქვს, სასწაულს ნურავინ ელოდება. ხელისუფლებაში ვინც უნდა მოვიდეს, ყოველთვის შეეცდება, საკუთარი შეხედულებებისამებრ მართოს სახელმწიფო, ამიტომ თითოეულმა მოქალაქემ უნდა იცოდეს, რომ მისი დანიშნულებაა ხელისუფლების კონტროლი. ერთი და ორი კაცი ამას, ცხადია, ვერ გაწვდება და ვერც _ ათი ათასი, მაგრამ, თუ ყველა ერთად დადგება, ვერც ერთი ძალა, «ნაცი» იქნება თუ «ოცნება», ზედმეტს ვერ გაბედავს. თუ არადა, ყველა ვხედავთ, რაც გვჭირს _ ხელისუფლება თავისთვისაა, ხალხი _ თავისთვის, ქვეყანა კი თავზე გვემხობა.

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

 

1 COMMENT

  1. რას გვეპატრონება ეს გახრწნილი ამერიკა? რა მოუცია ჩვენთვის? ერთი საწარმო არ აუშენებია. ყველაფერი, რასაც ვხედავთ ჩვენს გარშემო, რუსეთის აშენებულია. ამერიკა მილიარდებს უდებს ჯიბეში ამ ხალხის მოღალატე პრეზიდენტებს, ხალხმა რა სიკეთე მიიღო? ირანში ტყუილად არ ეძახიან ამერიკას სატანას. ჩვენი გადარჩენა მხოლოდ ევრაზიის კავშირშია შესაძლებელი, თუ გვინდა შევინარჩუნოთ ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ეროვნულობა. ბოროტი ამერიკა მხოლოდ რუსეთს შეუძლია შეაჩეროს. თუ სიკეთე გვინდა ჩვენი თავისთვის, მუდმივად უნდა ვყვიროდეთ: არა ამერიკას!!!

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: დიმიტრი Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here