Home რუბრიკები პოლიტიკა ტრისტან წითელაშვილი: არ გამოვრიცხავ, რომ საქართველოში ანტისაჰაერო სისტემების განთავსებაზე მუშაობა უკვე დაწყებულია

ტრისტან წითელაშვილი: არ გამოვრიცხავ, რომ საქართველოში ანტისაჰაერო სისტემების განთავსებაზე მუშაობა უკვე დაწყებულია

576

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ატლანტიკური საბჭოს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში «ერთიანი და თავისუფალი ევროპა» მიიღო მონაწილეობა. ირაკლი ალასანიამ საერთაშორისო ფორუმის ერთ-ერთ პანელში «ერთიანი და თავისუფალი ევროპის ხედვის დაცვა» სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ დასავლეთმა ასპირანტ ქვეყნებს ნატოს წევრობა უნდა შესთავაზოს და საქართველოში საჰაერო თავდაცვითი საშუალებები განათავსოს. საქართველოს თავდაცვის მინისტრის ამ მიმართვას არაერთგვაროვანი გამოხმაურებები მოჰყვა. ზოგიერთი პოლიტოლოგი და პოლიტიკოსი თვლიდა, რომ ირაკლი ალასანია არაკომპეტენტურია და რომ მან ეს შეთავაზება მთავრობასთან შეუთანხმებლად გააკეთა. ზოგმა კი მის ასეთ განცხადებას ასეთი ახსნა მოუძებნა: «ის ევროპასთან კეკლუცობს», ვალერი კვარაცხელიამ ისიც კი განაცხადა, რომ ამ სიტყვებისთვის ალასანია უნდა გასამართლდეს. «საქართველო და მსოფლიოსთან» ინტერვიუში ექსპერტმა კავკასიის საკითხებში _ მამუკა არეშიძემ ასეთი რამ თქვა: სახელმწიფო საიდუმლოებაზე საუბარს ვერ დავიწყებ, მაგრამ ის, რაც საჰაერო სისტემების დაყენებას ეხება, რუსეთის სპეცსამსახურებმა მშვენივრად იციან, რომელი ქვეყანა და კერძოდ სად ახორციელებს საქართველოში ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების განლაგებას, ალასანიამ უბრალოდ  გაახმოვანა ის, რაც კეთდება. გაზეთი «საქართველო და მსოფლიო» სამხედრო ექსპერტს, ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების სპეციალისტ ვახტანგ მაისაიას დაუკავშირდა.

_ ბატონო ვახტანგ, როდესაც ირაკლი ალასანიამ ნატოს საჰაერო თავდაცვის სისტემების საქართველოში განთავსება შესთავაზა, მაშინ რა რეაქცია გქონდათ?

_ ალასანია ნატოს სამიტზე გამოდიოდა, თან ვიცით, რომ ნატო ითანამშრომლებს მესამე ქვეყნებთან ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებში, ვფიქრობ, რომ ალასანიამ თავადაც არ იცოდა ეს ფაქტი, მაგრამ მისი განცხადება აღნიშნულ სამიტზე შეესაბამებოდა ერთერთ პარაგრაფს, რომელიც დეკლარაციაშია დაფიქსირებული.

ზოგმა მაშინვე თქვა, რომ ალასანია ანტისარაკეტო სისტემების დაყენებაზე საუბრობდა, ასეთ შემთხვევაში, ეს ჩემთვის გაუგებარი იქნებოდა და ჩავთვლიდი, რომ კომპეტენცია აკლია. ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებს რაც შეეხება, ეს სამიტის დეკლარაციაში აღნიშნულია. ამაზე ნატო საუბრობს და ალასანიას განცხადებაც ადეკვატურია. როგორც ვიცი, საუბარი იყო იმაზე, რომ ნატომ კონსულტაცია გაგვიწიოს და არა თავად განათავსოს ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები საქართველოში. ნატოს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემები არ გააჩნია, მათ ამაზე მუშაობა დაწყებული აქვთ და წინასწარი კვლევები 2015 წელს დასრულდება; სწორედ ამის შემდეგ დაიწყება ერთიანი ინტეგრირებული სისტემის მშენებლობა.

_ ფლობთ თუ არა ინფორმაციას, რომ შესაძლებელია, საქართველოში ამ სისტემების განთავსება უკვე დაწყებული იყოს და ამას ჩვენს ქვეყანაში საფრანგეთი ახორციელებდეს?

_ არა, ეს გამორიცხულია. ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებთან დაკავშირებით მე ერთდაერთი კომპეტენტური ადამიანი ვარ საქართველოში, ამიტომ მერწმუნეთ, ამ ეტაპზე ეს გამორიცხულია, რადგან ამერიკას ეს საკითხი დღის წესრიგში არ უდგას. მას ახლა რაიმე სახის დაპირისპირება ხელს არ აძლევს.

2007 წელს საფრანგეთმა საქართველოში უკვე დააყენა ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა, რომელიც საჰაერო სივრცის მონიტორინგს ახორციელებდა, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს საჰაერო სისტემას თუ ამოუცნობი ობიექტი დაარღვევს, ასეთ შემთხვევაში, ნატოს რადარებზე ეს ობიექტი დაფიქსირდება და პარალელურად შეატყობინებენ ქართულ მხარეს, ქართული მხარე კი თავად მიიღებს გადაწყვეტილებას, ჩამოაგდოს თუ არა მფრინავი ობიექტი. ეს სისტემა არსებობდა 2008 წლამდე, მაგრამ რუსებმა აგვისტოში ამ ობიექტზე საჰაერო თავდასხმა მოახდინეს და მწყობრიდან გამოიყვანეს. სავსებით შესაძლებელია, რომ დღეს ამ სისტემის აღდგენაზე იყოს საუბარი.

_ არსებობს ვერსია, რომ ნატო საქართველოში უკვე ახორცილებს ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების განთავსებას… 

_ თუ ნატომ მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო, განათავსებს კიდეც.  ასეთი რამ ყველას სჭირდება და არა მგონია, რომ ამან ვინმე გააღიზიანოს, რადგან საფრთხე არა ერთი მხრიდან, თუნდაც იმავე ტერორისტებისგან, გვემუქრება.

საქართველო ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებს, როგორც ვიცით, თვითონ არ აწარმოებს და, თუ ვინმე დახმარების ხელს გამოგვიწვდის, მადლობა უნდა ვუთხრათ, მაგრამ, თუ საუბარია ანტისარაკეტო სისტემებზე და არა ჰაერსაწინააღმდეგოზე, მაშინ მეზობელი რუსეთი ძალიან გაბრაზდება.

 

გენერალი ტრისტან წითელაშვილი:

_ ალასანიამ მაშინ დაუფიქრებელი და პროვოკაციული განცხადება გააკეთა. თუ მის განცხადებას რაიმე სახით მსვლელობა მიეცემა, აშკარად რუსეთის გაღიზიანებას გამოიწვევს. თუ რამე ამგვარი სისტემა განთავსდება საქართველოში, ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა ვარიანტში ნატოს წევრები უნდა შემოვიდნენ. გასაგებია, რომ საქართველოს საჰაერო სივრცე დაცული უნდა იყოს, მაგრამ ეს ისე უნდა გაკეთდეს, რომ რუსეთს კონტრზომების მიღება არ ვაიძულოთ.

_ არსებობს ვერსია, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემებს უკვე აყენებენ

_ არ გამოვრიცხავ, რომ საქართველოში ანტისაჰაერო სისტემების განთავსებაზე მუშაობა უკვე დაწყებული იყოს, მაგრამ ჩვენ უნდა შევეცადოთ, პროცესები ისე წავიყვანოთ, რომ რუსეთის გაღიზიანება არ გამოვიწვიოთ.

_ იქნებ რუსეთმაც იცის ეს ამბავი?

_ ჩვენს რეგიონში ასეთი მნიშვნელოვანი სამხედრო სისტემის განთავსებას რუსეთისგან მალულად ვერავინ მოახერხებს. ამდენად, მნიშვნელოვანია არა ის, რომ რუსეთმა ამის შესახებ, დიდი ალბათობით, ყველაფერი იცის, არამედ ის, თუ რა კონტრზომებს მიიღებს მოსკოვი საქართველოში ამერიკული თავდაცვითი სისტემების დაყენებით გამოწვეული საფრთხის გასანეიტრალებლად; მით უფრო იმ ვითარებაში, როდესაც ნატოსა და რუსეთის ურთიერთობა იმავე უკრაინაში დღითიდღე იძაბება.

მოამზადა ეკა ნასყიდაშვილმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here