Home რუბრიკები პოლიტიკა დასავლეთის ფრონტზე ყველაფერი აირია

დასავლეთის ფრონტზე ყველაფერი აირია

652

დასავლეთის ფრონტის ხაზი აშშ-ის საგარეო პოლიტიკაზე გადის. პრეზიდენტ ობამას ბოლო დროის გამოსვლები ამ პოლიტიკის პრიორიტეტების შესახებ უფრო მეტ შეკითხვას ბადებს, ვიდრე იძლევა პასუხს. კვლავ ახლო აღმოსავლეთი დგას დღის წესრიგში, კერძოდ, ერაყი, სადაც გააქტიურდა სუნიტების ტერორისტული დაჯგუფება «ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფო». რამდენიმე ქალაქი მის დაქვემდებარებაში გადავიდა, მათ შორის, მასული, თიკრიტი _ მნიშვნელოვანი ცენტრები. დესტაბილიზაცია აქაც, სირიის მსგავსად, შეიძლება სამოქალაქო ომში გადაიზარდოს.


გავიხსენოთ:

ამერიკის შეერთებული შტატები ერაყში შეიჭრა სადამ ჰუსეინის რეჟიმის დასამხობად და მასობრივი მოსპობის იარაღის წარმოების აღსაკვეთად.

ასეთი იარაღი კი არა, მისი წარმოების ნიშნებიც ვერ იპოვეს, რადგან არ იყო. აშშ-ის ყოფილმა პირველმა ლედიმ და აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა გასული კვირის პარასკევს განაცხადა, რომ შეცდა, როცა კონგრესში ხმა მისცა ერაყში აშშ-ის შეჭრის პროექტს.

გონს მოეგო? სინდისმა შეაწუხა?

ფაქტებმა აიძულა.

ერაყის კამპანია ამერიკის შეერთებულ შტატებს 2,5 ტრილიონი დოლარი დაუჯდა. 150 ათასი ერაყელი _ სუნიტი და შიიტი შეეწირა კოალიციის «სამართლიან ომს». დიქტატორი დაამხეს, ჩამოახრჩეს, დემოკრატია დაამყარეს და დღეს პროამერიკული უძალო და უუნარო ხელისუფლების წინააღმდეგ ექსტრემისტების შეიარაღებული შეტევის შედეგად ისე აირია ამ ქვეყანაში ვითარება, რომ გამორიცხული არ არის, გაქრეს ერთიანი ერაყი და სანაცვლოდ სამ ნაწილად დაყოფილი ტერიტორია მივიღოთ _ სუნიტური, შიიტური და ქურთების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიები, რომლებშიც სახელმწიფოებრიობის ნიშანწყალი არა, მაგრამ მუდმივი შიდა ომები, დესტაბილიზაცია და დეგრადაცია გარანტირებული იქნება.

ეძებეთ შემდეგ გეოგრაფიულ რუკებზე კაცობრიობის ცივილიზაციის აკვანის სახელი, ვერ იპოვით, რადგან იმ რეალობაში, რომელიც ჰეგემონიზმის პოლიტიკის წყალობით აშშ-მა ერაყს ჰუმანიზმის იდეალების ერთგულების სახელით გადააფარა,

«ჟამი უდგება ხეების წვენს ყინვით შეპყრობის

და სილამაზე თეთრ სუდარით დაიბურება».

(უილიამ შექსპირი)

ექსპერტების აზრით, ბარაკ ობამას განცხადება, რომელიც მან ერაყში შექმნილი გართულების გამო გააკეთა, ერთგვარი უკან დახევაა, პოზიციის ერთგვარი დათმობაა, რადგან ერაყის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის გამეორება უკიდურესად უარყოფითად იმოქმედებს შეერთებული შტატების მსოფლიო იმიჯზე.

ობამა უარს ამბობს სახმელეთო ოპერაციაზე და მის მიერ ხელდასმულ ერაყის მთავრობას უპილოტო თვითმფრინავებით დახმარებას ჰპირდება.

რასმუსენი აცხადებს, რომ ნატო თავისი ძალებით არ მიიღებს მონაწილეობას შესაძლო შეიარაღებულ შეჭრაში, რადგან არ აქვს უშიშროების საბჭოს შესაბამისი ნებართვა.

ეს რაღაც ახალია! თითქოს უწინ იმავე უშიშროების საბჭოს ნებართვის საფუძველზე ხორციელდებოდა საომარი მოქმედებები, გნებავთ, ყოფილ იუგოსლავიაში, გნებავთ, იმავე ახლო აღმოსავლეთში.

ვითარება აშკარად შეცვლილია.

რა არის ამის მიზეზი? სანამ ანალიტიკოსები ეძებენ დამაჯერებელ პასუხს ამ კითხვაზე, უახლეს ისტორიას გადავხედოთ, უწინარეს ყოვლისა, რუსეთისა და აშშ-ის ურთიერთობის ზოგიერთი მომენტის დინამიკას.

მანამდე კი თავს უფლება მივცეთ, დავეჭვდეთ: ერაყში, სადაც თალიბებმა ამომრჩევლებს საჩვენებელი თითები წააჭრეს, დასაჯეს არჩევნებში ხმის მიცემის გამო, ნუთუ ეს ნიშნავს ჩვენი ჯარისკაცების მიერ სამშობლოს დაცვას საქართველოდან შორს, იმ ქვეყანაში, რომელიც აშშ-მა ისე არია, რომ ალაჰიც ვერ დაალაგებს?!

ანტიამერიკული დემარში

2009 წლის 9 სექტემბერს გამოჩნდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების გლობალურ დომინირებას სერიოზული ბზარი გაუჩნდა, გნებავთ, ბზარის ნიშნები.

ამ დღეს გაეროში კენჭი უყარეს დოკუმენტს «გაჭიანურებული კონფლიქტები გუამის (საქართველო, უკრაინა, აზერბაიჯანი, მოლდოვა) სივრცეში და მათი შედეგები საერთაშორისო მშვიდობის, უშიშროებისა და განვითარებისათვის». ჩვენთვის უაღრესად მტკივნეული საკითხს, რომელიც საქართველოს ინიციატივით გაეროს გენერალურ ასამბლეაში განსახილველად იყო შეტანილი.

საქართველოს ინიციატივა, ცხადია, ფორმალური მხარეა, რადგან მაშინ მთელს ჩვენს საგარეო (საშინაოსაც) პოლიტიკას აშშ სახელმწიფო დეპარტამენტი წარმართავდა. დოკუმენტი ჩვენს პრობლემას, რა თქმა უნდა, ვერ წყვეტდა: მხოლოდ აფიქსირებდა რუსეთის ექსპანსიონისტურ პოლიტიკას, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აფხაზეთისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიების ოკუპაციად იყო შეფასებული.

მეორე პლანი ეს იყო.

რუსეთმა და კიდევ 18-მა სახელმწიფომ ამ რეზოლუციის წინააღმდეგ მისცეს ხმა.

რეზოლუციას მხარი დაუჭირა 48 ქვეყანამ.

ანალიტიკოსების ერთი ნაწილი, მათ შორის, ნიკოლაი სტარიკოვი («დოლარს ომი გადაარჩენს») ამ დიპლომატიურ აქტს შემდეგნაირად აფასებენ, უფრო ზუსტად, ყურადღებას სხვა კუთხით ამახვილებენ. ისინი მიიჩნევენ, რომ «საქართველოს დიპლომატებს და მათ ამერიკელ პარტნიორებს ლტოლვილებზე ზრუნვა არ ამოძრავებდათ. სინამდვილეში გაეროში მოეწყო მსოფლიოს სახელმწიფოთა ბლიცგამოკითხვა აშშ-ის მიერ განხორციელებულ პოლიტიკაზე… კენჭისყრა გაეროში ლტოლვილების გამო არ გამართულა».

მათი აზრით, გაეროში გაერთიანებულ სახელმწიფოთა წარმომადგენლებს უნდა ეპასუხათ შეკითხვაზე: «მხარს უჭერთ თუ არა აშშ-ის პოლიტიკას?»

ამ პოლიტიკის მომხრე 48 სახელმწიფო აღმოჩნდა, წინააღმდეგი _ 19.

დიდი უპირატესობაა.

მაგრამ ამასთან ერთად, 78-მა თავი შეიკავა, 48 სახელმწიფომ (ყველაზე ფრთხილმა) კენჭისყრაში საერთოდ არ მიიღო მონაწილეობა. მაშასადამე, ასკვნიან ექსპერტები, ამერიკის შეერთებული შტატების გლობალური დომინირების წინააღმდეგ (დაუფარავად) გამოვიდა 19 სახელმწიფო, 126-მა მხარი არ დაუჭირა (თავი შეიკავა, ან არ მიიღო კენჭისყრაში მონაწილეობა).

ანალიტიკოსები ადასტურებენ, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ასეთი ანტიამერიკული შედეგი გაეროში არ დაფიქსირებულა.

ვიყოთ რეალისტები და ვთქვათ, რომ ეს არის აშშ-ის ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული პოლიტიკის კრიზისის მხოლოდ ირიბი ნიშნები.

2009 წლის შემდეგ განვლილ ხუთ წელიწადში ეს ნეგატივიზმი კიდევ უფრო გაღრმავდა და, შეიძლება ითქვას, ტენდენციად ჩამოყალიბდა.

ლტოლვილების პრობლემას, ანუ საქართველოს გამთლიანებას არაფერი ეშველა. სააკაშვილის ხელისუფლების პროპაგანდისტულმა მანქანამ კი ქართული დიპლომატიის დიდ გამარჯვებად წარმოგვიდგინა აფხაზეთისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებად დაფიქსირება გაეროს დოკუმენტში. თითქოს სააკაშვილის მოსვლამდე ამ საერთაშორისო გაერთიანების მიერ საქართველოს თაობაზე მიღებულ დოკუმენტებში სხვა რამეზე იყო ლაპარაკი.

კიდევ ერთხელ დამტკიცდა (და დღეისთვის ჩამოყალიბებული ვითარება უტყუარად ადასტურებს), რომ საქართველოს გამთლიანების პრობლემის გასაღები რუსეთში დევს.

ჩვენი უპირველესი დიპლომატები კი უწინდებურად დარწმუნებულები არიან, რომ საკითხი ევროკავშირის ასოცირებულ წევრად ჩვენი მიღების გზით გადაწყდება: ამ შეთანხმებაზე ჩვენი ხელმოწერითა და მსოფლიო თანამეგობრობის გააქტიურების გზით.

რამდენი წელიწადია, რაც ამ იმედით ვცოცხლობთ?!

ამაოდ.

რომელი მხრიდან აქვს წასმული კარაქი პურის ნაჭერს

ეს ფრანგული ანდაზაა, რომელიც ნიშნავს, რომ ის, რაც მავანისთვის ცნობილია, საზოგადოებრიობისთვის ცხრაკლიტულით გადარაზული სინამდვილეა.

ეს ფრთიანი ფრაზა ახდის ფარდას, ცოტათი მაინც, ჩვენს ბოლომდე დაულაგებელ ურთიერთობას ზესახელმწიფოებთან, რომლებიც ერთმანეთთან კონტაქტის პრინციპებზე მოლაპარაკებისას საქართველოს პრობლემებს მაინც და მაინც არ ითვალისწინებენ.

საკითხთა საკითხი ფინანსური ურთიერთობებია, ვალუტების ურთიერთდამოკიდებულება, აშშ-ისთვის ამოსავალი პრინციპი დოლარის ურყევობაა.

ნიკოლაი სტარიკოვი საინტერესო მოსაზრებას გვთავაზობს, რომელიც, მართალია, ხუთი წლისწინანდელ მოვლენებზეა აგებული, მაგრამ აქტუალობა, მგონი, არ დაუკარგავს.

დრო _ 2009 წლის ივლისი. ფორმატი _ აშშ პრეზიდენტის მოლაპარაკებები რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობასთან მოსკოვში.

აშშ-ის პრეზიდენტის ვიზიტის დამთავრებისთანავე რუსეთის მაღალი რანგის ჩინოვნიკების ერთი რიგის მიერ გაკეთებული განცხადებები, წერს ნიკოლაი სტარიკოვი, უნდა გავიგოთ, როგორც დოლარზე შეტევაზე უარის თქმა.

«დოლარი ვაშინგტონისთვის მთავარი ღირებულებაა… პროექტი «რუბლი _ რეგიონული ვალუტა» გადაიდო. გაიყინა. დროებით».

რუბლმა მოიცადოსო.

სწორედ ეს მიიჩნია სტარიკოვმა მოსკოვური შეხვედრების უმთავრეს შედეგად.

რა მიიღო სანაცვლოდ რუსეთმა?

რუსეთმა სანაცვლოდ მიიღო ის, რაც «ნიუ იორკ პოსტმა» დაწერა: «…თავისუფლად მოქმედების შესაძლებლობა საქართველოში, უკრაინასა და სხვა ადგილებში».

«დოლარზე შეტევის შეწყვეტის სანაცვლოდ აშშ-მა რუსეთს პოსტსაბჭოთა სივრცეში მოქმედების კარტბლანში მისცა».

ე.ი. მოლაპარაკების მაგიდასთან მსხდომმა მხარეებმა იციან, მათ პურის ნაჭრებს რომელ მხარეს აქვს წასმული კარაქი ან ადევს სახელგანთქმული უკრაინული «სალო» _ ღორის ქონის ნაჭერი.

საქართველოც და უკრაინაც ხურდა ფულად წარმოგვიდგა («რაზმენნაია მონეტა») ზემოთ მიღწეული შეთანხმებიდან გამომდინარე.

ასე იყო მაშინ, 2009 წელს.

მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა, შეიცვალა მიდგომებიც. თუ 2009 წელს უკრაინას არწმუნებდნენ, რომ ნატოში მისი გაერთიანება სასარგებლო არ იქნებოდა არც ამერიკისთვის, არც უკრაინისთვის, დღეს მოწმენი ვართ, რომ სწორედ აშშ-ის აქტიური ჩარევით ამ ქვეყნის სათავეში მოვიდა პროდასავლური ხელისუფლება, რომ იქმნება ნატოში მისი გაწევრების წინაპირობები და რომ რუსეთ-ამერიკის «გადატვირთვის» პოლიტიკა რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციების განხორციელებით შეიცვალა.

«გადატვირთვა» ჩუმად მიიცვალა.

უკრაინაში, ისევე, როგორც ერაყში, ავღანეთში, ეგვიპტეში და ა. შ., აშშ-ის მიერ დამყარებული წესრიგის შედეგად ყველაფერი აირია.

საქართველოში ჯერჯერობით ვითარება მშვიდია, თუმცა «ნაცები» სტაბილურობის ასარევად ცდას არ აკლებენ.

რომელი მხრიდან აქვს წასმული კარაქი ჩვენს წილ პურის ნაჭერს და არსებობს კი ეს პურის ნაჭერი, დღემდე ვერ გაგვირკვევია.

მოამზადა

არმაზ სანებლიძემ

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here