Home რუბრიკები ისტორია რატომ არ დატოვა სტალინმა მოსკოვი

რატომ არ დატოვა სტალინმა მოსკოვი

1200

საყოველთაოდ ცნობილია, რა ძალა ჰქონდა სტალინის სიტყვას, რომელსაც ელოდებოდნენ, ისმენდნენ, რომელიც რწმენად უყალიბდებოდა ათეულ მილიონობით ადამიანს. ეს ისტორიული ფაქტია, რომელსაც მისი თანამედროვენი ადასტურებენ. მწერალი და პოეტი სერგეი მიხალკოვი წერს: «გვინდა თუ არა დღეს, ვაღიაროთ, მაგრამ სწორედ მისმა გამოსვლამ, ორმოცდაერთში, რომელიც იწყებოდა სიტყვებით «ძმებო და დებო!» გამოიწვია სრულიად განსხვავებული ასაკის ადამიანების არნახული ენთუზიაზმი. ისინი მოხალისეებად წავიდნენ გამწვევ პუნქტებზე. 


სიტყვის რწმენა უზარმაზარი რწმენაა მაშინ, როცა მას ავტორიტეტული ადამიანი წარმოთქვამს, ხოლო იმის უარყოფა, რომ სტალინი მილიონებისთვის ავტორიტეტული პიროვნება იყო, შეიძლება ან ჭკუანაკლებობით, ან ბოროტი ჩანაფიქრით აიხსნას». სტალინის სჯეროდა არა მხოლოდ «მშრომელთა მასებს», არამედ ცნობილ მხედართმთავრებსაც. ფელიქს ჩუევი იხსენებს: «ყოფილი მხედართმთავრები მიყვებოდნენ, რომ, როცა 1941 წელს ფრონტებიდან მოსკოვში ჩამოდიოდნენ, რეკავდნენ კრემლში, ძირითადად, იმიტომ, რათა გაეგოთ, გაემგზავრა სტალინი თუ არა. როგორც კი გაიგებდნენ, რომ მოსკოვში იყო, უმალვე უჩნდებოდათ გამარჯვების რწმენა». უკიდურესად კრიტიკულ სიტუაციაში, როცა ფაშისტები მოსკოვის შემოგარენს მიადგნენ, სტალინი დედაქალაქში დარჩა და იქედან ხელმძღვანელობდა ფრონტებზე მიმდინარე ოპერაციებს. პირადი მაგალითის ძალა მოსკოვისთვის ბრძოლაში კიდევ ერთხელ დადასტურდა. ჩვენი დღევანდელი პუბლიკაცია ამაზეა.

პირადი მაგალითის ძალა

მოსკოვისთვის ბრძოლას (1941 წლის დეკემბერი-1942 წლის აპრილი) უდიდესი პოლიტიკური და სამხედრო სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა.

ცნობილია, რომ აქ და შემდეგ სტალინგრადში გადაწყდა ომის ბედი, დასამარდა ჰიტლერის გეგმა ბლიცკრიგის.

ფაშისტი დამპყრობლების მოსკოვზე შეტევის მეორე ეტაპზე გერმანელებმა უბრძოლველად დაიპყრეს ორიოლი და ბრიანსკი, ალყაში მოაქციეს საბჭოთა ჯარების ორი დაჯგუფება (ორი არმია ბრიანსკთან და ოთხი _ ვიაზმასთან). ჰიტლერი დარწმუნებული იყო, რომ ეს საბჭოთა კავშირის დასასრულის უტყუარი ნიშანი იყო. გამარჯვებას წინ არაფერი ედგა. გერმანიის პრესა და რადიო იუწყებოდა, რომ მოწინააღმდეგე განადგურდა.

მესამე რაიხი მოსკოვში საზეიმო აღლუმის გასამართავად ემზადებოდა.

12 ოქტომბერს გერმანელებმა ხელთ იგდეს კაშირი, 14-ში _ კალინინი, მიუახლოვდნენ ტულას. კიდევ ერთი ნახტომი და მოსკოვის დაცემა გარდაუვალი ჩანდა.

ბერიამ და ალექსანდრე შჩერბაკოვმა, პარტიის მოსკოვის საქალაქო და მოსკოვის საოლქო კომიტეტების მდივანმა, შინსახკომში შეკრიბეს მოსკოვის რაიონული კომიტეტების პირველი მდივნები. ბერიამ მათ რეალური სურათი დაუხატა:

_ გერმანელების ტანკები უკვე ოდინცოვოშია. ფრონტთან კავშირი გაწყვეტილია. თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტის გადაწყვეტილებით, უნდა დაინაღმოს ყველა დიდი ქარხანა და მნიშვნელოვანი ობიექტი. თითოეული რაიონიდან 500-500 კაცი დატოვეთ მოსკოვის დასაცავად. ბავშვები და მოხუცები ღამით გაიყვანეთ მოსკოვიდან. მათი სრულად ევაკუირება აუცილებელია. პროდუქტები, რაც კი გაქვთ, დაურიგეთ მოსახლეობას. მტერს არც ერთი გრამი არ უნდა დარჩეს.

კავშირგაბმულობის სახალხო კომისარიატში აირია ყველაფერი. სრული ქაოსია _ ყველა კაბინეტის კარი ღიაა, დაბნეული თანამშრომლები დოკუმენტების შეკვრებს ეზიდებიან, არ იციან, გაანადგურონ თუ ევაკუაციაში თან წაიღონ, პანიკა აშკარაა.

სახალხო კომისარი ლაზარ კაგანოვიჩი არნახულად აღგზნებულია, ბრძანებებს არიგებს მარჯვნივ და მარცხნივ, მაგრამ ვინაა შემსრულებელი ან შემმოწმებელი ვინაა? და სწორედ იმ კაცისგან, რომლის სახელიც მინიჭებული ჰქონდა მოსკოვის მეტროპოლიტენს, თანამშრომლები იღებენ დავალებას:

_ მეტროპოლიტენი დახურეთ. სამ საათში მოამზადეთ წინადადებები მისი განადგურების შესახებ, ობიექტები ნებისმიერი საშუალებით უნდა გაანადგუროთ!

გაიცა ბრძანება ადამიანების ანდიჟანში ევაკუირების თაობაზე.

_ რისი ევაკუირებაც შეუძლებელია, განადგურდეს! ყველაფერი მწყობრიდან გამოიყვანეთ!

საკალხო კავშირი აცხადებს, რომ მტერმა მოსკოვი მოულოდნელად შეიძლება დაიპყროს.

ქალაქში პანიკაა.

პარტიის მოსკოვის საქალაქო და მოსკოვის საოლქო კომიტეტების პირველი მდივანი შჩერბაკოვი იძულებულია, გამოვიდეს რადიოთი და დაამშვიდოს მოსახლეობა:

_ სტალინი მოსკოვშია და ჩვენ ყველანი მოსკოვისთვის გააფთრებით, სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ვიბრძოლებთ.

მრავალი წლის შემდეგ ვიაჩესლავ მოლოტოვს შეეკითხებიან:

_ ამბობენ, რომ 1941 წელს პოლიტბიუროში კენჭი უყარეს საკითხს, დაეტოვებინათ თუ არა მოსკოვი, მტრისთვის ჩაებარებინათ თუ არა. მართალია?

_ არა, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება გვემსჯელა ამაზე! _ აღშფოთებულა უკვე ხანში შესული ვიაჩესლავ მიხაილოვიჩი, _ სისულელეა. აბსოლუტური სისულელე! გაფიქრებაც არ შეიძლებოდა. იმ მომენტში ამ საკითხზე კენჭისყრა ღალატს ნიშნავდა… უმრავლესობა-უმცირესობა რომ ყოფილიყო, ამ უმცირესობას გაანადგურებდა უმრავლესობა, რადგან ჩაბარებაზე ლაპარაკიც კი ღალატი იქნებოდა.

მოსკოვის ჩაბარებაზე ჭორი იმიტომაც გავრცელდა, რომ იყო მომენტები, როცა ჟუკოვი, რომელსაც მოსკოვის დაცვა ჰქონდა დავალებული, სწორედ ასეთ წინადადებას აყენებდა.

ავიაციის მთავარი მარშალი გოლოვანოვი თავის წიგნში «შორეული ბომბდამშენი» ადასტურებს ჟუკოვის კაპიტულანტურ პოზიციას…

ალბათ, დროა, შევეხოთ სტალინის ხასიათის ერთ განსაკუთრებულ თვისებას, რომელსაც იშვიათად შევხვდებით ადამიანებში: თუ საქმე კარგად მიდის, ისინი გულჩათხრობილნი ხდებიან; თუ რაღაც არ გამოდის, მათი სიმშვიდე და ოპტიმიზმი გასაოცარია.

_ სტალინიც ასე იყო, _ იხსენებს იაკობ ჩადაევი, საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს საქმეთა მმართველი, _ მაშინ, როცა მოვლენები განსაკუთრებით კარგად ვითარდებოდა, ხასიათი უფუჭდებოდა, უაღრესად მომთხოვნი და მკაცრი ხდებოდა. ხოლო თუ ჰორიზონტზე შავი ღრუბელი გამოჩნდებოდა, როცა ჩვენი არმია უკან იხევდა, საბჭოთა ქალაქებს ერთი მეორის მიყოლებით მტერი იპყრობდა, სტალინი თავშეკავებული იყო, დიდად მომთმენი, თითქოს მოვლენები მშვიდად და უღრუბლოდ ვითარდებოდა. რით შეიძლება ამის ახსნა? როგორც ჩანს, იმით, რომ სტალინს პესიმიზმი ან გულგატეხილობა რომ გამოემჟღავნებინა, მისი ასეთი განწყობილება დამთრგუნველად იმოქმედებდა სხვებზე, დააბნევდა მათ.

ხოლო წარმატებათა შემთხვევაში სიმკაცრისა და მომთხოვნელობის გამოჩენა მოდუნების საშუალებას არ აძლევდა საქმეზე პასუხისმგებელ ამხანაგებს.

აქედან კი პანიკურ განწყობილებამდე, «ჰორაჟენცობამდე» _ დამარცხებამდე ერთი ნაბიჯიღა რჩება.

ჟუკოვის მაგალითი, რომელიც ზემოდ დავასახელეთ, თუნდაც ეს ერთი, ამის დამადასტურებელია.

სტალინი რეალობის გრძნობას არასოდეს კარგავდა, მისი გადაწყვეტილებებიც ყოველთვის რეალურ ვითარებას ეფუძნებოდა, პერსპექტივას ამ რეალობის ლოგიკიდან გამომდინარე ხედავდა.

კატასტროფა კარს იყო მომდგარი

1941 წლის 16 ოქტომბრის დილას განსაკუთრებით საგანგაშო და უკიდურესად არასასურველმა ნიშნებმა იჩინა თავი: დედაქალაქის სააგარაკო ადგილებიდან 25-30 კილომეტრში გერმანელი მოტოციკლისტები გამოჩნდნენ. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ მოსკოვზე შეტევა შეიძლებოდა დღე-დღეზე დაწყებულიყო.

დილის 9 საათზე სტალინმა თავის კაბინეტში გამოიძახა პოლიტბიუროს წევრები: მოლოტოვი, მალენკოვი, ვოზნესენსკი, შჩერბაკოვი, კაგანოვიჩი, მიქოიანი.

განსაკუთრებული მღელვარება არ ეტყობოდა. მოკლედ აუხსნა შეკრებილებს, რა მდგომარეობა ჩამოყალიბდა, უთხრა, რომ ჩვენი ჯარების ახალი ნაწილების მოსვლამდე გერმანელებს შეეძლოთ სწრაფად გადმოესროლათ თავიანთი რეზერვები და გაერღვიათ მოსკოვის ფრონტი. აქედან გამომდინარე, დაავალა თათბირის მონაწილეებს, სასწრაფოდ გაეყვანათ ქალაქიდან მთავრობა, გამოჩენილი პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწეები, რომლებიც მოსკოვში იყვნენ დარჩენილები, გაემზადებინათ ქალაქი გერმანელების შესაძლო შემოჭრის შემთხვევისთვის. ჩამოთვალა ღონისძიებები, რომელთა განხორციელებაც მტერს საშუალებას არ მისცემდა, ესარგებლა დედაქალაქში არსებული სამრეწველო პოტენციალით საბრძოლო მასალის საწარმოებლად.

მოსკოვის სამხედრო ოლქის სარდალს დაევალა, სასწრაფოდ შეემუშავებინა ისეთი გეგმა, რომელიც მთლიანად მოსკოვს თუ არა, მის ცალკეულ ნაწილებს მაინც დაიცავდა ძირითადი რეზერვების მოსვლამდე. როგორც კი ჩამოვიდოდა რეზერვი ციმბირიდან, ორგანიზებული იქნებოდა გარღვევა და გერმანელებს მოსკოვიდან განდევნიდნენ.

«_ სტალინმა თქვა, _ იხსენებს ანასტას მიქონიანი, _ რომ მთავრობა და უცხოეთის საელჩოები ევაკუირებული უნდა იყოს კუიბიშევში, სახალხო კომისარიატები _ სხვა ქალაქებში. მოლოტოვს და მე დაგვავალა, დაუყოვნებლივ გამოგვეძახებინა ყველა სახალხო კომისარი, განგვემარტა მათთვის, რომ სასწრაფოდ, ერთ დღე-ღამეში მოეხდინათ ყველა სახალხო კომისარიატის ევაკუაცია».

ევაკუაცია ნიშნავდა უკანდახევას, უკანდახევა _ მტრისთვის მოსკოვის ჩაბარებას.

ასე იქნებოდა.

მაგრამ ასე არ მოხდა _ მოსკოვის მტრისთვის ჩაბარებაზე ვამბობ.

16 ოქტომბრის თათბირზე სტალინმა პოლიტბიუროსა და თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტის ყველა წევრს მოსკოვიდან იმ დღესვე გამგზავრება შესთავაზა.

_ მე ხვალ დილით გავემგზავრები, _ დასძინა მან.

«მე ვერ მოვითმინე, ამბობს ანასტას ივანოვიჩი, და ვკითხე: «თუ შეიძლება, რომ შენ ხვალ გაემგზავრო, ჩვენ დღესვე რატომ უნდა გავემგზავროთ? ჩვენც ხვალ შევძლებთ გამგზავრებას»… და მტკიცედ დავუმატე: «მე ვრჩები და ხვალ შენთან ერთად გავემგზავრები».

ძნელია იმის თქმა, რა უფრო მეტია მოგონების ამ ფრაგმენტში _ ფარისევლობა თუ თავის გამოჩენის სურვილი…

ან, იქნებ, მართლა გულწრფელად იყო ნათქვამი.

ახლა ამის გარჩევის დრო არ არის. მთავარია გავარკვიოთ, აპირებდა თუ არა სტალინი მოსკოვის დატოვებას.

«იმ ნიჩბებით გაითხარონ საფლავები»

აპირებდა თუ არა, თორემ რომ არ დატოვა, ისტორიული ფაქტია.

ამ შეკითხვას თავის დროზე ამომწურავად უპასუხა ავიაციის მთავარმა მარშალმა ალექსანდრ გოლოვანოვმა «კომსომოლსკაია პრავდისთვის» მიცემულ ინტერვიუში:

«1941 წლის ოქტომბერში, როცა მტერი დედაქალაქის კედლებთან იდგა, ჩვენი მდგომარეობა სამხედრო თვალსაზრისით უკიდურესად დაძაბული იყო…

იმ თვის ერთ-ერთ დღეს უმაღლესი მთავარსარდლის მთავარბანაკმა პერხუშკოვოში, დასავლეთის ფრონტის შტაბში გაგზავნა არმიის კომისარი სტეპანოვი ფრონტზე არსებული მდგომარეობის შესასწავლად. ამ დროს მე ვიყავი სტალინთან, უმაღლესი მთავარსარდლის ბანაკში. არმიის კომისარმა სტეპანოვმა შეისწავლა საქმის ვითარება და დარეკა ბანაკში. უმაღლეს მთავარსარდალს გაძლიერებული ტელეფონები ედგა და მას ყურმილი ყურთან ახლოს არ მიჰქონდა, საკმარისად დაცილებით ეჭირა. საუბარი ყველას ესმოდა.

სტეპანოვი უპატაკებს სტალინს, რომ იგი მოეთათბირა ადგილობრივ ხელმძღვანელობას, რომელიც მიიჩნევს, რომ ფრონტის შტაბი უნდა გადაიტანონ მოსკოვს იქით, აღმოსავლეთით, სავარაუდოდ, _ არზამაზში, ხოლო საკომანდო პუნქტი _ მოსკოვის აღმოსავლეთ შემოგარენში. სწორედ ამ დროს მიმდინარეობდა მოსახლეობის და სამრეწველო ობიექტების მოსკოვიდან ევაკუაცია.

ხანგრძლივი სიჩუმე ჩამოვარდა… სტალინი ეკითხება სტეპანოვს: «ამხანაგო სტეპანოვ, შეეკითხეთ ამხანაგებს, აქვთ თუ არა ნიჩბები?» კვლავ _ რაღაცნაირი უხერხული სიჩუმე…

_ რა ვკითხო, ამხანაგო სტალინ?

_ ნიჩბები აქვთ ამხანაგებს?

ისმის, რომ სტეპანოვი ვიღაღას მიმართავს. ამხანაგები ეკითხებიან: როგორი ნიჩბები _ მესანგრეების თუ ჩვეულებრივი? სტეპანოვი კვლავ ეკითხება სტალინს:

_ ამხანაგო სტალინ, როგორი ნიჩბები: მესანგრეების თუ რომელიმე სხვა?

სტალინი ეუბნება:

_ სულერთია როგორი.

ყურმილში მხნე და მხიარული ხმები ისმის: «გვაქვს, გვაქვს!»

და სტეპანოვი ლამის აღფრთოვანებული უპატაკებს:

_ ამხანაგო სტალინ, ნიჩბები არის! რა უნდა გააკეთონ ამ ნიჩბებით?

და სტალინი ძალიან მშვიდად უპასუხებს:

_ ამხანაგო სტეპანოვ, გადაეცით თქვენს ამხანაგებს, აიღონ ნიჩბები და საფლავები გაითხარონ. ჩვენ მოსკოვიდან არ წავალთ. მთავარბანაკი მოსკოვში რჩება. ისინი კი პერხუშკოვოდან არსად წავლენ».

მარშალი ჟუკოვი კი, რომელიც დღეს ძალიან უნდათ ფაშიზმზე გამარჯვების მთავარ შემოქმედად შერაცხონ, მოსკოვის მტრისთვის ჩაბარებაზე ფიქრობდა.

ასეც იქნებოდაო, მიიჩნევს გოლოვანოვი, სტალინი რომ არ ყოფილიყო.

მაგრამ ამას დოკუმენტურად სჭირდება დამტკიცება, ისე ცარიელი ლაპარაკი შეიძლება გამოვიდეს.

«როგორ დაამტკიცებ? _ განაგრძობს ალექსანდრ ევგენის ძე, _ დოკუმენტების უმრავლესობა, რომლებშიც წარმოდგენილი იყო ომში სტალინის ჭეშმარიტი როლი, დაწვეს ხრუშჩოვის დროს. ასე განადგურდა ჩემი სტალინთან მიმოწერის სამი ტომი. მოკვდება ვასილევსკი, მოკვდება გოლოვანოვი, მოკვდება შტემენკო და ვერავინ გაიგებს, სინამდვილეში რა და როგორ იყო».

დოკუმენტები არ არსებობს, მაგრამ იყვნენ მოღვაწენი, რომელთა სიტყვა ნებისმიერ დოკუმენტზე უფრო ჭრის.

კრემლის დაცვის მთავარი სამმართველოს უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი ნიკოლაი ვლასიკი ადასტურებს, რომ ამ თემაზე (მოსკოვიდან წასვლაზე) საუბარი სტალინსა და ანდრეი ჟდანოვს შორის (ჟდანოვი ცკ-ის მდივანი და პოლიტბიუროს წევრი იყო) მართლაც შედგა. «პატრონმა» («ხოზიაინმა») მტკიცედ და გადაჭრით განუცხადა, რომ ამაზე ლაპარაკიც არ შეიძლება იყოს: იგი მოსკოვში თავის ადგილზე რჩება.

ვოზნესენსკი, კალინინი, პოსკრებიშევი არაორაზროვნად აცხადებდნენ, რომ სტალინს არც უფიქრია მოსკოვიდან სადმე გამგზავრებაზე.

ალექსეი რიბინი, სტალინის პირადი მცველი:

«ჩკალოვის სახელობის ცენტრალურ აეროდრომზე, იქ, სადაც ახლა აეროვოგზლის შენობაა, ოთხი გამზადებული «დუგლასი» იდგა. პოლკოვნიკი გრაჩოვი სტალინის პირადი თვითმფრინავის კაბინაში იჯდა, მაგრამ ბერიამ და მალენკოვმა ვერა და ვერ შეძლეს ბელადის დედაქალაქიდან გატყუება».

მარშალ ალექსანდრე ვასილევსკის თქმით, ის, რომ «თვითმფრინავები ასაფრენად გამზადებული იდგა, აბსოლუტურად გამართლებული ღონისძიება იყო იმ მომენტში, როცა გერმანულ ტანკებს სულ რამდენიმე საათი დასჭირდებოდათ მოსკოვის ცენტრში აღმოსაჩენად.

კიდევ ერთი ასაფრენი ზოლი იყო მზად სტალინის მოსკოვიდან გასაყვანად «უშუალოდ წითელი მოედნიდან. გენერალი სბიტოვი ყვებოდა, რომ უმაღლესმა მთავარსარდალმა ასეთ შეთავაზებაზე კატეგორიული უარი განაცხადა:

_ ჟიგარიოვი (იგი ამ დროს მოსკოვის ოლქის ავიაციის სარდალი იყო) გაფრინდეს, საითაც უნდა, ნებისმიერ მხარეს! მე აქ ბოლომდე ვრჩები…»

ალექსანდრე იაკოვლევი, ავიაკონსტრუქტორი, აკადემიკოსი, ომის წლებში ავიამრეწველობის სახალხო კომისრის მოადგილე:

«ძალიან მინდოდა, მეკითხა მისთვის ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხის შესახებ, რომელიც ძალიან მაწუხებდა, მაგრამ ვერ ვბედავდი. გამომშვიდობებისას ვერ მოვითმინე და ვკითხე:

_ ამხანაგო სტალინ, შევძლებთ მოსკოვის შენარჩუნებას?

მან უცებ არ მიპასუხა, გაიარ-გამოიარა, გაჩერდა მაგიდასთან, დატენა ჩიბუხი ახალი თამბაქოთი:

_ ვფიქრობ, რომ ახლა ეს არ არის მთავარი. მთავარია რეზერვების სასწრაფოდ დაგროვება. ამათთან ცოტას კიდევ წავიფართხალებთ და უკან გავრეკავთ…

ხაზი გაუსვა იმას, რომ გერმანია დიდხანს ვერ გაუძლებდა. მიუხედავად იმისა, რომ ომში იგი გამოიყენებს მთელი ევროპის რესურსებს. ნედლეულის მარაგი ჰიტლერს დიდხანს არ ეყოფა. სხვაგვარადაა საქმე ჩვენთან.

სტალინმა რამდენიმეჯერ გაიმეორა:

_ სახელმწიფოს რეზერვების გარეშე ვერ იცოცხლებს».

მკითხველები უთუოდ მიაქცევდნენ ყურადღებას ამ პასაჟის დედააზრს: ის, რომ სტალინი უმძიმეს პერიოდში მოსკოვიდან არ წავიდა, არამარტო პირადი რწმენისა და გამბედაობის შედეგი იყო, არამედ ანალიტიკური გათვლისა და შეფასების.

ჭეშმარიტი სახელმწიფო მოღვაწის უპირველესი მახასიათებელი სწორედ ეს არის.

«ამ პოლკს შეტევაზე მე თვითონ წარვუძღვები…»

მოსკოვის დატოვებაზე სტალინთან ლაპარაკს ვერავინ ბედავდა, ამიტომ შემოვლით, მინიშნებით ჰკითხეს ერთხელ:

_ ამხანაგო სტალინ, როდის გავაგზავნოთ მოსკოვიდან დაცვის პოლკი?

_ თუ საჭირო გახდება, ამ პოლკს შეტევაზე მე თვითონ წარვუძღვები, _ უპასუხა სტალინმა.

იგი მხოლოდ ასეთ შეკითხვებს კი არ უპასუხებდა კატეგორიულად, არამედ არაფრად ჩააგდო თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტის 1941 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილება მოსკოვიდან მისი ევაკუაციის შესახებ, რომელშიც შავით თეთრზე ეწერა: «ამხ. სტალინი ევაკუირებული იქნება ხვალ ან მოგვიანებით, მდგომარეობიდან გამომდინარე».

მოსკოვიდან გამგზავრება კი არა, გერმანელთა ავიაციის დაბომბვის შემდეგ იგი რეგულარულად გადიოდა მოსკოვის ქუჩებში, რათა საკუთარი თვალით ენახა, რაც მოხდა. მაგრამ მთავარი მაინც ის იყო, რომ ხალხს დაენახა იგი, სცოდნოდათ ადამიანებს, რომ ბელადი მათ გვერდითაა, დედაქალაქშია და მის დაცვას ხელმძღვანელობს. უფრო მეტი დამაჯერებლობისთვის იგი ამოწმებდა საგუშაგოებს გორკის ქუჩაზე, სმოლენსკის მოედანზე, სხვაგან და სხვაგან. მორიგე ჯარისკაცებზე ეს უდიდეს შთაბეჭდილებას ახდენდა.

ერთხელ, დილის 4 საათზე სტალინი კალუგის მოედანზე გავიდა. ფეხქვეშ ხრაშუნობდა შუშის ნამსხვრევები. გარშემო ცეცხლი ეკიდა ხის სახლებს. სასწრაფო დახმარების მანქანებს დაჭრილები გაჰყავდათ, ცხედრები გაჰქონდათ. სტალინს წამსვე შემოეხვივნენ მოსკოველები. ხალხი თავზარდაცემული იყო. ქალებს შეშინებული, ატირებული ბავშვები აეტატებინათ. სტალინმა ვლასიკს უთხრა:

_ ბავშვები დაუყოვნებლივ უნდა გადაიყვანონ აქედან შორს, ქვეყნის სიღრმეში.

შემოეხვივნენ სტალინს და ეკითხებიან, როდის შეაჩერებს მტერს წითელი არმია და განდევნის ჩვენი მიწიდან? სტალინი ამშვიდებს და ეუბნება:

_ იქნება, ჩვენს ქუჩაზეც იქნება ზეიმი!

მისი სჯეროდათ!

ელისეევის მაღაზიისკენ ჩაუყვა სტალინი გორკის ქუჩას. შეკრებილი ხალხის თავს ზემოთ აღიმართა ქალი, რომელმაც რაღაც ტუმბაზე მოახერხა ასვლა და იქიდან საყვედურით აავსო სტალინი:

_ განა შეიძლება, ამხანაგო სტალინ, ამ მძიმე დროს ქუჩაში ასე სიარული? მტერს ნებისმიერ წუთში შეუძლია ბომბის ჩამოგდება!

სტალინმა მხოლოდ გაშალა ხელები, რა უნდა გითხრათო…

არადა, იგი მართლაც რისკავდა…

წერ ამას და ხელი გაგირბის შეადარო სტალინი იმ ჭიაღუა ხელმძღვანელებს, რომლებიც თვითმფრინავის ხმაზე გორში ცხვირით მიწის თხრას იწყებდნენ და ღამით, ხალხისგან ფარულად სტალინის ძეგლს ანგრევდნენ, მისი მშობლიური ქალაქის გულიდან ქურდულად ამოგლეჯას ცდილობდნენ. «დემონტაჟი» მოახდინეს…

მაგრამ ღირს კი შედარება?!

ეკლესიაში ნათქვამი სიტყვა

გვიან საღამოს კვლავ დიდი თოვლი მოვიდა. მოჟაისკის გზატკეცილი უკანდახეული წითელარმიელებითა და ლტოლვილებით გაიჭედა. ადამიანებს შორის ძალაგამოლეული ძროხები მოდიოდნენ. არავინ ერეკებოდა, არავინ იყო პატრონი.

სტალინის მანქანის წინ გამოჩნდა ქალი, რომელიც ძლივს მიათრევდა ციგას, რომელზეც ოჯახის ბარგი-ბარხანა ეწყო და ორი ბავშვი იჯდა.

ბავშვები ტიროდნენ.

სტალინი დიდხანს უყურებდა ამ მძიმე სურათს გაჩერებული ავტომობილიდან. დათრგუნული იყო… ვინ იცის, რას ფიქრობდა… შუაღამეს, როცა აგარაკზე პოლიტბიუროს წევრები შეიკრიბნენ, სტალინმა მათ ყველგან რკინისებური დისციპლინის დამყარება მოსთხოვა და მოულოდნელად იხმო მომვლელი დიასახლისი ისტომინა.

_ ვალენტინა ვასილიევნა, _ მიმართა სტალინმა, _ აპირებთ მოსკოვიდან წასვლას?

_ ამხანაგო სტალინ, მოსკოვი ჩვენი მშობლიური სახლია, მას დაცვა სჭირდება, _ უპასუხა ისტომინამ.

_ გესმით, რას ფიქრობენ, მოსკოველები? _ განსაკუთრებული ტონით უთხრა ბელადმა პოლიტბიუროს წევრებს.

1941 წლის 4 ნოემბერს, ელოხოვის ტაძარში ყაზანის ღვთისმშობლის ხატის დღესასწაულის დღეს ლიტურგია აღევლინა. პროტოდიაკონმა, მამა იაკობ აბაკუმოვმა პირველად წარმოთქვა სტალინის მრავალჟამიერი: «ღვთივკურთხეულ ქვეყანას რუსეთისას, ხელისუფლებას და მხედრობას მისას… და უმაღლეს ბელადს…» და მლოცველების მრავალათასიანმა ხმამ დააქუხა: «მრავალჟამიერ!», ხოლო პროტოდიაკონმა აღავლინა «სამარადისო დიდება» ბრძოლის ველზე დაცემული მეომრების.

ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ამ მომენტიდან დაიწყო ეკლესიისა და საბჭოთა ხელისუფლების დაახლოება.

ეს ლიტურგია წინ უძღოდა 1941 წლის 7 ნოემბრის აღლუმზე სტალინის მიერ წარმოთქმულ სიტყვას: «ძმებო და დებო!», რომლითაც მან მიმართა მეომრებსა და ერისკაცებს, მხარი დაუჭირა მიტროპოლიტმა სერგიმ თავისი მიმართვით ერისადმი. ხოლო 1941 წლის დეკემბერში ამოქმედდა ტაძარი ელნაში, წინა ხაზის ახლოს, სადაც საბჭოთა ჯარისკაცების წინაშე სრულდებოდა ღვთისმსახურება, მეომრებს უსურვებდნენ გამარჯვებას და აღავლენდნენ დღეგრძელობას ბელადისას.

ხოლო ეკლესიის თაღებქვეშ წარმოთქმული «სამარადისო დიდება» ტრანსფორმირდა უმაღლესი მთავარსარდლის ბრძანებების დასკვნით წინადადებაში: «სამარადისო დიდება გმირებს, რომლებმაც სიცოცხლე შესწირეს ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას!»

მოამზადა

არმაზ სანებლიძემ

 

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here