Home რუბრიკები პოლიტიკა როგორ ძარცვავს მდიდარი ელიტა დემოკრატიას მსოფლიოში

როგორ ძარცვავს მდიდარი ელიტა დემოკრატიას მსოფლიოში

574

მცირე შემოკლებით გთავაზობთ ლოს ანჯელესის რადიო KPEK-ის ყოველდღიური გადაცემა «ამბოხების რადიოს» წამყვანის _ სონალი კოლჰატკარის საინტერესო წერილს, რომელიც მან ინტერნეტგამოცემა AlterNet-ის გვერდზე გამოაქვეყნა.


ქუჩის მასობრივი საპროტესტო აქციები, ჩვეულებრივ, დემოკრატიული მისწრაფებების დამახასიათებელ ნიშნად ითვლება, არჩევნები კი _ ამ მისწრაფებების კულმინაციად, რომელიც ადამიანებს თავიანთი ლიდერებისა და სახელმწიფო მმართველობის არჩევის შესაძლებლობას აძლევს. მაგრამ დღეს გავლენიანი ელიტა არაფრად აგდებს დემოკრატიისთვის დამახასიათებელ ნიშნებს და მის მიღწევებს სათავისოდ იყენებს.

დღეს ჩნდება კითხვა: ვაცნობიერებთ კი იმას, რაც ჩვენს ცხვირწინ ხდება? ამ ტენდენციის ინდიკატორად გვევლინება სამი ქვეყანა და იქ განვითარებული მოვლენები. ეს ქვეყნებია: ტაილანდი, უკრაინა და ეგვიპტე.

ტაილანდში ახლახან კვლავ მოხდა სახელმწიფო გადატრიალება _ ბოლო 82 წლის განმავლობაში მე-19. გადატრიალების ლიდერი, გენერალი პრაიუტ ჩან-ოჩა მოსახლეობას «ნამდვილ დემოკრატიას» დაჰპირდა, მაგრამ არაფერი უთქვამს, როდის, რა ვადაში გაუქმდება ქვეყანაში სამხედრო მდგომარეობა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი თავდაპირველად უარს ამბობდა, ხელისუფლების მიტაცებისთვის სამხედრო გადატრიალება ეწოდებინა, დაჩემებული ჰქონდა, _ სამხედრო მდგომარეობა სრულიად შეესაბამება ტაილანდის კონსტიტუციასო, თუმცა შემდეგ სამხედროების მოქმედება დაგმო.

უკრაინაში მასობრივი საპროტესტო აქციების შემდეგ, რომელიც გამოწვეული იყო ევროკავშირთან შეთანხმების ხელმოწერაზე უარის თქმით, ქვეყანა დატოვა პრეზიდენტმა იანუკოვიჩმა, მის ნაცვლად კი პროდასავლელი პეტრე პოროშენკო აირჩიეს, რომელიც ხალხს დემოკრატიას ჰპირდება. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ღიად და მიკერძოებით დაიჭირა პროდასავლური ძალების მხარე უკრაინაში, კონფლიქტის ტემპერატურა კი თითქმის ცივი ომის დონემდე ასწია, რის გამოც დაპირებები ნამდვილი დემოკრატიის შესახებ, საუკეთესო შემთხვევაში შეიძლება ძალადაკარგულად ჩაითვალოს.

ეგვიპტეში სამხედროების სასტიკი მმართველობის შემდეგ, რომელსაც წინ უსწრებდა რევოლუცია და ქვეყნის მმართველის არჩევა «ძმები მუსლიმანების» რიგებიდან, რეზიდენტად სამხედრო გენერალი აირჩიეს. ამერიკის შეერთებული შტატები ჩუმად ქომაგობდა «ძმები მუსლიმანების» ხელისუფლების დამხობას და იშვიათად აკრიტიკებდა გენერალ აბდულ ფათახ ას-სისის (სხვათა შორის, ას-სისი წოდებით ფელდმარშალია) განკარგულებით დაწყებულ სასტიკ რეპრესიებს.

აშშ-მა, რომელიც უყურებდა, როგორ აღმოჩნდა საფრთხის ქვეშ ეგვიპტელთა სიცოცხლე, ლოდინის სახიფათო პოზიცია დაიკავა. აშშ-ის ხელისუფლება სისის, ალბათ, დემოკრატიულად არჩეულ ხელმძღვანელად ჩათვლის.

ტაილანდის, უკრაინისა და ეგვიპტის შეძლებული ელიტები სახალხო მოძრაობასა და არჩევნებს მათთვის სასარგებლო გადაწყვეტილებების მისაღებად იყენებენ.

კინორეჟისორმა, ჟურნალისტმა და ბევრი ჟურნალისტური გამოძიების ავტორმა ანდრე ვლტჩეკმა, რომელიც ზემოაღნიშნულ სამ ქვეყანაში ცოტა ხნის წინათ იმყოფებოდა, თავის ფილმ «აჯანყებაზე» მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ «ტაილანდში პრემიერმინისტრის პოსტი დაიკავა 2006 წელს ხელისუფლებიდან დათხოვნილმა მაგნატმა ტაქსინ ჩინავატიმ, რომელიც «ქვეყანაში თანამედროვე კაპიტალიზმის აშენებას» ცდილობდა. მან შექმნა სამედიცინო დახმარების სისტემა, რომელიც გაცილებით უკეთესია აშშ-ის სამხედრო სისტემაზე, და რომელშიც «წამლებზე უზარმაზარი სუბსიდიები მოქმედებს». გარდა ამისა, ტაილანდში, უკვე 15 წელიწადია, არსებობს უფასო განათლება დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის. ტაქსინ ჩინავატიმ მოქალაქეობა მისცა ქვეყნის ჩრდილოეთში მცხოვრებ მილიონობით მოქალაქეს, რომლებიც აქამდე უუფლებონი იყვნენ. ტაქსინის მომხრეებმა, რომელთა ძირითადი ნაწილი გლეხებისა და მემარცხენე აქტივისტებისგან შედგება, თავიანთ თავს «წილელხალათიანები» უწოდეს. ელიტას კი, მონარქიისა და სამხედროების სახით, სძულდა ტაქსინის პროგრესული სოციალური პროგრამები იმიტომ, რომ ტაილანდში მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ ფულს, არამედ უფსკრულს ამ ელიტასა და მოსახლეობის უმრავლესობას შორის».

ის, რაც ჩვენ გვეჩვენებოდა სახალხო რევოლუციად, რომლის მონაწილეებიც (ყვითელ ხალათებში გამოწყობილნი) კორუმპირებული ლიდერის დასამხობად სამთავრობო შენობებში იჭრებოდნენ, სინამდვილეში ტაილანდის სამეფო ოჯახსა და სამხედროებთან დაკავშირებული ძალების მოქმედება იყო.

რაოდენ პარადოქსულიც უნდა იყოს, ამ მოძრაობას ჰქვია «სახალხო ალიანსი დემოკრატიისთვის». არადა, მას დემოკრატიასთან საერთო არაფერი აქვს. უფრო ზუსტად, ამ მოძრაობის წარმომადგენლები დემოკრატიის მოწინააღმდეგენი არიან.

ანდრე ვლტჩეკი ამბობს, რომ დასავლეთი ჩუმად ეხმარებოდა როიალისტებს (მონარქიის მომხრეებს), მიუხედავად იმისა, რომ, ოპოზიციის თქმით, ტაქსინს დასავლეთი უჭერდა მხარს. არ დაგავიწყდეთ, რომ ტაილანდში ათწლეულების განმავლობაში მასობრივად ანადგურებდნენ მემარცხენე ოპოზიციას. კომუნისტებს ნავთით სავსე კასრებში ცოცხლად წვავდნენ და მემარცხენე ოპოზიციის განადგურებით დასავლეთის საიმედო მოკავშირის რეპუტაცია შეიძინეს.

უკრაინაში ჩატარებულ არჩევნებსაც ასდის დემოკრატიის მოპარვის სუნი. უკრაინელებმა პრეზიდენტად საკონდიტრო ნაწარმის მწარმოებელი მდიდარი ადამიანი აირჩიეს, თუმცა ეს მაშინ გააკეთეს, როცა მათმა უკრაინის მემარჯვენე-ცენტრისტულმა პრეზიდენტმა გაბედა და უარი განაცხადა ევროკავშირთან შეთანხმების ხელმოწერაზე. ეს საკმაოდ უცნაური გარიგებაა, რომლის არსიც შემდეგშია: ევროპისთვის ხელმისაწვდომი იქნება უკრაინის მეტალურგიული და სამთომომპოვებელი საწარმოები, ამის სანაცვლოდ უკრაინელები ვერაფერს მიიღებენ. მათ ევროკავშირში თავისუფლად გადაადგილების უფლებაც კი არ ექნებათ, რომ აღარაფერი ვთქვათ იქ მუშაობასა და ცხოვრებაზე.

ვლტჩეკი ამბობს, რომ იანუკოვიჩის დამხობილი მთავრობა სინამდვილეში არც პრორუსული იყო, არც სოციალისტური და არც კომუნისტური. მან მოიყვანა მონაცემები, რომლებიდანაც ჩანს, რომ იანუკოვიჩის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების მხარდასაჭერად ევროკავშირმა მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯა და რომ ე. წ. ევრომაიდნის მონაწილეებს დაუფარავად უხდიდნენ ფულს.

ვლტჩეკმა უკრაინაში ათასობით კილომეტრი გაიარა და ბევრ ქალაქში იყო. ხარკოვში, რომელიც უკრაინის მეორე დედაქალაქად ითვლება, შეხვდა ადამიანებს, რომლებმაც განუცხადეს: «ჩვენ არ ვაპირებთ, დავემორჩილოთ დასავლეთის დიქტატორულ ხელისუფლებას, რომელიც სავსეა ფაშისტებითა და მემარჯვენე ელემენტებით… ჩვენ არ დავემორჩილებით ანტირუსულ პროპაგანდას. რუსეთი ჩვენი ერთადერთი მეგობარი და მოკავშირეა».

ეგვიპტეშიც ანალოგიური რამ მოხდა. მოძრაობა, რომელიც ჰოსნი მუბარაქის ხელისუფლების დასამხობად მოქმედებდა და რომელსაც მხარს აშშ უჭერდა, ნამდვილად სახალხო იყო. მისი წარმომადგენლები დემოკრატიული ცვლილებების განხორციელებას ცდილობდნენ. მაგრამ, თუკი ყველაფერს კარგად გავაანალიზებთ, მივხვდებით, რომ ეგვიპტური რევოლუციის ნაყოფი მოიპარეს ჯერ «ძმებმა მუსლიმანებმა», რომლებმაც დემოკრატიის ინსტრუმენტები არჩევნებში გასამარჯვებლად გამოიყენეს, შემდეგ _ არმიამ, რომელმაც დაამხო «ძმები მუსლიმანების» რეჟიმი და საკუთარი არჩევნები ჩაატარა.

დასავლეთი არ აპროტესტებს, როცა პრეზიდენტად «ირჩევენ» ისეთ ადამიანს, როგორიც არის ას-სისი. მისი ბრძანებით, სამხედროებმა 600 ადამიანი («ძმები მუსლიმანები») სიკვდილით დასაჯეს. ამ ადამიანების დასაცავად ხმა არავის აუმაღლებია.

გავლენიანმა ელიტამ კიდევ ერთხელ მოისროლა სანაგვეზე დემოკრატიული გარდაქმნების შედეგები, რომლებიც მას ხელს არ აძლევდა, შემდეგ კი დემოკრატიის ინსტრუმენტები თავისი ძალაუფლების განსამტკიცებლად გამოიყენა.

ასეთი მაგალითი ბევრია, თუნდაც ცოტა ხნის წინათ ვენესუელაში მომხდარი აჯანყება. ინგლისურენოვანი პრესის დიდმა ნაწილმა ამ მოვლენას უწოდა სახალხო აჯანყება ნიკოლას მადუროს სოციალისტური მთავრობის წინააღმდეგ. მაგრამ, როგორც გაირკვა, ეს პროტესტი სოციალისტური სახელმწიფოს დანგრევისკენ იყო მიმართული და მას იდეოლოგიურად (არ არის გამორიცხული _ პრაქტიკულადაც) მხარს აშშ უჭერდა.

ახლა, ციფრული კომუნიკაციების საუკუნეში, როდესაც გაჩნდა მასობრივი მოძრაობები ისეთი კანონიერი დემოკრატიული მიზნებით, როგორიც არის «უოლ სტრიტის ოკუპაცია» ან ჰოსნი მუბარაქის დამხობა, ჩვენ სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ და დავაკვირდეთ ელიტის მოქმედებას, რომელიც ყველა საშუალებით _ საპროტესტო აქციები იქნება ეს თუ არჩევნები _ ცდილობს თავისი მიზნების რეალიზებას დემოკრატიის ტერმინოლოგიისა და სიმბოლოების გამოყენებით. დასავლეთი ბოლო ნაბიჯებს დგამს ნახევრადდამოუკიდებელი და სხვაგვარად მოაზროვნე ძალების გასანადგურებლად, რომლებიც მას გზაზე ეღობებიან.

AlterNet.org (აშშ)

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here