Home რუბრიკები საზოგადოება საქართველო, შესაძლოა, ინფექციური სავადმყოფოს გარეშე დარჩეს

საქართველო, შესაძლოა, ინფექციური სავადმყოფოს გარეშე დარჩეს

770

რესპუბლიკურ კლინიკურ ინფექციურ საავადმყოფოს გაუქმება ემუქრება. ფარმაცევტულმა კომპანია «ავერსმა» ალექსანდრე ყაზბეგის გამზირზე მდებარე ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის შენობა კარგა ხნის წინათ შეისყიდა და ახლა შენობის დაცლას მოითხოვს. შეთანხმების თანახმად, ხელისუფლებას ინფექციური საავადმყოფო სანზონის დასახლებაში, გუდამაყრის ქუჩაზე, ყოფილი კარდიოლოგიის ინსტიტუტის შენობაში უნდა განეთავსებინა, თუმცა, ვინაიდან იქ ამჟამად დევნილები ცხოვრობენ და მათ ვერ ასახლებენ, ჯერჯერობით შენობის რეაბილიტაციაც არ დაწყებულა. თუ პრობლემა დროულად არ გადაიჭრა, ქვეყანა ინფექციური საავადმყოფოს გარეშე დარჩება.


საყურადღებოა, რომ ეს ყველაფერი ხდება მაშინ, როდესაც საქართველო, ფაქტობრივად, ვირუსული დაავადებების კერად იქცა. მხოლოდ ბოლო პერიოდში ქვეყანაში ვირუსული მენინგიტის გავრცელებამ არნახულ მასშტაბებს მიაღწია. ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელებით ორი კაცი გარდაიცვალა და ერთიც მძიმედ დაავადდა, ხოლო ცოტა ხნის წინათ საქართველოში სრულიად უცნობი დაავადება აღმოაჩინეს, რომელიც ძალიან ჰგავს «ყვავილის» სახელით ცნობილ ვირუსს. რა ბედი ელის ამგვარ ავადმყოფებს, ასევე მათ, ვინც უკვე წლებია, ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობენ, ჯერჯერობით უცნობია.

ინფექციური საავადმყოფოს ექიმები დახმარებას სახელმწიფოს სთხოვენ, ხოლო, თუ ხელისუფლება ინფექციური საავადმყოფოსთვის დროულად არ გამოყოფს შესაბამის ფართობს, ექიმებს _ უმუშევრობა, ქვეყანას კი ინფექციური საავადმყოფოს გარეშე დარჩენა ემუქრებათ.

ინფექციური საავადმყოფოს რეანიმაციული განყოფილების გამგის _ რევაზ ლომაძის თქმით, საავადმყოფოს შენობა კომპანია «ავერსმა» შეისყიდა. «ავერსი» თავის ტერიტორიას ითხოვს, აქ გასაკვირი არაფერია, მაგრამ იმ შენობიდან, რომელშიც სავადმყოფო უნდა განთავსებულიყო, დევნილები ვერ გამოჰყავთ.

_ შეიძლება, რომ საერთოდ გაუქმდეს ინფექციური საავადმყოფო?

_ ინფექციური საავადმყოფოს გარეშე როგორ იარსებებს ქვეყანა?! არ მესმის და არ მჯერა, რომ მის დახურვას ასე ხელაღებით გადაწყვეტენ. 31 დეკემბრიდან უნდა გახვიდეთ საავადმყოფოდანო, _ გვითხრა «ავერსის» ხელმძღვანელმა პაატა კურტანიძემ; ლამის ყოველ დღე უგზავნის სამინისტროს წერილს,_ ესენი აქედან მოგვაცილეთო.

ვითარება უკიდურესად არის გამწვავებული. გვყავს პაციენტი, რომელიც უკვე სამი წელია, აპარატზეა შეერთებული. ახალგაზრდა კაცი გონებაზეა, მაგრამ დამბლა აქვს და აპარატის გარეშე ვერ იცოცხლებს; გვყავს, ასევე, მეორე პაციენტი, რომელიც რვა თვეა, აპარატზეა. მომაკვდავი შიდსიანი ავადმყოფებიც ჩვენთან გადმოჰყავთ სამკურნალოდ.

_ რა ეშველებათ ამ ადამიანებს?

_ არ ვიცი…

ინფექციური საავადმყოფოს ექიმი მანანა შატბერაშვილი ამბობს, რომ ჯერჯერობით არ იციან, რა ბედი ელის ინფექციურ საავადმყოფოს. «უახლოეს დღეებში მთელი კოლექტივი ვაპირებთ, ჯანდაცვის სამინისტროს მივმართოთ თხოვნით, გამოგვიყოს რაღაც ფართობი, სადაც ინფექციური საავადმყოფო მუშაობის გაგრძელებას შეძლებს. მეტი ამ ეტაპზე არაფერი ვიცით. არჩევნებამდე გაჩუმებული ვიყავით, რადგან არ გვსურდა პოლიტიკური ელფერი მისცემოდა ამ ყველაფერს და ახლა უკვე აღარ გავჩერდებით».

რა ბედი ელის ინფექციურ საავადმყოფოს, ამის გარკვევა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში ვცადეთ. შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი თამარ ბოდოკია ამბობს, რომ ინფექციური საავადმყოფო არ გაუქმდება.

_ ქალბატონო თამარ, მოგეხსენებათ, ფარმაცევტულმა კომპანია «ავერსმა» ალექსანდრე ყაზბეგის გამზირზე მდებარე ინფექციური საავადმყოფო შეისყიდა და ახლა კუთვნილი შენობის დაცლას ითხოვს. შეთანხმების თანახმად, ხელისუფლებას ინფექციური საავადმყოფო სანზონის დასახლებაში, გუდამაყრის ქუჩაზე, ყოფილი კარდიოლოგიის ინსტიტუტის შენობაში უნდა განეთავსებინა, მაგრამ, ვინაიდან იქ დევნილები ცხოვრობენ, ჯერჯერობით შენობის რეაბილიტაციაც არ დაწყებულა. სად განთავსდება ინფექციური საავადმყოფო, რას აპირებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო?

_ მართალია, დაგვიანდა გუდამაყრის ქუჩაზე მდებარე შენობის რეაბილიტაციის პროცესის დაწყება, მაგრამ ვადასტურებთ, რომ სარეაბილიტაციო-სამშენებლო პროექტი არსებობს, მას საერთაშორისო და ადგილობრივი რესურსებით ჩაუტარდა ექსპერტიზა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად; ჩატარებულია სახელმწიფო ტენდერი სარეაბილიტაციო-სამშენებლო სამუშაოების შემსრულებელი ორგანიზაციის გამოსავლენად; გამარჯვებულიც გამოვლენილია და მასთან გაფორმებულია შესაბამისი ხელშეკრულება.

რაც შეეხება სამუშაოების დაგვიანებით დაწყებას, ეს საკითხი განპირობებულია რიგი ობიექტური გარემოებებით და ვადებში ჩამორჩენის დაძლევა მოხდება სამუშაოების წარმოების ტემპის ფორსირებით, რესურსების მაქსიმალური გამოყენებითა და მობილიზებით. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდგომ საავადმყოფო განთავსდება გუდამაყრის ქუჩაზე მდებარე შენობაში, ყოფილი კარდიოლოგიის ინსტიტუტის შენობაში.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ შენობაში უკანონოდ არიან შეჭრილი პირები, რომელთა იმავე შენობაში განსახლების საკითხი არ განიხილება.

_ არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ემუქრება თუ არა გაუქმება ინფექციურ საავადმყოფოს?

_ ინფექციურ საავადმყოფოს გაუქმება მოვლენების არც ერთი შესაძლო (თეორიულიც კი) სცენარით განვითარების შემთხვევაშიც კი არ ემუქრება. უფრო მეტიც, სახელმწიფო გეგმავს საავადმყოფოს გაცილებით უკეთესი ფიზიკური გარემოს შექმნას და, რაც მთავარია, სერვისების ხარისხის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას.

ვითარებაში გასარკვევად კომპანია «ავერსსაც» დავუკავშირდით. ფარმაცევტული კომპანია «ავერსის» საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ლალი ბრეგაძე ამბობს, რომ უკვე დიდი ხანია, ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორია კომპანიის კუთვნილებაა.

_ რამდენ ხანში უნდა დატოვონ ინფექციური საავადმყოფოს შენობა ექიმებმა?

_ დიდი ხანია, რაც კომპანია «ავერსმა» საავადმყოფო შეისყიდა და, შეთანხმების თანახმად, აქამდე უნდა დაეცალათ შენობა, ასეთი იყო პირობები, მაგრამ, ჯერჯერობით ისევ იქ არიან.

_ რა განთავსდება ინფექციური საავადმყოფოს შენობაში?

_ ჯერ დაგეგმილი არაფერია. როდესაც გათავისუფლდება, შემდეგ გადაწყდება.

გარკვეული კითხვები გვქონდა ინფექციური საავადმყოფოს აღმასრულებელი დირექტორის, შოთა გოგიჩაიშვილის, მიმართაც. როგორც ექიმები პირად საუბრებში აცხადებენ, ისინი საკმაოდ მწირ ხელფასებს იღებენ. ამას გარდა, საავადმყოფოში არ არის შესაბამისი სამედიცინო აპარატურა და ექიმებს ძველი ხელსაწყოებითა და მეთოდებით უწევთ სერიოზულ დაავადებებთან გამკლავება. ბატონ შოთასთან დაკავშირება და მისი პოზიციის მოსმენა ინფექციური საავადმყოფოს მომავლის შესახებ ვერ მოვახერხეთ, რადგან მან ჩვენს ზარებს და მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს არ უპასუხა.

უახლოეს დღეებში ინფექციური საავადმყოფოს ექიმები აპირებენ, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წერილი გაუგზავნონ და პრობლემის მოგვარება სთხოვონ. იმედია, სახელმწიფო გულისხმიერებას გამოიჩენს და ქვეყანას ერთადერთი ინფექციური საავადმყოფოს გარეშე არ დატოვებს. მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო გვარწმუნებს, ინფექციურ საავადმყოფოს გაუქმება არ ემუქრებაო, ფაქტია, რომ სახელმწიფომ ეს პრობლემა დღემდე ვერ მოაგვარა.

მოამზადა შორენა ცივქარაშვილმა

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here