Home რუბრიკები პოლიტიკა რას უქადის საქართველოს თურქული მარში?

რას უქადის საქართველოს თურქული მარში?

1021

ორშაბათს, 20 იანვარს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ოფიციალური ვიზიტით თურქეთს ეწვევა. ორი ქვეყნის ურთიერთობებში დამკვიდრებული ტრადიციის თანახმად, მხარეები, სავარაუდოდ, შეაფასებენ მას, როგორც მორიგ საეტაპო ნაბიჯს თანამშრომლობის გზაზე, ხოლო პრობლემურ საკითხებზე, თუკი ასეთს შეეხებიან, ფართო აუდიტორიას, დიდი ალბათობით, არაფერს მოუთხრობენ.

 

ოფიციოზის საზეიმო განცხადებები ორი ქვეყნის სამაგალითო მეგობრობის შესახებ ბოლო დროს საგრძნობ დისონანსში შედის ქართული საზოგადოების ნაწილის შეშფოთებასთან, რომელიც საქართველოში, კერძოდ კი აჭარაში, თურქეთის გავლენის სწრაფ და პრაქტიკულად უკონტროლო ზრდას უკავშირდება. ამასთანავე, ვითარება მეზობელ ქვეყანაში კვლავინდებურად დაძაბულია _ დიდ ქალაქებში იმართება ხალხმრავალი დემონსტრაციები რადიკალური ლოზუნგებით, სამართალდამცავები კორუმპირებულ ჩინოვნიკებს აპატიმრებენ, ხოლო პრემიერმინისტრის გუნდი, თავის მხრივ, თანამდებობიდან ასობით პოლიციელს ათავისუფლებს. პოლიტიკური კრიზისი ღრმავდება; თურქეთი ტრანსფორმაციის ახალ, საკმაოდ სახიფათო სტადიაში შედის. ჯერჯერობით ძნელი ამოსაცნობია, რით შეიძლება დასრულდეს ეს პროცესი და რა შედეგს მოუტანს საქართველოს.

დემოგრაფიას ცრემლების არ სჯერა

2000 წელს თურქეთის მოსახლეობა 63 მილიონს აღემატებოდა, ახლა კი 75 მილიონზე მეტია (2012 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით; გასული წლის ციფრები ჯერ არ გამოქვეყნებულა). მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის ზრდის ტემპი ბოლო დროს შემცირდა, ყოველწლიურად უამრავი ახალგაზრდა სოფლად მცხოვრები მრავალშვილიანი ოჯახებიდან (განსაკუთრებით მაღალი შობადობა ქვეყნის აღმოსავლეთ, მათ შორის საქართველოს მოსაზღვრე რეგიონებშია) უკეთესი მომავლის იმედით ქალაქებში ჩადის, მათი ნაწილი კი ემიგრანტი ხდება.

თურქი მამაკაცის საშუალო ასაკი 28, ქალის კი 29 წელია. სტამბოლი და სხვა დიდი ქალაქები სავსეა 19-25 წლის ახალგაზრდებით, რომელნიც მოსწყდნენ სოფელს, მაგრამ ქალაქში დამკვიდრება ჯერჯერობით ვერ მოახერხეს. ისინი ქმნიან ერთგვარ «პარალელურ სამყაროს», რომლის ღირებულებები, როგორც წესი, მიუღებელია გაცილებით ლიბერალურ გარემოში გაზრდილი, ვესტერნიზებული ქალაქელებისთვის. ამ ახალგაზრდების ამბიციები და უკმაყოფილება საკუთარი სოციალური სტატუსით ისევე, როგორც «არაბული გაზაფხულის» ქვეყნებში, მნიშვნელოვან პოლიტიკურ ფაქტორს წარმოადგენს. სტამბოლის ბილგის უნივერიტეტის მონაცემებით, ბოლოდროინდელი საპროტესტო აქციების მონაწილეთა 40%-ის საშუალო ასაკი 25 წელს არ აღემატებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ მეზობელი ქვეყნის ეკონომიკა ბოლო წლებში აღმავლობის გზას ადგას და ახალი სამუშაო ადგილები ნამდვილად იქმნება,  რამდენიმე მილიონი ადამიანი თურქეთის ეკონომიკისთვის კვლავინდებურად «ზედმეტია». იმის ალბათობა, რომ ჭარბი დემოგრაფიული რესურსი ომში ანიჰილირდება, როგორც ეს წინა საუკუნეებში ხდებოდა, ძალზე მცირეა. შესაძლო სამხედრო ოპერაციები, თუნდაც თურქეთი ჩაერიოს სირიის კონფლიქტში (ამას, როგორც ჩანს, ახლო მომავალში არ გააკეთებს), სავარაუდოდ, დაბალი ინტენსივობის იქნება, მხვერპლი კი _ უმნიშვნელო და არ მოხდება არაფერი ისეთი, რაც მილიონობით ლტოლვილს ქვეყნის დატოვებას აიძულებს.

რაც შეხება ემიგრაციას, ეკონომიკურმა კრიზისმა მნიშვნელოვნად შეცვალა სიტუაცია გერმანიაში და «ძველი ევროპის» სხვა ქვეყნებში, სადაც ბოლო ათწლეულებში თურქები აქტიურად სახლდებოდნენ. ადრე «ძირძველი» ევროპელი არც კი გაიხედავდა იმ არაპრესტიჟული სამუშაო ადგილებისკენ, რომლებსაც ახალჩამოსული თურქები იკავებდნენ, მაგრამ კრიზისმა ამ დამოკიდებულების კორექტირება მოახდინა. ამასთანავე, «ძველი ევროპის» კარიბჭეს აწვება ღარიბი ადამინების უზარმაზარი მასა ყოფილი სოციალისტური ბლოკის ქვყნებიდან, მათი უმრავლესობა თანახმაა, მინიმალურ საფასურად ნებისმიერი სამუშაო შეასრულოს. მათ ადაპტაციის პროცესში შეიძლება ნაკლები პრობლემა შეექმნათ, ვიდრე თურქებს, რომელთაც ბოლო წლებში სულ უფრო უჭირთ შერწყმა ევროპულ გარემოსთან და, რაოდენ უცნაურად უნდა გაიჟღეროს, ამის ერთ-ერთი მიზეზი კომუნიკაციის თანამედროვე საშუალებებია. მარტივად რომ ვთქვათ, თუ ადამიანს შეუძლია ყოველდღე «სკაიპით» ესაუბროს თურქულ პროვინციაში დარჩენილ ოჯახს, იპოვოს ისლამისტურ საიტებზე თანამოაზრეები, რომელნიც იზიარებენ მის შეხედულებებს (მაგალითად, ქალის როლზე ოჯახსა და საზოგადოებაში) და თუ ის, ამასთანავე, სხვა თურქების გარემოცვაში ცხოვრობს და ურთიერთობისთვის უცხო ენის სწავლა ნაკლებად სჭირდება, მისი ინტეგრაცია ევროპულ კულტურულ-ცივილიზაციურ გარემოში მნიშვნელოვნად ფერხდება. აგრეთვე, უნდა გავითვალისწინოთ ევროკავშირის ქვეყნებში ბოლო დროს გამოკვეთილი ტენდენციები, რომლებიც შეიძლება მიგრანტებისთვის ახალი წინაღობების აღმართვით დაგვირგვინდეს.

იყო დრო, როდესაც თურქული საზოგადოების აღქმაში ახალგაზრდის წასვლა ევროპაში წარმატების (თურქული სტანდარტით) მიღწევის რეალურ შანსს, დიდ იმედებს უკავშირდებოდა. ეს წარმოსახვითი სურათი, ისევე, როგორც ევროპული პერსპექტივა ზოგადად, თანდათან სულ უფრო ბუნდოვანი ხდება. ამასთანავე, გაიზარდა ფსიქოლოგიური ფაქტორების როლი, ბევრ ახლგაზრდა თურქს აღარ სურს თავი ევროპაში «მეორე ხარისხის ადამიანად» იგრძნოს. ზოგიერთი მათგანი კი შეიძლება მოიხიბლოს სწრაფი წარმატების პერსპექტივით მეზობელ ქვეყნებში, სადაც თურქული გავლენა სულ უფრო იზრდება. მატერიალური, ადამიანური და პოლიტიკური რესურსი შედეგიანი ექსპანსიისთვის სუსტ მეზობელ ქვეყნებში თურქეთს ნამდვილად აქვს.

ოდესმე დიდი ყოფილა ოსმალეთი

თუ ჩვენ თურქული ინვესტიციების რუკას შევადგენთ, ვნახავთ, რომ ყველაზე მეტად თურქებს აინტერესებთ ბულგარეთის როდოპის მხარე, სამხრეთ სერბეთი, ნოვოპაზარის სანჯაყი, მაკედონია (განსაკუთრებით ის რაიონები, რომლებშიც თურქები და ალბანელები ცხოვრობენ), ბოსნია და ჰერცოგოვინა, ალბანეთი და კოსოვო (ხოლო საქართველოში _ აჭარა), ანუ ყველა ის რეგიონი, რომლებშიც მუსლიმანური მოსახლეობის სიჭარბის გამო თურქეთის გავლენა ყოველთვის შედარებით დიდი იყო. ფორმალურად ამით არაფერი ირღვევა და ამას შეიძლება ლოგიკური ახსნაც მოუძებნო _ თურქ ბიზნესმენებს უადვილდებათ მუშაობა იქ, სადაც კულტურული და ენობრივი გარემო მათთვის უფრო კომფორტულია. მაგრამ ამ ტენდენციის შემდგომმა გაძლიერებამ შეიძლება არასასურველი შედეგები მოიტანოს.

ქემალისტური მიდგომა საგარეო პოლიტიკის მიმართ, სხვა ყველაფერთან ერთად, სეკულარულ პრინციპზე დაყრდნობას მოითხოვს. მაგრამ თუ გავლენა ჩამოთვლილ რეგიონებში კვლავინდებურად გაფართოვდება, შესაძლო გართულებების შემთხვევაში, თურქული საზოგადოების ნაწილმა და ისლამისტურმა მედიამ შეიძლება თურქეთის ხელისუფლებას «მუსლიმების დამცველის» როლი დააკისროს, რომლის შესრულებისგან თავის არიდება გაუჭირდება. მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც მის საგარეო პოლიტიკაში ფრთხილ ქემალისტურ ტრადიციას გაცილებით თამამი მიდგომები ცვლიან, რომელთა უკან სულ უფრო ნათლად იკითხება ისლამისტური იდეების გავლენა. დაბრუნება «ქემალისტურ რელსებზე» ჯერჯერობით შესაძლებელია, თუმცა არც ისაა გამორიცხული, რომ მალე საერთაშორისო არენაზე «სულ სხვა თურქეთს» ვიხილავთ, გაცილებით ამბიციურს და დამოუკიდებელს ძია სემისგან, რომელიც თანდათან ამცირებს უშუალო ჩართულობას რეგიონის საქმეებში.

ბოლო დროს საგულისხმო პროცესები განვითარდა ბულგარეთში, რომლის საზღვრებს ათეულათასობით სირიელი ლტოლვილი მიადგა. ბულგარელი კომენტატორების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ეს არ არის სპონტანური პროცესი და «დიდი გადასახლებისკენ» სირიელებს თურქეთის ხელისუფლებამ უბიძგა. ვითარება ბულგარეთში დაძაბულია, სწრაფად იზრდება რადიკალური ნაციონალისტური ჯგუფების გავლენა, ხშირად ხდება შეტაკებები ადგილობრივ და ჩამოსულ ახალგაზრდებს შორის, სასაზღვრო უწყება სასწრაფო წესით აშენებს ნამდვილ «ჩინურ კედელს» პრობლემურ მონაკვეთებზე, ხოლო ადგილობრივ მედიაში დომინირებს მოსაზრება, რომ სირიელი ლტოლვილები წარმოადგენენ რესურსს, რომელსაც თურქეთი საკუთარი გავლენის გაზრდისთვის გამოიყენებს. ეს, ალბათ, საქართველოსთვისაც აქტუალურია, რადგან ნებისმიერი მიგრანტი მუსლიმანური ქვეყნებიდან (ირანელებისა და ქურთების გარდა) შეიძლება კარგად ორგანიზებული თურქული დიასპორის (და თურქეთის ხელისუფლების) გავლენის ქვეშ მოექცეს.

რამდენად საშიშია ეს გავლენა? ხომ არ არის ირაციონალური და უსაფუძვლო ქართული საზოგადოების ნაწილის შიში თურქულ ექსპანსიასთან დაკავშირებით? საუბარი ამ თემაზე განსაკუთრებით აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც მიხეილ სააკაშვილმა პოსტზე ყოფნის ბოლო დღეებში თურქეთის ათასობით მოქალაქეს ქართული პასპორტები დაურიგა.

თუ სათვალავში ბანალურ ქსენოფობიას არ ჩავაგდებთ, რომელიც ქართული საზოგადოებისთვის დამახასიათებელი არ არის, მაგრამ ბოლო დროს სულ უფრო ხშირად ვლინდება, სავარაუდოდ, მივალთ დასკვნამდე, რომ ალარმისტებს საქართველოში ერთადერთი (ვარიაციებით) ჰიპოთეტური სცენარი აშინებთ _ თურქეთის ჩარევა საქართველოს საქმეებში ყარსის ხელშეკრულების საფუძველზე და ამა თუ იმ ფორმით აჭარაზე კონტროლის დამყარება. შესაძლო საბაბად ბოლო დროს ხშირად განიხილება დაპირისპირება ქართველებსა და აჭარაში დამკვიდრებულ თურქებს შორის, რომლის პროვოცირება უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებისთვის განსაკუთრებულ პრობლემას არ წარმოადგენს.

მართალია, ყარსის ხელშეკრულების მუხლების ინტერპრეტირება სხვადასხვაგვარად შეიძლება, თუმცა თურქეთში, როგორც ჩანს, ყველაზე რადიკალურ ვარიანტებსაც კი განიხილავენ. ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ უახლესი წარსულის ერთი ეპიზოდი _ 2004 წლის 14 მარტს ასლან აბაშიძის ძალებმა ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მიხეილ სააკაშვილის კორტეჟი არ შეუშვეს, ამ ლიდერებს შორის დაპირისპირების მორიგი ეტაპი დაიწყო და ვითარება მკვეთრად დაიძაბა. 17 მარტს კი თურქეთის ელჩმა აზერბაიჯანში, უნალ ჩევიკოზმა, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ, ყარსის ხელშეკრულების თანახმად, თურქეთს აჭარაში ჯარების შეყვანის უფლება აქვს. ეს იყო საკმაოდ რადიკალური, თუმცა ამავე დროს ფრთხილი განაცხადი, რადგან ელჩის რეპლიკის დეზავუირება სავსებით შესაძლებელი იყო. გამორიცხული არაა, რომ ეს ერთგვარი ტესტი გახლდათ; ანკარას ვაშინგტონისა და მოსკოვის რეაქცია აინტერესებდა. 27 მარტს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა (ანუ გაცილებით მაღალი რანგის ფიგურამ, რომლის განცხადების დეზავუირება პრაქტიკულად წარმოუდგენელი იყო) ჟურნალისტებთან საუბარში შემდეგი რამ თქვა: «ჩვენმა საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაიხსენა ყარსის ხელშეკრულება, რომელსაც ხელი რუსეთის მონაწილეობით მოეწერა. ამ თვალსაზრისით, ჩვენ, გარკვეულწილად, უფლება გვაქვს, თავი ამ ხელშეკრულების გარანტორებად ჩავთვალოთ, რომელშიც ნათქვამია, რომ აჭარა საქართველოს განუყოფელი ნაწილია. ჩვენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ამ პრინციპიდან ამოვდივართ». ეს განცხადება, ალბათ, შეიძლება განვიხილოთ, როგორც საკმაოდ მკაფიო გზავნილი თურქებისთვის, იმის თაობაზე, რომ რუსეთი არ დაეთანხმება მათ ცალმხრივ მოქმედებას აჭარაში. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, ლევან ბერძენიშვილის მოგონებებს თუ დავუჯერებთ, ის იმ მომენტში იქცეოდა, როგორც აბსოლუტური გიჟი და ბათუმის საავიაციო დაბომბვას აპირებდა, რითაც აჭარის კრიზისში უცხო ქვეყნების ჩარევის ალბათობას აათმაგებდა. მადლობა ღმერთს, სააკაშვილი შეაჩერეს და ის ეპიზოდი მშვიდობიანად დასრულდა.

დღეს ვითარება შეცვლილია. ნაკლებად სავარაუდოა, 2008 წლის ომის შემდეგ, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ამ ეტაპზე, კრემლმა ასევე მკაფიოდ მიანიშნოს თავის ნეგატიურ პოზიციაზე აჭარაში თურქეთის შესაძლო ჩარევასთან დაკავშირებით. იმ სიტუაციაში, როდესაც ამოუცნობია თურქეთის, რუსეთის, აგრეთვე, აშშსა და ევროკავშირის რეაქცია შესაძლო კრიზისზე, ქართული საზოგადოების ნაწილის შიშები განხილულ სცენართან დაკავშირებით, ალბათ, სავსებით ლოგიკურად უნდა ჩაითვალოს.

დახურეთ კარი, ორპირია!

მიუხედავად იმისა, ვინ და რას შესთავაზებს მომავალ კვირას გიორგი მარგველაშვილს თურქეთში, ალბათ, არასასურველია, რომ სააკაშვილს მიბაძოს და ქართული პასპორტების დარიგება განაახლოს. საზოგადოებრივი აზრი საქართველოში ამისთვის მზად არ არის, ამ ნაბიჯს შეიძლება რადიკალური ნაციონალისტური განწყობების ზრდა და, შესაბამისად, ეთნიკურ ნიადაგზე ინციდენტების სერია მოჰყვეს, როგორც ეს ახლახან ბულგარეთში მოხდა. ამასთანავე, საქართველოს მთავრობა, ალბათ, უნდა დაფიქრდეს «ღია კარის» პოლიტიკის ძირითად პრინციპებზე და, შესაძლოა, მათი გადახედვა მოახდინოს. სააკაშვილის პროპაგანდა უცხოელ ინვესტორებს ლამის საკრალურ ფიგურებად წარმოაჩენდა, მაგრამ სასურველია, დავჯდეთ და გავაანალიზოთ, რამდენად სასარგებლოა ეკონომიკისთვის და ზოგადად ქვეყნისთვის უცხოელების (მათ შორის თურქების, ერაყელების და ა. შ.) მცირე ინვესტიციები საეჭვო კაზინოებსა და ბორდელებში. გვჭირდება თუ არა ასეთი ინვესტიციები საერთოდ? კიდევ რამდენი სირიელი და ერაყელი ლტოლვილი შეგვიძლია მივიღოთ? რამდენი უცხოელი შეიძლება დასახლდეს საქართველოში, რომელიც რეზინის ნამდვილად არაა და ასიათასობით მიგრანტს ვერ დაიტევს? შემდგომმა ცვლილებებმა სხვადასხვა ეთნიკური და რელიგიური ჯგუფის თანაფარდობაში შეიძლება დესტაბილიზაცია გამოიწვიოს. ყოველივე ეს ეროვნული უსაფრთხოების პრობლემებია, რომელთა გადაჭრა, ერთის მხრივ, კანონის სრული დაცვით, მეორე მხრივ კი, საქართველოს უზენაესი ინტერესების გათვალისწინებით უნდა მოხდეს; პროცესის მიშვება თვითდინებაზე დაუშვებელია.

ქართული საზოგადოების კონსერვატიული და ნაციონალისტური ნაწილი, სამწუხაროდ, სერიოზულად არ აღიქვამს საფრთხეს, რომელიც აგრესიული სტიქიური ნაციონალიზმისგან მომდინარეობს და საუბარს ამ თემაზე მხოლოდ ლიბერალი ოპონენტების ისტერიკად განიხილავს. ლიბერალები კი, თავის მხრივ, სერიოზულად არ აღიქვამენ საფრთხეს, რომელიც მიგრანტების რაოდენობის განუხრელ ზრდას და საქართველოში უცხო ქვეყნების, მათ შორის თურქეთის, პოზიციების სწრაფ გაფართოებას უკავშირდება. შესაძლოა, შეცდომას ორივე მხარე უშვებს

შექმნილ სიტუაციაში ყველა პრობლემის მყისიერი მოგვარების უნივერსალური რეცეპტი არ არსებობს და ყველაზე გონივრული, ალბათ, ისეთი სტრატეგიის არჩევა იქნება, რომლის ფარგლებში საზოგადოება ეტაპობრივად აიძულებს ხელისუფლებას, გადადგას მცირე, ფრთხილი და გააზრებული ნაბიჯები, რომლებიც თანდათან, ქვეყნის მოკრძალებული რესურსებიდან გამომდინარე, შეამცირებს საფრთხეებს, რომელიც უკონტროლო მიგრაციისგან და უცხო სახელმწიფოების გავლენის უზომო ზრდისგან მომდინარეობს. რაც მთავარია, სასურველია, საზოგადოება მუდამ მოითხოვდეს, რომ ახალ ხელისუფლებას უცხო ქვეყნებთან დიალოგის პროცესში, სააკაშვილის რეჟიმისგან განსხვავებით, თავი ღირსეულად ეჭიროს და ეროვნული ინტერესებით ხელმძღვანელობდეს, რაც აუცილებელი წინაპირობაა ყველასთან, მათ შორის თურქეთთან, კეთილმეზობლური და ორმხივად სასარგებლო ურთიერთობის დამყარებისთვის.

დიმიტრი მონიავა

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here