Home რუბრიკები პოლიტიკა ევროპა ევროკავშირისგან დაიღალა

ევროპა ევროკავშირისგან დაიღალა

623

მაშინ, როცა ათასობით უკრაინელი კიევში ევრომაიდანზე იკრიბება ევროკავშირში გაერთიანების მოთხოვნით, ევროპის ქვეყნებში იმართება აქციები ევროკავშირის პოლიტიკის წინააღმდეგ. გასულ უქმეებზე მიტინგები გაიმართა იტალიაში, ესპანეთსა და ბულგარეთში.

 

იტალიის ბევრ ქალაქში _ ტურინიდან სიცილიამდე _ ეწყობა საპროტესტო აქციები. ავტომძღოლები, მცირე ბიზნესის, დაბალხელფასიანი პროფესიების წარმომადგენლები, უმუშევრები, სტუდენტები, მემარჯვენე ექსტრემისტები და ფეხბურთის აქტივისტები მოითხოვენ მთავრობის გადადგომას და პარლამენტის დათხოვნას, გამოდიან მეტისმეტი სახელმწიფო რეგულირების, გადასახადების გაზრდის წინააღმდეგ. ბევრი მათგანი უკმაყოფილოა ევროკავშირის პოლიტიკის, წვავენ მის დროშებს. გასულ ხუთშაბათს «ფიწლების პროტესტი» დაიწყო რომში, ასობით სტუდენტმა პეტარდები ესროლა უნივერსიტეტის შენობას, სადაც მინისტრები კონფერენციაზე იყვნენ შეკრებილნი.

ტურინში დემონსტრანტებმა პოლიციელებს ესროლეს საღებავებისა და ქვების «ბომბები», რის საპასუხოდაც სამართალდამცავებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. მანიფესტანტებმა გადაკეტეს რკინიგზის ლიანდაგი და შეაჩერეს მატარებლების მოძრაობა…

ქვეყნის სახალხო უკმაყოფილების მიზეზი გახდა შემოსავლების რეკორდული დაცემა და უმუშევრობის 12-პროცენტიანი ზრდა.

იტალიის მთელ ტერიტორიაზე იმართება საპროტესტო გამოსვლები მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის წინააღმდეგ, რომელიც ხორციელდება ევროკავშირის მითითებითა და მოთხოვნით.

განსაკუთრებით ბევრი უკმაყოფილო ადამიანი მონაწილეობდა იტალიის ჩრდილოეთში გამართულ აქციებში. მანიფესტანტები ხშირად იმეორებდნენ: «არასოდეს ვივიწყებთ, რომ ჩვენი მტრები იმყოფებიან აშშ-ში, ლონდონში, ბერლინსა და ბრიუსელში და არა რომში!»

სტუდენტური გამოსვლების ეპიცენტრი გახდა მილანი, რომელიც კრიზისმა სერიოზულად დააზარალა. უმუშევრობამ რეკორდულ დონეს მიაღწია და სტუდენტები თავიანთ მომავალს მშობლიურ ქალაქში ვერ ხედავენ. მთავრობა უმაღლესი სასწავლებლების დაფინანსების შემცირებას აპირებს. სტუდენტებს მიაჩნიათ, რომ ეს ღონისძიება უარყოფითად იმოქმედებს არამარტო განათლების სისტემაზე, არამედ ქვეყანაში სამეცნიერო მოღვაწეობის პარალიზებას გამოიწვევს.

დაახლოებით 40-50 ათასი ადამიანი გამოვიდა ბარსელონის ქუჩებში ევროკავშირის გეგმის განხორციელების საწინააღმდეგოდ პროტესტის გამოსახატად. ეს პროგრამა ითვალისწინებს ენერგეტიკული და საფინანსო ბაზრების ლიბერალიზაციას.

პარასკევს ევროკავშირის ქვეყნების 28 ლიდერი სათათბიროდ შეიკრიბა ბარსელონას მახლობლად მდებარე რეზიდენციაში. ამ დროს ქალაქის ცენტრში არეულობა დაიწყო. ათობით პროტესტანტი ისროდა ქვებს და ატრიალებდა ნაგვის ყუთებს. პოლიციამ მათ წინააღმდეგ რეზინის ტყვიები და ხელჯოხები გამოიყენა.

ყველაზე მრავალრიცხოვანი მიტინგი გაიმართა შაბათს, 13 დეკემბრის საღამოს. იგი მოაწყო ორგანიზაციამ, რომლის სახელწოდებაა «კამპანია ევროპის, კაპიტალიზმისა და ომის წინააღმდეგ».

ბარსელონას დემონსტრაციაში მონაწილეობის მისაღებად ევროპული ქვეყნის მოქალაქეებიც ჩამოვიდნენ. მთავრობამ აკრძალა ქალაქში ევროპელი და ბასკი დემონსტრანტების ავტობუსების შეშვება. საზღვარზე ერთმანეთს შეეტაკნენ აქტივისტები და სამართალდამცველები, რომლებსაც გადაკეტილი ჰქონდათ ქალაქში შესასვლელები. ბარსელონაში წესრიგის დასაცავად მობილიზებული იყო 8 500 სამართალდამცავი. ჩართული იყო საბრძოლო თვითმფრინავები, რაკეტები და ხომალდები. ნატო საჰაერო პატრულირებას ახორციელებდა ჰაერიდან შესაძლო ტერაქტებისგან თავდაცვის მიზნით.

უქმე დღეებში რამდენიმე ათასი აქტივისტი გამოვიდა მადრიდის ქუჩებში. მათ გააპროტესტეს კანონპროექტი, რომელიც უზღუდავდა ესპანელებს მიტინგების გამართვის უფლებას. ამ კანონპროექტით დროშის დაწვა და ქვეყნის საწინააღმდეგო გამონათქვამების სკანდირება ისჯება ჯარიმით 30 ათასი ევროს ოდენობით. დაპირისპირების დროს დაიჭრა 23 ადამიანი, მათ შორის 14 სამართალდამცავი.

მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში.

ანტისამთავრობო აქციები ქვეყანაში 6 თვის წინათ დაიწყო, მას შემდეგ, რაც 14 ივნისს ეროვნული უშიშროების სახელმწიფო სამსახურის უფროსად დაინიშნა დელიან პეევსკი, დეპუტატი თურქული უმცირესობის პარტიიდან «მოძრაობა უფლებებისა და თავისუფლებისთვის».

პარლამენტმა 19 ივნისს გააუქმა თავისი ეს გადაწყვეტილება, მაგრამ დემონსტრაციები გაგრძელდა.

19 დეკემბერს პროფკავშირის აქტივისტებმა დაბლოკეს ბელგიის დედაქალაქის _ ბრიუსელის ცენტრალური რაიონი, სადაც ევროკავშირის ხელმძღვანელი ორგანოების შტაბ-ბინაა განლაგებული. ისინი პროტესტს გამოთქვამდნენ აშშ-თან თავისუფალი ვაჭრობის ზონის შემოღების წინააღმდეგ. პრაქტიკულად მთლიანად ბლოკირებულია ბრიუსელი, ბულვარის ბოლოს სატრანსპორტო კვანძები.

ორგანიზატორების შეფასებით, აქციაში მონაწილეობდა 30 ათასამდე ადამიანი ევროკავშირის 28 ქვეყნიდან.

მათი აზრით, აშშ-თან ვაჭრობის თავისუფალი ზონის შემოღება და ბიუჯეტის ეკონომიის ევროპული პოლიტიკის განხორციელება საბოლოოდ ძირს გამოუთხრის ევროქვეყნების ეკონომიკებს, გამოიწვევს საწარმოთა მასობრივ დახურვას და უმუშევრობის ტალღის აგორებას.

«უკრაინელებიც კი ჩვენზე ჭკვიანები აღმოჩნდნენ და უკანასკნელ მომენტში უარი თქვეს, მოხსნილოყო მათი სამუშაო ადგილების დამცველი ბარიერები ამერიკის სასარგებლოდ», _ განუცხადა იტარ-ტასის კორესპონდენტს აქციის შტაბის წარმომადგენელმა ჯულია შნაიდერმა.

მოძრაობა Forconi-ის საპროტესტო აქციები 9 დეკემბერს დაიწყო. მანიფესტაციის მეოთხე დღეს მას რომის უნივერსიტეტ La Sapienza-ს სტუდენტებიც შეუერთდნენ, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ტურინი-ლიონის ხაზის უსწრაფესი რკინიგზის მშენებლობას და ნაგვის დაწვას ნეაპოლისა და კაზერტას პროვინციებს შორის. საპროტესტო აქცია გაიმართა მაშინ, როცა უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში მიმდინარეობდა გარემოს დაცვისა და «მწვანე ეკონომიკისადმი» მიძღვნილი ეროვნული კონფერენცია ეკონომიკის, გარემოს დაცვისა და ჯანდაცვის მინისტრების მონაწილეობით. ძალოვანებმა აქციის მონაწილეებს უნივერსიტეტში შესვლის საშუალება არ მისცეს. დააკავეს ორი სტუდენტი, ორი პოლიციელი დაიჭრა.

მთელს იტალიაში გრძელდება ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის მოწინააღმდეგეთა მასობრივი აქციები. ისინი თავიანთ თავს «9 დეკემბრის მოძრაობას» უწოდებენ. პირველ 4 დღეში დაიჭრა პოლიციის 14 თანამშრომელი, განხორციელდა 55 დაკავება და 5 დაპატიმრება. იტალიის ვიცეპრემიერმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა ანჯელინო ალფანომ პარლამენტის დეპუტატთა პალატაში გამოსვლისას განაცხადა, რომ საკუთარი მოსაზრების საჯაროდ გამოხატვის უფლება ყველას ეძლევა, მაგრამ მთავრობა ვერ დაუშვებს ძალადობის ვერც ერთი ფორმით გამოვლენის ფაქტებს. მან გააფრთხილა საზოგადოებრიობა, რომ ამგვარ აქციებს შეიძლება მოჰყვეს «ამბოხი» მთელს ქვეყანაში.

გასული კვირის აპოთეოზი, შეიძლება ითქვას, ჰამბურგში გამართული აქციის დროს დემონსტრანტთა და პოლიციელთა შეტაკება იყო, რომლის დროსაც სულ ცოტა 117 პოლიციელი დაშავდა.

პოლიციის მონაცემებით, დემონსტრაციაში 7 ათასამდე კაცი მონაწილეობდა, უმრავლესობა რადიკალურ მემარცხენე ჯგუფებს წარმოადგენდა.

პოლიცია აცხადებს, რომ არეულობა დემონსტრანტების მხრიდან მოწყობილ პროვოკაციას მოჰყვა, დემონსტრაციის ორგანიზატორების აზრით კი, აქციის დროს შექმნილი აგრესიული ატმოსფერო განპირობებული იყო პოლიციელების დიდი რაოდენობით (არსებული ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებული იყო ორ ათასამდე პოლიციელი).

P.S. მოკლედ, ჯუზეპე დე სანტისის 60-იანი წლების ნეორეალისტურ იტალიურ ფილმს «არ არის მშვიდობა ზეთისხილის ხეთა ჩრდილში» სათაურს თუ დავესესხებით, არ არის მშვიდობა ევროპაში, რომელსაც ფარავს ევროკავშირის ოქროსვარსკვლავებიანი ლურჯი დროშა, საქართველოში მის აფრიალებაზე რომ ოცნებობს ჩვენი ხელისუფლება.

 

1 COMMENT

  1. მარგარეტ ტეტჩერი დასცინოდა ევროკავშირს და კოლექტივს ეძახდა მას.არასოდეს არც ყოფილა ინგლისი ამ კავშირის წევრი და არც არასოდეს უცდია მასში გაწევრიანება.ეს ჩვენი მთავრობა იკლავს თავს შიგ შესასვლელად,იმიტომ რომ კიდევ ერთხელ აიღონ სესხი,ჯიბაში ჩაიდონ და კიდევ ერთხელ მოუწიოს ქართველ ხალხს მათი უმაღლესი დონის ფუფუნებაში ცხოვრებისთვის უკიდურეს გაჭირვებაში ყოფნა და ამ სესხის გადახდა.
    .ვისაც ხელი მიგიწვდებათ,ჟურნალისტებს ვგულისხმობ,სადმე რომელიმე პრესკონფერენციაზე შეეკითხეთ ვინმე ბობოლას,რატომ არ იბრძვის ინგლისი ამ დაწყევლილ კავშირში შესაძვრომად,ისევე როგორც ჩვენ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here